FAQ

ადიქცია და ძიძების აღზრდილი თაობა




“ყოვლისმომცველი სოციალური გავლენის“ პროგრამა და ადიქცია

მალე საქართველოს რამდენიმე საპილოტედ არჩეულ სკოლაში ევროკავშირის ქვეყნებში უკვე წარმატებით მიმდინარე „ყოვლისმომცველი სოციალური გავლენის“ პროგრამა [EU DAP„Unplugged“] ამოქმედდება, რაც ადრეული მოზარდობის ასაკის მოსწავლეებში ნარკოტიკების, თამბაქოს ნაწარმისა და ალკოჰოლის მოხმარების თავიდან აცილებისთვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებაზე იქნება მიმართული. პროგრამა ინფორმაციის ინტერაქტიულად, სკოლის მოსწავლეებისთვის გასაგებ ენაზე სწავლებას ითვალისწინებს. პროგრამა ევროკავშირის ქვეყნებში ე.წ. EU DAP [European Drug Prevention Trial] კვლევის საფუძველზეა შემუშავებული.

პროგრამა, რომელიც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაიწყო,12 გაკვეთილისგან შედგება, რომელიც სკოლაში კვირაში ერთხელ 11-12 წლის მოზარდებს ჩაუტარედებათ, სპეციალურად მომზადებული პედაგოგების მიერ.

გაკვეთილების ფარგლებში, ალკოჰოლზე, თამბაქოსა და სხვა სახის ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე ინფორმაციასთან ერთად, მოსწავლეებს განუვითარებენ ისეთ უნარ-ჩევებს, როგორიცაა: საკუთარი ემოციების ამოცნობა და მართვა, საკუთარი ინტერესების დაცვა სხვისი ინტერესების შელახვის გარეშე, ეფექტური კომუნიკაცია, ის, თუ როგორ უნდა უთხრან უარი არასასურველ შეთავაზებას, როგორ დაგეგმონ და განახორციელონ ცვლილებები და ა.შ.

12 გაკვეთილში 3 სპეციფიური სესია შეეხება საკუთრივ ადიქციის საკითხებს: ალკოჰოლის, თამბაქოს, არალელაგალური ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან და ასევე, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ რისკებს,  შესაბამისი ინდუსტრიების ინტერესების გაცნობიერებას და რეკლამის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას. 

ამ ეტაპზე, ფონდ "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" ფსიქოლოგებმა განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური სამსახურის 10 ფსიქოლოგი მოამზადეს, თბილისსა და ბათუმში, რომლებიც, თავის მხრივ, საპილოტედ არჩეული სკოლის პედაგოგებს მოამზადებენ. მომავალ წელს ეს პედაგოგები პროგრამას უკვე სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარებენ. 

 

რას ნიშნავს სიტყვა ‘ადიქცია?’ ეს სიტყვა [addiction] ინგლისურიდან კი არის შემოსული, მაგრამ ადამიანთა ნაწილი თვლის, რომ ქართულ ენაზე უნდა გამოიხატოს ის მოვლენები, რასაც საქართველოში აღვწერთ და ვაკვირდებით. 

ამ მოვლენისთვის ქართულად სახელის დარქმევა მართლაც დილემაა. ერთის მხრივ, რაზეც მუშაობ, გინდა, რომ დაარქვა თავისი სახელი.  რა სახელს არქმევდნენ აქამდე, როდესაც ფსიქოაქტიურ საშუალებებს ეხებოდა საქმე? - იყენებდნენ ტერმინებს “ნარკომანია,” „ნარკომანიის პრევენცია“.

2002 წელს, “ნარკომანიის” ნაცვლად, შესაბამის კანონში დაინერგა ტერმინი “წამალდამოკიდებულება” და მას მერე სულ ვცდილობთ, რომ “წამალდამოკიდებულება” გამოვიყენოთ, თუმცა, ყოფითად, მაინც “ნარკომანია” გამოიყენება, რაც ძალიან მასტიგმატიზებელია და თუ ადამიანს ეს სტიგმა „მიაწებე,“ შემდეგ აღიქმება, როგორც არასრულფასოვანი. 

ამ დროს, წამალდამოკიდებულება დაავადებაა და არავინ არ არის დაზღვეული მისგან ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დაავადებისგან. არსებობს კიდევ ერთი მითი, რომ ეს [წამალდამოკიდებულება] თავისი არჩევანით ემართება ადამიანს.

ეს სასაცილო მითია.

წამალდამოკიდებულება იმიტომ გემართება, რომ შენს ცხოვრებაში ამის განმაპირობებელი რისკ-ფაქტორები არსებობდა. ეს ფაქტორები ბიო-ფსიქო-სოციალურია, სამ დონეზე არსებობს. ბიოლოგიური მიზეზებიდან შესაძლოა აღვნიშნოთ, მაგალითად - გენეტიკური მოწყვლადობა; ფსიქოლოგიურიდან - განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები, სოციალურიდან -  ბავშვობის მძიმე გამოცდილებები, იგნორირება თუ ძალადობა ოჯახში, ბულინგი - სკოლაში და ასე შემდეგ.

მაგრამ არანაკლები წვლილი ერთი ადამიანის წამალდამოკიდებულად თუ აზარტულ მოთამაშედ ჩამოყალიბებაში მიუძღვის საზოგადოებასა და სახელმწიფოს.

უკანასკნელ ათწლეულში მოპოვებული სამეცნიერო მტკიცებულების თანახმად, ლეგალური ფსიქოაქტიური საშულებების: ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, არალეგალური ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარების რისკ-ფაქტორია - ერთგვარი „კარიბჭე.“ როგორც ალკოჰოლი, ასევე თამბაქო - უხვად რეკლამირებულია და ხელმისაწვდომია დღეს ჩვენს საზოგადოებაში [თუმცა თამბაქოსთან მიმართებაში არ შეიძლება არ აღვნიშნოთ უკანასკნელ წლებში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებები]. 

ამჟამად, რეკლამირებისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ძალიან აგრესიულია თამაშის ინდუსტრია. რეკლამა და იოლი ხელმისაწვდომობა კი წამალდამოკიდებულებისა და აზარტულ თამაშზე დამოკიდებულების განვითარების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია. 

ამ რისკ ფაქტორების არსებობაში საზოგადოებასა და სახელმწიფოს ლომის წვლილი მიუძღვის. როცა წამალდამოკიდებულება აღიქმება, როგორც ცალკეული ადამიანის პრობლემა, მისი არჩევანი - ეს დიდი შეცდომაა.

მეორე მასტიგმატიზებელი ტერმინი, რომელიც აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილების დროს გამოიყენება, არის “ლუდომანია.” როცა სიტყვაში შედის შემადგენელი “მანია,” უკვე “მანიაკობისკენ” მიდის ასოციაციები, რაც ყოფით მეტყველებაში სალანძღავ სიტყვად არის ქცეული.

ზოგადად, ინგლისურად, იყენებენ ტერმინს “dependency,” რაც “დამოკიდებულებას” ნიშნავს. ქართულ ენაში კი სიტყვა “დამოკიდებულება” ერთმნიშვნელოვანი არ არის. ამიტომ, ვარჩევთ, რომ დავნერგოთ არამასტიგმატიზებელი სიტყვა „ადიქცია“.

შინაარსობრივად რას ნიშნავს ადიქცია? რაზე და რანაირი დამოკიდებულება? ითვლება თუ არა, რომ ეს ისეთი დამოკიდებულებაა, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანს? ალბათ, არსებობს დადებითი და უსაფრთხო დამოკიდებულებებიც, როგორიცაა, მაგალითად, მუსიკაზე დამოკიდებულება. 

ადიქცია არის დამოკიდებულება ამა თუ იმ ნივთიერებაზე, საშუალებაზე, ქცევაზე. ამაში შედის ისეთი საშუალებები, როგორებიცაა ალკოჰოლი, თამბაქო, თუ სხვა; ასევე ქცევების ფორმები - ფულზე თამაში, ნივთების ჭარბი დაგროვება, ფულის ფლანგვა და სხვა.

ტერმინების არჩევის დროს, მიზანი უნდა იყოს, რომ დაცლილი იყოს ადამიანის დამოკიდებულებისგან იმ მოვლენის მიმართ, რასაც ტერმინი აღნიშნავს, ანუ არ იყოს ზედსართავი სახელები. სჯობს, ტერმინი იყოს მაქსიმალურად ნეიტრალური და ფაქტების შეჯამებით მიღებული?

ტერმინების მნიშვნელობა საექსპერტო კონსესუსით დგება და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. მაგალითად, ევროპის ნარკომანიისა და ნარკოტიკების მონიტორინგის ცენტრი [EMCDDA], რომელიც ადიქციის კვლევების დარგში მთავარი ევროპული უწყებაა, დროდადრო გვთავაზობს ხოლმე ამა თუ იმ ტერმინის გადასინჯვას, რათა შევამციროთ არსებული სტიგმა.

მაგალითად, აქამდე ხმარებაში იყო ტერმინი “ნარკოტიკების პრობლემური გამოყენება,” რომელიც გულისხმობდა ისეთ მოხმარებას, რომელიც დაკავშირებული იყო სისხლის გზით გადამდები დაავადებების გავრცელების რისკთან. ამჟამად EMCDDA-იმ შემოგვთავაზა მისი ჩანაცვლება ნაკლებად მასტიგმატიზებელი ტერმინით: “მაღალი რისკის მოხმარება”.

როდესაც წამალდამოკიდებულ ადამიანებთან თერაპიულად ვმუშაობთ, მაშინ  ვარჩევთ ხოლმე, რომ ზედსართავები და არსებითი სახელები ნაკლებად გამოვიყენოთ და მათ ნაცვლად ზმნები ვიხმაროთ. მაგალითად, შევთავაზოთ ჩვენს პაციენტს თქვას არა „მე ნარკომანი ვარ“, არამედ “მე მოვიხმარ ნარკოტიკებს,” რამდენადაც ეს უკანასკნელი მეტი ცვლილების პოტენციალის მატარებელია:  მოვიხმარდი, მაგრამ დღეს უარი ვთქვი და შევწყვეტ.

ბევრი მითი არსებობს ახალგაზრდებში ნარკოტიკებზე. მაგალითად, ერთ-ერთი კომენტარი იყო ასეთი, რომ ‘მარიხუანა ნარკოტიკი არ არის.’ შეიძლება ითქვას, რომ მარიხუანა ნარკოტოკია, რადგან მეცნიერებას უკვე აღწერილი აქვს კანაფის, სულ მცირე, ერთი ფსიქოაქტიური შემადგენელი - ტეტრაჰიდროკანაბინოლი, THC?

ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ მარიხუანა ნარკოტიკია. გარდა ამისა, მე ვიტყოდი, რომ ალკოჰოლიც და თამბაქოც ნარკოტიკია. ეს ნივთიერებები იწვევენ ცნობიერების მდგომარეობის ცვლილებას. ამიტომ მე ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე ტერმინებს: “ლეგალური ნარკოტიკები” და “არალეგალური ნარკოტიკები.

ზოგადად მოხმარების სხვადასხვა ფორმა არსებობს. 

მაგალითად, არსებობს მოხმარება, რომელსაც ვეძახით “ექსპერიმენტულ მოხმარებას.”  ეს ხდება, ძირითადად, მოზარდობის ასაკში.

რა ასაკიდან იწყებს ადამიანი ამ საშუალებებით ექსპერიმენტირებას?

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა ეროვნული მაშტაბის პირველი სასკოლო გამოკვლევა, რომლის თანახმადაც, ლეგალური ფსიქოაქტიური საშუალებების გასინჯვა საქართველოში 9 წლის ასაკიდან იწყება  [იგულისხმება თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლი, ძირითადად, ღვინო]. 

 საქართველოში ღვინოს მოხმარება კულტურით ინიღბება. როცა ჩვენი საშუალო მაჩვენებლები ევროპულ მაჩვენებლებს შევადარეთ, აღმოჩნდა, რომ სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების თვალსაზრისით დაახლოებით ერთნაირია სიტუაციაა, ხოლო ალჰოკოლის მხრივ სიტუაცია განსხვავდება.

ჩვენთან ბევრად უფრო მაღალია ალკოჰოლის ჭარბი სმა. ჭარბი სმა ძალიან დამაზიანებელია ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, განსაკუთრებით მოზარდი ორგანიზმისთვის.  როდესაც 12 წლის ბიჭი, მამის ხელდასმით, ითამადებს, მამა ამაყობს, ამბობს, ბიჭი მომესწროო. შვილი კი - ინტოქსიცირებულია, გული ერევა. 

ეს ისეთი მოხმარებაა, რომელიც სასურველია, რომ არ არსებობდეს, რადგან ეს, შემდეგ, შესაძლოა, კარიბჭე გახდეს სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისთვის. წარსულში კარიბჭის ჰიპოთეზა მარიხუანას ეხებოდა. მაგრამ ბოლო სამეცნიერო მტკიცებულებები  გვიჩვენებს, რომ ალკოჰოლი და თამბაქო კიდე უფრო მეტად ასრულებენ კარიბჭის როლს.

ექსპერიმენტული მოხმარება არ არის მუდმივი. ხშირად მოზარდის მიერ ექსპერიმენტული მოხმარება არის ოჯახის დისფუნქციის სიმპტომი: შესაძლოა, ოჯახში რაღაც ისე არ მიდის: ან კონფლიქტებია ან ურთიერთობებია არეული.  ძალიან ხშირად ოჯახის დისფუნქციის გამოსწორება სწორედ ექსპერიმენტირების ქცევის გამოსწორების წინაპირობა ხდება, ოღონდ ეს უკვე მუშაობის მეორეული პრევენციის ფორმატია. 

ასევე, ანსხვავებენ სოციალურ მოხმარებას, როცა, მაგალითად, თამბაქოს, ადამიანი ჩვეულებრივ, არ მოიხმარს, მაგრამ საკმარისია, კონკრეტულ სოციალურ გარემოცვაში მოხვდეს, რომ მოიხმაროს. 

არსებობს რეკრეაციული მოხმარება, კლუბურ კულტურაში, როცა ეს დასვენებისა თუ დროის გატარების ნაწილი ხდება.  საკმაოდ გავრცელებულია მოზარდობისა და სიჭაბუკის ასაკში.

შესაძლოა პრევენციულმა მუშაობამ ვერ ააცილოს მოზარდს ფსიქოაქტიური საშუალებების გასინჯვა, მაგრამ შესაძლოა ითამაშოს როლი იმაში, რომ მოზარდმა უფრო გვიან გასინჯოს და უფრო ადრე მიანებოს თავის მოხმარებას. რაც უფრო გვიან სინჯავს ბავშვი, მით ნაკლები რისკია დამოკიდებულების განვითარების.

რა არის პრევენცია და რას ისახავს ის მიზნად?

პრევენცია არის რისკ-ფაქტორების შემცირება და დამცავი ფაქტორების გაძლიერება ბავშვის გარშემო.

ოჯახში, ძალიან ხშირად, ჰგონიათ, რომ ნარკოტიკების პრევენცია მოზარდობაში შესაძლებელია. ან ნაროტიკების პრევენცია ჰგონიათ იმის ძახილი, რომ ნარკოტიკები ცუდია. ან აშინებენ: საშინელებათა ჟანრში ხდება ამ პრობლემის წარმოჩენა და ეს ძალიან ტიპური შეცდომაა. 

სინამდვილეში, ნარკოტიკებისა და აზარტული თამაშების თავიდან არიდებას ახდენს სწორი აღზრდა, დაწყებული ოჯახით, დამთავრებული სკოლით. 

არსებობს არგუმენტი, რომ მოხმარება ადამიანის უფლებაა.

მოხმარება ადამიანის უფლებაა, თუმცა, ვინაიდან მოხმარება კონფლიქტში შედის ადამიანის კეთილდღეობასთან, ადამიანს ასევე აქვს უფლება, რომ პრევენციული დახმარება მიიღოს, პრევენციის შესაძლებლობები, დამცავი ფაქტორები ჰქონდეს. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ჯანსაღი ალტერნატივები.

არსებობს ბავშვობის მძიმე გამოცდილებების კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ თუ ბავშვობაში ადამიანს მძიმე გამოცდილება ჰქონდა, ბევრად მაღალია რისკი, რომ მან მოიხმაროს თამბაქო, ალკოჰოლი, არალეგალური ნარკოტიკული საშუალებები. ბევრად მაღალი რისკია, რომ კრიმინალურ აქტივობებში ჩაერთოს და საერთო ჯამში, ამ ყველაფრის გამო, მისი ცხოვრების ხანგრძლივობა, შესაძლოა, ბევრად ნაკლები იყოს. 

სწორედ აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებაა, ჰქონდეს ბიო-ფსიქო-სოციალური განვითარებისთვის ჯანსაღი, კეთილგანწყობილი, მისი უფლებებისა და ინტერესების დამცველი გარემო.

მშობელი შვილისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და არა ვირტუალური.

იგი უნდა ელაპარაკებოდეს ბავშვს, ალიმიტებდეს მის ელექტრონულ ხელსაწყოებთან გატარებულ დროს, ჰქონდეს ხარისხიანი კომუნიკაცია მასთან. შვილმა უნდა იცოდეს, რომ მას შეუძლია დაელაპარაკოს მშობელს თავის პრობლემებზე და არა მარტო პრობლემებზე. რასაკვირველია, იმ შემთხვევაშიც, თუ რამე მოხდა და ბავშვს გაუჭირდა. 

 თუმცა, ვიცით, რომ გარკვეული ასაკიდან მშობელთან ოპოზიციონირებაც ჩვეულებრივი ქცევაა. 

საქმეც იმაშია, რომ შვილთან ხარისხიანი კომუნიკაცია გულისხმობს, რომ მას უკვე მუცლად ყოფნიდან უნდა ველაპარაკოთ. წიგნები უნდა ვუკითხოთ მაშინაც, როცა გვგონია, რომ მას ეს ჯერ არ ესმის - მაგალითად, არის მტკიცებულება, რომ ის ბავშვები, რომელთაც მამები ჩვილობის ასაკში ხმამაღლა უკითხავენ, უკეთ ითვისებენ წერა-კითხვას. აკადემიური მოსწრება კი ფსიქოაქტიური საშუალებების პრევენციის თვალსაზრისით ერთ-ერთი დამცავი ფაქტორია. 

ხშირად, მშობელს ჰგონია, რომ თუ ბავშვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს დათრგუნავს და კრიტიკულ აზროვნებას ჩაუხშობს, ბავშვი დაზღვეული იქნება ნარკოტიკებისგან. არადა, სწორედ ასე აღზრდილი ბავშვი არის ყველაზე მოწყვლადი, არა მხოლოდ ნარკოტიკების, არამედ კრიმინალურ აქტივობებში ჩართვის მიმართ, იმიტომ, რომ თუ მშობელს ადვილად ექვემდებარება და თუ მშობელმა გატეხა მისი ნება, მაშინ ის გარე ცუდ გავლენასაც მარტივად დაექვემდებარება. 

არის თუ არა კონკრეტული მიზეზი ან გარემოება, რაც ქართველ მოზარდს ევროპელი ან ამერიკელი მოზარდისგან განასხვავებს და უარეს ან უკეთეს მდგომარეობაში აყენებს?

რაც შეუიარაღებელი თვალით ჩანს, არის ის, რომ ჩვენ პოსტ-საბჭოთა, ტრავმირებული საზოგადეობა ვართ.  გარკვეული ტრავმები მონელებული არ გვაქვს, წარსულის გადააზრებაზე მუშაობა არ მიდის და საზოგადოებაში ბევრი კონსპირაციაა. 

ამ კონსპირაციის გამო, საზოგადოება ფრაგმენტირებულია. არც 90-იანების კონფლიქტია გადახარშული, არც წაგებული ომი. სიღარიბის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, განათლების სისტემა არ არის სათანადო ხარისხის. 

ჩემმა დისშვილმა, რომელიც ლონდონში გაიზარდა, 5 წლის ასაკში უკვე იცოდა, რა არის “სწრაფი კვება” [fast food] და რომ ეს ცუდია ჯანმრთელობისთვის.  როცა დამინახა, რომ სიგარეტს ვეწეოდი [ბევრი წლის წინ], მითხრა: ჯანა, მოწევა ძალიან სარისკოა შენი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის და ძალიან გთხოვ, არ მოწიო. მე შენ მიყვარხარ და მინდა, ძალიან დიდხანს იცოცხლოო. 

ეს მას სკოლაში ასწავლეს.

ცნობიერების ამაღლება სკოლასა და ოჯახში უნდა დაიწყოს, მშობლებიდან და პედაგოგებიდან, სკოლის ადმინისტრაციიდან და განათლების სისტემიდან, გადაწყვეტილებების მიმღები პირებიდან და ადგილობრივი მმართელობის სტრუქტურებიდან. 

არ შეიძლება, რომ თბილისის მერიამ მანქანების უფასო გადაღებვის პირობად მძღოლებს კაზინოების რეკლამის დატანება დაუსახონ მანქანის ფერდზე. მე შემხვდა ტაქსის მძღოლი, რომელმაც მითხრა, რომ ვერ დაარეკლამებს სათამშო ბიზნესს, იმიტომ რომ ეს უზნეობად მიაჩნია, და ამიტომ თავისი სახსრებით გაიჭირვა და შეღება თავისი მანქანა, მაგრამ ყველას ამის საშუალება არა აქვს.

ჩვენთან კიდევ ძალიან სპეციფიური ისაა, რომ დედა წასულია უცხოეთში, მუშაობს და ჰგონია, რომ ბავშვს კარგ საქმეს უკეთებს.  ამ დროს, რომ გადავხედოთ კანონთან კონფლიქტში მყოფი ახალგაზრდების ისტორიებს, ბევრ მათგანს მხოლოდ ვირტუალურად ჰყავს მშობელი და არა რეალურად. 

სიღარიბე, შრომითი მიგრანტები, დაშლილი ოჯახები, დედები და მამები, ვინც შვილს მთლიანად ძიძებს აბარებენ, თვითგადარჩენის რეჟიმში გადასული ადამიანები - ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა.

ძიძების აღზრდილი თაობა მოდის.

მათ რანაირი მიჯაჭვულობის პრობლემები ექნებათ, ჩვენ კიდევ არ ვიცით. თუ ძიძასაც ხშირად იცვლის ოჯახი, ეს ბავშვისთვის ძალიან ცუდია, რადგან დედასთან თუ სხვა აღმზრდელთან ბავშვის უსაფრთხო მიჯაჭვულობა ძალიან მნიშვნელოვანი დაცვითი ფაქტორია.

თუ მიჯაჭვულობის ობიექტი ხშირად იცვლება, ესეც ბავშვობის ტრავმაა. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძიძების მუშაობის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები არსებობდეს ქვეყანაში: მაგალითად,  არსებობდეს ძიძების მომზადებისა და ლიცენზირების პროგრამები, ამ საკითხის რამენაირი რეგულირება. როცა აღმოჩნდება ხოლმე, რომ ძიძამ ბავშვი გალახა, მერე მიდის სასამართლო პროცესები და ბავშვისთვის უკვე გვიანია. ახლა ისევე, როგორც ყველას ჰგონია, რომ შესაძლებელია, იყოს მძღოლი, ყველას შეუძლია, რომ გახდეს ძიძა. არადა, ამას სპეციალური მომზადება და უნარ-ჩევები ესაჭიროება.

არსებობს რამე დრო: 1, 2, 3 წელი, როცა დედამ, იდეალურ შემთხვევაში, შვილთან უნდა გაატაროს მისი გაჩენიდან გარკვეული პერიოდი?

სწორედ 3 წლამდე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბავშვს უსაფრთხო მიჯაჭულობის ფიგურა, მშობელი, მზრუნველი ყავდეს. სასურველია, რომ თანდათან მოხდეს ბავშვის აღზრდის გადანაწილება დედას,  ოჯახის სხვა წევრებს, თუ ისინი არ არიან - მაშინ ძიძას შორის. ბავშვთან უწყვეტი რეალური ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ დროს თამაში არის ძალიან ეფექტური საშუალება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით, კარგია, რომ ბავშვმა დღეში 3 საათი ითამაშოს.  კარგია, როცა მას უფროსი ეთამაშება: თოჯინებით, ლეგოთი, ან სხვა განმავითარებელი საშუალებებით. ბავშვის თამაშში ჩართვა ერთ-ერთი საშუალება შეიძლება იყოს, რომ  დროდადრო და თანდათან, დედისგან ბავშვისგან გამოცალკევება მოხდეს და ბავშვმა ყურადღება მიჯაჭვულობის სხვა ფიგურაზე გადაიტანოს, რომ განშორების ეპიზოდები ძალიან მძიმე არ იყოს. 

სეპარაციას [განცალკევება, დედისგან გამოყოფა] თავისი შფოთვა აქვს, მაგრამ 3-4 წლიდან გარდაუვალია და სასარგებლოც ბავშვის განვითარებისთვის.

ციფრული გარემო, რომელიც დღეს ბევრად უფრო განვითარებულია და შემოჭრილია ჩვენს ცხოვრებაში, ვიდრე აქამდე იყო, არის ერთ-ერთი დამატებითი რისკები, არა? თუმცა, ამათი აკრძალვითაც არაფერი გამოდის.

აკრძალვით არაფერი გამოდის, მაგრამ ლიმიტირებით გამოდის. 

ძალიან ხშირად ვამჩნევ, რომ როდესაც მშობელს ან მზრუნველს არ სცალია, ან ტელევიზორს ურთავს ბავშვს, ან სვამს კომპიუტერთან, ან მობილურს აძლევს. ეს ხშირად ბავშვთან ვაჭრობის თემაც არის: ‘ამ მულტფილმს ჩაგირთავ და გაჩერდი’ და ასე შემდეგ. ეს გადაიქცა ქცევის მართვის, სასურველი ქცევის მიღწევის საშუალებად.

ბავშვი კი უყურებს ამ ვირტუალურ სამყაროს, რომელიც არის ფერადი, ხშირ შეთხვევაში, ინტერაქტიული, ხატოვანი, მუსიკალურად გაფორმებული, ძალიან მიმზიდველი.

როცა ბავშვი ამას უყურებს, ხედავ, რომ ის ნამდვილად მონუსხულია.

თუ ბავშვის ცხოვრება არ შეავსე და გაამრავალფეროვნე ურთიერთობით, თამაშით, ხალისით [და თუ, მით უმეტეს, მშობელი დეპრესიულია,  ან სხვა საქმეებით აქვს თავი დაკავებული], მაშინ ამ ფერად ვირტუალურ სამყაროსთან შედარებით რეალური გარემო მისთვის ნაცრისფერი გამოდის.  

და ამ შემთხვევაში იქმნება ასეთი კონტრასტი: ციფრული სამყარო ბავშვზე ნადირობს. სახლის გარემო კი ბავშვისგან თავს იგერიებს. ეს დიდი კონტრასტია და ბუნებრივია, რომ ბავშვს ციფრული სამყაროსკენ  უბიძგებს, რაც ამ უკანასკნელზე დამოკიდებულების განვითარების რისკ-ფაქტორია.

 აქ ციფრული სამყაროს ბრალი ცოტაა. ამ კონტრასტს ჩვენ ვქმნით, როცა ჩვენი ბავშვისგან თავს ვიგერიებთ.

გამოდის, რომ ბავშვს თავიდან ვიცილებთ?

კი, ძალიან ხშირად. ამის ეპიდემიაა საქართველოში. ეს შეიძლება დავინახოთ ყველგან: ტრანსპორტში, თვითმფრინავში, ქუჩაში, სტუმრად სხვადასხვა ტიპის ოჯახებში. 

ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, რასაც ჩვენ ამ თაობის ბავშვებს ვუკეთებთ. ამას ამჩნევს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და პირდაპირ წამოვიდა რეკომენდაცია, რომ 18 თვემდე საერთოდ არ უნდა იყოს გამოყენებული არანაირი მედია ბავშვთან. გამონაკლისია, თუ ოჯახის წევრი სადმე სხვაგან არის და ბავშვი სკაიპით მაინც უნდა ეურთიერთოს. 

18-დან 24 თვემდე: მცირე ხნით, კარგი ხარისხის მედია-გადაცემები არის რეკომენდებული. მთავარი პრინციპი ისაა, რომ ამ მედიას მშობელმა ან აღმზრდელმა უყუროს ბავშვთან ერთად და ეს იყოს მისი არჩეული და გრძელდებოდეს ცოტა ხნით.

24 თვიდან  5 წლამდე: მხოლოდ ერთი საათი დღე-ღამეში, ასევე მაღალი ხარისხის გადაცემა, მშობლის/მზრუნველის შერჩეული, ერთად ყურება.

ტექნოლოგია ბავშვისთვის მშობლის შემცვლელი არ უნდა იყოს. ტექნიკა უნდა იყოს მშობლისა და ბავშვის ურთიერთობის კიდევ ერთი საშუალება, გამაშუალებელი, მეტი არაფერი.  ეს ურთიერთობისგან არ განთავისუფლებს.

მარტო მატერიალური უზრუნველყოფა საკმარისი არ არის. ურთიერთობისთვის დროის მიძღვნა ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასია.

 

 

ჯანა [დარეჯან] ჯავახიშვილი არის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტში ორი სამაგისტრო პროგრამის: ადიქციის კვლევები და ფსიქიკური ჯანმრთელობა - თანადამფუძნებელი. 2019 წლის იანვრიდან, ორი წლის ვადით, იგი ევროპის ფსიქოტრავმის კვლევის საზოგადოების [ESTSS: European Society for Traumatic Stress Studies] პრეზიდენტად აირჩიეს.

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>