წითლად, ყვითლად და ცისფრად ქაღალდზე ფლომასტერით დატანილი ორსიტყვიანი დეკორაცია - Spiro Spero [სანამ ვსუნთქავ, იმედი მაქვს] ფსიქოთერაპიის სახლ “კამარას” მეორე სართულზე, ფსიქოთერაპევტ ნინო კომახიძის მყუდრო კაბინეტის კედელზე, დაბალი სამკუთხა ჭერის ოდნავ ქვემოთ, წითელი ჭიკარტით არის მიკრული.
ამ მინაწერის ოდნავ ქვემოთ, მარჯვნივ, ერთმანეთის გვერდიგვერდ, ორი სრულიად სხვადასხვა ფერისა და შინაარსის ნახატია გაკრული. მარცხნივ დაკიდებული ნახატის ქაღალდი მთლიანად შავად არის გაფერადებული. ნახატის მთავარი გმირი ეშმაკია, რომელსაც წითელი რქები და თვალები შავ ფონზე განსაკუთრებით მკაფიოდ მოუჩანს.
მარჯვენა ნახატის პერსონაჟი უფრო ღია ფერებშია გადაწყვეტილი: ყვითელი სჭარბობს და გარშემოც ამ ფერის “სხივები” - მოკლე ხაზები აქვს შემოვლებული. ეს ნამუშევრები ნინო კომახიძის ყოფილი პაციენტების ნახატებია, რომლებიც ჯგუფური თერაპიის დროს შესრულდა. ფსიქოთერაპევტის დავალება ასეთი იყო: ჯგუფის ყველა წევრს ნიღაბი უნდა დაეხატა და თავისი იმდროინდელი მდგომარეობა ფერებით და გამოსახულებით გადმოეცა.
ფერების გარდა, ამ ორ ნახატს ერთმანეთისგან ავტორების მკურნალობის პერიოდიც განასხვავებს: წითელთვალა ეშმაკის მხატვარს დაახლოებით ერთი კვირის დაწყებული აქვს მკურნალობა; ყვითელზოლებიანი პორტრეტის ავტორი კი რამდენიმე თვეა, რაც მკურნალობს. შესაბამისად, მის ნამუშევარში იმედის ფერი - ყვითელი ზომიერი ძალით არის შეპარული.
შავისა და წითლის კლასიკური, აგრესიული კომბინაციით შექმნილი ეშმაკისსახიანი ნიღაბი 20 წლამდე ბენეფიციარის ნამუშევარია, რომელსაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემა აქვს. ამ ნიღბის უკან ბევრი ტარაკანა და ხოჭო იმალება - ასე უხსნის ავტორი ფსიქოთერაპევტს საკუთარი ნაშრომის უკან მდგარ იდეას. მათი თავიდან გამოყრის შემთხვევაში, სიცარიელე ისადგურებს, რომელიც ასევე არასასურველი მდგომარეობაა ახალგაზრდისთვის, რომელიც ნინოსთან გამოსავლის საპოვნელად მივიდა.
მოგვიანებით, ჯგუფური მუშაობის დასასრულისკენ, ბენეფიციარი ფსიქოთერაპევტს ორ თეთრ, ცარიელ სახატავ ფურცელს სთხოვს, რომლებსაც მოგვიანებით სახლში წაიღებს, საწოლის ზემოთ დაკიდებს და ორი კვირის განმავლობაში, ცარიელადვე ტოვებს. არაფერს ხატავს, მხოლოდ უყურებს მათ, არა როგორც სიცარიელეებს, არამედ ახალი ნახატის შექმნის შესაძლებლობას.
ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის განმარტებით, ადიქცია [რამეზე დამოკიდებულება] კომპლექსური მდგომარეობაა, რომელსაც თამამად შეიძლება თავის ტვინის დაავადება დაერქვას. ასეთ დროს ადამიანები, სხვადასხვა ინტენსივობით, იღებენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს იმ დონემდე, როცა მიღების დოზებსა და რაოდენობაზე კონტროლს კარგავენ. მათმა ნაწილმა იცის, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნება. მიუხედავად იმისა, მაინც განაგრძობს ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებისა თუ სითხის მიღებას.
ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლსა ან ნარკოტიკებს ჭარბად მოიხმარენ, ეცვლებათ ფიქრები, ქცევები, ერღვევათ სხეულის მოტორიკულ-აღმასრულებელი ფუნქციები: მოძრაობა და კოორდინაცია. ამ ცვლილებებს სწორედ თავის ტვინში სხვადასხვა ნივთიერების, მათ შორის ალკოჰოლის, მიღების გავლენა იწვევს და მათდამი ლტოლვასა და დამოკიდებულებას ავითარებს. ასეთ დროს, ტომოგრაფიით გადაღებული თავის ტვინის სურათებზეც ჩანს ეს ცვლილებები, იმ უბნებზე, რომლებიც განსჯაზე, გადაწყვეტილების მიღებაზე, დასწავლის უნარზე, მეხსიერებასა და ქცევის კონტროლზე აგებენ პასუხს.
ამავე ორგანიზაციის მოსაზრებით, ნარკოტიკებს თავის ტვინში საზიანო ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ. ეს ცვლილებები უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე ერთჯერადი სწრაფი გავლენა - სასიამოვნო თრობაა. თრობა მხოლოდ დროებით იწვევს ძლიერ სიამოვნებას, უჩვეულო სიმშვიდეს, რომლის მიღწევაც ჩვეულებრივად რთულია, მაგრამ დასწავლადი და შესაძლებელი. დროთა განმავლობაში, ნარკოტიკების მიმართ ჩნდება ტოლერანტობა: კონკრეტული დონის სიამოვნების მიღებისთვის მეტი და მეტი ნარკოტიკია საჭირო.
თუ მიღების რაღაც ეტაპზე, მომხმარებელი გადაწყვეტს, რომ მიღების სიხშირე შეანელოს ან საერთოდ შეწყვიტოს, თანამედროვე მედიცინა მას მრავალფეროვან გზებს სთავაზობს დამოკიდებულებისგან გათავისუფლებისა და საკუთარ თავზე კონტროლის აღდგენის მიზნით. პირველი ეტაპი ნარკოტიკებსა ან ალკოჰოლზე ფიზიკური დამოკიდებულების შეჩერება და მოხსნაა, რომელსაც სამედიცინო ენაზე დეტოქსი ჰქვია და რომელიც 2-3 კვირა გრძელდება. შემდეგ დგება დრო უფრო რთული და მნიშვნელოვანი ეტაპი: ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისგან გათავისუფლება ანუ ფსიქორეაბილიტაცია.
ადიქციის დიაგნოზს ფსიქოლოგი არ სვამს. ნინო კომახიძესთან, “კამარაში,” ადამიანები ან ფსიქიატრთან ან ნარკოლოგთან კონსულტაციის შემდეგ მიდიან ან პირდაპირ მათთან. თუ ფსიქოთერაპევტმა ჩათვალა, რომ პაციენტს დამატებით ფსიქიატრის მომსახურება, ან სტაციონარში მოთავსება სჭირდება, მასთან თვითონ ამისამართებს.
ფსიქოთერაპიის ინდივიდუალური სეანსი 45-60 წუთი გრძელდება, ჯგუფური თერაპია - საათნახევრიდან 2 საათამდე. ფსიქოთერაპიის სახლ “კამარას” ნარკოდამოკიდებულების თერაპიის სამთვიანი კურსიც აქვს, რომელიც ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, მიმდინარეობს. ამ ჯგუფში მუშაობა კომპლექსური პროგრამით მიმდინარეობს - მათ ყოველდღე სხვადასხვა თერაპევტი განსხვავებული თერაპიული მეთოდით მუშაობს. Დაფინანსების პრობლემების გამო, ახლა პროგრამაში აღარ შედის ისეთი თერაპიული აქტივობები, როგორებიც არის იოგა, მუსიკათერაპია და სხვა.
ადამიანები, როგორც წესი, კურსის დამთავრების შემდეგაც ხშირად დადიან “კამარაში”: ქვეყანაში არ არსებობს რესოციალიზაციის პროგრამაც. წარმატებით თერაპიაგავლილი ადამიანებისთვის ძალიან რთულია სამსახურის, დაკავების ადგილი პოვნა, რაც მათთვის ამ პერიოდში მათთვის მძიმე გადასატანია.
რა განსხვავებაა ადიქციასა და სხვა ფსიქიკურ აშლილობებს შორის და მკურნალობის რა სპეციფიკით გამოირჩევა?
ვერ ვიტყვით, რომ ადიქცია სხვა ფსიქიკური პრობლემებისგან განსაკუთრებით გამორჩეულია. ისევე, როგორც სხვა ფსიქიკურ დიაგნოზს, მასაც აქვს თავისი ხასიათობრივი მაჩვენებლები.
ეს კონკრეტული ადიქცია [წამალდამოკიდებულება], როგორც წესი, წყვილში არის ხოლმე სხვა აშლილობებთან: დეპრესია, შფოთვითი აშლილობა. ადამიანს, შესაძლოა, პათოლოგიურად დაბალი თვითშეფასება ჰქონდეს და ნარკოტიკის მიღების შემდეგ თავი უფრო თამამად იგრძნოს და ეგონოს, რომ ეს ეხმარება.
შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემებია პირველადი და ადიქცია მათი შედეგია?
რა თქმა უნდა. როგორც წესი, ადიქცია არის შედეგი, რომლის უკან სხვა მიზეზები იმალება.
ანუ უფრო მთავარია მიზეზის მკურნალობა და აღმოფხვრა, ვიდრე შედეგის.
რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია თერაპიული კურსის ჩართვა.
თქვენ აშლილობის ერთ-ერთი მიზეზი ახსენეთ: საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, რაც უშლის ხელს ადამიანს, იყოს ბედნიერი. კიდევ სხვა რა მიზეზები შეიძლება იყოს, რამაც ადამიანი, შესაძლოა, მიიყვანოს ჯერ დეპრესიამდე და შემდეგ რამე ნივთიერებაზე დამოკიდებულებამდე?
დეპრესია, შფოთვა, დაბალი თვითშეფასება ერთ-ერთი მთავარი გამოხატული მიზეზებია. ასევე, ძალიან ბანალურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ეს იყოს სიყვარულის ან ყურადღების დეფიციტი; გარდატეხის ასაკში მიმდინარე პრობლემები: ბულინგი სკოლაში; ბავშვობაში გადატანილი ტრავმა, ოჯახში არსებული პრობლემები [მაგალითად, ოჯახში იყოს ვინმე დამოკიდებული და ბავშვში მოხდეს ამ ქცევის კოპირება].
შეიძლება თუ არა ითქვას რამე ტენდენციაზე პაციენტების რაოდენობასთან დაკავშირებით? მაგალითად, ბოლო დროს ბევრი პაციენტი გაკითხავთ?
მომართვიანობის ტენდენცია მყარია.
შესაძლოა თუ არა დასახელდეს რომელიმე ნარკოტიკი, რომელსაც თქვენი პაციენტები ყველაზე ხშირად მოიხმარენ?
გააჩნია, იმ დროისთვის რა არის ქალაქში ყველაზე პოპულარული. ახლა ძალიან ბევრი მოდის მეტადონზე, პროგრამიდან და არაპროგრამულად; ამფეტამინის მოხმარებაზეც საკმაოდ ბევრია. დანარჩენი სტანდარტულად: მარიხუანა და სხვადასხვა სახის ტაბლეტები.
7 წლის წინ, მაგალითად, ყველაზე პოპულარული იყო “ნიანგი.” შემდეგ რაღაც პერიოდი სააფთიქო ნარკოტიკები იყო ყველაზე გავრცელებული.
მას შემდეგ, რაც კლუბური ცხოვრება განვითარდა, ბევრი გვაკითხავს შფოთვითი აშლილობებით. ძალიან ბევრი გვყავს ისეთი პაციენტი, რომლებიც სისტემატიურად, უიქენდებზე იღებდნენ ნარკოტიკებს და რაღაც მომენტში, ბევრში ერთდროულად იფეთქა სხვადასხვა ფორმის შფოთვითმა აშლილობებმა.
არის პანიკური შეტევის ძალიან ხშირი შემთხვევები, როდესაც ადამიანებს დაეწყოთ რაღაც შიშები, მაგრამ ზუსტად არ იციან, რისი შიშია. ასევე არის მოუსვენრობა. შემდეგ მოდის უძილობა, დეპრესიული განწყობა: როცა არაფერი გიხარია.
შიშებსა და შფოთვას რაც შეეხება: ძალიან ხშირად არის ხოლმე დაავადების შიში - იპოქონდრია; მაგალითად, როდესაც გგონია, რომ გული გაგისკდება. გული იპოქონდრიის ერთ-ერთი ყველაზე ამოჩემებული სამიზნე ორგანოა. არის სიმსივნის შიშის ამოჩემებაც.
თქვენს ახალგაზრდა პაციენტებს რამდენად აქვთ გაცნობიერებული ნარკოტიკების ჯანმრთელობაზე გავლენა?
ჩვენთან ვინც მოდი, ხშირად გაცნობიერებული აქვთ პრობლემა. იციან, რის გამო მოდიან. თუმცა, აგრეთვე, ბევრი ხათრითაც [მშობლების, მეგობრების] მოდის, ზედაპირულად ან გაცნობიერებულად აქვთ არჩევანი გაკეთებული.
შეიძლება თუ არა, რამე ასაკის გამოყოფა ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებთან მიმართებით?
რაც შეეხება კლუბურ ნარკოტიკებს: 14-16 წლის პაციენტებიც გვყოლია. ახლახან მყავდა 16 წლის მოზარდი, კლუბური ნარკოტიკების პრობლემით. Მას ნარკოტიკის ხიბლთან ერთად, მისი მავნე შედეგებიც ჰქონდა გაცნობიერებული. ძალიან ბევრ ასაკით მასზე უფროს პაციენტთან არ შემხვედრია ისეთ ხარისხსი პრობლემის ანალიზი, როგორიც მასთან.
რა ჰქონდა გაცნობიერებული?
რომ ეს ნარკოტიკია, რომ ნარკოტიკები ერთმანეთში აურევია [და აცნობიერებდა, რომ ეს ცუდია]; რომ ამან ამოაგდო სწავლის რეჟიმიდან და ჩამორჩა აკადემიურად; დაკარგა ინტერესები, დაუქვეითა ჯანსაღი ამბიციები.
არტთერაპიის პროცესში მან უფრო ღრმად გაშალა პრობლემის გაცნობიერების პროცესი და აღიარა, რომ მკურნალობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ორჯერ ნემსითაც გაიკეთა [ინექციურად მიიღო ნარკოტიკი] და მაშინ მიხვდა, რომ, როგორც თვითონ თქვა - “ძალიან შეტოპა.”
ალბათ, ბევრად უფრო მარტივია იმ ადამიანის მკურნალობა, ვისაც ეს გაცნობიერებული აქვს?
რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ სიფხიზლისთვის მკურნალობის ყველაზე მთავარი ეტაპი დაძლეულია.
ადამიანების, რომლებიც თქვენთან მოდიან, მიზანი რა არის: ნარკოტიკების მიღების შეწყვეტა თუ მათი მიღების მართვისა და კონტროლის სწავლა?
ძალიან დიდი განსხვავებაა მომხმარებელი ხარ თუ დამოკიდებული. მომხმარებელი ხარ მაშინ, როდესაც ნარკოტიკების მიღება მართვა, ასე თუ ისე, შეგიძლია, ხოლო დამოკიდებულება - უკვე დაავადებაა.
[ნარკოტიკებზე] დამოკიდებულება დიაბეტის მქონე ადამიანის ქცევას ჰგავს: ერთხელ თუ შეჭამ ტორტს, ეს აუცილებლად იქონიებს უარყოფით შედეგს, შენი სურვილის მიუხედავად. ასეა აქაც: სურვილის მიუხედავად, რომ არ გინდა იყო დამოკიდებული და ხანგრძლივი შეკავების შემდეგ, გინდა ერთხელ მაინც მოიხმარო, კველაფერი თავიდან იწყება. Თავად დამოკიდებულების სინდრომის არსიც ამაში მდგომარეობს - ერთხელ და მორჩა, “ვსო” - არ არსებობს.
მომხმარებელი ხარ მაშინ, როდესაც კონტროლი შეგიძლია. ნებისმიერი დამოკიდებული თავიდადან იყო მომხმარებელი და მერე ჩამოუყალიბდა დამოკიდებულება. ეს, შესაძლოა, იყოს მე-2 ან მე-3 მოხმარების შემდეგაც, ისევე როგორც უფრო ხანგრძლივი მოხმარებისას.
დამოკიდებულება ყოველთვის ვითარდება?
ყოველთვის არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ხშირს შემთხვევებში ვითარდება. სოციალურად ისეთ ღარიბ ქვეყნებში, როგორიც არის საქართველო, სადაც მძიმე სოციალური ფონი განსაზღვრავს ჯანსაღი გართობის და დაკავების სივრცეების დეფიციტს, დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკები მატულობს. არ გვაქვს აგრეთვე მკურნალობის სრული გამართული სისტემური სერვისი [პრევენცია, რესოციალიზაცია, რებილიტაცია და ა.შ].
ხშირად, დამოკიდებული ადამიანის ყველაზე სასურველი მიზანი, ოცნება, არის თან მოიხმაროს პერიოდულად, მაგრამ დამოკიდებული არ იყოს, ანუ დისკომფორტი არ შეექმნას; ან ერთხელ მოიხმაროს, მეორე და მესამე დღეს კი არ გაეკაროს.
ამ ოცნების პრაქტიკაში რეალიზება რეალურია?
რთულია, რა თქმა უნდა. ზუსტად ამით ვიწყებთ მუშაობას: უნდა გავარკვიოთ, რა უნდა ადამიანს. როცა ამბობს, რომ თან მიღება და თან კონტროლი უნდა, მე ვეუბნები, რომ მე ვერ დავეხმარები. როგორც წესი, ეს გამორიცხულია. ვეუბნები, რომ ორ კურდღელს ერთად ვერ დაიჭერს და თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი, უფრო მეტად რომელი უნდა.
თერაპია მას სთავაზობს, სურვილის შემთხვევაში, ისწავლოს ფხიზელი ცხოვრებით სიამოვნების მიღება, გამომწვევი მიზეზების მოშორება, Ანუ რომ მას ნარკოტიკის საჭიროება აღარ ჰქონდეს. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ადამიანს შეუძლია და აქვს უფლება, მიიღოს ნარკოტიკი და ასე გააგრძელოს ცხოვრება, თუ ეს მისი არჩევანია.
რატომ უნდათ დამოკიდებულებაში დარჩენა, თვითონ რას ამბობენ?
ეს საინტერესო კითხვაა. Ერთ-ერთი პირველი კითხვა მუშაობის დასაწყისში არის რას პოულობს ეს ადამიანი ნარკოტიკში ისეთს, რასაც ვერ ელევა და რასაც სიფხიზლეში ვერ იღებს? ბევრი ნიუანსი შეიძლება ამოვარდეს თერაპიის პროცესში. შესაძლოა, ისეთი ბავშვობის ტრავმა ჰქონდეს, რაც თვითონაც არ აქვს გაცნობიერებული, რომ ამ ყველაფერთან კავშირშია; შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ უბრალოდ, ინტერესთა სფერო არ აქვს და არ იცის, ენერგია რაში დახარჯოს. შესაძლოა, აქვს ინტერესები, მაგრამ ჰგონია, რომ ესა თუ ის საქმე არ გამოუვა და არც ცდილობს.
დამოკიდებულება უფრო ფიზიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური?
დამოკიდებულება არის როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური, მეტსაც გეტყვით: სოციალურიც. ის ადამიანის ყველა ასპექტს მოიცავს; სიტუაციურად ხან რომელია წამყვანი, ხან - რომელი.
არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ დამოკიდებულება აღარ უნდათ და წერტილის დასმა სურთ. იდეალური ვარიანტია, თუ ამ მიზანს დაისახავენ და ამის გაკეთებას შეძლებენ.
ეს რამდენად ხშირად არის მათი სურვილი?
Არის მომენტი, როდესაც მომხმარებელი უბრალოდ ძალიან იღლება, ითრგუნება ნარკოტიკით. ხშირ შემთხვევაში, ეს არის ხოლმე მიზეზი სრულიათ თავის დანებების სურვილის გაჩენის. არის შემთხვევები, როცა აქვთ ნაწილობრივი სურვილი, კონტროლი შეძლონ და ნარკოტიკები გართობის ერთ-ერთ საშუალებად დაიტოვონ.
ასეთ შემხვევაში რას ეუბნებით?
ვეუბნები, რო ეს არის ყველაზე რთული დაკვეთა არა მარტო თერაპევტთან, არამედ საკუთარ თავთანაც. ბევრად მარტივია, საერთოდ არ მიიღო, ვიდრე მიიღო შიგადაშიგ და კონტროლს შეეცადო.
გამოდის, “ყველაფერი ან არაფერი” პრინციპი მუშაობს.
დაახლოებით: იღებ სისტემატიურად, ან საერთოდ არ იღებ. ამის კონტროლი: 50/50, 30/70, 10/90 - არის ყველაზე რთული. ათასში ერთხელ, ვიღაცას გამოუვიდეს: იყოს დამოკიდებული, შემდეგ ბევრი იშრომოს, გააკეთოს დიდი შუალედი და მერე შეეცადოს და აკონტროლოს მიღების ინტენსივობა.
ვიღაცეებს ათასში ერთხელ რომ გამოსდით, ამას მაგალითად ვერ ავიღებთ. ვეუბნები, რომ არის ან 0, ან 100. თუ მკურნალობაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ამ მოდელზე.
რა თქმა უნდა, აქაც აჩევანი ადამიანზეა.
თქვენ როგორ თვლით: ბევრ ადამიანს სჭირდება დღეს ადიქციის მკურნალობა და შესაბამისი სერვისი? სახელმწიფო რამდენად აწვდის შესაბამის სერვისებს და რამდენად არის ისინი ხარისხიანი და საკმარისი?
უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო არ არის შვეიცარია [მდიდარი ქვეყანა]. ყველაზე ცუდი ადიქციის მკურნალობის დროს არის ის, რომ არ არსებობს ერთი მთლიანი სერვისი, სადაც პაციენტი სრულ მკურნალობის კურს ჩაიტარებდა.
ნარკოტიკების დამოკიდებულების მკურნალობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს. სახელმწიფო ამ ეტაპებიდან მხოლოდ ერთს: დეტოქსიკაციას სთავაზობს, რომელიც თუ ფსიქორეაბილიტაციით არ გრძელდება, მისი ეფექტურობა მინიმალურია.
ამჟამად სახელმწიფო წამალდამოკიდებულ ადამიანს მხოლოდ ფიზიკურ დეტოქსს სთავაზობს [რაც ნარკოტიკებისგან ფიზიოლოგიური დამოკიდებულების მოხსნაა], რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს აგრეთვე მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიაც, რომელიც ზიანის შემცირებაზეა ორიენტირებული.
ვისაც ფსიქოლოგიური დამოკიდებულების მოხსნა უნდა, რეაბილიტაციის სერვისები, ფაქტობრივად, არ არსებობს. ნებისმიერი ადიქციის დროს მთავარია ფსიქოთერაპია და შემდეგ სოციალური სერვისების არსებობა. ფიზიოლოგიური დამოკიდებულების მოხსნა მკურნალობის სხვა ეტაპებთან შედარებით ყველაზე მარტივია: 2-3 კვირა, მაქსიმუმ და ფიზიკური ლტოლვა [“ლომკა”] უკვე გადალახულია.
დეტოქსის შემდეგ, სახელმწიფო სერვისში ორკვირიანი ფსიქო-რეაბილიტაცია შედის, რომელიც მხოლოდ სამ შეხვედრას ითვალისწინებს და საკმარისი არ არის.
როდესაც დამოკიდებულების მკურნალობაზე ვსაუბრობთ, აქ ყველაზე რთული სიფხიზლის შენარჩუნებაა. ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის: ასწავლოს, შესთავაზოს მომხმარებელს სიფხიზლის შესანარჩუნებელი გზები და საშუალებები. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენს ქვეანაში არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო მკურნალობუს სისტემა, პაციენტს თავისით, მარტო უწევს ამ გზის გაგნება.
♦ არტთერაპევტი ნინო კომახიძე განათლებით ფსიქოლოგიის მაგისტრია. ის არის ფსიქოთერაპიის სახლ “კამარას” თანადამფუძნებელიც, რომელიც 2010 წელს დაარსდა. 2009 წლიდან დღემდე ნინო საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სტაციონარულ განყოფილებაში მუშაობს ფსიქოლოგად, ხოლო 2014 წლიდან - იმავე ცენტრში მეთადონით ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამაში.
☎️ თუ თვლით, რომ თქვენც გსურთ რომელიმე ნივთიერებაზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, დარეკეთ "კამარაში" - 0322 982 195