გარემო

წიაღის ეროვნული სააგენტოს გეგმები




წიაღის ეროვნული სააგენტო, რომელიც საქართველოს მასშტაბით ბუნებრივი რესურსების ლიცენზიებს გაცემს და მათი შესრულების ხარისხს აკონტროლებს, მიმდინარე წლის 4 იანვარს დაარსდა და წიაღის კანონმდებლობის განახლებასა და ადამიანური და ტექნიკური რესურსების გაძლიერებას გეგმავს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [European Bank for Reconstuction and Development, EBRD] ფინანსური მხარდაჭერით, სააგენტოსთვის დაქირავებულ იქნა საკონსულტაციო კომპანია Adam Smith International, რომელიც წიაღის სფეროს სამფაზიანი რეფორმის პირველ ფაზას დაახლოებით 9 თვეში დაასრულებს.

Adam Smith International-მა 4 ექსპერტი დაიქირავა: რაინერ ჰენგსტმანი (Rainer Hegnstmann), მერი ლუის ვაიტელი (Mary Louise Vitelli), ლუის ჰუგი (Lois Googe) და ანტონია მიჰაილოვა (Antonia Mihaylova).  ჯგუფის მეხუთე წევრად ქართველი ექსპერტის ჩართვა იგეგმება. ამ ეტაპზე მისი ვინაობა ცნობილი არ არის.

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბუნებრივი რესურსები ყველაზე მსხვილი საექსპორტო საქონლის ექვსეულში შედის, წარმოდგენილი სპილენძის მადნებისა და ფეროშენადნობების სახით და ჯამში ექსპორტის 25,4 პროცენტი დაიკავა 2018 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში.  

 

წიაღის სფეროს მოსალოდნელ რეფორმებზე კითხვები სააგენტოს ხელმძღვანელს, მაია ზავრაშვილს დავუსვით.  

 

ამჟამად, სააგენტოს მდგრადი მოპოვების კონცეფციის პირველი ფაზის განვითარებითვის Adam Smith International ჰყავს.  არჩევამდე, ჰყავდა თუ არა ამ საკონსულტაციო ფირმას კონკურენტები და შეგიძლიათ დაასახელოთ მათი ვინაობა?

შესყიდვის პროცესი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა განახორციელა; მთლიანი პროექტის ღირებულებაა 95 ათასი ევრო.

კონკურენტებიდან ყველაზე კარგი კომპანია შეირჩა. Adam Smith International წიაღის სფეროს განვითარების კონცეფციის პირველ ფაზას განახორციელებს. მეორე ფაზაში უკვე ახალი ტექნიკური დავალება შემუშავდება და ახალი კონსულტანტის შერჩევის პროცედურები განმეორდება.

პირველი ფაზა  წიაღის პოლიტიკის დოკუმენტისა და სტრატეგიის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომელიც დაახლოებით 9 თვეში დამთავრდება. უკვე გვქონდა საწყისი ე.წ. Inception შეხვედრები. ექსპერტები უკვე წავიდნენ საქართველოდან და მეორე ეტაპზე - სექტემბერში - ისევ ჩამოვლენ.  

Adam Smith International-იდან ამ ფაზისთვის 4 ადამიანია გამოყოფილი, მათ შორის, გეოლოგები, ფინანსისტები და იურისტები. დაქირავებულ კონსულტანტებთან ერთად, ჩვენი სააგენტოს თანაშმრობლები აქტიურად არიან ჩართულები, რომ  მათ ყველა საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ.

ეს ჯგუფი პირველი ფაზის განხორციელებაზე სრულადაა პასუხიმგებელი: მოისმენს, მოაგროვებს და შეაჯერებს ყველა საჭირო ინფორმაციას. შევხვდით როგორც არასამთავრობო სექტორს, ასევე სხვა ჩართულ პირებს, მათ შორის, კერძო სექტორს.  

პირველი ფაზის დასასრულს მივიღებთ თანამედროვე პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც ყველა გამოწვევას უპასუხებს.

მეორე ფაზა გულისხმობს უკვე არსებული, ძველი კანონმდებლობის მოწესრიგებას, საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის განახლებას, მათ შორის, წიაღის ახალი კანონის შემუშავებას.

მესამე ფაზა დაეთმობა ადამიანური და ტექნიკური ბაზის განახლებას.  

 

რეფორმის სრულად დამთავრების თარიღი ჩანიშნულია?

დასრულების ზუსტი თარიღი დამოკიდებულია პირველი ორი ფაზის მიმდინარეობაზე. მეორე ფაზის ვადები ჯერ არ გვაქვს გაწერილი იმიტომ, რომ ეს დამოკიდებულია პირველი ფაზის შედეგებზე.

სტრუქტურა იმ უფლება-მოვალეობებით, რაც 2018 წლის 4 იანვარს გაიწერა წიაღის ეროვნული სააგენტოს დებულებაში  - უკვე არსებობდა გარემოს ეროვნულ სააგენტოში, მათ შორის, როგორც ბუნებრივი რესურსების ლიცენზიების გაცემის მექანიზმის სახით. რატომ გახდა აუცილებელი წიაღის ეროვნული სააგენტოს შექმნა?

ახლა მხოლოდ სააგენტო არის პასუხსიმგებელი როგორც ლიცენზიების გაცემაზე, ასევე სალიცენზიო პირობების შესრულებაზე, გეოლოგიური პაკეტების შექმნასა და სახელმწიფო გეოლოგიური ფონდების მართვაზე.

აქამდე სალიცენზიო პირობების შესრულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოვალეობა იყო.  რა მოვალეობა დარჩა დეპარტამენტს სალიცენზიო პირობების შესრულების მონიტორიგის კუთხით?

დეპარტამენტის უფლება-მოვალეობა დარჩა წიაღის უკანონო მოპოვება - ულიცენზიოდ მოპოვების კონტროლი.  რაც შეეხება გაცემული ლიცენზიების პირობების კონტროლს - მაგალითად, რამდენად სწორად მუშავდება საბადო სალიცენზიო კონტურს შიგნით - უკვე ჩვენი სააგენტო უწევს კონტროლს.   

ჩვენმა თანამშრომელმა თუ აღმოაჩინა, რომ მოპოვება უკანონოდ, ულიცენზიოდ ხდება, ის თვითონ არ დაიწყებს ოქმის წერას, არამედ დეპარტამენტს შეატყობინებს და მას გადასცემს საქმეს შესასწავლად.

 

წიაღის სააგენტოში რამდენი ადამიანი მუშაობს სალიცენზიო პირობების შესრულების კუთხით?

კონტროლის განყოფილებაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 7 შტატიანი და 5 ხელშეკრულებით აყვანილი ადამიანი მუშაობს, რომელიც სამ მობილურ ჯგუფებადაა გადანაწილებული - მობილური ჯგუფები მივლინებით დადიან რეგიონებში. რეგიონში ასევე გვყავს 2 იურისტი, რომლებიც სამართალდარღვევებზე მუშაობენ რეგიონების მასშტაბით.   


ეს საკმარისია 3,500-ზე მეტი ლიცენზიანტის კონტროლისთვის?

ამ კუთხით, ადამიანური რესურსების გაფართოებას ვგეგმავთ.

იქამდე, დაიწერა ახალი წესები, თუ რის მიხედვით უნდა განვახორციელოთ შემოწმება: მაგალითად, თუ ობიექტი მდებარეობს მეწყერთან, ღვარცოფთან, დაცულ ტერიტორიებთან ან ტყის ფონდთან ახლოს და ასე შემდეგ - მისი პირველად შემოწმება პრიორიტეტულია.

წელს, მეორე კვარტალში, 40 ობიექტი შევამოწმეთ, რომელთაგანაც 12-ში სალიცენზიო პირობების დარღვევა გამოვლინდა და საქმეები სასამართლოში გავგზავნეთ.

რამდენია სააგენტოს წლიური ბიუჯეტი და რა არის თქვენი შემოსავლების ძირითადი წყაროები?

სააგენტოს წლევანდელი ბიუჯეტი ხარჯვით ნაწილში 6,5 მილიონ ლარს შეადგენს.   

ჩვენი შემოსავლების ძირითადი წყარო რეგულირების საფასურია - სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ვფინანსდებით.  ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წლის პროგრამული პრიორიტეტების განხორციელებისთვის აღნიშნული ბიუჯეტი საკმარისია.  


წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ვინ არიან?

თანამშრომლების 90 პროცენტი ისევ ის პერსონალია, ვინც  გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიწისა და წიაღის სამსახურში მუშაობდა -  წიაღის სამსახურის თანამშრომლები ჩვენთან გადმოვიდნენ.

შტატით დასაქმებულია 66 ადამიანი; გვყავს 24 შტატგარეშე თანამშრომელი;  მათ შორის არიან მარაგების ეროვნული კომისიის წევრები, რომლებსაც ჩვენ ვუფორმებთ ხელშეკრულებას.  

იგეგმება თუ არა წიაღის მოპოვების გადასახადის: მოსაკრებლების რაოდენობის დათვლის პრინციპის შეცვლა?  არაერთი ლიცენზიანტი აქამდე იმაზე ჩიოდა, რომ ისინი მოსაკრებელს იხდიან არა მოპოვებული რესურსის, არამედ მოსაპოვებელი გეგმის მიხედვით, რომელიც, ხშირად, მოპოვებულს არ ემთხვევა.  

ამ საკითხზე მზა პასუხი არ მაქვს.  ამ საკითხის ფინანსურ და გარემოსდაცვით ოპტიზიმაციაზე  რეფორმის ფარგლებში უნდა ვიმსჯელოთ. შესაძლოა, ახალი მოდელი იქნას შეთავაზებული; შესაძლოა, ძველი დარჩეს ძალაში.  

გავზარდეთ ქვიშა-ხრეშის ღირებულება საწყისი სააუქციონო ფასის ფორმულაში: მჟამად დაახლოებით 80 თეთრია კუბურ მეტრზე. მანამდე 14 თეთრი იყო.

შევცვალეთ ის წესი, რომლის მიხედვითაც ლიცენზიის მაძიებელს დაუძიებელი ლიცენზიის აუქციონზე ერთ ჰექტარზე 500 ლარი უნდა გადაეხადა. საფასური 500-ს ნაცვლად გახდა 50 ლარი.

რაც შეეხება ინფორმაციის გამჭვირვალობას: აქამდე ინფორმაცია გეოლოგიური ანგარიშების შესახებ, რომელსაც მომპოვებელი კომპანია გარემოს დაცვის სამინისტროს წარუდგენდა, კონფიდენციალური იყო იმ მიზეზით, რომ ეს ინფორმაცია კომპანიის მოპოვებულია და მისი თანხმობის გარეშე მესამე პირზე არ გაიცემა.  შეიცვლება რამე ამ მიმართულებით?

აქამდე, ჩვენი კანონმდებლობა კონფიდენციალურად მიიჩნევს ინფორმაციას, რომელიც ეხება საბადოების გეოლოგიურ აგებულებას და ინფორმაციას მარაგების შესახებ.  

რეფორმის ფარგლებში, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ EITI [Extractive Industries Transparency Initiative]-ს წევრობაზეც. ამ ინიციატივის წევრობის შემთხვევაში, სხვა სტანდარტი იქნება გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.    

აქამდე კონფიდენციალური იყო ასევე წიაღის მარაგების კომისიის სხდომის ოქმიც. გახდება თუ არა ეს ინფორმაცია საჯარო მომავალში?

ასეთი სხდომის განხილვის საგანი, შესაძლოა, იყოს კერძო ტიპის ინფორმაცია.

რომელიც, შეიძლება, დაიშტრიხოს და გამოიყოს საჯაროდ სასარგებლო ინფორმაციისგან.  

რა თქმა უნდა, შეიძლება ასეც მოხდეს და თითოეულ შემთხვევაში, ინფორმაცია ინდივიდუალურად უნდა დამუშავდეს.  თუ მოთხოვნილია საჯარო ინფორმაცია, ის უნდა გამოცალკევდეს კერძო ინფორმაციისგან და გაიცეს.

ეს ასე არ ხდებოდა ასეთი ოქმების გამოთხოვნის შემთხვევაში.

პასუხმისგებლიანი საჯარო მოხელის საქმეა, რომელმაც ინფორმაცია ისე უნდა დაამუშავოს, რომ მასში გამოიყოს საჯარო და კერძო სახის ინფორმაცია და გამოირიცხოს ამის ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტაცია.  

სააგენტო უკვე აღარ არის გარემოსა და სოფლის მეურნეობის, არამედ ეკონომიკის სამინისტროში.  ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რესურსებს სახელმწიფო უფრო ეკონომიკური წვლილისთვის უყურებს, ვიდრე მისი ამოღების გარემოსდაცვით ტვირთს?

ჩვენი კანონდმებლობით, სახელმწიფო რესურსი არის ის აქტივი, რომელიც ექვემდებარება ლიცენზირებას. ამას კანონი განიხილავს, როგორც ეკონომიკურად გამოსაყენებელ რესურსს, რომელიც ექვემდებარება ამოღებასა და გადამუშავებას.  

 

ნიშნავს თუ არა ეს ცვლილება იმას, რომ მომავალში მეტი ლიცენზია გაიცემა?

არა, ეს არანაირად არ ნიშნავს მეტი ლიცენზიის გაცემას.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სეგმენტი უკვე ეკონომიკის სამინისტროში იმართება, ეს არ ნიშანვს, რომ ამ ქმედების გარემოსდაცვითი ნაწილი დაკნინებულია.

თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონკრეტული რსურსებით სარგებლობა უფრო მეტ ზიანს მიაყენებს გარმეოს, ვიდრე ეკონომიკური სარგებელი მოაქვს, უარს ვამბობთ კონკრეტული ლიცენზიის გაცემაზე.    

 

რამდენი უარი უთხრა სააგენტომ ბოლო პერიოდში პოტენციურ ლიცენზიანტს?

ყოველდღე ჩვენ არაერთ ასეთ გადაწყვეტილებას ვიღებთ.

გვინდა საბადოების დამუშავების ტექნიკურ რეგლამენტებსაც გადავხედოთ.  არსებული რეგულაციები ვერ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და სააგენტოს მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება ამის გამოსწორებაა.  

 

******

20 ივნისს წიაღის ეროვნულმა სააგენტომ  საქართველოში მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ფონური მდგომარეობისა და მარაგების კატეგორიის შესახებ რუკა გაასაჯაროვა.

რუკაზე დატანილი ინფორმაციის ნაწილი საბჭოთა დროსაა მოპოვებული და შესაბამისად, საბადოებს საბჭოთა კატეგორიები (A,B,C კლასიფიკაცია) აქვს მინიჭებული; რუკის მონაცემების ნაწილი განახლებული ინფორმაციაა, დათვლილი მოქმედი ლიცენზიანტების წლიური მოპოვების მიხედვით. გრაფა, სადაც ნულებია (0) მითითებული, ინვესტორის კონფიდენციალური ინფორმაციია.  


 

ანგარიშები და რეპორტები

1. Removing obstacles to investment in Georgia’s mining regulation, ISET, ავტორები: დეივიდ საჰა, ჰანს-გეორგ პეტერსონი, ლევან ფავლენიშვილი და უოლდემარ უოლტერი;

2. Global Environmental Alert Service: Sand, rarer than one thinks, United Nations Environment Program, UNEP

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>