FAQ

გვამი, როგორც ბიოლოგიური ნივთმტკიცება




უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის გვამის ექსპერტიზა დაიწყო, თუმცა, შედეგები ცნობილი არ არის.  2018 წლის 13 აპრილს JAMnews-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმადაც, ტატუნაშვილის გვამს საქართველოში გადმოსვენების დროს შინაგანი ორგანოები არ ჰქონდა.

მედიაში ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მისვენების დროს ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები არ ჰქონდა.  მინისტრის თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს ორგანოების მოპოვებისა და ექსპერტიზის სრულფასოვნად ჩატარებისთვის.   

რამდენი დროა საჭირო სტანდარტულად სხეულის ექსპერტიზისთვის? რა შეზღუდვებს უწესებს შინაგანი ორგანოების არარსებობა ექსპერტიზას?  რომელი ორგანოების არსებობაა საჭირო ექსპერტიზის სრულფასოვნად ჩატარებისთვის? - ეს და სხვა კითხვები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ბესარიონ კილასონიას დავუსვით. 

რომელი ორგანოების არსებობაა აუცილებელი ექსპერტიზის დროს?

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას აუცილებელია მთლიანი სხეულის ჯერ გარეგანი (კანისა და ლორწოვანი გარსის, თმებისა და კანის წარმონაქმნების, ტანსაცმლის და სხვ.) დათვალიერება; შემდეგ აუცილებელია შინაგანი გამოკვლევა, ორგანოების მიკროსკოპული გამოკვლევის ჩათვლით. სხეულის ყველა ღრუ უნდა გაიხსნას: თავის ტვინი, გულმკერდის, მუცლის, მენჯის ღრუები. ყველა ორგანო, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ჩათვლით, სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევას ექვემდებარება. 

ასე იმიტომ ხდება, რომ წინასწარ არ ვიცით, სად იქნება ის მიზეზი, რასაც ვეძებთ.

მნიშვნელოვანი ორგანოების გამოკვლევა მიკროსკოპულად ანუ ჰისტოლოგიური მეთოდით ხდება - პათოლოგია თვალით ყოველთვის არ ჩანს. 

შეიძლება თუ არა გამოიყოს ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოები?

სხეულისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია თავის ტვინი, გული, ფილტვები, ღვიძლი, თირკმელები, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები და სხვ. - ასეთი ბევრია, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. 

მათგან ყველაზე მნიშვნელოვანს ვერ გამოვყოფთ, გამონაკლისს ვერ დავუშვებთ - ყველა ორგანო ერთნაირად მნიშვნელოვანია. ისეთი პატარა ორგანოც კი, როგორიცა თირკმელზედა ჯირკვალი,  აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული. 

თუ ამბობენ, რომ გულის მწვავე უკმაროსობით არის დამდგარი [არჩილ ტატუნაშვილის] სიკვდილი, პირველ რიგში, გულის გამოკვლევა უნდა მოხდეს.

რა დრო სჭირდება ამ ყველაფერს?

სხეულის გაკვეთას რამდენიმე საათი სჭირდება. 

ჰისტოლოგიურ გამოკვლევას, შესაძლოა, დიდი ხანი დასჭირდეს.  ყველგან, სადაც გვამს იკვლევენ, არის ჰისტოლოგიური ლაბორატორიაც, სადაც ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ხდება. 

დიაგნოსტიკა სხვადასხვა სახისაა: სხეულიდან აღებულ ნიმუშებს სხვადასხვა ქიმიკატებით ამუშავებენ.  პრეპარატის [გვამიდან აღებული, ქიმიურად დამუშავებული ნაჭერი]  დამუშავების მეთოდი კვლევის მიზანზეა დამოკიდებული. 

ყველაზე ხანგრძლივვადიანი ჰისტოლოგიური კვლევა რამდენი ხანი გრძელდება?

ორი კვირიდან ერთ თვემდე - გააჩნია, რას იკვლევ.  პრეპარატების  დამზადება კი არაა ხანგრძლივი, არამედ - მათი კვლევის მეთოდოლოგია - ჰისტოლოგიური, ჰისტოქიმიური, იმუნოჰისტოქიმიური, რამაც, შესაძლოა რამდენიმე კვირა მოითხოვოს. 

მხოლოდ  ლაბორატორიული შედეგებიც არაა საკმარისი.  საჭიროა დამატებითი კონსულტაციები, ლიტერატურის გაცნობა. შეიძლება, ერთი მეთოდით გააკეთო კვლევა და მოგვიანებით ისევ გაიმეორო, - სხვა მეთოდით.

არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევაში, ეს როგორ მოხდებოდა?

ამ [არჩილ ტატუნაშვილის] შემთხვევაში, თუ ორგანოები არ იყო, წესით, ექსპერტიზა უნდა დამთავრებულიყო აქამდე, ადგილზე არსებული ბიოლოგიური მასალით.   

როდესაც უეცარი სიკვდილია და ფიქრობენ, რომ სიკვდილი არ არის დაკავშირებული ტრავმასთან და, როგორც თვითონ (პირველი ექსპერტიზის ჩამტარებელი მხარე) ამბობენ, ეს არის გულით უკმარისობით, მაშინ ექსპერტიზის ბიუროში ყველა შინაგანი ორგანო უნდა გამოეკვლიათ. 

შინაგანი ორგანოს მიკროსკოპული გამოკვლევისთვის  მთელი ორგანოს აღება არ არის აუცილებელი. იღებენ ორგანოების პატარა ნაჭრებს და, როგორც წესი, ყველა ორგანო ისევ შიგნით - გვამის ღრუებში უნდა დაბრუნდეს.

ექსპერტიზისთვის სხეულის გაკვეთისას გვამის გაკვეთის აქტი დგება.  აქტში უნდა იყოს აღნიშნული, რა ორგანოებიდან იქნა აღებული  ნაჭრები.

ოსური მხარე აცხადებს, რომ ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.  ქართული მხარის მოსაზრებაა, რომ ადგილი ჰქონდა წამებას, რადგან სხეულზე ნანახია მრავლობითი დაზიანებები.  ამბობენ, რომ იყო მოტეხილობაც. 

წამების ფაქტის საბოლოო დადგენა მხოლოდ ექიმების კომპეტენციაში არ შედის - სასამართლო-საგამოძიებო უწყებების კომპეტენციაა. 

თუ ჩვენ ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი ვართ, არის საერთაშორისო წესები, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა ასეთ შემთხვევაში; ჩვენს მთავრობას შეუძლია ისარგებლოს გაეროს გაიდლაინით -  სტამბოლის პროტოკოლით.  მსხვერპლის სიკვდილის შემთხვევაში, ექსპერტიზამ უნდა იხელმძღვანელოს აგრეთვე გაეროს მეორე საერთაშორისო დოკუმენტით, მინესოტას პროტოკოლით. როგორც წესი, ასეთ კომპლექსურ კვლევაში ჩართულები უნდა იყვნენ სასამართლო ექიმები, ფსიქიატრები და ფსიქოლოგები. 

საჭიროა იქ [რუსეთში] და აქ [საქართველოში] ჩატარებული ექსპერტიზების მონაცემების მოგროვება, გვამის გამოკვლევის, ჰისტოლოგიური მასალებისა და საგამოძიებო საქმის მასალების თავმოყრა.

ორგანოების ჩაბრუნება აუცილებელია?

ორგანოების ჩაბრუნება აუცილებელია იმიტომ, რომ შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ექსპერტიზა, გვამის ექსჰუმაცია, ალტერნატიული ექსპერტიზა.  დიდი ალბათობაა, რომ ბიოლოგიური მტკიცებულება - ორგანოები - სხვა ექსპერტებსაც დასჭირდეთ.

გადასამოწმებლად და საბოლოო დასკვნის დასაზუსტებლად ექსპერტიზა სხვადასხვა მეთოდებით, რამდენჯერმე შეიძლება გაკეთდეს.

რა უნდა მოხდეს, თუ ორგანოები ადგილზე არ არის?

საჭიროა შინაგანი ორგანოების ან ორგანოების ნაჭრების მოთხოვნა, რომლებითაც იქ მოხდა გვამის ექსპერტიზა. ასეთი ნაჭრები, ჩვეულებრივ, არის დაახლოებით ნახევარი სანტიმეტრი სისქის,  ერთი-ორი კვადრატული სანტიმეტრის ნიმუშები და აღებულია იმ უბნებიდან, სადაც უფრო საეჭვოა პათოლოგია.

რა დროა საჭირო ამ ყველაფრისთვის?

იმ ექსპერტიზის პასუხს, რაც, სავარაუდოდ, ჩვენთან ჩატარდა, რამდენიმე დღე სჭირდება.  თუ ჩვენთან ორგანოების ჰისტოლოგიურ გამოკვლევას არ აკეთებენ, მეტი დრო საჭირო არაა.  მაგრამ თუ რბილი ქსოვილებიდან და კანდან აიღეს ნიმუშები, მათ კვლევას დრო სჭირდება.

ჰისტოლოგიური კვლევის შემთხვევაში -  გააჩნია, რა მეთოდებით აკეთებენ. 

ჩემი აზრით, უდიდესი შეცდომა იყო, როდესაც მოქმედ კანონში ექსპერტიზისა და გამოძიების ვადები გაიზარდა. ადრე ექსპერტიზისთვის ვადა ერთი თვე იყო. ახლა შეიძლება, სხეულის ექსპერტიზა რამდენიმე თვეც გაგრძელდეს. 

თუ დავუშვებთ, რომ ტატუნაშვილს სასიცოცხლო ორგანოები არ აქვს, სიკვდილის მიზეზის დადგენა შესაძლებელი იქნება?

თუ ეს ორგანოები არ არის, სიკვდილის მიზეზის დადგენისას უნდა დაეყრდნო იმ ინფორმაციას, რაც მოგაწოდეს პირველადი ექსპერტიზის შედეგად.  თუ მას არ ეყრდნობი, უნდა მოითხოვო ორგანოები და იმსჯელო, გულის მწვავე უკმარისობა რამ გამოიწვია.

თუ ორგანოები გვამში არაა დატოვებული, [გვამის გაკვეთის] აქტში უნდა იყოს მითითებული, რა მიზნით არაა დატოვებული. 

ვინ ჩაატარა ექსპერტიზა: ცხინვალმა თუ რუსეთმა, ვიცით? რა გადასცეს ქართულ მხარეს: მხოლოდ სიკვდილის ცნობა თუ გვამის გაკვეთის აქტი? თუ წამება და შოკი იყო, თირკმელზედა ჯირკვალის დეტალური გამოკვლევა უნდა მოხდეს.  

თუ მათ თქვეს, რომ ორგანოები არ არის [მაგ. განადგურებულია], მაშინ პრეპარატები და მასალის ბლოკები მაინც უნდა გადმოგვცენ. 

სტანდარტულ შემთხვევაში, პრეპარატების შენახვის ვალდებულება არსებობს?

ნაძალადევი სიკვდილის შემთხვევაში, პრეპარატები მანამდე უნდა შეინახო, სანამ გამოძიება არ დამთავრდება. 

როგორ უნდა მოხდეს ორგანოების ავთენტურობის გადამოწმება?

სხვის გულს ვერ მოგვცემენ. დნმ-ის ექსპერტიზით შეიძლება გარდაცვლილის ორგანოს გადამოწმება.

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>