მონაცემების მიხედვით, რომელიც “კაქტუსს” საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზ. ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა [N.C.D.C.] მიაწოდა, ცენტრის თბილისის საცავში აქამდე დარჩენილი 2 041 846 დოზა COVID-19 ვაქცინიდან ნაწილს ვადა მიმდინარე წლის მარტში გასდის, ნაწილს კი - მომავალი ორი წლის განმავლობაში.
ამერიკულ-გერმანული კომპანიების - “პფაიზერ-ბიონტექის” წარმოებული ვაქცინებიდან დარჩენილია 424 140 დოზა ვაქცინა და მათ ვარგისიანობის ვადა მიმდინარე წლის 31 მარტს გასდით. მოქმედების ვადა თვით მარეგულირებელმა [F.D.A.] გადასწია, ფლაკონზე მითითებული ვადიდან სამი თვის განმავლობაში.
ჩინური კომპანია “სინოვაკის” წარმოებული ვაქცინებიდან დარჩენილია 810 443 დოზა, რომელთაც მოქმედების ვადა 2024 წლის ივნისის თვის სხვადასხვა რიცხვში ეწურებათ.
მეორე ჩინური კომპანია “სინოფარმის” წარმოებული ვაქცინებიდან დარჩენილია 807 263 დოზა, რომელთაც ვარგისიანობის ვადა მომავალი წლის აგვისტოს ეწურებათ.
ბრიტანულ-შვედური კომპანია “ასტრაზენეკას” ვაქცინა ცენტრის მოწოდებულ მონაცემებში არ არის.
N.C.D.C.-ის ინფორმაციით, საქართველოში ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 43.4 პროცენტი. საქართველო ჩამორჩება საკუთარ სამიზნეს, რომელიც მთავრობამ გასულ წელს დაამტკიცა. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში გასული წლის ბოლოს ზრდასრული მოსახლეობის 60% უნდა ყოფილიყო აცრილი.
საქართველოში COVID-19 ვაქცინა პირველად 2021 წლის 13 მარტს შემოვიდა. ქვეყანამ COVAX პლატფორმის საშუალებით, AstraZeneca / Oxford ვაქცინის პირველი პარტია მიიღო 43 200 დოზით, რომელიც დამზადებული იყო AstraZeneca-SKBio [კორეის რესპუბლიკა] მიერ.
ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.