კვლევის თანახმად, რომელიც მედიაორგანიზაცია 'კაქტუსის' დაკვევით კვლევითმა ორგანიზაცია 'We Research / ჩვენ ვიკვლევთ' 'ქალთა ფონდი საქართველოში' ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა, აღმოჩნდა, რომ საქართველოში ძუძუს კიბოს პაციენტ ქალებს ძუძუს მოკვეთის ოპერაციამდე სათანადოდ არ არიან ინფორმირებულები ოპერაციის შედეგებზე, არ აქვთ სანდო საინფორმაციო წყაროები და არ ინახავენ კლინიკებთან დადებულ ხელშეკრულებებს.
მასტექტომია არის სარძევე ჯირკვლ(ებ)ის მოკვეთის ქირურგიული ოპერაცია, ძუძუს ამპუტაცია. ყოველ წელს საქართველოში 900-ზე მეტი ქალი იკეთებს მასტექტომიის ოპერაციას. ოპერაციის რაოდენობა გაიზარდა საქართველოში "საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის" დაწყების შემდეგ, რომელიც ოპერაციის დიდ ნაწილს აფინანსებს. ამ კუთხით კლინიკები თვით დავით სერგეენკომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმაც, გააკრიტიკა 2017 წელს.
"იკვეთება კლინიკები, რომლებშიც ანალიზის შედეგად დავინახეთ, რომ ჩვენ მიერ გადახდილი თანხების უდიდესი ნაწილი მიემართება არაპირდაპირი ხარჯებისკენ, რაც არის მენეჯმენტის და მმართველების მოგება და მინიმალური ნაწილი მიემართება პაციენტის მოვლისაკენ და ექიმების, ექთნებისა და პერსონალის ანაზღაურებისაკენ, ვინც უვლის პაციენტს. ჩვენ ვერ ვიქნებით მომართულები, რომ ასეთ კლინიკებთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა."
მასტექტომიის აღრიცხვა საქართველოში 2015 წლიდან - კიბოს რეესტრის დაარსებიდან - დაიწყო. მანამდე საქართველოში მასტექტომიის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
მასტექტომიის დროს ნერვული ქსელის დაზიანების გამო, პაციენტები ძუძუს არეში ვერ გრძნობენ შეხებას, ტკივილს და სხეულის ტემპერატურას. როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, პაციენტ ქალებს მასტექტომიის შემდგომ გვერდით მოვლენებზე მწირი ინფორმაცია აქვთ.
როგორც მამრობით, ასევე მდედრობითი სქესის ადამიანში ძუძუ ტორსოს ზედა ნაწილში მდებარე ორგანოა. ადამიანს ორი ძუძუ აქვს, მაგრამ ქალისთვის ეს ორი ორგანო სარძევე ჯირკვლის ფუნქციასაც ასრულებს: ეს ჯირკვალი გამოიმუშავებს რძეს, რომლითაც ქალი ჩვილს ძუძუთი კვებავს. ქალებში სქესობრივი მომწიფების დროს, ჰორმონ ესტროგენისა და ზრდის ჰორმონის - სომატოტროფინის - გამოყოფის გამო, ქალის ძუძუ ზომაში იზრდება და მისი სხეულის ვიზუალური ფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.
ძუძუ დაფარულია ნერვული, სისხლძარღვოვანი და ლიმფური ქსელით. ეს ორგანო მნიშვნელოვანია სქესობრივადაც: ბევრი ქალისთვის ის მთავარი ეროგენული ზონაა და დიდ როლს თამაშობს როგორც ქალის თვითაღქმის, ასევე სქესობრივი პარტნიორის მიერ მისი აღქმის თვალსაზრისით.
ილუსტრაცია © Cactus Media, სოფი დათიშვილი
კვლევა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქალის ცხოვრების ხარისხის გაგება იყო ამ ორგანოს მოკვეთის შემდეგ, ჩაღრმავებული ინტერვიუების მეთოდით ჩატარდა. კვლევაში 15-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 13 თბილისში ცხოვრობდა, 3 - რეგიონებში. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 32 წლის იყო, ხოლო ყველაზე უფროსი - 57 წლის. ყველა მათგანს ჰქონა მშობიარობის გამოცდილება.
ქალების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მათ ჰქონდათ 'სრული' ინფორმაცია მასტექტომიაზე, თუმცა, უფრო ჩაღრმავებული კითხვების დასმის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 'სრული ინფორმაციის' ქონა საკმაოდ სუბიექტურია და რეალურად, შესაძლოა, ხარისხიანი ინფორმაციის ქონას არ ნიშნავდეს.
ეს მტკიცდება იმ კითხვებზე პასუხებით, რომელიც დაისვა, მაგალითად, ინფორმაციის ონლაინ წყაროებზე. გამოკითხული ქალების ნაწილი ამბობდა, რომ ინფორმაციას ეძებდა 'ინტერნეტში,' 'გუგლში,' თუმცა, ვერც ერთმა ქალმა ვერ გაიხსენა, კონკრეტულად რომელ ონლაინ წყაროზე ეცნობოდნენ სასურველ ინფორმაციას (მათი ნაწილი მიუთითებდა რუსულ წყაროებზეც, თუმცა, ისიც არაკონკრეტულად). შესაბამისად, მათი სანდოობის გადამოწმების საშუალებები არ არსებობს.
პაციენტების ნაწილს ჰქონდა მოსაზრება, რომ ექიმი ცდილობდა, მათთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.
„იმდენად ამომწურავად მაძლევდნენ თვითონ ინფორმაციას, მე კითხვა აღარც გამჩენია“.
„ექიმმა ამომწურავი პასუხები მომცა ... შემოდის კონტაქტში, რომ ძალიან
გიადვილებს ყველაფერს, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ექიმი
არის ჩემთვის აღმოჩენა“.
ქალების ნაწილმა თქვა, რომ იყო შემთხვევები, როცა ექიმი აგრესიულად ელაპარაკა.
„ექიმს ვთხოვე, რომ პატარაზე ლაზერით ამოეღოთ და ისე აგრესიულად [მიპასუხა], რაო გათხოვებას აპირებ კიდეო და მკერდი გინდაო? გულისტკივილი მქონდა მაშინ, ცრემლებიც წამომივიდა რაღაც და აღარ მინდოდა მერე შევდავებოდი."
იყო შემთხვევები, როდესაც არც ექიმი აწვდიდა ინფორმაციას პაციენტს და არც პაციენტი იჩენდა ინიციატივას.
„არ დავლაპარაკებივარ, იმ მომენტში გვერდითი მოვლენები და იმაზე არც მიფიქრია... ვფიქრობდი სიცოცხლის შენარჩუნებაზე ... გვერდით მოვლენებზე მეც არ მიფიქრია და მასაც არაფერი არ უთქვამს."
ერთ-ერთმა პაციენტმა აღნიშნა, რომ ექიმი არაფხიზელ მდგომარეობაში დახვდა.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალების უმრავლესობა ერთი ან ორივე ძუძუს მოკვეთას არჩევს მაშინაც კი, როდესაც ამის სამედიცინო ჩვენება არ არსებობს. ამის მიზეზი, მათი თქმით, 'თავის დაზღვევაა'. თუმცა, არაერთი საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაცია, მაგ. ძუძუს ქირურგების ამერიკული ასოციაცია, ქირურგ-ონკოლოგებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ორმაგი მასტექტომიისგან, როცა ამის სამედიცინო ჩვენება არ არსებობს, რადგან მასტექტომიას ბევრი ისეთი შედეგი აქვს, რასაც ქალი ოპერაციამდე ვერ აცნობიერებს.
"ნუ გააკეთებთ ორმაგ მასტექტომიას რუტინულად იმ ქალების შემთვევაში, ვისაც სიმსივნე ცალ ძუძუზე აქვს“.
პაციენტების ნაწილმა აღნიშნა, რომ ხშირად ოჯახის წევრების ზეგავლენის ქვეშ ექცეოდნენ, როდესაც ორმაგი მასტექტომიის გადაწყვეტილებას იღებდნენ:
„ჩემი ქმარი თავიდანვე მეუბნებოდა ორივე ძუძუს მოკვეთას, რომ მოიკვეთე, მოიშორეო“.
„ჩემმა შვილებმა და ჩემმა ქმარმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს ამაში“.
ჯამში, ექვსმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ მასტექტომიაზე თანახმა იყვნენ სამედიცინო ჩვენების მიუხედავად, თავის დაზღვევის მიზნით. მათი ნაწილისთვის გასაგებია, რომ ზოგჯერ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ ტოვებს ალტერნატივებისთვის ადგილს და მასტექტომია საუკეთესო, ერთადერთ ვარიანტად გვევლინება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, კანონისა და ეთიკის ნორმების თანახმად, აუცილებელია, პაციენტის ინფორმირება.
„მე ვფიქრობ, პაციენტმა − ყველა ადამიანმა − უნდა იცოდეს თავისი დიაგნოზის შესახებ. მე ასე მიმაჩნია. ზოგი გაიგებს და ეგრევე მოკვდება იმ თავისი გაგებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი ბრძოლაში მიგყავს და წინა ხაზზე უშვებ ფრონტზე, უნდა იცოდეს, სად არის და ვის ებრძვის“.
კითხვაზე, ინფორმაცია ოპერაციის მერე მიიღეს თუ ოპერაციამდე, ქალების ნაწილი ამბობდა, რომ დიაგნოზის მიღებისთანავე მათ სწრაფადვე მიიღეს მასტექტომიის გადაწყვეტილება, ამ პერიოდში ისინი ვერ ასწრებდნენ ჯეროვანი ინფორმაციის სრულად მიღებას, გადამუშავებას; მათი უმრავლესობა ამბობდა, რომ ოპერაციამდე უფრო ინფორმირებულნი არიან, ვიდრე ოპერაციამდე.
კვლევის ფარგლებში გამოკითხულ მხოლოდ ერთ პაციენტს ჰქონდა შენახული ოპერაციის ხელშეკრულება. სამმა რესპონდენტმა თქვა, რომ არ ახსოვდა, ჰქონდა თუ არა შენახული ხელშეკრულება.
მასტექტომიის შემდეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ძუძუს აღდგენა-რეკონსტრუქციაა. ბოლო 4 წლის განმავლობაში, საქართველოში, საშუალოდ, 150 ქალი იკეთებს ძუძუს აღდგენის ოპერაციებს, მათი ნაწილი პლასტიკურია, ნაწილი კი - მასტექტომიის შემდეგ აღდგენის ოპერაცია.
მასტექტომიის შემდეგ ქირურგმა რეკონსტრუქცია შესთავაზა 11 რესპონდენტს.
ძუძუს იმპლანტებს რისკები ახლავს: კაფსულარული კონტრაქტურა და ანაპლასტიკური მსხვილუჯრედიანი ლიმფომა. იმპლანტების რისკების შესახებ ზოგადად ინფორმირებული იყო ცხრა პაციენტი, ხოლო რისკების შესახებ ექიმისგან ან სხვა წყაროდან − ინფორმაცია არ მიუღია ექვს პაციენტს.
არსებობს ფაქტებზე დამყარებული მონაცემები, რომელიც ამერიკის წამლისა და სურსათის ადმინისტრაციის მტკიცებით, არსებობს და ამტკიცებს, რომ ძუძუს იმპლანტებმა, იშვიათ შემთხვევებში, მაგრამ მაინც, შესაძლოა,
გამოიწვიოს ანაპლასტიკურ მსხვილუჯრედიანი ლიმფომა [anaplastic large cell lymphoma
].
გამოკითხული 15-დან ექვსმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ გარკვეული სახის ინფორმაცია ჰქონდა კაფსულარული კონტრაქტურისა და ანაპლასტიკურ მსხვილუჯრედიან ლიმფომის შესახებ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ყველა პაციენტს ამომწურავად ინფორმირება იმპლანტის მეშვეობით ძუძუს რეკონსტრუქციასთან დაკავშირებულ რისკებზე, სამწუხაროდ, არ ხდება.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს საქართველოში ამ სახის ლიმფომის გავრცელებაზე ინფორმაცია არ აქვს.
ქალების ნაწილმა აღნიშნა, რომ რომ არა ფინანსური ბარიერი, რისკების მიუხედავად, მაინც გაკეთებდნენ იმპლანტებით ძუძუს აღდგენის ოპერაციას. საქართველოში ეს ოპერაცია, საშუალოდ, 7,000 ლარი ღირს. სადაზღვევო პაკეტების უმრავლესობა ასეთ ოპერაციას არ აფინანსებს. აღდგენის ოპერაცია არც სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტში შედის.
იმპლანტებით აღდგენა ძუძუს რეკონსტრუქციის ერთადერთი გზა არ არის. რეკონსტრუქცია ბიოლოგიური ქსოვილებითა და ცხიმოვანი ფენითაც შეიძლება, რომელსაც ქალის სხეულის სხვა ნაწილებიდან (მაგ. მუცლიდან, საზარდულიდან, ზურგიდან) იღებენ. ასეთი ოპერაცია უფრო იაფია, ვიდრე იმპლანტებით აღდგენა.
ქალების ნაწილი, რომელთაც იმპლანტი აქვთ ჩასმული, აღნიშნავს, რომ ძუძუს აღდგენა მათ თვითრწმენის ამაღლებაში ეხმარება.
კვლევის კითხვარი:
1. რამდენი ხანია, რაც საკუთარი დიაგნოზის შესახებ იცით?
2. რამდენი ხანია, რაც მკურნალობთ?
3. ოპერაციამდე რამე სახის პროცედურებს თუ იტარებდით?
4. რამდენად მოითხოვდა თქვენი მდგომარეობა (სამედიცინო თვალსაზრისით) ძუძუს
მოკვეთას?
5. რამდენი ხნის წინ გაიკეთეთ მასტექტომია?
6. ინახავთ თუ არა ოპერაციის ხელშუკრულებას, რაზეც ხელი მოაწერეთ? დიაგნოზების დოკუმენტაციას?
7. ოპერაციის გადაწყვეტამდე, დაელაპარაკეთ თუ არა მასტექტომიის შედეგებზე/გვერდით მოვლენებზე ექიმს? თუ კი, ვინ იყო საუბრის ინიციატორი: თქვენ თუ ექიმი?
8. რა კითხვები დაუსვით ექიმ-ონკოლოგს?
9. საუბარი მასტექტომიის გადაწყვეტილების მიღებამდე მოხდა თუ გადაწყვეტილების შემდეგ?
10. თავად თუ მოიძიეთ ინფორმაცია? რა ინფორმაცია იყო ეს და რა იყო წყარო?
11. დიაგნოზის გაგებიდან რამდენ ხანში მიიღეთ მასტექტომიის გადაწყვეტილება?
12. ექიმმა, მასტექტომიის გარდა, სხვა ალტერნატივები თუ შემოგთავაზათ?
13. მასტექტომიის გადაწყვეტილების მიღებამდე, ექიმთან თუ განიხილეთ ალტერნატიული სცენარები?
14. დაუსვით ექიმს კითხვები მასტექტომიის შედეგების შესახებ?
15. იცოდით თუ არა, მასტექტომიის მერე ძუძუს არეს გაუგრძნობელობა მოხდებოდა?
16. ექიმმა ან კლინიკის სხვა პერსონალმა თუ შეგატყობინათ ნერვული უჯრედების დაზიანებისა და ზოგი ადგილის გაუგრძნობელოების შესახებ? თუ კი, ვინ?
17. მასტექტომიის შემდეგ, ქირურგმა ძუძუს რეკონსტრუქცია თუ შემოგთავაზათ?
18. გაიკეთეთ თუ არა თქვენ რეკონსტრუქცია? რა იყო მთავარი მოტივატორი თქვენთვის?
19. თუ არა, რატომ?
20. მასტექტომიის შემდეგ ქალები ხშირად იკეთებენ რეკონსტრუქციას, თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
21. თუ გაქვთ ინფორმაცია ძუძუს იმპლანტებთან დაკავშირებული რისკების შესახებ? თუ კი, რა რისკების შესახებ იცით? გსმენიათ კაპსულარული კონტრაქტურისა და ანაპლასტიკური მსხვილუჯრედოვანი ლიმფომის შესახებ?
22. არის რამე სახის ინფორმაცია, რასაც ისურვებდით, რომ ოპერაციამდე გცოდნოდათ?
23. როგორ ფიქრობთ, ოპერაციის შემდეგ უკეთ ხართ მასტექტმიის შესახებ ინფორმირებული, ვიდრე ოპერაციამდე? თუ კი, შეიცვლებოდა რამე თქვენს გადაწყვეტილებაში?
24. რა რჩევას მისცემდით მსგავსი დიაგნოზის მქონე სხვა ქალს? ურჩევდით მასტექტომიის გაკეთებას? რეკონსტრუქციას?
♦ ილუსტრაცია: სოფი დათიშვილი
♦ ეს კვლევა ნაწილია 'კაქტუსის' (www.cactus-media.ge) პროექტისა 'ცხოვრება მასტექტომიის შემდეგ,' რომელიც 'ქალთა ფონდი საქართველოში' Women's Fund in Georgia მხარდაჭერით ხორციელდება და რომელიც ძუძუს მოკვეთის შემდეგ ქალების ფსიქიკური, სოციალური და სექსუალური მდგომარეობის ასპექტებს სწავლობს.
ვიდეო-ისტორიები: