ახალი კორონავირუსის შემთხვევები გლობალურად იზრდება. რისკი, რომ ეს ვირუსი შეგხვდეთ, მაღალია და ალბათობა უფრო და უფრო იზრდება.
ამჟამად არსებობს თუ არა სამკურნალო საშუალება ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ?
2020 წლის 22 ოქტომბერს ამერიკის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ [F.D.A.] რემდესივირი, ბრენდდასახელებით Veklury ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ დაამტკიცა, როგორც მოზრდილების, ასევე 12 წელს ზემოთ მოზარდებისთვის, რომლებიც 40 კილოგრამზე მეტს იწონიან. მედიკამენტი მხოლოდ კლინიკაში მიღებული პაციენტებისთვის იქნება.
კლინიკური კვლევები, რომლებიც Veklury-ის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას ეხება უმცროსი ასაკის: 12 > წლის ბავშვებში, ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
Veklury მსოფლიოში ერთადერთი დამტკიცებული მედიკამენტია ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ. თუმცა, მის გარდა, პაციენტების სიმპტომებს მართავენ, სხვადასხვა საშუალებების დახმარებით არბილებენ მათ.
უსიმპტომო პაციენტებს სახლში მკურნალობაც შეუძლიათ. თუ იგრძენით, რომ სამედიცინო დახმარება გჭირდებათ, დარეკეთ 112-ში.
არ მიიღოთ მედიკამენტები თვითნებურად. ნებისმიერი მედიკამენტი მიიღეთ მხოლოდ ექიმის რჩევით.
არსებობს თუ არა ვაქცინა ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის?
ამჟამად ახალი კორონავირუსის პრევენციის ვაქცინა არ არსებობს. ევროპული და ამერიკული მარეგულირებლები მუშაობენ ვაქცინების მწარმოებლებთან, მკვლევარ მედიკოსებსა და მწარმოებლებთან, რომ კლინიკური კვლევების პროცესი და ვაქცინების კანდიდატების უსაფრთოება და ეფექტურობა უზრუნველყოფილ იყოს.
[ასევე გაეცანით "კაქტუს-მედიის" ახალი კორონავირუსის ცნობარს]
რა არის COVID-19-ის სიმპტომები?
ზოგ ინფიცირებულს საეროდ არ აქვს სიმპტომები.
სიმპტომებია: ცხელება, სხეულის ტკივილი, მშრალი ხველება, დაღლის შეგრძნება, თავის ტკვილი, ყელის ტკივილი, მადის, სუნის ან გემოს დაკარგვა.
ზოგ პაციენტში სიმპტომები უფრო მწვავეა, მათ შორის, მაღალი სიცხე, ხშირი ხველება, სუნთქვის გაძნელება, რომელიც ზოგჯერ ფილტვების ანთების წინაპირობაა.
ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებს ხშირად აქვთ ნევროლოგიური სიმპტომები, კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემები ან ორივე ერთად. ეს სიმპტომები სასუნთქი გზების სიმპტომებთან ერთად მიმდინარეობს, ან მათ გარეშე.
უფრო ზუსტად: ახალი კორონავირუსი ზოგი ადამიანის თავის ტვინის ფუნქციონირებაზეც ახდენს გავლენას. ნევროლოგიურ სიმპტომებს შორისაა სუნის შეგრძნების დაკარგვა, გემოს ვერ-შეგრძნება, კუნთების სისუსტე, ხელებისა და ტერფების გაუგრძნობელობა, მოთენთილობა, დაბნეულობის შეგრძნება, კრუნჩხვის მსგავსი მოვლენები ან დამბლა.
რაც შეეხება გასტროენტეროლოგიურ მოვლენებს: მათ შორისაა მადის დაკარგვა, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი, ტკივილი კუჭის არეში ან მსგავსი დისკომფორტი. ეს სიმპტომები, შესაძლოა, სხვა ისეთ სიმპტომებზე ადრე დაიწყოს, როგორებიცაა ცხელება, სხეულის ტკივილი და ხველება. ახალი კორონავირუსი სკამზეც რჩება და ძლებს გარკვეული პერიოდი. ამის გამო, ტუალეტში ყოველი გამოყენების შემდეგ ხელები უნდა დავიბანოთ და აბაზანის ინფრასტრუქტურის დეზინფექცია გავაკეთოთ.
საქართველოში რა სიმპტომები ჰქონდათ ყველაზე მეტად?
აქამდე აღმოჩენილი პაციენტების 50.3%-ის სიმპტომები იყო ცხელება/შემცივნება, 36.2%-ს სიმპტომები საერთოდ არ ჰქონდა, 30.4%-ს - ზოგადი სისუსტე. დანარჩენებს: ხველა, ყელის სიმშრალე/ტკივილი, თავის ტკივილი, სუნის/გემოს შეცვლა/დაკარგვა, სურდო, დიარეა, სუნთქვის გაძნელება, კუნთების ტკივილი, გულისრევა/ღებინება, სახსრების ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულმკერდის ტკივილი და კონიუქტივიტი.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმპტომების ინტენსივობის შესახებ ინფორმაციის მოგროვება ზოგ შემთხვევაში პრობლემური აღმოჩნდა, რაც გამოწვეული იყო რიგი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებით, კერძოდ, ენობრივი ბარიერი, გახსენების მიკერძოება, სიმპტომების აღქმის განსხვავებული მიდგომა, სტიგმატიზაცია. აღნიშნული შემთხვევები კონცეტრირებული იყო ქვემო ქართლის რეგიონში და შეადგენდა ამ რეგიონში გამოვლენილი შემთხვევების 57%-ს. ასიმპტომურ ინფიცირებულთაგან 15.6% იყო საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი, რომელთა ინფიცირების გამოვლენა მოხდა საზღვარზე, სავალდებულო ტესტირების დროს. ჰოსპიტალიზაციის პერიოდში დაავადების მიმდინარეობის მახასიათებლები მოპოვებული იყო სპეციალური კითხვარის მეშვეობით, რომელიც შევსებულ იქნა სტაციონარიდან გაწერილ თითოეულ პაციენტზე.
როგორ გავიგო, COVID-19 მაქვს თუ სეზონური გრიპი?
COVID-19-ს სიმპტომები ჰგავს ახალი კორონავირუსის ინფექციის სიმპტომებს. როგორც გრიპის, ასევე COVID-19-ს სიმპტომები პროგრესირებს და შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში ან ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი გახდეს. ექიმს დაელაპარაკეთ, იმ შემთხვევაში, თუ:
-
გქონდათ კონტაქტი ისეთ ადამიანთან, ვისაც ჰქონდა ახალი კორონავირუსი
-
თქვენს გარშემო მყოფებს დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსის ინფექცია.
როგორ კეთდება COVID-19-ის ტესტი?
სპეციალურმა ტესტმა უნდა დაადასტუროს, რომ ახალი კორონავირუსი გაქვთ. უფრო ხშირად, ექიმები ცხვირიდან იღებენ ნაცხს [ან ორივე ადგილიდან: ცხვირიდან და ყელიდან]. ზოგი ტესტირება ნიმუშად ნერწყვსაც იყენებს. ნიმუშში მოწმდება ვირუსის გენეტიკური მასალა [PCR ტესტის შემთხვევაში] და ან ვირუსული ცილები [ანტიგენის ტესტერის შემთხვევაში].
ანტისხეულების ტესტერები ტარდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტმა ადრე გადაიტანა ეს ინფექცია. ინფიცირებული ანტისხეულებს ზოგჯერ მალევე არ გამოიმუშავებს. ზოგჯერ ანტისხეულების გამომუშავებას, შესაძლოა, სამი კვირა დასჭირდეს, რომ ადამიანის სისხლის ნიმუშში ანტისხეულები გამოჩნდეს და ის ტესტერმა აღბეჭდოს. თუ სიმპტომები ახალი დამდგარია, ანტისხეულების ტესტერების გაკეთება არ არის რეკომენდებული.
რა განსხვავებაა PCR და ანტიგენის ტესტერებს შორის?
ორივე ეს ტესტერი სადიაგნოსტიკოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ადგენენ, აქვს თუ არა ადამიანს მიმდინარე ინფექცია. თუმცა, ამ ორი ტიპის ტესტერს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა.
PCR მეთოდი ადამიანის ორგანიზმში ვირუსის გენეტიკური მასალის არსებობას ადგენს, რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის საშუალებით. ამ ტესტისთვის, ნიმუშს ცხვირის ან ყელის ნაცხიდან ან ნერწყვიდან იღებენ. ლაბორატორიაში ახალი კორონავირუსის რიბონუკლეინის მჟავას [RNA] დეზოქსირიბონუკლეინის მჟავად [DNA] გადააქცევენ. ზოგადად, PCR ტესტერის სანდოობის ხარისხი მაღალია.
ანტიგენის ტესტერი კორონავირუსის ზედაპირზე სპეციფიკურ ცილას ეძებს. ის უფრო სწრაფია და მასზე პასუხი ერთ საათზე ნაკლებ დროში დგება. თუ ტესტის პასუხი დადებითია, ეს ნიშნავს, რომ ვირუსი არსებობს ორგანიზმში. თუ ანტიგენის პასუხი უარყოფითია, ეს ვერ გამორიცხავს, რომ ადამიანი ინფიცირებული არაა: შესაძლოა, მას ვირუსი ისეთი მცირე რაოდენობით ჰქონდეს, რომ ტესტერმა ვერ ნახა. ანტიგენის ტესტერის პასუხს ზოგჯერ ექიმი PCR ტესტერით გადაამოწმებს ხოლმე.
საქართველოში როგორია ასაკობრივი გადანაწილება?
საქართველოში ახალი კორონავირუსის პაციენტების მაქსიმალური ასაკი იყო 95 წელი, ხოლო მინიმალური - 1 თვე. 0-დან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი ინფიცირებულთა შორის 13,4%-ს შეადგენდა.
პაციენტების 51,5% 30-59 წლის ასაკობრივ ჯგუფს შორის იყო.
რა ძირითადი გართულებები გამოიწვია საქართველოში ახალმა კორონავირუსმა?
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, აქამდე საქართველოში პაციენტებში ახალმა კორონავირუსმა შემდეგი გართულებები გამოიწვია: პნევმონია [44.5 %], სუნთქვის უკმარისობა [11 %], გულსისხლძარღვთა მწავავე უკმარისობა [3.4 %] და მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი [3.2 %].
რა თანმხლები დაავადებები ჰქონდათ პაციენტებს საქართველოში?
საქართველოში COVID-19–ის დიაგნოზით სტაციონარიდან გაწერილ პაციენტებს შემდეგი თანმხლები დაავადებები ჰქონდათ: ჰიპერტენზია [14.7 %], გულ-სისხლძარღვთა დაავადება (გარდა ჰიპერტენზიისა) [7 %], დიაბეტი [6.8 %], თირკმლის ქრონიკული ავადმყოფობა [3 %], ფილტვის ქრონიკული დაავადებები [2.4 %], ავთვისებიანი სიმსივნე [1.8 %], ვირუსული ჰეპატიტი [1.9 %] და ღვიძლის ქრონიკული დაავადება [1.5 %].
რამდენად მძიმედ ჰქონდათ დაავადება საქართველოში?
COVID-19–ის დიაგნოზით სტაციონარიდან გაწერილ პაციენტთა განაწილება დაავადების სიმძიმის მიხედვით ასე გამოიყურება: მსუბუქი [56.1 %], საშუალო [34.7 %], მძიმე [7 %] და კრიტიკული [2.2 %].
როგორ დავიცვა თავი, თუ COVID-19 ინფიცირებულ ადამიანს ვუვლი?
თავი ისევე უნდა დაიცვათ, როგორც მაშინ, როცა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანს უვლით:
-
სჯობს, ინფიცირებული ადამიანისგან განცალკევებით იყოთ: სხვა საწოლში, სხვა ოთახში და სჯობს, აბაზანა და საპირფარეშოც სხვა გამოიყენოთ, თუ ამის საშუალება არსებობს
-
თუ ერთ ოთახში ხართ და სხვა საშუალება არაა, სახლი ხშირად ანიავეთ. ჩართეთ კონდიციონერი და გააღეთ ფანჯარა, რომ ჰაერის ნაკადი გარეთ გავიდეს
-
დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, სულ მცირე, 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ ხელი სანიტაიზერით, რომელიც 60-95% ალკოჰოლს [ეთანოლს] შეიცავს; დაისველეთ ხელის ზედაპირი მთლიანად და შიეიზილეთ მანამ, სანამ კანი არ გაშრება
-
შეეცადეთ, არ შეეხოთ თვალებს, ცხვირს და პირს დაუბანელი ხელებით
მეტი სიფრთხილისთვის:
-
თუ ოთახში ინფიცირებულთან ერთად ხართ ან თავად ხართ ინფიცირებული და ოთახში სხვა ადამიანი იმყოფება, ატარეთ ნიღაბი სახლშიც/ოთახშიც კი
-
ატარეთ ხელთათმანი, თუ შეეხებით ინფიცირებულის მაგიდას, სკამს, ბიოლოგიურ სითხეებს: ნერწყვს, ნახველს, პირნაღებს, სისხლს, ან შარდს
-
ხელთათმანი ერთჯერადად გამოიყენეთ. მისი მოხსნის და სანაგვე ყუთში მოთავსების შემდეგ, ხელები წყლითა და საპნით დაიბანეთ, ან სანიტაიზერით დაიმუშავეთ. შემდეგ მოიხსენით ნიღაბი და ისევ დაიბანეთ ხელები, იმავე წესის დაცვით
-
ყოველდღე გაწმინდეთ/გარეცხეთ დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად გამოყენებული ნივთები: კონტეინერები, მაგიდის ზედაპირები, კარის სახელურები, ტუალეტები, ტელეფონები, კომპიუტერის კლავიატურა
-
მაღალ ტემპერატურულ რეჟიმში გარეცხეთ თეთრეული, თუ მასზე არის რამენაირი ორგანული სითხე: სისხლი ან შარდი
-
მოთავსეთ ხელთათმანი და პირბადე ცალკე კონტეინერში, რომელიც დახურულია. მათი ნაგავში გადაგდების შემდეგ, კიდევ ერთხელ კარგად დაიბანეთ ხელები
გამიგია, რომ იმუნური სისტემა სპეციფიურ ანტისხეულებს გამოყოფს, როცა ადამიანი ინფიცირებულია ახალი კორონავირუსით. რა განსხვავებაა სხვადასხვა სახის ანტისხეულებს შორის ან რატომაა ისინი მნიშვნელოვანი?
როდესაც ადამიანს ესა თუ ის ვირუსი ან ბაქტერია შეეყრება, ჯანსაღი იმუნური სისტემა მის დინააღმდეგ ანტისხეულებს გამოიმუშავებს.
COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი - SARC-Cov-2 შეიცავს რიბონუკლეინის მჟავას [რნმ], რომელიც დამცავი გარსით არის შემოსაზღვრული. დამცავი გარსი გვირგვინოვანი ცილებია, რომლებიც ვირუსის გარე ზედაპირზეა და რომელიც ადამიანის უჯრედებს ეწებება და ებმის.
როგორც კი ეს ადამიანის უჯრედში მოხვდება, ვირუსის რიბონუკლეინის მჟავა გამრავლებას იწყებს და ასევე ცილებს აწარმოებს; ამ ორი ფაქტორის დახმარებით კი ვირუსი ადამიანის უფრო და უფრო მეტ უჯრედს აინფიცირებს და მთელს ორგანიმზში ვრცელდება, განსაკუთრებით კი - ფილტვებში.
მართალია, ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას პოტენციურად ვირუსის სხვადასხვა ნაწილზე შეუძლია რეაქციის გამოხატვა, ახალი კორონავირუსის შემთხვევაში ყველაზე დიდ ყურადღებას ამ ვირუსის გვირგვინოვანი ცილა იქცევს. იმუნური უჯრედები სწორედ ამ გვირგვინოვან ცილას აღიქვამენ, როგორც უცხო სხეულს და მის წინააღმდეგ იწყებენ ანტისხეულების წარმოებას.
არსებობს ანტისხეულების ორი ძირითადი კატეგორია:
ანტისხეულები, რომლებიც ებმიან ვირუსის ცილას: ეს ანტისხეულები ან ვირუსის ცილის გვირგვინოვან ნაწილს ებმიან ან სხვა ცილებს. ანტისხეულები, რომლებიც ცილას ებმიან, დაინფიცირებული ადამიანის სისხლში დაინფიცირებიდან დაახლოებით ერთ კვირაში ჩნდებიან. თუ ორგანიზმში ანტისხეული არსებობს, ეს დიდი ალბათობით ნიშნავს, რომ ადამიანი არის ან იყო ინფიცირებული. ანტისხეულების რაოდენობა თანდათან იკლებს ინფექციის შემდეგ, ზოგჯერ კი ისეთი მცირე რაოდენობით რჩება, რომ მათ ტესტერი ვეღარ აღმოაჩენს.
ანტისხეულები, რომლებიც ვირუსის ცილას ებმიან, ორგანიზმს რეალურ დროში ეხმარებიან მის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ შესაძლოა, მომავალში დაცვის როლი ვერ ითამაშონ. ეს იმაზეა დამოკიდებული, არიან თუ არა ისინი ასევე მანეიტრალიზებელი ანტისხეულები.
მანეიტრალიზებელი ანტისხეულები: ორგანიზმი ამ ტიპის ანტისხეულებს გვირგვინოვანი ცილის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიმუშავებს. ლაბორატორიული კვლევებით აღმოჩნდა, რომ მანეიტრალიზებელი ანტისხეულები ვირუსს ადამიანის ორგანიზმის უჯრედში არც უშვებენ: მოახლოებისთანავე ბლოკავენ მას.
ლაბორატორიულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მანეიტრალიზებელი ანტისხეულები ადამიანს მეორედ ინფიცირებისგან იცავენ.
ადამიანებს, რომლებიც უკვე გამოჯანმრთელდნენ და სისხლში აქვთ ახალი კორონავირუსის მანეიტრალიზებელი ანტისხეულები, შეუძლიათ პლაზმა ჩააბარონ, რომ სხვა პაციენტებს დაეხმარონ ამ ვირუსის დამარცხებაში.
შესაძლებელია, რომ ერთსა და იმავე ადამიანს ორჯერ შეეყაროს ახალი კორონავირუსი?
ადამიანების უმრავლესობა, რომლებსაც კორონავირუსი შეეყრება, გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც ადამიანის უჯრედებს დაინფიცირებისგან იცავს.
თუმცა, ანტისხეულები არ არის ერთადერთი დამცავი საშუალება. იმუნიტეტის T უჯრედები, იგივე ლიმფოციტები, ანადგურებენ დაინფიცირებულ უჯრედებს. იმუნიტეტის მეხსიერების B უჯრედები, იგივე B ლიმფოციტები, კი სწრაფად აწარმოებენ ძლიერ ანტისხეულებს, როგორც კი “ცნობენ” იმ ვირუსის ცილას, რომელსაც ადრე უკვე მასპინძლობდა ესა თუ ის ორგანიზმი.
ანტისხეულების დონე, ჩვეულებრივ, უცაბედი საფრთხის გაქრობის შემდეგ, ეცემა. თუმცა, რამდენიმე კვლევის თანახმად, რაოდენობის დაცემის შემდეგ, მათი რაოდენობა სტაბილური ხდება და სისხლში რჩება ინფექციიდან გამოჯანმრთელებიდან 2-3 თვის განმავლობაში. რამდენიმე უფრო ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ T და B ლიმფოციტების უჯრედები გამოჯანმრთელებიდან თვეების შემდეგაც რჩება ორგანიზმში. შესაბამისად, წესით, ორგანიზმმა წესით მალე უნდა უპასუხოს ვირუსს, ხელახლა შეყრის შემთხვევაში და დამცავი სისტემა მოამზადოს.
თუმცა, არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანი ხელახლა დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ჰონგ-კონგში მოხდა. პაციენტ კაცს პირველად ინფექცია მარტში შეეყარა, შემდეგ გამოჯანმრთელებულად გამოცხადდა, ორი უარყოფითი ტესტირების პასუხის შემდეგ. ოთხნახევარი თვის შემდეგ, მისმა ნერწყვის ტესტერმა ისევ დადებითი აჩვენა. ლაბორატორიული კვლევებით აღმოჩნდა, რომ მეორე ვირუსი გენეტიკურად მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა წინა ვირუსის ვარიაციისგან.
არსებობს მეორე მაგალითიც, როცა ადამიანს მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა პირველი ინფექციის დროს და საერთოდ არ ჰქონდა სიმპტომები მეორედ ინფიცირების დროს. შესაძლოა, რომ მას სწორედ იმუნიტეტი დაეხმარა, რომ მეორედ უსიმპტომოდ გადაიტანა ინფექცია.
12 ოქტომბერს ჟურნალ "ლანცეტში" გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღწერილია შემთხვევა, როცა ერთი და იგივე ადამიანი ახალი კორონავირუსის ორი სხვადასხვა გენეტიკური ფორმით დაინფიცირდა.
გადაეცემა თუ არა ვირუსი ადამიანიდან ცხოველებს ან პირიქით?
ამერიკის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ადმნინისტრაციის, F.D.A.-ს ინფორმაციით, ადამიანებიდან ცხოველებს ნაკლებად გადაეცემათ. თუმცა, არსებული მტკიცებულებებით, კატებს უფრო ემართებათ, ვიდრე ძაღლებს.
თუ სახლში ცხოველი გყავთ, რომელიც თქვენთან ცხოვრობს, შეგიძლიათ შემდეგი ქცევებით შეამციროთ მისი ინფიცირების რისკები:
-
არ მიუშვათ თქვენი შინაური ცხოველი სხვა ადამიანებთან ან ცხოველებთან, რომლებიც თქვენს სახლში არ ცხოვრობენ
-
შინაური ცხოველები ამყოფეთ შინ, შეძლებისდაგვარად
-
ასეირნეთ ძაღლები მხოლოდ თოკებით და სულ მცირე, 1,6 მეტრის დაშორებით ქუჩაში სხვა ადამიანებისა თუ ცხოველებისგან
-
მოარიდეთ ძაღლები პარკებს და ისეთ ადგილებს, სადაც ბევრი სხვა ძაღლია.
თუ ახალი კორონავირუსით დაინფიცირდებით, ისევე მოერიდეთ ცხოველებს, როგორც ოჯახის წევრებს მოერიდებოდით. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა მოეფეროთ ცხოველს, ან აკოცოთ ან ალოკინოთ ენით, არ გაუზიაროთ საკვები და არ დააწვინოთ თქვენთან, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ. თუ ცხოველის მომვლელი არ გყავთ, მათი მოვლის დროს ნიღაბი ატარეთ და მათთან ურთიერთობი შემდეგ ხელი დაიბანეთ.
ამ დროისთვის ცოტა მტკიცებულებაა იმაზე, რომ ცხოველებს ადამიანისთვის COVID-19-ის გადადება შეუძლიათ. თუმცა, ცხოველებს სხვა ისეთი ინფექციების გადატანა შეუძლიათ, როგორებიცაა ეშერიხია კოლი [E. coli] და სალმონელა. ასე რომ, ცხოველებთან ურთიერთობის შემდეგ ხელების საპნით დაბანა სასარგებლო ქცევაა.
წყაროები:
♦ ამერიკის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია [F.D.A.]
♦ ინფორმაცია პერიოდულად განახლდება შემდეგი წყაროებიდან: ამერიკის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია [F.D.A.], ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები [C.D.C.], ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [WHO] და სხვები