თორნიკე გვაზავა, საქართველოს სატყეო სააგენტოს დირექტორი, ამბობს, რომ ფოტოზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მასალას ადევს, როგორც ვიზუალური გამოსახულება, სარეალიზაციო ხე-ტყე არ არის ასახული.
ახალი ამბავი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე დღეს 14:38 წუთზე გამოქვეყნდა, გამოსახულია ფოტო, სადაც ჩანს ხე-ტყის ნარჩენები და აქვს ასეთი სათაური: "როგორ მიაქვს მდინარეს სარეალიზაციოდ გამზადებული ხე-ტყე."
"ეს ნაფოტები და ნარჩენებია. ვადასტურებ, რომ სარეალიზაციოდ გამზადებული მასალა არ არის არც ერთი. ეს არის ფიჩხი, შეშის ნარჩენები, რაც, შესაძლოა, ადიდებულ მდინარეს წამოეღო," - ამბობს გვაზავა.
ფოტოზე გამოსახული ნარჩენები რომ სარეალიზაციო ხე-ტყე არ არის, ამას ადასტურებს ერასტ როდონაიაც, სამეგრელო-ზემო-სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსი.
"ფოტოდან ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ეს მორებია, მაგრამ სინამდვილეში, ეს ნაგავია. ეს არის მდინარე ენგურზე და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაშია დაგროვებული," - ამბობს როდონაია.
მისი თქმით, ადგილი, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, არის ზემო სვანეთის სოფელი ციცხვარი, სადაც მდინარე ენგურზე რკინის ჯაჭვებია გაჭიმული იმიტომ, რომ წყალდიდობის დროს მოტანილი ნაგავი შეაკავოს, რათა ნატანი ენგურჰესის წყალსაცავზე არ მოხვდეს.
ერასტ როდონაიას თქმით, შემაკავებელ ჯაჭვს ენგურჰესის მენეჯმენტი ჭიმავს, რათა წყალდიდობის დროს მდინარის ნატანი ტურბინებში არ მოექცეს.
დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო მოპოვების გამოსავლენად სპეცსამსახურების დახმარებით შევიდა.
უწყების განმარტებით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოებისა და საქმიანობის სრულყოფილად შესრულების მიზნით სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა საჭირო.
უწყების თქმით, მოსახლეობა მათ საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებაში ხელს უშლის.