ფოტოზე მარცნიდან მარჯვნივ: სიმან პოვარენკინი; ფოტო: The Guardian
სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი ბიზნესმენის სიმან პოვარენკინის ბრიტანეთის ვიზის საკითხს ხელახლა განიხილავს. პოვარენკინის გარდა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყება 700 რუსი ინვესტორის Tier One ტიპის ვიზის გაცემის საკითხს გადახედავს.
Tier One ტიპის ვიზა ინვესტორის ვიზაა. ამ ტიპის ვიზის სააპლიკაციო ვალდებულებაა 2 მილიონი ფუნტის ანგარიშზე ქონა და მისი პირდაპირი ინვესტიციის ვალდებულება დიდ ბრიტანეთში.
2012 წლამდე სიმან პოვარენკინი ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების მოპოვების ბიზნესში საქართველოში ბიზნესმენ და პარლამენტარ კობა ნაყოფიას პარტნიორი იყო.
სიმან პოვარენკინის ბრიტანეთის ვიზის საკითხის განხილვის შესაძლო მიზეზი ისაა, რომ პოვარენკინს, სავარაუდოდ, ბრიტანელ ბიზნესმენ აარონ ბენქსთან აქვს კავშირები. აარონ ბენქსი პოლიტიკური დონორი და 'ბრექსითის' - ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირისგან გამოყოფის - კამპანიის ერთ-ერთი დამფინანსებელია.
აარონ ბენქსი და სიმან პოვარენკინი ერთმანეთს რუსეთის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, ალექსანდრ იაკოვენკომ 2015 წელს გააცნო. იაკოვენკომ განაცხადა, რომ ბენქსი დაინტერესებულია პოვარენკინის სამთო ბიზნესში ინვესტირებით. თვითონ ბენქსმა უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ პოვარენკინს უბრალოდ შეხვდა, როგორც ბიზნესმენი - ბიზნესმენს.
'განა ეს აკრძალულია?' - განაცხადა ბენქსმა და დაამატა, რომ მას რუსეთში არანარი ბიზნესი არ აქვს.
ორი წლის წინ, ბენქსმა საკუთარი თვითერის ექაუნთზე დაწერა: "ოქროსა და ლითონების მოპოვების აქციებს ვყიდულობ." 'ბრექსითის' რეფერენდუმამდე კი, 'გარდიანის' ცნობით, აარონ ბენქსი ორჯერ შეხვდა რუსეთის ელჩს, ალექსანდრ იაკოვენკოს.
სიმან პოვარენკინის ცოლი, ირინა, ორ შვილთან ერთად, ლონდონში ცხოვრობს. 'გარდიანის' ცნობით, პოვარენკინი ხშირად დადის ლონდონში, ცოლისა და შვილების მოსანახულებლად. ის მალე ბრიტანეთის მოქალაქეობის მიღებაზეც აპირებდა განაცხადის შეტანას.
სიმან პოვარენკინი წარმატებული რუსი ბიზნესმენია, რომელსაც კრემლთან დაახლოებულ პირებთან ახლო კავშირები აქვს. 'სბერბანკი' და სიმან პოვარენკინის კომპანია GeoProMinig პარტნიორები 2013 წლის 10 დეკემბერს გახდნენ. 2014 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 'სბერბანკს' სანქციები დაუწესა ყირიმში რუსეთის ინტერვენციის გამო.
პოვარენკინი საქართველოში
2012 წლამდე, სიმან პოვარენკინი მაშინდელი 'მადნეულის', ახლანდელი RMG-ის, ერთ-ერთი ინვესტორი იყო. 'პანამის დოკუმენტებში' ის საწარმოების ერთ-ერთ პოტენციურ გადამყიდველადაა მითითებული.
2005 წელს სიმან პოვარნეკინმა და სერგეი გენერალოვმა სააქციო საზოგადოება "მადნეულის" 97,25 პროცენტი და შპს "კვარციტის" 50 პროცენტი საქართველოს ეკონომის სამინისტროსგან იყიდეს. 'პანამას დოკუმენტის' თანახმად, მათ საწარმოს მიმზიდველ პაკეტად შეფუთვა და უფრო ძვირად გადაყიდვა უნდოდათ.
2012 წლის ივნისში რუსმა ბიზნესმენებმა თავიანთი აქტივები 120 აშშ მილიონ დოლარად რუს ბიზნესმენებს: დიმიტრი კორჟევსა და დიმიტრი ტროიცკის მიჰყიდეს. სწორედ ამის შემდეგ გადაერქვა საწარმოს სახელი და Rich Metals Group ეწოდა.
საქართველოში მოღვაწეობის განმავლობაში, კონკრეტულად კი 2007 წლიდან, სიმან პოვარენკინმა ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების ორი საბადო შეიძინა სომხეთში, ხოლო ერთი - რუსეთში. 2012 წელს კი საქართველოდან გავიდა.
ამჟამად პოვარენკინის კომპანია GeoProMining-ს სამთო მოპოვების პროექტები აქვს რუსეთსა და სომხეთში. კომპანიის წარმოების საბოლოო პროდუქტებია ოქრო, სპილენძი, ანთიმონი და სხვა ძვირფასი თუ ნახევრადძვირფასი მეტალები.
წაიკითხეთ მეტი სიმან პოვარენკინზე სტატიაში: "ომსკელი გადამყიდველი" და სამთო საქმიანობაზე სტატიაში "ოქროს მტვერი"
პროექტი"ოქროს მტვერი" გერმანული მედია-ორგანიზაცია N-Ost-ის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოში ჟურნალ "ლიბერალთან" პარტნიორობით მომზადდა. პროექტის ავტორები არიან ცირა გვასალია, ჰრანტ გალსტიანი და ალისა კუსტიკოვა