FAQ

`დაკვირვების წერტილების რაოდენობას დავამატებთ`




მიმდინარე წლის 28 მარტს ჟურნალ Environment Research and Public Health-ში ახალი კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც ბოლნისის რაიონის დასახლებების რიგ წერტილებში ზედაპირულ წყალსა და მდინარის დანალექში მძიმე ლითონების კონცენტრაციის დონე კრიტიკულად მაღალია. 

მკვლევრების თქმით, ადგილზე საჭიროა წყლის ხარისხის უფრო ხშირი და ინტენსიური მონიტორინგი: წყლის სინჯების აღება უფრო მეტი წერტილიდან და მძიმე მეტალების კვალისა და გავლენის უფრო მასშტაბური კვლევა და კონტროლი.

'კაქტუსმა' გარემოს ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელს კითხვები დაუსვა იმაზე, აპირებს თუ არა სააგენტო დაკვირვების წერტილების რაოდენობის დამატებას ბოლნისის რაიონში. 
 
 
ამჟამად რამდენი წერტილიდან იღებს გარემოს ეროვნული სააგენტო ბოლნისის რაიონში ზედაპირული წყლისა და ნიადაგის სინჯებს?
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ზედაპირული წყლის სინჯების აღება წარმოებს 7 წერტილში. აქედან თვეში ორჯერ მდინარე მაშავერაში დაბა კაზრეთის ზემოთ, დაბა კაზრეთის ქვემოთ და ქალაქ ბოლნისთან, ასევე მდინარე ფოლადაურში და მდინარე კაზრეთულაში.
 
სოფელ კიანეთთან და სოფელ ხიდისყურასთან კი სინჯების აღება ხდება კვარტალში ერთხელ.
 
2017 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში აღებული იქნა წყლის 144 სინჯი. მათში განისაზღვრა სხვადასხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები და მათ შორის მძიმე მეტალები: რკინა, თუთია, სპილენძი, ტყვია, ნიკელი, მოლიბდენი, დარიშხანი, კადმიუმი და მანგანუმი.
 
ნიადაგის სინჯების აღება ხდება წელიწადში ერთხელ და მათში ისაზღვრება მძიმე ლითონების შემცველობა. 2017 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში აღებული იქნა ნიადაგის 20 სინჯი, აქედან დაბა კაზრეთში - 10 და ქალაქ ბოლნისში - 10 სინჯი.
 
რომელი წლიდან დაიწყო გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ხსნებული სინჯების აღება და რა კრიტერიუმებით მოხდა შესამოწმებელი ინგრედიენტების, სიხშირისა და რაოდენობის არჩევა?
 
მდინარე მაშავერაში, დაბა კაზრეთის ზემოთ და დაბა კაზრეთის ქვემოთ წყლის სინჯების აღება დაიწყო 2002 წელს.
 
ქალაქ ბოლნისთან, სოფელ კიანეთთან და სოფელ ხიდისყურასთან კი 2015 წელს.
 
საქართველოს ტერიტორიაზე წყლის სინჯების აღება მათი ხარისხის დადგენის მიზნით წარმოებს თვეში ერთხელ და მხოლოდ ამ რეგიონში 2016 წლიდან წყლების სინჯების აღება წარმოებს გახშირებული რეჟიმით - თვეში ორჯერ.
 
ნიადაგის სინჯების აღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში წარმოებს 2013 წლიდან.

აპირებს თუ არა გარემოს ეროვნული სააგენტო ბოლნისის რაიონში ზედაპირული წყლების/ნიადაგის მონიტორინგის წერტილების/ან/და ინგრედიენტების დამატებას?

გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ზრდის გარემოს დაბინძურების მონიტორინგის წერტილებს საქართველოს მასშტაბით. მომავალი წლიდან დაგეგმილია დაკვირვების წერტილების რაოდენობის გაზრდა ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც.

 

კვლევა სრულად:

კვლევის ავტორები არიან: სისირა ვითანაჩი, გიორგი ღამბაშიძე, ილია კუნჭულია, თეო ურუშაძე და ანგელიკა პლოგერი.

Water Quality in Surface Water: A Preliminary Assessment of Heavy Metal Contamination of the Mashavera River, Georgia, by Sisira S. Withanachchi, Giorgi Ghambashidze, Ilia Kunchulia, Teo Urushadze and Angelika Ploeger.

 

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>