ამერიკულმა კომპანია Johnson & Johnson’s-მა ახალი კორონავირუსის ვაქცინის კვლევის მესამე ფაზა დროებით შეაჩერა, პაციენტის ავად გახდომის გამო.
კომპანიამ დოკუმენტი უკვე გაუგზავნა მულტიცენტრული კვლევის ხელმძღვანლებს სხვადასხვა ცენტრში მსოფლიოს მასშტაბით, რომელშიც 60 000 ადამიანი იღებს მონაწილეობას. დოკუმენტის თანახმად, კლინიკური კვლევის დროებით შეჩერების კრიტერიუმები გამოიკვეთა, მონაწილეების ონლაინ მიღება შეწყდა და მონაცემებისა და უსაფრთხოებისა მონიტორინგის საბჭო - დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფი, ჩაერთო საქმეში, დეტალების გამოსარკვევად.
ეს ინფორმაცია სამედიცინო გამოცემა Stat-მა მოიპოვა.
კომპანიაში Stat-ს დაუდასტურეს, რომ კვლევა დროებით შეჩერდა, რისი მიზეზიც "მონაწილის ავად გახდომა იყო, რომელიც მიზეზიც ჯერ ამოხსნილი არ არის." კომპანიამ Stat-ს სხვა დეტალები არ მიაწოდა.
კომპანიაში აღნიშნეს, რომ ასეთი მოვლენები ჩვეულებრივია კლინიკური კვლევების დროს - დაავადებების გამოვლენა, მოულოდნელი მოვლენები ან/და სხვა სამედიცინო სიურპრიზები. მათი თქმით, არის განსხვავება კვლევის დროებით შეჩერებასა და კვლევის საერთოდ გაჩერებას შორის. მათი თქმით, კვლევა არ გაჩერებულა. კომპანიის თქმით, თუ კვლევა გაჩერდა, ამის შესახებ ისინი საზოგადოებას მიაწოდებენ შესაბამის ინფორმაციას, მაგრამ დროებითი შეჩერების შესახებ, როგორც წესი, არ თვლიან საჭიროდ ყველა დეტალზე საზოგადოებას ესაუბრონ.
მონაცემებისა და უსაფრთხოების მონიტორინგის საბჭომ ამ შემთხვევის შესწავლა გუშინ დაიწყო. კომპანიის განცხადებით, ყოველთვის მარტივი არაა იმის დადგენა, ავად გამხდარი პაციენტი ვაქცინის ჯგუფში იყო თუ პლაცებოსაში.
8 სექტემბერს იგივე მოხდა კომპანია ასტრაზენეკასა და ოქსფორდის ჯგუფის შემთხვევაშიც: პაციენტს დიდი ბრიტანეთიდან გვერდითი მოვლენები გამოუვლინდა. აღმოჩნდა, რომ პაციენტს ტრანსვერსული მიელიტი ჰქონდა, რაც ზურგის ტვინის დაავადებაა. კლინიკური კვლევა შეჩერებიდან დაახლოებით ერთ კვირაში განახლდა დიდ ბრიტანეთში და სხვა ცენტრებშიც, სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერაც არ განახლებულა.
Johnson & Johnson-მა მოხალისეების მიღება ვაქცინის მესამე ფაზაში გამოსაცდელად 23 სექტემბერს დაიწყო. მედიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან 60 000 მოხალისის მოძიებას და ჩართვას აპირებენ.
ამავე თემაზე:
♦ ახალი კორონავირუსის ვაქცინების ცნობარი