FAQ

5 გარდაცვლილი, სიკვდილის მიზეზი უცნობი




გარდა სამედიცინოდ დაშვებული გამოყენებისა, ნარკოტიკების უმეტესობა, რასაც კლუბურ ან სხვა სივრცეში რეკრეაციული მიზნებისთვის მოიხმარენ, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აკრძალულია; ასეთ პირობებში ნარკოტიკების შემადგენლობისა და დოზირების შესახებ მომხმარებლებს სამედიცინო თვალსაზრისით გადამოწმებული ინფორმაცია არ აქვთ.    

არალიცენზირებული მწარმოებლები ნივთიერებებს უკანონო, არალიცენზირებულ დაწესებულებებში აწარმოებენ. ეს კიდევ უფრო ურთულებს სახელმწიფოებსა და მომხმარებლებს ახალი ნივთიერების შემადგენლობის [ფორმულის] კონტროლს.

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ჰოლანდიასა და ინგლისში  საეჭვო შემადგენლობის ნარკოტიკების ნებაყოფლობითი ტესტირების სისტემა მუშაობს: მომხმარებლებს შავ ბაზარზე ნაყიდი ნარკოტიკული ნივთიერებები ლიცენზირებულ ლაბორატორიებში თვითონ მიაქვთ, სადაც მათი უსაფრთხოება და ანონიმურობა დაცულია.  ნარკოტიკების შემოწმების პასუხს შემმოწმებელი პირდაპირ მომხმარებელს აძლევს. ეს პრაქტიკა ზიანის შემცირებას ემსახურება.  

ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში გაურკვეველი შემადგენლობის ნარკოტიკებით, სულ მცირე, ხუთი ახალგაზრდა გარდაიცვალა.  მათი გარდაცვალების სამედიცინო მიზეზები უცნობია. პერსონალური მონაცემების დაცვის მიზეზით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გვამების სამედიცინო ექსპერტიზის პასუხებს არ ასაჯაროებს.

ნარკოტიკების შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობასა და გადაწყვეტის გზებზე ‘კაქტუსი’ ერთ-ერთ მომხმარებელს ესაუბრა, რომლის სახელი და გვარი, უსაფრთხოების გამო, კონფიდენციალურია.  

 

როდესაც ნარკოტიკის ზუსტი შემადგენლობა არ არის ცნობილი, ვისი პასუხისმგებლობა უნდა იყოს მისი კონტროლი და მომხმარებლის უფლების დაცვა?

ამ კითხვაზე, ალბათ, ორი ძირითადი პასუხი არსებობს: 1) როცა თვით სახელმწიფო ამოწმებს ნარკოტიკების შემადგენლობას; 2) როცა სხვა პროფესიონალებს აძლევს კონტროლის საშუალებას.

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ნებაყოფლობითი ტესტირება ტარდება; ასეთ დროს, მომხმარებლებს ნარკოტიკები თვითონ მიაქვთ შესამოწმებლად და მისი რეალური შემადგენლობის შესახებ იღებენ ინფორმაციას; ეს ყველაფერი სრულიად ანონიმური და დაცულია - ეს არის ზიანის შემცირების პოლიტიკა და იქ კარგად მუშაობს.

მეორე გამოსავალია, როცა სახელმწიფო თვითონ ცდილობს, ნარკოტიკების შემადგენლობა გააკონტროლოს.  ამის მაგალითი პორტუგალიაა, როდესაც ყველა ნარკოტიკი დეკრიმინალიზებულია და მომხმარებელი დამნაშავედ არ ითვლება.  

 

კერძო ინიციატივები მაინც არაა საკმარისი: კერძო წამოწყება ვიღაცის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და ყველა მომხმარებელს ვერ გასწვდება.  

საფრთხეს, რომელიც არსებობს და თავისით არ გაქრება,  მყისიერი რეაგირება სჭირდება.

მთავარია სახელმწიფომ აღიაროს, რომ მნიშვნელოვანია მომხმარებლის დასჯის პოლიტიკიდან ზიანის შემცირების პოლიტიკაზე გადასვლა.  პრობლემა არსებობს და აკრძალვა არაფერს არ ცვლის. ვინც ამბობს, რომ აკრძალვით რამე პრობლემა აღმოიფხვრება, აბსოლუტურ ილუზიაში ცხოვრობს.  

სანამ ჩვენ უფრო მაღალი და შორეული მიზნების მიღწევაზე - ლეგალიზებაზე - გადავალთ, იმაზე, რომ სუფთა MDMA იყიდებოდეს სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებულ აფთიაქებში - გადაუდებელი პრობლემები უნდა გადავჭრათ.

როცა დანაშაულის დიდ ჯაჭვზეა საუბარი, ჩვენი სახემლწიფო ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფი ადამიანის - რომელიც უფრო მსხვერპლია, ვიდრე დამნაშავე - დევნასა და დაჭერაში ხარჯავს  ყველაზე დიდ რესურსს.

სადამსჯელო პრაქტიკა მიუღებელია ყველა თვალსაზრისით: სამართლებრივად, ეკონომიკურად, ჰუმანურად.  

სახელმწიფოს ბევრად ძვირი უჯდება დაკავებულის ციხეში შენახვა, ვიდრე მისთვის ალტერნატიული მკურნალობის შეთავაზება.  დასჯა არანაირ ეფექტს ეს არ იძლევა: ციხიდან ვინც გამოდის, უმრავლესობა მაინც მოხმარებას უბრუნდება.

ნარკოტიკებს ვერ გავაქრობთ. სინთეტურ ნარკოტიკებს რომ თავი დავანებოთ, ნარკოტიკი არსებობს ბუნებრივი ფორმებით, მცენარეებში, რომლებსაც ადამიანი, საუკუნეებია, რაც მოიხმარს.  

რასაც აკრძალვით ვერ გააქრობ, ყველაზე ოპტიმალურია იფიქრო იმ გზაზე, რომლითაც ნაკლები ზიანი მიადგება ადამიანს, რომელიც მას მოიხმარს. რა თქმა უნდა, ეს უფრო რთული შესასრულებელია და მეტ პასუხისმგებლობასა და კომპეტენციას მოითხოვს.

 

თითქმის ყველა მომხმარებელი ამბობს, რომ კლუბურ ნარკოტიკებზე არ არსებობს გადამოწმებული ინფორმაცია; მომხმარებლებს ისღა დარჩენიათ, რომ სხვა მომხარებლებს ენდონ; ზოგმა არც ის იცის, რომ რაც იყიდეს, შესაძლოა, ის არ იყოს, რასაც ელიან.  

მსგავსი პრობლემა ყველგან არსებობს და ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეს საშუალებები ყველგან არალეგალურია და არ არსებობს მათი კონტროლის მექანიზმები.  

მეორე მხრივ, არსებობს ფორუმები და ონლაინ რესურსები, ისევ და ისევ კერძო ინიციატივებით წამოწყებული; არის ბაზები, სადაც შეგიძლია ფოტოსურათი გააგზავნო ანონიმურად და გადაამოწმო, რა ნივთიერებას მოიხმარ.

 

ფოტოსურათით წამლის ქიმიურ შემადგენლობას ვერ დაადგენ.

ვერ დაადგენ, მართალია, მაგრამ რაღაც საბაზისო ინფორმაცია მაინც არსებობს და საერთოდ არაფერს ჯობია.  ძირითადად, მაინც, ყველგან, ადამიანები დამოკიდებულნი არიან მომწოდებლისგან მიღებულ ინფორმაციაზე. ეს ინფორმაცია მოდის დილერისგან ათი ნაბიჯით დაშორებული ადამიანისგან, ან შეიძლება პირდაპირ დილერისგან, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა, სხვამ მოატყუა სხვა ეტაპზე.    

რეალურად, ჩვენ ისიც არ ვიცით, რითი გარდაიცვალნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ორი თვის წინ დაიღუპნენ.  დღემდე მაინტერესებს, ხომ უნდა მომხდარიყო შემოწმება?

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას პირადი მონაცემების დაცვის მიზეზით არ ასაჯაროებს.

ამ სრული უინფორმაციობის ჟამს, მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რითი გარდაიცვალნენ ის ახალგაზრდები.

ძალიან დიდია უპასუხისმგებლო მოხმარების პრაქტიკაც: ვიღაც გეუბნება, გთავაზობს რაღაც აბს, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან საშიში ნივთიერება.  თუ შედეგები გამოქვეყნდება, მომხმარებელი, მინიმუმ, სიფრთხილით მაინც მოეკიდება და ნებისმიერი რამეს არ მიიღებს.

 

კლუბების პასუხიმგებლობაზე რას ფიქრობ?

კლუბისთვის ძალიან რთულია ნარკოტიკების შიგნით შედინების გაკონტროლება. როდესაც ქვეყნის საზღვარზე შემოდის დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება, კლუბს ვერ მოსთხოვ, რომ მის სივრცეში ნარკოტიკი არ გაიპაროს.

ნარკოტიკები მხოლოდ კლუბებში არ იყიდება. კლუბებისთვის დაბრალება მათთვის ხელის შეწმენდის და პასუხისმგებლობის არიდების მცდელობაა, ჩემი აზრით.  ყველა კლუბი რომ დახურო დღესვე, ხვალიდანვე გაჩნდება ახალი სივრცეები, სადაც იგივე განმეორდება.

როგორ დავიჯერო, რომ კლუბს არ ადარდებთ ის, რომ ახალგაზრდები იხოცებიან? დავუშვათ, რომ ბიზნეს იდეა არსებობს: მუსიკისთვის შეიქმნას სივრცე, რომელიც ასევე ფინანსურად მომგებიანი უნდა იყოს, რომ იარსებოს; არც ერთ ბიზნესს არ აწყობს, რომ მის სფეროს მსხვერპლები ჰყავდეს.  

ერთ-ერთი კლუბის თანადამფუძნებელმა ერთ-ერთი ახალგაზრდის გარდაცვალების შემდეგ ინფორმაცია გამოაქვეყნა ნარკოტიკებზე, სადაც დოზებიც იყო  მითითებული. მაშინ, როდესაც არაა ცნობილი, რა ნივთიერებაზეა საუბარი, დოზების მითითება რამდენად არის მართებული?

როდესაც არ იცი, რა ნივთიერებაზეა საუბარი, არც დოზა უნდა მიუთითო. მაგრამ ინფორმაციის მიწოდებაზე უფრო დიდი პასუხმგებლობა აქვს იმას, ვისაც ზოგადად აქვს ეს მოვალეობა.    

თუ სახელმწიფოს ამის ადამიანური რესურსები არ აქვს, ის მაინც დაუშვას, რომ კომპეტენტურ ადამიანებს მისცეს უფლება, რომ ეს გააკეთონ.  დღევანდელი სახელმწიფო პოლიტიკა კი ზიანის შემცირებაზე კი არა, ზიანის გაზრდაზეა ორიენტირებული.

ზოგადად, ინფორმაციის მიწოდება სკოლიდან უნდა დაიწყოს.  სკოლებში, უნივერსიტეტებში, სოციალურ ქსელებში - გადამოწმებული ინფორმაცია ყველგან უნდა იყოს.

რეალურად, დამოკიდებულების ძირეული მიზეზი არის არა რამე სუბსტანცია, არამედ ის სოციალური გარემო და პრობლემები, რაშიც ადამიანს  უწევს ცხოვრება.

სტრესის გამო შეიძლება საჭმელზე გახდე დამოკიდებული და კვებითი აშლილობები დაგეწყოს; ალკოჰოლზე გახდე დამოკიდებული და ალკოჰოლიკი გახდე; ნარკოტიკებზე გახდე დამოკიდებული და ნარკომანი გახდე.  

ჩვენ მცირე დოზით ვსვამთ ალკოჰოლს მეგობრებთან, საღამოს, სოციალიზაციის მიზნით, მაგრამ ამის გამო არ ვხდებით ალკოჰოლზე დამოკიდებულნი.   

 ყველა ტიპის ადიქციის მიზეზი ისაა, რომ ადამიანი ბედნიერი არაა სოციალურ ცხოვრებაში. თუ ადამიანს აქვს ინტერესები და თვითრეალიზდება, მას არ უჩნდება ალტერნატიული გზების ძებნის სურვილი და დრო.

 

 

სხვა საკითხავი:
  1. BMC, research in progress - Policing, massive street drug testing and poly-substance use chaos in Georgia – a policy case study, ავტორები: დავით ოთიაშვილი, მზია ტაბატაძე, ნინო ბალანჩივაძე და ირმა კირთაძე;   

  2. ალტერნატივა ჯორჯია  საქართველოში ადიქტოლოგიის სფეროში განათლების საჭიროების აუცილებლობა; ავტორები: დავით ოთიაშვილი, ირმა კირთაძე და დარეჯან ჯ. ჯავახიშვილი;  

  3. Lesbi.geქალი, ნარკოტიკები, სტიგმანარკოპოლიციის პოლიტიკური ზარბაზანი;

  4. TED Talk'ყველაფერი, რაც ადიქციაზე აქამდე იცოდი, მცდარია'

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>