კვლევაში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა და ჟურნალ Breast Cancer Research-ში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ძუძუს კიბოსა და ჰაერის დაბინძურებას შორის კავშირი არსებობს.
კვლევის ფარგლებში 40-დან 89 წლამდე 279,967 ქალი გამოიკვლიეს. გამოსაკვლევი ქალები აირჩიეს იმ ტერიტორიებიდან, სადაც ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, ჰაერის ორი კომპონენტი - მტვრის მცირე ნაწილაკები PM 2,5 და ოზონი O3 - ყველაზე დიდი კონცენტრაციით იყო.
აღმოჩნდა, რომ ჰაერის ეს ორი კომპონენტი ძუძუს მამოგრაფიულ სიმჭიდროვეს განაპირობებდა: რაც უფრო მაღალია ჰაერში PM 2,5 -ის და ოზონის კონცენტრაცია, მით მეტია ძუძუს მამოგრაფიული სიმჭიდროვის რისკები.
ე.წ. ‘მამოგრაფიული სიმჭიდროვე’ [mamographic density] ძუძუს კიბოს ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია.
'მამოგრაფიული სიმჭიდროვე' ძუძუს ისეთი ანატომიური აგებულებაა, როდესაც მასში ნაკლებია ცხიმოვანი ქსოვილები და მეტია ჯირკვლოვანი და ფიბროზული ქსოვილები. ჯირკვლოვანი და ფიბროზული ქსოვილების სიმჭიდროვის სხვადასხვა ხარისხები არსებობს.
ონკოლოგები ქალებს ურჩევენ, რომ მამოგრაფიული სიმჭიდროვის არსებობის პირობებში, ცხოვრების ჯანსაღი წესით, ბიოლოგიურად სუფთა საკვების მიღებით, ვარჯიშით და მოწევისთვის თავის დანებებით კიბოს გაჩენის რისკი მაქსიმალურად შეამცირონ.
საქართველო
კვლევაში მოხსენიებული კომპონენტების - მტვრის PM 2,5 ნაწილაკებისა და ოზონის O3 - ჰაერში კონცენტრაციას საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტო ზომავს და ყოველდღიურ და წლიურ შემაჯამებელ შედეგებს აქვეყნებს.
მონაცემები PM 2,5 -ზე უფრო მწირია, ვიდრე ოზონზე.
რეგიონულ ქალაქებში სტაციონარული დაკვირვების შედეგები PM 2,5 მხოლოდ რამდენიმე ადგილას, უმნიშვნელოდ აჭარბებდა ზღვრულად დასაშვებ საშუალო წლიურ კონცენტრაციას (მაგალითად, ქალაქ ბათუმში, 1,1-ჯერ).
შარშან ინდიკატორული გაზომვის ფარგლებში, გარემოს ეროვნულ სააგენტოს PM 2,5 არ შეუმოწმებია. შესაბამისად, იმ რეგიონული ქალაქებიდან, სადაც სტაციონარული ჯიხურები არ დგას, ამ კომპონენტზე ინფორმაცია არ არსებობს.
PM 2,5 - მტვრის მცირე ნაწილაკები
საქართველოს ყველა ქალაქიდან PM 2,5 -ზე საკმარისი მონაცემები არ არის სრული ანალიზისთვის.
იმ მონაცემებით, რომელიც სააგენტოს ვებგვერდზე არის ხელმისაწვდომი ამ კომპონენტთან დაკავშირებით, ჩანს, რომ PM 2,5 -ის კონცენტრაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში წერეთლის გამზირზე იყო, შემდეგ კი - ვარკეთილსა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე.
ოზონი - O3
საქართველოს ყველა ქალაქში, სადაც ჰაერის სხვადასხვა კომპონენტები იზომება, ოზონის კონცენტრაცია ევროკავშირის მიერ დადგენილი ინდექსით არის ‘დაბალი’ (‘დაბალ’ ინდექსში იგულისხმება 0-120 მილიგრამი ოზონის კონცენტრაცია ერთ კუბურ მეტრ ჰაერში).
ჰაერის მდგომარეობის შემოწმების მოცვა საქართველოში
ჰაერის ინდიკატორული შემოწმება განსხვავდება ჰაერის კომპონენტების სტაციონარული, მუდმივი დაკვირვების მეთოდით გაზომვისგან. ქალაქები, სადაც ინდიკატორული გაზომვები უნდა ჩატარდეს, სააგენტოს მიერ დაბინძურების შესაძლო წყაროების არსებობიდან გამომდინარე ირჩევა და ყოველ წელს, საქართველოს მასშტაბით, ტარდება.
შარშან გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სტაციონარული (ავტომატური და არაავტმატური) სადგურებიდან 8,849 სინჯი დაამუშავა, ხოლო ინდიკატორული გაზომვიდან - 523 სინჯი.
შარშან ჰაერის ინდიკატორული გაზომვა საქართველოს 2 ,161 საქალაქო დასახლებიდან მხოლოდ 20 ქალაქში მოხდა. ოზონი გაზომილი კომპონენტების ჩამონათვალში მოხვდა, ხოლო - PM 2,5 - არა.
საქართველოში მუდმივად ჰაერის შემოწმება 6 ქალაქის რამდენიმე წერტილში [თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზესტაფონი და ჭიათურა] მიმდინარეობს. ამ ქალაქებში სულ 12 სადგური ფუნქციონირებს, აქედან 4 არაავტომატური და 8 ავტომატური [ამათგან 4 თბილისშია].
♦ სტატიის თარგმანი ნაწილია 'კაქტუსის' პროექტისა 'ცხოვრება მასტექტომიის შემდეგ,' რომელიც საქართველოში ქალთა ფონდის მხარდაჭერით Women's Fund in Georgia ხორციელდება და რომელიც ძუძუს მოკვეთის შემდეგ ქალების ფსიქიკური, სოციალური და სექსუალური მდგომარეობის ასპექტებს სწავლობს.
♦ ჰაერზე მონაცემების დამუშავებაში მონაწილეობა მიიღო მარიამ ბერაიამ
♦ ამავე თემაზე წაიკითხეთ:
♦ ძუძუს იმპლანტის მაცდური მარკეტინგი vs უცნობი რისკები
♦ 'ძუძუს გაუგრძნობელობა მასტექტომიის შემდეგ'