გარემო

ომსკელი გადამყიდველი




სტატია ნაწილია პროექტისა "ოქროს მტვერი/Golden Dust" 

ავტორები: ცირა გვასალია და ალისა კუსტიკოვა

 

Normandy-Log-House_03.jpg

სიმან პოვარენკინის სასახლე ნორმანდიაში, რომელიც მანამდე ფრანგ დიზაინერ ივ სენ ლორანს ეკუთვნოდა;  ფოტო: Architectural Design

საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით, ნორმანდიაში, “შატო გაბრიელიდან” 10 წუთის სავალ გზაზე,  მე-19 საუკუნეში აშენებულ ნეო-გოთიკურ, ციმბირიდან ჩამოტანილი ხის ქონგურებით გაწყობილ სახლს მიადგებით.  სახლს ყვითელი, ლურჯი და თეთრვიტრაჟებიანი ფანჯრები აქვს. დაბალი ხის მაგიდები და იატაკი ვიტრაჟის მინის ფერებში გადაწყვეტილი გადასაფარებლებითა და ხალიჩებითაა დაფარული.  იმავე ჭრელ ფერებს იმეორებს სამზარეულოს თაროები და კედლის კერამიკული ფილები.

ამ სახლში ცნობილი ფრანგი დიზაინერი ივ სენ ლორანი  თავის პარტნიორთან, პიერ ბერჟთან ერთად, სიკვდილამდე ცხოვრობდა.  2013 წელს,  800 კვ/მ ფართობის სახლი, რუსმა ბიზნესმენმა სიმან პოვარენკინმა საფრანგეთში სპეციალურად ამ ქონების შესაძენად დაარსებული კომპანია SCI Le Schateau-ს საშუალებით 9,6 მილიონ ევროდ იყიდა და მოგვიანებით თავის სხვა, ვლადივოსტოკში მომუშავე კომპანია Far Eastern Shipping Company [FESCO]-ს მფლობლობაში გადაიტანა [FESCO პოტენციურ კლიენტებს ზღვით დედამიწის ყველა კონტინენტზე  ყველა სახის ტვირთის გადაზიდვის სერვისს სთავაზობს].  

ქართველ ბიზნესმენ კობა ნაყოფიასთან ერთად, ომსკის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა სიმან პოვარენკინმა სამთო-მოპოვებით ბიზნესში პირველი ნაბიჯები საქართველოში გადადგა.  

ამჟამად სიმან პოვარენკინი რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების 500-ეულში შედის.    

 

  • მაშინ ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ბანკირი იყო, მაღალი კლასის პილოტაჟის ‘ჩიტი’”, -  გვეუბნება ომსკის ბიზნეს-გამოცემა Коммерческие вести-ს მთავარი რედაქტორი მარატ ისინგაზინი და სხვა დეტალური ინფორმაციისთვის ძველი გაზეთების არქივისკენ მიგვასწავლის.   

ომსკის გერბზე, სადაც დღეს 1,1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ტყუილად არ არის გამოსახული ნავთით სავსე კოლბა.  აქ მცხოვრებთა ძირითადი საქმიანობა ნავთობის მოპოვება იყო და ყველა ცდილობდა ამ სფეროში მიეღო განათლება. ამ ტრადიციისთვის არც ახალგაზრდა სიმანს უღალატია - ორგანული ქიმიის კათედრაზე ჩააბარა.

სიმან პოვარენკინის მამა, ვიქტორ პოვარენკინი, ომსკის საბურავების ქარხნის ცეცხლის შემკეთებლის პოზიციიდან, 34 წლის ასაკში ქარხნის დირექტორად დაწინაურდა.  ახალგაზრდა სიმანიც მამის კვალს გაჰყვა: ქიმიის ფაკულტეტში ჩააბარა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მისი პირველი სამსახური სწორედ საბურავების ქარხანა იყო.     

ომსკის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის თანაკურსელები პოვარენკინს დღესაც “სიმა-”თი მოიხსენიებენ.  ომსკის უნივერსიტეტში სიმანი 1987-1992 წლებში სწავლობდა.

 

  • სიმა სულ მწვერვალზე იყო, სულ მაღლა ადიოდა.  კურსის პირველივე შემდგომას, კარტოფილის შესაგროვებლად გაგვაგზავნეს”, - იხსენებს მისი ერთ-ერთი თანაკურსელი, - მახსოვს, სიმა კარტოფილის გროვის თავზე ავიდა, ხელში წითელი დროშა დაიკავა და გაბადრული სახით გადმოგვძახა: ‘კარტოფილი მომაწოდეთ, თუ შეიძლება, კარტოფილი.’  კარტოფილის მწვერვალზე იდგა და მხიარულად გვიყვიროდა, ჩვენ, გოგოები, ვედროებით კარტოფილს ვაწვდიდით.

 

ქიმიის ფაკულტეტზე ბიჭები ისედაც ცოტანი იყვნენ.

 

  • სულ შესამჩნევი იყო. სულ მწვერვალზე ადიოდა. სულ ცდილობდა ყურადღების ყურადღების ცენტრში ყოფნას, - იხსენებს მისი ერთ-ერთი თანაკურსელი ქალი,  - სიმა კომუნიკაბელურობით დამამახსოვრდა. სხვანაირად ვერც გავიხსენებდი. წარმოსადეგი გარეგნობით ისედაც არ გამოირჩეოდა; გრძელ, ლურჯ პალტოსა და სასაცილო კუბოკრულ შარვალს ატარებდა.  

Коммерческие вести 80-90-იან წლებში ომსკის ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგს ადგენდა. 90-იან წლებში ციმბირის ამ ქალაქში გამომავალი გაზეთები ჯერ კიდევ მხოლოდ ქაღალდის სახით არსებობს - მათი გაციფრულება ჯერ არ მომხდარა. ამ რეიტინგში  სიმან პოვარენკინი არასოდეს მოხვედრილა. პოვარენკინი არც დღეს არის ამ გაზეთის “Кто есть кто” [ვინ ვინ არის] განყოფილებაში გვარების П-ს ანბანურ საძიებელში.   

ომსკი არ არის ერთადერთი ქალაქი, სადაც პოვარენკინის კვალის პოვნა გაგიჭირდებათ. მასზე თითქმის არ იწერება მოსკოვის პრესაშიც და არც ლონდონში, სადაც ის ბოლო წლებია ცხოვრობს.   

თუ სიმანის ქართველი ბიზნეს-პარტნიორი, კობა ნაყოფია საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენია საქართველოში, სიმან პოვარენკინზე საქართველოში ნაკლებადაა ცნობილი. პოვარენკინზე არაფერი გაუგიათ არც ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში, სადაც მანამდე სამთო სფეროში გამოუცდელმა ბიზნესმენმა, ახალ სფეროში სცადა ბედი და იმ პერიოდში ძვირფას ლითონებზე მაღალი ფასის წყალობით, მნიშვნელოვანი კაპიტალი დააგროვა.

სააქციო საზოგადოება Stanton Equities Corporation 2001 წლის 30 მარტს დარეგისტრირდა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე. მისი საწყისი კაპიტალი 50, 000 აშშ დოლარი იყო [50,000 აქციით; ერთი აქციის ღირებულება ერთი აშშ დოლარი იყო].  2005 წელს ამ კომპანიამ საქართველოში “მადნეული” და “კვარციტი” შეიძინა; 2007 წელს - სომხეთში ზოდის, არარატის და ჰანკავანის ოქროს მომპოვებელი საბადოების ლიცენზიები; 2007 წელს კომპანიას სახელი გადაერქვა და დაერქვა GeoProMining LTD.  2008 წელს კომპანიამ იაკუტიაში ანთიმონის მომპოვებელი ლიცენზია შეიძინა და მუშაობა დაიწყო.

 

გადამყიდველი

2005 წლის ნოემბერში, Stanton Equities Corporation-მა საქართველოს ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი კომპანიების: სააქციო საზოგადოება “მადნეულის” 97,5 და შპს “კვარციტის” 50 პროცენტი შეიძინა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ მაშინ გავრცელებული ინფორმაციით და Stanton Equities Corporation-თან გაფორმებული ხელშეკრულებით,  კომპანიას ინვესტიციები უნდა განეხორციელებინა და გარკვეული პირობები შეესრულებინა.

საწინააღმდეგო ფაქტებს აჩვენებს ე.წ. “პანამის დოკუმენტები”:  რუსი ბიზნესმენები სიმან პოვარენკინი და სერგეი გენერალოვი საქართველოს სამთო ბიზნესში ინვესტირებით არ იყვნენ დაინტერესებულნი:  მათ საწარმოს უფრო მომგებიან ფასად გადაყიდვა უნდოდათ.

შეთანხმების თანახმად, ამ  “გადაყიდვის მენეჯერი” სიმან პოვარენკინი უნდა ყოფილიყო. ამ სერვისისთვის მას “ მადნეული/კვარციტი” ხელფასს გადაუხდიდა, რომელიც ხელშეკრულებაში გაწერილი იყო, როგორც “მენეჯმენტის ხელფასი”.  

გასამრჯელოს ოდენობა დოკუმენტში არაა  მითითებული. თუმცა დაზუსტებულია, რომ პოვარენკინი მენეჯმენტის ხელფასს “ყოველწლიურად” მიიღებდა.  მეწილეების შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო “პროექტის დასრულება” [Project Completion]. ამ პუნქტის თანახმად, პროექტი დასრულდებოდა მაშინ, როდესაც GP Shipping Investment Company LTD-მ და Cuento Portfolio Corp “მადნეულისა” და “კვარციტის” წილებს სრულად მიჰყიდიდნენ სხვა, მესამე მხარეს.  

თუ სერგეი გენერალოვსა და სიმან პოვარენკინს პროექტის მენეჯმენტისთვის მოსკოვიდან პროექტის ადგილზე [კაზრეთში] ჩასვლა დასჭირდებოდათ,  ამისთვის დაინიშნებოდა სპეციალური ჩარტერული რეისები, რომელთა მგზავრობის ხარჯსაც დაფარავდა “მადნეული” და “კვარციტი”.

სერგეი გენერალოვი და სიმან პოვარენკინი  ასევე განიხილავდნენ კერძო თვითმფრინავის ყიდვის შესაძლებლობასაც.  ყიდვის შემთხვევაში, ხარჯი ისევ “მადნეულს” ან/და “კვარციტს” უნდა დაეფარა.   

2007 წელს, სერგეი გენერალოვი ქართული ბინზესიდან გავიდა. ბიზნესში დარჩენილ სიმან პოვარენკინს საწარმო არ გადაუყიდია. კონფიდენციალური წყაროს თქმით, 2011 წელს, როდესაც ოქროს ფასმა ისტორიულ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, პოვარენკინმა ქართული საწარმოების გადაყიდვა გადაიფიქრა.  

საწარმოების პრივატიზების შემდეგ, ქართველი მაღალჩინოსნები ოქროს მომპოვებელ კომპანიაში დასაქმდნენ.  ირაკლი ჩოგოვაძე, რომელიც პრივატიზების დროს ეკონომიკის მინისტრი იყო, პრივატიზების შემდეგ “მადნეულის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა.  

 
სტატიების სერია "ოქროს მტვერი" გერმანული მედია-ორგანიზაციის N-Ost-ის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოში ჟურნალ "ლიბერალთან" პარტნიორობით მომზადდა. პროექტის ავტორები არიან ცირა გვასალია, ჰრანტ გალსტიანი და ალისა კუსტიკოვა 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>