2016 წლის შემდეგ პირველად, გასული წლის შემოდგომაზე, ექიმების, ტრენერების და სპორტის ლიგების წარმომადგენლები ამსტერდამში შეიკრიბნენ, სამედიცინო კონფერენციაზე.
სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სპორტის სფეროს მმართველმა ყველაზე დიდმა ორგანიზაციებმა და მათმა სამედიცინო მრჩევლებმა ისიც განიხილეს, ხომ არ იყო დრო უკვე ესაუბრათ იმაზე, თუ რა კავშირი არსებობდა სპორტში თავის ტრავმებსა და თავის ტვინში დაავადებების გაჩენას შორის.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მონაცემიც გროვდება და ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა ამერიკულმა სახელმწიფო უწყებამაც კი აღიარა კავშირი ამ ორ მოვლენას შორის, ექიმებისა და სპორტის მესვეურების ნაწილმა შარშან არ დაადასტურა ეს კავშირი.
სპორტში ტვინის შერყევის შესახებ საერთაშორისო კონსესუსის შესახებ კონფერენციის მესვეურები თითქოს ცხადად არ აღიარებდნენ კავშირს სპორტსა და თავის ტვინის დაზიანებებს შორის.
C.T.E. [ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათია, chronic traumatic encephalopathy] თავდაპირველად 1928 წელს აღმოაჩინეს მოკრივეებში.
კიდევ უფრო დიდი ნათელი ამ საკითხს 2005 წელს მოეფინა, როცა მეცნიერებმა ა.შ.შ. ფეხბურთის ეროვნული ლიგის შენობის, მაიკ უებსტერის სახელობის დიდების დარბაზში, სპორტსმენების გარდაცვალების შემდეგ მათი თავის ტვინის კვლევის შესახებ შედეგები გამოაქვეყნეს.
ამით არსებითი, ეგზისტენციალური კრიზისი შეუქმნეს სპორტის ისეთ სახეობებს, როგორებიცაა ფეხბურთი და რაგბი, რომელთა თამაშის დროსაც სპორტსმენები ერთ წელიწადში ათასჯერ მაინც არტყამენ თავს რამე გლაგვ საგანს ან ბურთს - თამაშის დროს გარშემო არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას ან საგნებს, იღებენ განმეორებით ტრავმებს და თავის ტვინი უზიანდებათ.
გართულებები კი ასაკთან ერთად მწვავდება.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში მეცნიერებმა ასობით ათლეტისა და სამხედრო ვეტერანის თავის ტვინი შეისწავლეს, მათი გარდაცვალების შემდეგ.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათია, C.T.E., თითქმის ყველა შემთხვევაში, დაკავშირებული იყო თავის ტვინის განმეორებად ტრავმებთან. მეცნიერებმა სპეციალური, იქამდე გამოუკვლეველი, კავშირიც კი დაადგინეს ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათიის სიმწვავესა და იმ წლების რაოდენობას შორის, რომელიც ინდივიდმა სპორტში გაატარა.
მას მერე, რაც ცხადად დადგინდა კავშირი თავის ტრავმებსა და წლების განმავლობაში თავის ტვინის დაზიანებებს შორის, 2016 წელს, ა.შ.შ. ფეხბურთის ეროვნულმა ლიგამაც
აღიარა ეს კავშირი: ფეხბურთის თამაშსა და ქრონიკულ ტრავმულ ენცეფალოპათიას შორის.
ამსტერდამის კონფერენციამდე ა.შ.შ. ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა [National Institute of Health, NIH], რომელიც თავის ტვინის შესახებ კვლევების ყველაზე მსხვილი დამფინანსებელია შტატებში, განაცხადა, რომ ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათია “ნაწილობრივ, თავის ტვინის განმეორებად ტრავმებს” უკავშირდება.
გასაკვირად და მთელი რიგი წინა მოვლენების საწინააღმდეგოდ, გასულ წელს, სამდღიანი კონფერენციის ბოლო სესიაზე, კონფერენციის ერთ-ერთმა მთავარმა ნევროლოგმა, რომელსაც ფეხბურთის ეროვნული ლიგიდან 1,5 მილიონი ა.შ.შ. დოლარი ჰქონდა მიღებული, როგორც დაფინანსება, არაფრად ჩააგდო მეცნიერების დეკადების განმავლობაში გაწეული შრომა, რომლის ფარგლებშიც ასობით ათლეტისა და ჯარისკაცის თავის ტვინები იყო შესწავლილი - და განაცხადა, რომ ეს კვლევები არ ეფუძნებოდა ადამიანების ჯანმრთელობის მაჩვენებლების რეალურ ცვლადებსა და მონაცემებს, მათ შორის, გულის დაავადებებს, დიაბეტსა და ნივთიერებებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
“იმის თქმა და ფიქრი, რომ მხოლოდ ერთი ფაქტორი თამაშობდეს როლს, რომელსაც ადამიანის გარდაცვალებისა და მისი თავის ტვინის გაკვეთისა და მიკროსკოპში ნახვის შემდეგ ვიკვლევთ და ვადგენთ, შეუძლებელია არსებობდეს და ამაზე ფიქრი უბრალოდ ძალიან გულუბრყვილობაა,” - აღნიშნა კონფერენციის დროს ჰარვარდის უნივერსიტეტის ნეიროფსიქოლოგმა, გრანტ აივერსონმა, რომელსაც ხსენებული სესია მიჰყავდა, რომელიც ეხებოდა განმეორებით, მრავლობით ტრავმებს და მათ გავლენას თავის ტვინზე.
The New York Times-მა კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სესიის ჩანაწერი მოიპოვა, სადაც ჩანს, როგორ შეეჩეხნენ ერთმანეთს ამ სფეროში მომუშავე მეცნიერები და როგორ ვერ თანხმდებოდნენ სპორტის გავლენაზე თავის ტვინზე, განმეორებითი ტრავმების სახით. კონფერენციის ამ სესიის ჩანაწერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამის შემდეგ მეცნიერებს უნდა გამოეცათ სახელმძღვანელო სპორტის ლიგებისთვის, მსოფლიო მასშტაბით, სპორტის უსაფრთხოებასთან და ტრავმების პრევენციასთან დაკავშირებით.
ამ ჯგუფის არსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მათი ერთმანეთთან შეთანხმებული, კონსესუსზე დაფუძნებული, სახელმძღვანელოს გამოქვეყნებაა, რომელსაც ჯგუფის ათეულობით წარმომადეგენელი ეთანხმება. მომავალში ეს სახელმძღვანელო მრავალი პროტოკოლის საფუძველია, მსოფლიოს მასშტაბით.
თვით ჯგუფის შემადგენლობა ქმნის ინტერესთა კონფლიქტს, რომლის გამოც თავის ტვინის დაზიანებებში სპორტის როლზე მკაფიო განცხადება ყოვნდება.
ჯგუფში შედიან შემდეგი ორგანიზაციები: ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაცია [F.I.F.A.], საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი [ I.O.C], საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია [F.I.A], ფორმულა ერთი, მსოფლიო რაგბი და სპორტში გადაწყვეტილების მიმღები სხვა დიდი ორგანიზაციები, რომლებსაც ახლო ურთიერთობები აქვთ ამ კონფერენციის ორგანიზატორებთან და მათ სამედიცინო კვლევებსაც კი აფინანსებენ.
“ეს ჯგუფი შედგება ხალხისგან, რომლებსაც არ აქვთ სრული წარმოდგენა თავის ტვინის დაზიანებებსა და ამ პათოლოგიაზე,” - აღნიშნა უილი სტიუარტმა, გლაზგოში მომუშავე ნეიროპათოლოგმა, რომელმაც არაერთ ათლეტს დაუსვა ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათიის დიაგნოზი.
წინა შეთანხმება-კონსესუსის თანახმად, მეცნიერება ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული, არსებობდა თუ არა კავშირი ქრონიკულ ტრავმულ ენცეფალოპათიასა და სპორტს შორის.
ნევროლოგების ნაწილი მაინც ფიქრობდა, რომ ჯგუფის მმართველ სამედიცინო ფლანგზე გავლენას მოახდენდა ახალი კვლევები, რომლებიც ადგენს კავშირს თავის ტვინის ტრავმასა და ქრონიკულ ტრავმულ ენცეფალოპათიას შორის.
პოლ მაკრორი, ჯგუფის დიდი ხნის ლიდერი და თავის ტვინში ტრავმასა და სპორტს შორის კავშირის სკეპტიკოსი, რომელიც ამაზე ხმამაღლა საუბარსაც არასოდეს ერიდებოდა, გასული წლის მარტში, პლაგიატის გამო,
თანამდებობიდან გადადგა.
კონფერენციის დროს და მისი დამთავრების შემდეგ ჯგუფის ლიდერები განიხილავდნენ იმასაც, საერთოდ რა არის და არ არის ცნობილი ქრონიკულ ტრავმულ ენცეფალოპათიაზე.
ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო ის, თუ რატომ ემართება ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათია სპორტსმენების მხოლოდ ნაწილს და არა ყველას, რომლებიც ერთსა და იმავე სფეროში ასპარეზობენ.
ვერავინ იტყვის, რამდენი ტრავმაა “საჭირო” იმისთვის, რომ ადამიანს ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათია განუვითარდეს. სფეროს სპეციალისტების თქმით, ცოცხალი ადამიანისთვის ამ დიაგნოზის დასმისგან ან ბიომარკერების გამოკვეთისგან მეცნიერებას ჯერ კიდევ, მინიმუმ, ხუთი წელი მაინც აშორებს.
შემდეგ, კონფერენციის ბოლო სესიის დროს, რომელსაც “სპორტის გრძელვადიანი შედეგები და პენსიაზე გასვლის კრიტერიუმები” ერქვა, გრანტ აივერსონმა ერთსაათიანი საუბარი დაიწყო იმ კრიტერიუმებზე, რითაც ჯგუფს უნდა ეხელმძღვანელა კვლევების რევიუს და მეტა-ანალიზში მათი ჩართვის დროს.
ჯგუფმა რევიუსთვის 7 500 კვლევა მოიძია, ავტორებმა კი მათგან 26 გამოარჩიეს და მათი კონსესუს განაცხადი მათზე ააგეს. რევიუ არ მოიცავდა ყველაზე მნიშვნელოვან კვლევებს C.T.E.-ს სფეროში.
ექიმმა ენ მაკქიმ, ბოსტონის უნივერსიტეტის ნევროპათოლოგმა, რომელიც მსოფლიოში C.T.E.-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ექსპერტად ითვლება, კონფერენეცია დატოვა, რადგან მას განუცხადეს, რომ მისი სფეროში გაწეული საქმე და კვლევების შედეგები არ იქნებოდა ინტეგრირებული საბოლოო კონსესუსში - მის შრომას სპორტის მერსეურები არ გაითვალისწინებდნენ.
ჯონ პატრიციოსი, ბობ კანტუ, მაიკ მაკნამე და ქეთრინ შნაიდერი, კონფერენციის ხელმძღვანლები, NYT-ის ჟურნალისტთან ე-მეილ მიმოწერაში თავს არიდებდნენ ამ კითხვებზე პასუხს. მათ ჟურნალისტს უპასუხეს, რომ კვლევების ნაწილი ოფიციალური რევიუს სიიდან ამოიღეს და განათავსეს კონფერენციის ცალკე სექციაში “ხედვათა სპექტრი.”
მათ არ დააზუსტეს, რომელი კვლევა/კვლევები ჩასვეს “ხედვათა სპექტრში,” ან რატომ და რატომ არ ჩაესვეს ისინი მეტა-ანალიზისთვის შერჩეულ კვლევებში.
აივერსონმა კვლევების შეზღუდვებზე ისაუბრა და დაასახელა მიზეზები, თუ რატომ ამორიცხეს მათი ნაწილი ოფიციალური რევიუდან. მისი თქმით, C.T.E.-ზე კვლევების უმეტესობა ეყრდნობოდა ჯანმრთელობის ერთ ან ორ ცვლადს, როგორებიცაა ასაკი და სქესი, მაგრამ გამორიცხავდა ჯანმრთელობის ისეთ მნიშვნელოვან მაჩვენებლებს, როგორებიცაა გულის დაავადებები, დიაბეტი და ალკოჰოლზე დამოკიდებულება, როგორც მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორები საბოლოო დაკვნის გაკეთების დროს.
რადგან ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათიის დიაგნოსტირება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ხდება [გარდაცვლილის თავის ტვინის გაკვეთისა შემდეგ], მეცნიერებს არ შეუქმნიათ ხანგრძლივვადიანი დაკვირვების სქემა ცოცხალი პაციენტების მიდევნებისა და მათი კონტროლის კუთხით, ასევე იმის გასარკვევად, რატომ უჩნდება ზოგს ტრავმა თავის ტვინზე და სხვებს - არა.
“თუკი ჩვენ ვიფიქრებთ თავის ტვინის ჯანმრთელობაზე ადამიანის ხანდაზმულ ასაკში, ეს ის ცვლადებია, რაც უნდა გავითვალისწინოთ,” - აღნიშნა აივერსონმა.
ამ სესიის დამსწრეების ნაწილი არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ასეთი კვლევის ნაკლებობა გადასწონის უამრავ სხვა კვლევას, რომელიც ადგენს კაუზალურ კავშირს თავის ტვინის ტრავმასა და ქრონიკულ ტრავმულ ენცეფალოპათიას შორის.
“ასეთი სახის კვლევები ათლეულებს წაიღებს,” - ამბობს მაიკლ გრეი, რომელიც რეაბილიტაციის ნეირომეცნიერებას ასწავლის ინგლისში, University of East Anglia-ში. “ათწლეულობით უნდა ველოდოთ ათეულობით ათას ადამიანს, რომლებსაც თავის ტვინი დაუზიანდებათ მაშინ, როცა ახლავე შეგვიძლია რამის გაკეთება?”
კონფერენციის წესებიდან გამომდინარე, 29 ავტორიდან მხოლოდ შვიდს შეუძლია მომავალ სახელმძღვანელოში ტერმინოლოგიის შექმნა/შეცვლა/კონტროლი, რომელიც კიდეც ერთ დაბრკოლებას ქმნის ფრაზეოლოგიის შერჩევის და მისი ტონის კუთხით.
კონსესუსის განცხადების დაწერის უფლებამოსილება ისეთ ექიმებს აქვთ, რომლებიც არ სპეციალიზდებიან თავის ტვინის დაავადებებზე, მაგრამ არიან ისეთი დიდი სპორტული ორგანიზაციების მრჩევლები, როგორებიცაა ავსტრალიის საფეხბურთო ლიგა, ეროვნული ჰოკეის ლიგა და სხვა ლიგები.
კანტუ, რომელიც ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათიის ერთ-ერთი ცნობილი მკვლევარია, შემდეგი იყო, ვინც ჯგუფს უთხრა, რომ ისინი ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც “გზა გაკვალა” ამ მიმართულებით, გამოაქვეყნეს რა ორი კონსესუს-შეთანხმება, 2013 და 2017 წლებში.
მან აღნიშნა, რომ კოგნიტური, ქცევითი და გუნება-განწყობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ქრონიკულ ტრავმულ ენცეფალოპათიას უკავშირდება, სხვა დაავადებებსაც ახასიათებს, შესაძლოა, იყოს ერთმანეთთან კვეთაში და კლინიკურად მათი დიაგნოსტირება/სხვა დაავადებებისგან გამოყოფა და წმინდად გამოცალკევება ძალიან რთულია.
მაგრამ 2016 წლიდან, მისი თქმით, 100-ზე მეტი სტატია გამოქვეყნდა C.T.E.-ზე, მათ შორის კი ერთ-ერთის თანაავტორია ქრის ნოვინსკი, რომელიც ქცევით ნეორომეცნიერებაში სპეციალიზდება და თავის კოლეგებთან ერთად, დააარსა ორგანიზაცია Concussion Legacy Foundation. ამ ფონდის ფარგლებში, მათ თავი მოუყარეს ყველა მიღწევას, და გამოთქვეს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დიდი ალბათობით, არსებობდა კავშირი თავის ტვინის განმეორებით ტრავმებსა და ქრონიკულ ტრავმულ ენცეფალოპათიას შორის.
ეს შრომები მათ დაეხმარა დაერწმუნებინათ ა.შ.შ. ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი [N.I.H.], რომ შეეცვალა ტონი ამ საკითხთან დაკავშირებით და უფრო ღია და ნათელი ყოფილიყო ორგანიზაციის პოზიცია.
ნოვინსკიმ და მისმა კოლეგამ, ადამ უაითმა, Concussion Legacy Foundation-დან, დასცინეს კონფერენციის ხელმძღვანლებს და სატირული ნახატებით ხელში, კოფერენციის ჰოლში, გამოხატეს თავიანთი უთანხმოება სპორტის მმართველ ორგანიზაციებთან.
მათ პოსტერებზე ჩანდნენ ექიმები, რომლებსაც ხელში სიგარეტი ეჭირათ, წარწერებით “რა ჯობია თავზე განმეორებით ტრავმებს?!” და “C.T.E.-ზე ნუ ღელავთ - საშიში არაფერია!”
ეს პოსტერები ექიმების 1940-50-იანი წლების პაროდიის მსგავსი გამოსვლა იყო, რომლის დროსაც ექიმები სიგარეტის მოწევისკენ ახალისებდნენ ინდივიდებს.
“აქ იმის სათქმელად ვარ, რომ სპორტში მომუშავე მეცნიერებს შევახსენო, რომ თუკი ისინი დროზე არ აღიარებენ სპორტსა და თავის ტვინის განმეორებით ტრავმებს შორის კავშირებს, ამით საკუთარ რეპუტაციას შეირყევენ,” - აღნიშნა ნოვინსკიმ. - “პრობლემა იმაშია, რომ თუკი ისინი აღიარებენ, რომ ეს კავშირი არსებობს, ბევრი ფულის დახარჯვა მოუწევთ სასამართლოებში.”
♦ სტატია ადაპიტრდა მასალიდან Scientists Say Concussions Can Cause a Brain Disease. These Doctors Disagree.