FAQ

ინტერვიუ მაიკ ტერნერთან




საქართველოში ორგანიზმში ნარკოტიკების შარდით აღმოჩენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. თუმცა, შარდის სკრინინგული შედეგების ქიმიურ-ლაბორატორიულ გადამოწმებაზე ინფორმაცია საკმაოდ ბუნდოვანი და გაუგებარია.  შესაბამისად, ლაბორატორიების ხარისხის საკითხი მნიშვნელოვანია. რაში ეხმარებით თქვენ სამინისტროს ლაბორატორიებს, რომ ისინი გაძლიერდნენ და რა ეტაპზეა ახლა ეს პროცესი?  

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, ნარკოტიკებისა და კანონმდებლობის რეგულირების სააგენტოს [Bureau of International Narcotics and Law Enforcement, INL] გავლით, საქართველოს მთავრობას არაერთი სფეროს განვითარებაში ეხმარება და ლაბორატორიებიც ერთ-ერთია.  

ჩვენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეხმარებით, რომ მათმა ლაბორატორიებმა საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღონ.  შსს ყველა ლაბორატორიის ერთმა მიმართულებამ - თითების ანაბეჭდის განყოფილებამ, უკვე გაიარა აკრედიტაციის წინარე პროცედურები. აკრედიტაციის საბოლოო დადასტურებას მიმდინარე წლის ბოლომდე ველოდებით, მათ შორის, ქიმიური ექსპერტიზის ნაწილში.

ამჯერად საუბარია სერთიფიკატ ISO 17025-ზე, რომელიც ქიმიური ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტია. 

ISO 17025  სერთიფიკატი გულისხმობს, რომ სამინისტროს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პოლიტიკა, ატარებდეს საუკეთესო პრაქტიკას და პროცედურებს, რომლებიც მიღებულია საერთაშორისოდ. ამ სერთიფიკატის მიღების შემდეგ, სამინისტროს ქიმიური ლაბორატორიების პასუხების წაკითხვა, ინტერპრეტირება და გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებში, არამედ კრიმინალური სამართლის სხვა სისტემების მიერაც.

ქიმიური ლაბორატორიების მაღალი დონე ასევე ნიშნავს, რომ შსს-მ არა მხოლოდ უნდა გადაამზადოს საკუთარი მეცნიერები და მუდმივად გადააიარაღოს ლაბორატორიები, არამედ უნდა მიიღოს მონაწილეობა ე.წ. peer რევიუ პრაქტიკაში.

მაგალითად, თუ მე ვარ მეცნიერი, რომელიც ამა თუ იმ სინჯს ვამოწმებ გაზ-ქრომატოგრაფიული სპექტომეტრიით, შედეგების მთელ სერიას ვიღებ და ვამბობ, რომ ეს კონკრეტული სინჯი ამა თუ იმ ქიმიურ შემადგენელს შეიცავს, მე ასევე უნდა მივცე საშუალება სხვა, კოლეგა მეცნიერს, რომ ჩემი შედეგები გადაამოწმოს და მასზე ხელი მოაწეროს.  

ჩემი პასუხების გადასამოწმებლად, ჩემი კოლეგა რევიუერი გადაამოწმებს ყველა ნაბიჯს, რომელიც მე ექსპერტიზის პროცესის დროს გავიარე, რათა დარწმუნდეს, რომ ჩემი სინჯი ვალიდურია და მისი განზავება ან დაბინძურება არ მომხდარა.  კოლეგა ასევე შეამოწმებს, რომ ტესტირების დროს სხვა ყველაფერიც წესრიგში იყო.  

თუ რევიური ყველა პროცედურას ვალიდურად ცნობს, ეს იქნება ტესტირების საბოლოო და სანდო შედეგი. თუ ერთი კოლეგა არ დამეთანხმება, შედეგებს კიდევ სხვა ზედამხედველი გადაამოწმებს და გაარკვევს, ტესტირების რა ეტაპზე იყო შეცდომა/პრობლემა, რომ სინჯის ხელახლა შემოწმება მოხდეს, ანუ ტესტირება განმეორდეს.    

ამ შემთხვევაში, საუბარია ურინოტესტირებაზე?

ვსაუბრობ ყველა სახის ტესტირებაზე. საუბარია არა მხოლოდ ბიოლოგიური მასალის - შარდის და სისხლის ქიმიურ შემოწმებაზე, არამედ ნარკოტიკების შემოწმებაზეც, რომლებსაც ხალხს ჩამოართმევენ ხოლმე და რომლებიც ასევე მოწმდება ქიმიურად, რათა გავიგოთ, რა შემადგენლობა აქვთ მათ სიმამდვილეში. 

შარდის სინჯი, ჩვეულებრივ, იღება სამედიცინო პერსონალის მიერ, დგება ოქმი და მიდის სამედიცინო დაწესებულებაში შესამოწმებლად. ამ ოქმში ჩანს ყოველი ნაბიჯი, რაც ამ სინჯმა გაირა და ყველა ინდივიდუალური ადამიანი, ვისაც ამ სინჯთან შეხება ჰქონდა. 

ოქმში უნდა იყოს ინფორმაცია იმაზეც, იყო თუ არა შარდი მოთავსებული ტემპერატურის შემნახველ სინჯარაში. ამ სინჯარას, როგორც კი ის ლაბორატორიაში აღმოჩნდება, უღებენ ფოტოს. როცა მედიკოსი/მეცნიერი ამ სინჯარას ხუფს ხდის, რათა ნიმუში დატესტოს, ისიც უნდა აღნიშნონ ოქმში, სახურავი იყო თუ არა მთელი. თუ დაზიანებული იყო, ისიც უნდა აღინიშნოს. ეს არის ის პრაქტიკა, რაც წესით, უნდა მუშაობდეს და რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ სინჯი, რომელიც თქვენგან ავიღეთ, არის სწორედ ის ნიმუში, რომელიც დაიტესტება, ყოველგვარი მინარევების, დაბინძურების თუ შეცვლის გარეშე.  

გეთანხმებით, რომ ზუსტი პასუხის მიღებისთვის, მნიშვნელოვანია შარდის შენახვის რეჟიმი: ტემპერატურა, ფერი, მჟავიანობა, დღის რა ნაწილში იყო ის აღებული და ასე შემდეგ. თქვენ გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რამდენად სრულყოფილად სრულდება ეს პროცედურები ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში?

როგორც ზემოთ გითხარით, სამინისტროს ლაბორატორია მალე ISO 17025 სერთიფიკატს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ეს წესი ზედმიწევნით უნდა სრულდებოდეს. როცა ჩვენ ვსაუბროთ ლაბორატორიებზე, ვეხებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთივე ლაბორატორიას, რაც მათ მთელი საქართველოს მასშტაბით აქვთ. ხუთივე ლაბორატორიის ქიმიურ ექსპერტიზაზე ვსაუბრობთ, რომლებმაც ISO 17025 სტანდარტი უნდა დააკმაყოფილონ.  

მე ზუსტად და გარანტირებულად ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი წესრიგშია ამ მომენტში. იმის თქმა კი შემიძლია, რომ ჩვენ გვყავს ამერიკელი მრჩეველი, რომელიც საქართველოში ყოველ 3 თვეში ერთხელ ჩამოდის. მისი საქმეა ლაბორატორიების საქმიანობის ზედამხედველობა და იმის აღმოჩენა, არის თუ არა რამე გადაცდომა ამ სტანდარტიდან, რაც არაერთხელ ვახსენეთ ზემოთ. აქამდე ჩვენ ასეთი გადაცდომები არ გვიპოვია.  აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სამინისტრო საქმეს ისე აკეთებს, როგორც საჭიროა.  

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ არ გვყავს ერთი ადამიანი სტაციონარულად, რომელიც მუდმივად იქ არის და ყოველდღე აკვირდება, თუ რა ხდება სამინისტროს ლაბორატორიებში.  თუმცა, ის ადამიანი, ვინც სამ თვეში ერთხელ ჩამოდის, ზედამხვედველობს არა მხოლოდ იმას, რაც მის იქ ყოფნაში ხდება, არამედ ითხოვს ინფორმაციას იმაზე, რაც მის იქ არყოფნაში, წარსულში, ხდებოდა.

არსებობს თუ არა რამე სახის დოკუმენტაცია, სადაც ზედამხედველი ამ ყველაფერს ინიშნავს და საბოლოო ანგარიშს წერს?

დიახ, რა თქმა უნდა, ის ამას აკეთებს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ არის საჯარო. 

რატომ?

იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია ამერიკის მთავრობას ეკუთვნის; ეს ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ეკუთვნის.  

თუმცა, ამაში არის ქართული საზოგადოების საჯარო ინტერესი. 

შეგიძლიათ ინფორმაციის თავისუფლების აქტის ფორმა შეავსოთ და ეს ინფორმაცია ამერიკის მთავრობიდან გამოითხოვოთ. თქვენს წერილს ვაშინგტონში განიხილავენ და გადაწყვეტენ, მოგაწოდონ თუ არა ეს დოკუმენტ[ებ]ი. მე პირადად მათი გამოქვეყნება ან თქვენთან გაზიარება არ შემიძლია, რადგან ეს კერძო ინფორმაციას შეიცავს, რომელიც საქართველოში აშშ მთავრობის საქმიანობას ეხება. 

ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თუ 5 გაზ-ქრომატოგრაფიული სპექტომეტრი გადავეცით - ზუსტ რაოდენობას ვერ ვიხსენებ.  თითოეულის ღირებულება 225,000-275,000 ამერიკული დოლარია. 

შარდის სწრაფი ანალიზის კონტექსტში რომ გავაგრძელოთ საუბარი: სწრაფი ტესტის ქიმიურად გადამოწმებას მეტი დრო სჭირდება და უფრო ძვირია.  თქვენი ინფორმაციით, ხდება თუ არა პირველადი ტესტირების გადამოწმება? 

ეს ისეთი დეტალებია, რაზეც ინფორმაცია  მე არ მაქვს. ამ კითხვებით სამინისტროს უნდა მიმართოთ.  

რაც შეეხება ISO სერთიფიკატს: რა ეტაპზეა მიღების პროცესი?

ჯერ-ჯერობით სერთიფიკატი მიღებული არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ წლის ბოლოს შს სამინისტროს ლაბორატორიების ქიმიური ექსპერტიზის ნაწილი ამას მიიღებს. უკვე 9 წელზე მეტია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ვმუშაობთ.  მე პირველად საქართველოში 2010 წელს ჩამოვედი და მას შემდეგ სამინისტროს ლაბორატორიები საგრძნობლად განვითარდა.  

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჟამად ახალი ლაბორატორიის გახსნასაც გეგმავს, ვინაიდან ლაბორატორიის ძველ შენობას ვენტილაციის პრობლემები ჰქონდა, რაც აკრედიტაციის მიღებაში ხელს გვიშლიდა.  ახალი ლაბორატორიის შენობა, როგორც ფიზიკური სტრუქტურა, სხვა პირობებთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.  

ხართ თუ არა კმაყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობით ამ მიმართულებით?

ისე არ გაიგოთ, რომ ჩვენ - ამერიკელ ხალხს ვინმესთვის საჩუქრები მოგვაქვს და ერთჯერადად ვჩუქნით.  ჩვენ ვცდილობთ მთავრობებს შორის პარტნიორობა და თანამშრომლობა ჩამოვაყალიბოთ. ამ საქმეში არის დეტალები, რასაც საქართველოს მთავრობა ვერ გაწვდება, სხვადასხვა სახის რესურსების უქონლობის გამო.   

ჩვენ ვცდილობთ, ადამიანების კვალიფიკაცია ავამაღლოთ, მოვამარაგოთ ისინი ისეთი მოწყობილობებით, რაც სტანდარტს აკმაყოფილებს.  მაგალითად, სამინისტრომ ახალი ლაბორატორია ააშენა ვაკე-საბურთალოში, ჩვენი დახმარებით. ამისთვის ჩვენ ფინანსური რესურსები არ გამოგვიყვია.  ამ ლაბორატორიის აშენების ტვირთი ჩვენთან ერთად გაინაწილა სამინისტრომ.  

ამჟამად სამინისტროს ყველა ლაბორატორიას აქვს შესაძლებლობა, გადაამოწმოს ნებისმიერი სინჯის ვალიდურობა, რაც მათთან შედის. ISO-ს სერთიფიკატის მიზანი სწორედ ეს არის: თითოეული სინჯის ვალიდურობის გადამოწმება, ასევე იმის უზრუნველყოფა, რომ ლაბორატორია ყველა წესსა და პროცედურას იცავს.  

უნდა იყოს გარანტირებული, რომ ყოველი სინჯი, რასაც მოქალაქე აბარებს, არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს: არ მომხდარა მისი შეცვლა, დაბინძურება, განზავება და ის ასახავს სრულ რეალობას. ეს არის გარკვეული გარანტია ქართველი ხალხისთვის, რომ მათი სინჯების პასუხები ზუსტი იყოს.

მას შემდეგ, რაც სამინისტროს ლაბორატორიები ISO სერთიფიკაცს მიიღებენ, იქნება თუ არა ძვირი ამ ლაბორატორიების შენახვა და თქვენი აზრით, როგორ გაართმევს ამას თავს შს სამინისტრო?

ყველაზე დიდი გამოწვევა ლაბორატორიებში მომუშავე პერსონალის ტრენინგია, რაც განახლებად რეჟიმში, სულ უნდა მიმდინარეობდეს. ამჟამად ისეთი ახალი ტექნოლოგიებია ხელმისაწვდომი, რაც არ არსებობდა მაშინ, როცა მე ეს საქმე დავიწყე: 43 წლის წინ.  

დროსთან ერთად, ყოველთვის გამოჩნდება ახალი ტექნოლოგია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის პერსონალის ტრენინგები და გადამზადება, რომ მათ ამ ახალი ტექნოლოგიის გამოყენება იცოდნენ.  ხალხის გადამზადება კი არ არის ამ საქმის ყველაზე ძვირი კომპონენტი - ეს, ალბათ, ყველაზე იაფი რამაა, სხვა კომპონენტებს შორის.  

მნიშვნელოვანია იმის შენარჩუნებაც, რაც მათ უკვე აქვთ სამინისტროში. 

მაგალითად, რომ ავიღოთ გაზ-ქრომატოგრაფის დანადგარი. ლაბორატორიის ორი თანამშრომელი სპეციალურად გადამზადდა იმისთვის, რომ მათ მოწყობილობების გამოყენება და ოპერირება ესწავლათ და ამ საქმის სერთიფიცირებული ინჟინრები გამხდარიყვნენ.  საჭიროების შემთხვევაში, მათ თვითონ შეუძლიათ შეაკეთონ სპექტომეტრები და ის ხარჯები, რაც სხვა ინჟინრის ქირაობას დასჭირდებოდა, დაიზოგება.

გასაგებია, რომ ინფორმაციის  ნაწილი, რასაც თქვენი თანამშრომელი სამინისტროს ლაბების საქმიანობაზე წერს, კონფიდენციალურია, მაგრამ იქნებ არის ამ ანგარიშის რამე ნაწილი მაინც, რომლის გასაჯაროება შეიძლება და რომელიც გარკვეულ სურათს მოგვცემდა?

ინფორმაციის თავისუფლების აქტის ფარგლებს გარეთ, ამ წუთში სხვა ინფორმაციას ვერ გავამჟღავნებ. 

იქნება თუ არა ეს ლაბორატორიები ღია საჯარო, კერძო გამოყენებისთვის?

ეს ლაბორატორიები საჯარო გამოყენებისთვის არ არის. ეს ლაბორატორიები არის კრიმინალური მტკიცებულებების გამოსაძიებელი, დამხმარე საშუალებები. თუ საქართველოს მოქალაქეს რამენაირი სინჯის ლაბორატორიული შემოწმება უნდა, ის ლევან სამხარაულის სახელობის სახელმწიფო ბიუროში უნდა მივიდეს.  

2012 წლამდე ნარკოტიკებისა და კანონმდებლობის რეგულირების სააგენტო ლევან სამხარაულის სახელობის სახელმწიფო ბიუროსაც ეხმარებოდა. 

ჩვენ მათთანაც მყარი თანამშრომლობა გვაკავშირდებდა, იქამდე, სანამ ისინი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არ გახდენენ. მას შემდეგ ჩვენთვის მათთან მუშაობა უფრო გართულდა.  თავიდან კი ამ ყველაფრის იდეა ის იყო, რომ თუ მოქალაქე შსს ლაბორატორიას არ ენდობოდა, შეეძლო მისულიყო სამხარაულის ბიუროში და ანალიზის ნიმუში გადაემოწმებინა. 

შემდეგ ეგ მომსახურება ფასიანი გახდა. 

2010 წელს INL-მა სამხარაულის ბიუროსთვის მორგის შენობა გაარემონტა, რაზეც 2,1 მილიონი დოლარი დაიხარჯა და რომელიც ამერიკის საელჩოს შენობიდან 4 კვარტლით არის დაშორებული.  ეს მორგი ამჟამადაც ლევან სამხარაულის ბიუროს ეკუთვნის.    

2010 წელს ჩვენ ასევე გავარემონტეთ მათი ვაკე-საბურთალოს [მთავარი] შენობა და ტექნიკის უმრავლესობა მათთვის ჩვენვე ვიყიდეთ. მაშინ სამხარაულის ბიურო ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნოდა. დნმ-ის ლაბორატორიის გამართვაში დავეხმარეთ, რომელიც ახლაც იქ არის. 

მას შემდეგ, რაც სამხარაულის ბიურო მომგებიანი ორგანიზაცია გახდა [იგულისხმება მისი იურიდული სტატუსი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სსიპ, რომელსაც სახელმწიფო დონაციის მიღებაც შეუძლია და საკუთარი შემოსავლის მიღებაც], მათ ლაბორატორიულ ნაწილს უკვე ვეღარ ვეხმარებით, რადგან გვეკრძალება მომგებიანი ორგანიზაციების მხარდაჭერა. ბიზნესებს ვერ ვეხმარებით. ჩვენი მისია მთავრობებისა და საჯარო მმართველობების დახმარება და გაძლიერებაა. 

თუმცა, ბიუროს ერთ ნაწილს - პათოლოგ ანატომებს დღემდე ვეხმარებით პროფესიულ გადამზადებაში. იქ დასაქმებული მედიკოსები ქვეყნის ერთადერთი პათოლოგიური ანატომები არიან დღეს საქართველოში. ისინი ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, თავიანთ კოლეგებთან ერთად, გამოცდილების გასაზიარებლად, მიგვყავს.  

უნდა ითქვას, რომ ამჟამად ლევან სამხარაულის ბიუროს ლაბორატორიები არ არის კრიმინალის გამოძიების მთავარი ინტრუმენტი საქართველოში. ასეთებად უფრო შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაბორატორიებს დავასახელებდი. 

 

♦ მაიკ ტერნერი არის ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებისა და კანონმდებლობის რეგულირების სააგენტოს [International Narcotics and Law Enforcement Agency, INL] პოლიციის უფროსი მრჩეველი. ის საქართველოში 2009 წლიდან მუშაობს.  ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ტერნერის ზედამხედველობით საქართველოში 2010 წელს განხორციელდა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ახალი მორგის აშენებასა და კეთილმოწყობაში დაეხმარა.  

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>