Washington Post: უნდა ატაროს თუ არა ადამიანმა ნიღაბი სახლში მაშინ, როცა ოჯახის ბევრი წევრი ერთად იკრიბება?
ენტონი ფაუჩი: გონიერებით უნდა იხელმძღვანელოთ ნებისმიერ სიტუაციაში, რომელშიც ხართ.
თუ ისეთი ოჯახის წევრები მოდიან სახლში, რომლებიც მუდმივად თქვენთან არ ცხოვრობენ, დარწმუნდით, რომ ისინი იცავდნენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წესრიგს. იკითხეთ, შეიზღუდეს თუ არა მათ კონტაქტების წრე? როცა სახლში არამუდმივი მცხოვრებლები მოდიან სტუმრად, ნიღაბი უნდა ატაროთ ოთახშიც კი, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
როცა მაგიდასთან ბრძანდებით და საკვებს მიირთმევთ ან სასმელს სვამთ, ნიღაბი ვერ გექნებათ. თუმცა, ვიმეორებ, რომ თუ სახლში გყავთ ადამიანები, რომლებიც არ არიან თქვენი ოჯახის წევრები და არ იცით, აქამდე როგორ იცავდნენ თავს, სჯობს, მათი ყოფნის პერიოდში თქვენც ატაროთ ნიღაბი სახლში.
დახურული სივრცე მაინც არის ადგილი, სადაც არასოდესაა საკმარისი ვენტილაცია, რომ ხალხის ყოფნას გაუძლოს და ჰაერი საკმარისად კარგად გაიწმინდოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ვირუსის გავრცლება სწორედ ასეთი დახურული: 10-15 კაციანი, ერთი შეხედვით უცოდველი, შეკრებების გამოც გავრცელდა - ეს ჰიპოთეტური დაშვება კი არაა, რეალობაა.
ძალიან ძნელია სოციალური დისტანცირება საყვარელი ადამიანებისგან, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ასეთი სახის შეკრებებს თავი აარიდეთ და შეინარჩუნეთ/შეიზღუდეთ ისინი მხოლოდ პირდაპირი ოჯახის წევრებთან [მათთან, რომლებიც უშუალოდ თქვენს სახლში ცხოვრობენ] ან მათთან, რომლებშიც დარწმუნებულნი ხართ, რომ ფრთხილად იყვნენ.
Washington Post: არის თუ არა სიმპტომთა ერთობლიობა, რომლებიც მიგვანიშნებს ამ ვირუსის არსებობისკენ ორგანიზმში?
ენტონი ფაუჩი: ახალი კორონავირუსის სიმტომები ძალიან ჰგავს სეზონური გრიპის სიმპტომებს. თავიდან ადამიანთა ნაწილს სულ არ აქვს ცხელება, არამედ ყელი ტკივა, - თითქოს ექავება ან უღიტინებს, ასევე ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ზედა სასუნთქი გზები დახშულია, თავისუფალი არაა, აქვს კუნთების ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება. ბევრ პაციენტს ასევე ეკარგება ყნოსვა და გემოს შეგრძნება. თუ აქედან რომელიმე სიმპტომი ჩნდება, ადამიანი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს: სახლში უნდა დარჩეს, შეეცადოს, გაიკეთოს ტესტი, რათა გაიგოს, არის თუ არა ინფიცირებული ახალი კორონავირუსით და თუკი არის, თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს. თუ რამე გართულდება, ექიმთან უნდა იყოს ხაზზე, მაგრამ საუკეთესო გამოსავალი ასეთ დროს სახლში დარჩენაა.
Washington Post: თუ ადამიანი ორი თვის წინ იყო დაინციფირებული, შემდეგ გამოჯანმრთელდა, შეიძლება თუ არა იყოს ვირუსის გამავრცელებელი, თუ მეორედ შეეყრება ვირუსი?
ენტონი ფაუჩი: ცოტა შერეული შინაარსის მატარებელი კითხვაა. თუ ადამიანს ერთხელ შეხვდა ახალი კორონავირუსი და ეს ლაბორატორიულად დადასტურდა, შემდეგ ორი თვე გარეთ იყო და შემდეგ რომელიმე ძალიან მგრძნობიარე [PCR] ტესტერმა ისევ დადებითი აჩვენა, დიდად სავარაუდოდ, ეს ადამიანი არაა გადამდები. რასაც ტესტერი აღიქვამს, ეს ვირუსის ფრაგმენტებია, რომლებსაც ძალიან მაღალი მგრძნობელობის ტესტერები “ხედავენ.” ჩვეულებრივი წესია, რომ თუ პირველი სიმპტომების გამოჩენიდან 10 დღეა გასული და ადამიანი თავს ნორმალურად გრძნობს, ნიშნავს, რომ მან მთავარი კრიზისი უკვე გადალახა.
თუ ინდივიდს უნდა ტესტერება, შეუძლია, რა თქმა უნდა. თავდაპირველი რეკომენდაცია იყო ორი უარყოფითი ტესტი, 24 საათის გამოშვებით ჩატარებული, რაც პირველად გამოჯანმრთელებას ამტკიცებდა.
თუ სიმპტომები ძლიერად რჩება, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი გადამდებია და ფრთხილად უნდა იყოს. სიმპტომებიანი ადამიანი გარეთ არ უნდა დადიოდეს. ასეთ დროს სახლში დარჩენაა სასურველი.
პანდემიის კონტროლი ჩვენს ხელთაა. როდესაც ვსაუბრობ მონაცემებსა და მომავლის მოდელირებაზე, რიცხვები არ უნდა მივიღოთ, როგორც გარდაუვალი. ჩვენი მათი შეცვლა შეგვიძლია: ეს ჩვენზეა დამოკიდებული. თუ დიაგრამა ძალიან ციცაბოა, მისი გავაკება შესაძლებელია. როცა ვადარებთ შტატებს, რომლებსაც უფრო მკაცრი ზომები ჰქონდათ მიღებული სხვა შტატებთან, რომლებსაც ეს ზომები არ ჰქონდათ მიღებული, განსხვავება მონაცემებიდან ძალიან კარგად ჩანს.
მონაცემები ხშირად ხისტი და ზოგჯერ შემაშინებელია, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს მათი მართვის მექანიზმები.
Washington Post: ექიმო ფაუჩი, რა არის საზოგადოებრივი [“ჯოგური”] იმუნიტეტი და როგორ ფიქრობთ, როდის მივა იქამდე ამერიკის შეერთებული შტატები?
ენტონი ფაუჩი: საზოგადოებრივი [“ჯოგური”] იმუნიტეტი დამდგარია მაშინ, როდესაც მოსახლეობის გარკვეული პროცენტულობა, საკუთარი იმუნიტეტის წყალობით, დაცულია ამა თუ იმ ინფექციისგან.
ჩვენ ახლოსაც კი არ ვართ საზოგადოებრივ იმუნიტეტთან, რასაც ფაქტები ამტკიცებს.
ერთ-ერთია ის, რომ შტატებში, გარკვეულ ადგილებში, უკვე მეორედ გვქონდა ვირუსის აფეთქება ისეთ ადგილებში, სადაც მანამდეც იყო აფეთქება: წინა აფეთქებამ ხალხი მომავალი აფეთქებისგან ვერ დაიცვა.
როცა საზოგადოების დიდი ნაწილი დაცულია ვირუსისგან, ეს ნიშნავს, რომ ვირუსი “ვერავის ერჩის,” ადამიანებს ვერ აავადებს, ეძებს რა ყველაზე დაუცველ ნაწილს საზოგადოებისა, ხალხის უმეტესობა კი დაცულია. სწორედ ასე ამოწყდება ხოლმე ვირუსები და გაქრობის პირას მიდის. ასე დავამარცხეთ წითელა, პოლიომიელიტი, ჩუტყვავილა. სწორედ ამიტომ გვჭირდება ვაქცინა, რომელიც დაიცავს რაც შეიძლება მეტ ადამიანს.
შედარებისთვის: წარმოვიდგინოთ ძლიერი ცხოველების ჯოგი - აი, ისეთი, აფრიკაზე ფილმებში რომ გვინახავს. ამ ჯოგში აუცილებლად არიან შედარებით სუსტი ცხოველებიც. როცა ლომი ასეთ ჯოგში შეღწევას ცდილობს, რათა სუსტ საკბილოს გამოჰკრას ხელი, სწორედ ჯოგის ძალა იცავს ჯოგის სუსტ წევრებს ძლიერი ლომისგან. სწორედ ესაა “ჯოგური იმუნიტეტი.”
უნდა გვქონდეს ეფექტური ვაქცინა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ავცრათ. სწორედ ამ ორი თემის ერთიანობა გადაწყვეტს საკითხს, რომელსაც, თავის მხრივ, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხთან მივყავართ, რასაც არაერთი ადამიანი სვამს: რამდენად ეფექტურია ასე სწრაფად შექმნილი ვაქცინები?
ვაქცინების შექმნის სიჩქარეში წვლილი შეიტანა სამეცნიერო წინსვლამ და წარმოუდგენლად დიდი ოდენობის რესურსებმა, რაც ამ ვაქცინების შექმნაში დაიხარჯა და რომელიც სახელმწიფო პროგრამა Operation Warp Speed-ის ფარგლებში მიმდინარეობდა. კომპრომისი არ დაშვებულა ვაქცინების უსაფრთხოებაზე და არც სამეცნიერო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. იმისთვის, რომ მეცნიერების მიკერძოებულობა გამოგვერიცხა, მონაცემები სრულიად დამოუკიდებელმა და პროგრამასთან დაუკავშირებელმა ხალხმა - მონაცემების უსაფრთოების მონიტორინგის საბჭომ [Data and Safety Moniroting Board] შეამოწმა. ეს საბჭო არაა ვალდებული ვინმეს წინაშე: არც F.D.A.-ს, არც კომპანიის. ისინი დამოუკიდებლები არიან. ისინი ორივე ვაქცინის: Moderna-სა და ფაიზერის მონაცემებს გაეცნენ და განაცხადეს, რომ ორივე უსაფრთხო და ეფექტურია და დაავადების რთული ფორმისგან იცავს ადამიანს.
შემდეგ ამ მასალებს F.D.A.-ს მეცნიერები ეცნობიან: ისინი, რომლებიც ამაზე მუშაობენ მთელი ცხოვრება. ასევე მრჩეველთა ჯგუფი, რომლებიც ასევე დამოუკიდებლები არიან. მას შემდეგ, რაც ისინიც განიხილავენ ამ მონაცემებს, შემდეგ უკვე სხვა მეცნიერებიც ვეცნობით: მე და ჩემი კოლეგები. ეს პროცესიც გულისხმობს და უზრუნველყოფს სამეცნიერო დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობას. მესმის, რომ ამაზე შერეული მოსაზრებები არსებობს, მაგრამ ეს სოლიდური და მიუკერძოებელი პროცესია.
როცა ამდენი მეცნიერი ამბობს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, ის უნდა მივიღოთ, თუ გვინდა, რომ საზოგადოება დავიცვათ. როცა ჩემი ვაქცინირების ჯერიც დადგება და როცა F.D.A. იტყვის, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, მეც მივიღებ მას და ჩემს ოჯახსაც ვურჩევ.
Washington Post: ექიმო ფაუჩი, თქვენ აღნიშნეთ, რომ ვაქცინების დამტკიცების პროცესი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია. მაშ როგორ უყურებთ იმ ფაქტს, რომ ზოგი შტატი: მაგ. ნიუ-იორკი ან კალიფორნია, თვითონ, დამოუკიდებლად განიხილავს ვაქცინის ხარისხის საკითხებს? ეს აუცილებელია?
ენტონი ფაუჩი: მესმის მათი, თუმცა მათ ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. ვერ დავადანაშაულებ მათ ცნობისმოყვარეობაში, რომ აინტერესებდეთ, რა ხდება. თუ ისინი ახლა მისმენენ, - და მგონია, რომ მისმენენ, მინდა ვუთხრა, რომ პროცესი ნამდვილად ჯდება გონივრულობის ფარგლებში. ყველა უნდა დაინტერესდეს მონაცემებით, რა თქმა უნდა - ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ პროცესს უნდა ენდონ, რადგან ეს ამას იმსახურებს.
Washington Post: ეს შეუშლის თუ არა ხელს იმას, რომ ამერიკელი ხალხის ნაწილმა ვაქცინა დროზე მიიღოს?
ენტონი ფაუჩი: იმედი მაქვს, რომ არა. მე მესმის ზოგი შტატის გუბერნატორის, მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმები მათ. თუ ისინი მაინც გადაამოწმებენ მონაცემებს ცალკე, იმედი მაქვს, ამას ისე მოახერხებენ, რომ პროცესი არ შენელდეს/შეფერხდეს.
Washington Post: რას ფიქრობთ ოქსფორდის ჯგუფისა და ასტრაზენეკას ვაქცინაზე?
ენტონი ფაუჩი: მონაცემებს რაც შეეხება: როგორც ვიცით, ჯერ მხოლოდ პრეს-რელიზი გამოქვეყნდა. ხვალ მოკლედ უნდა გამაცნონ მონაცემები. კლინიკური კვლევების ერთი ნაწილი დამაბნეველი იყო დოზებთან დაკავშირებით, მაგრამ არ მგონია, ახლა ღირდეს ამ დეტალებში შესვლა. 90%-იანი ეფექტურობა ერთ-ერთ კომპონენტში უკვე კარგი ახალი ამბავია. ეს მესამე ვაქცინაა, რომელსაც მაღალი ეფექტურობა აქვს.
კარგი იქნებოდა, რომ გვქონდეს კარგი ვაქცინების ბევრი კანდიდატი იმიტომ, რომ კომპანიებმა ისინი აწარმოონ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
Washington Post: მინდა, მეცნიერებას დავუბრუნდე. რა არის ამ ვაქცინების განგრძობითი გვერდითი მოვლენები? არის რამე სიახლე ამ მიმართულებით?
ენტონი ფაუჩი: გვერდითი მოვლენები მას მერე გამოჩნდება, რაც იმ ხალხის მონიტორინგს განვაგრძნობთ, ვისაც უკვე ჰქონდა ვირუსი. F.D.A.-სა და კომპანიებს აქვთ პროცედურები, თუ როგორ უნდა მისდიონ პაციენტებს დიდი ხნის განმავლობაში.
არსებობს მყისიერი, შუალედური და განგრძობითი გავლენა ჯანმრთელობაზე. ვაქცინის მყისიერი გავლენაა ტკივილი მკლავის არეში, ოდნავი ცხელება, დისკომფორტი და ასე შემდეგ; შემდეგ ესეც ქრება.
შუალედურ გავლენაზე აქამდე ბევრი არაფერი ვიცით.
რაც შეეხება ხანგრძლივვადიან გავლენას: აქამდე არსებული მონემებით, ეს გავლენები 30-45 დღის განმავლობაში ჩნდება. სწორედ ამიტომ, F.D.A.-მ განაცხადა, რომ ნებისმიერ ვაქცინას საგანგებო რეჟიმის [Emergency Use Authorization, EUA] დაშვებას მხოლოდ მას შემდეგ მისცემდა, რაც კვლევაში მონაწილეების 50% მიიღებდა ვაქცინის ბოლო დოზას და ბოლო დოზის მიღებიდან 60 დღე იქნებოდა გასული. სწორედ ამ 60 დღეში უნდა მოხდეს ნებისმიერი არასასურველი მოვლენა, რაც პოტენციურად შეიძლება მოხდეს.
ვაქცინის უსაფრთოება მთავარი საკითხია. F.D.A.-ს ექსპერტები, რომლებსაც მონაცემების გადამოწმების მეთოდი მრავალი ვაქცინის დამტკიცების დროს გამოუყენებიათ და იციან, რას აკეთებენ, სწორედ ამიტომ შემოიღეს ეს 60 დღე, რომელზე ადრეც ვერც ერთი ვაქცინა ვერ მიიღებს საგანგებო დაშვებასაც [Emergency Use Authorization, EUA] კი.
Washington Post: ხალხს ტესტერების ამბებიც აინტერესებს: რა გაიკეთონ, როდის, როგორ. რას იტყვით ამაზე?
ენტონი ფაუჩი: არსებობს სამი სახის ტესტი: PCR, მაღალი მგრძნობელობის, ვირუსის დამდგენი ტესტი; ის შედარებით ძვირია და 1-2 დღეა საჭირო პასუხის მისაღებად. ადამიანებს უფრო დიდხანსაც უწევთ ლოდინი, სამწუხაროდ, ლოჯისტიკური მიზეზების გამო.
ანტიგენის ტესტი, რომელიც ვირუსის ფრაგმენტებს ეძებს სისხლში და ანტისხეულების ტესტი, რომელიც ამოიცნობს, გადაიტანა თუ არა ადამიანმა ეს ვირუსი.
ანტიგენის ტესტი სკრინინგისთვის არის; ისიც სენსიტიური და მაღალი მგრძნობელობისაა, მაგრამ თუ ბევრჯერ გაიკეთებთ, სიზუსტე იკლებს, კონკრეტულ ორგანიზმთან მიმართებაში. თუ ადამიანთა ჯგუფში გინდათ კოვიდის სტატუსის გაგება, - სკოლაში, უნივერსიტეტში და ასე შემდეგ, სწორედ ანტიგენის ტესტი უნდა გააკეთოთ.
თუ ვინმეს უფრო ზუსტი ტესტერი სჭირდება, ვირუსის კონკრეტულ დროში აღმოსაჩენად, მაშინ PCR ტესტერის გამოყენება სჯობს.
Washington Post: ვაქცინების გავლენაზე ვილაპარაკეთ. არსებობს თუ არა ინფორმაცია თავის ტვინზე და ასე შემდეგ ახალი კორონავირუსის გავლენის შესახებ?
ენტონი ფაუჩი: ხალხი, რომლებმაც მძიმე ფორმით გადაიტანა დაავადება: იწვა ინტენსიური მოვლის პალატაში, სჭირდებოდა ხელოვნური ჟანგბადი და ასე შემდეგ - საკმაო ხანი ვერ დაიბრუნებს ჯანმრთელობის დაავადებამდელ მდგომარეობას.
მაგრამ არის კიდევ ერთი რამ, რაც ეხება COVID-19-ს: არის ხალხი, რომლებიც ძალიან მძიმედ არ იყვნენ ავად, მსუბუქებად ითვლებოდნენ. შესაძლოა, ამ ტიპის პაციენტები კლინიკაშიც კი იყვნენ, ან სახლში მკურნალობდნენ - ანუ სიმპტომები გამოკვეთილი ჰქონდათ. ასეთი ტიპის პაციენტებთან დაკავშირებით ჯერ დიდად არაფერი ვიცით, ახლა ვიწყებთ დიდ, კოჰორტულ კვლევას.
აქამდე შეკრებილ ჯგუფში უკვე ვატყობთ, რომ არსებობს ე.წ. პოსტ-კოვიდური სინდრომი [Post-COVID Syndrome]. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ: მათ უკვე აღარ აქვთ სისხლში ვირუსი, არ არიან გადამდებები, მაგრამ მათ კვირები, თვეები ან უფრო მეტი დროც კი სჭირდებათ, რომ თავი უკეთ იგძნონ და პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდნენ. აქვთ სიმპტომების ერთობლიობა, რომელიც ბევრ ადამიანში მსგავსად მიმდინარეობს. ესენია: უკიდურესი დაღლილობის შეგძნება, სუნთქვის უკმარისობა, მათ შორის სპორტსმენებშიც, რომლებსაც ჩვეულებრივ, სუნთქვის სისტემა კარგად გავარშიჯებული აქვთ, კიბეზე ვერ არბიან. არსებობს სხეულის ტემპერატურის არასტაბილურობის შემთხვევებიც: ზოგჯერ აციებთ, ზოგჯერ სცხელათ, ძილის პრობლემები აქვთ. ზოგი თავის ტვინის ფუნქციონირების ისეთ მდგომარეობასაც კი აღწერს, როგორიცაა “გონების დაბინდვა / brain fog,” რომლის დროსაც ერთ თემაზე ფოკუსირების ან კონცენტრირების პრობლემა აქვთ.
ეს ის პრობლემებია, რომლებსაც ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად და საყურადღებოდ მივიჩნევთ. ასევე, ვაპირებთ კვლევის მონაწილეებისთვის კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთებას და ვიზუალური მონაცემების გამოყენებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ მაგალითად, არც გულში და არც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არ არის შემორჩენილი ისეთი ნარჩენი სიმპტომები, როგორებიცაა ანთება ან სხვა არასასურველი მოვლენები.
♦ ენტონი სტივენ ფაუჩი არის იმუნოლოგი. 1984 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის [NIAID] დირექტორია. ფაუჩი ათწლეულებია ხელმძღვანელობს როგორც საყოველთაოდ ცნობილი ინფექციური დაავადებების: შიდსის, რესპირატორული ინფექციების, კუჭ-ნაწლავის ინფექციების, ტუბერკულოზის, ასევე ახალი ინფექციური დაავადებების: ებოლასა და ზიკას პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროგრამებს. NIAID ასევე მხარს უჭერს კვლევებს ტრანსპლანტაციის სფეროში და იმუნიტეტთან დაკავშირებული დაავადებების კვლევაში, მათ შორის ავტოიმუნურ დაავადებებზე, ასთმასა და ალერგიებზე. NIAID-ის 2020 ფისკალური წლის ბიუჯეტი 5.9 მილიარდი ა.შ.შ. დოლარი იყო.
დოქტორი ფაუჩი ამერიკის შეერთებული შტატების ექვსი პრეზიდენტის მრჩეველი იყო HIV/AIDS-ისა და სხვა დაავადებების სფეროში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გლობალურად. ის ერთ-ერთი მთავარი ავტორია პროგრამისა President’s Emergency Plan for AIDS Relief [PEPFAR], რომელმაც განვითარებად ქვეყნებში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
♦ ფაუჩის 23 ნოემბრის ინტერვიუ ამერიკულ გაზეთ Washington Post-თან მოისმინეთ ⇒ DR. FAUCI DISCUSSES COVID-19 VACCINE TRIALS