ქარის ენერგიის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი გამოცხადებული მიზანი და პრიორიტეტია ენერგეტიკის სფეროში.
საქართველოში წლიურად დაახლოებით 1 450 მეგავატსაათი ქარის ენერგიის გენერირება არის შესაძლებელი. თორნიკე ყაზარაშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა, “კაქტუსს” უთხრა, რომ 2025 წლამდე მთავრობას 500 მეგავატი სიმძლავრის ქარის ენერგიის პროექტები, ანუ წლიური პოტენციური სიმძლავრის 35%-მდე, უნდა ჰქონდეს ათვისებული.
ამ ანალიზის ფარგლებში, “კაქტუსი” იკვლევდა ქარის ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის დონეს.
გარემოსდაცვითი კანონმდებლობა - ადგილობრივი კონტექსტი
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვალდებულია ადმინისტრაციული საქმე აწარმოოს ყველა პროექტზე, რომლებზეც გარემოსდაცვითი ნებართვები გაიცემა.
სამინისტროს ევალება ადგილობრივი მოსახლეობა ჩართოს დისკუსიაში და საკუთარი პოზიცია და ინტერესები გამოათქმევინოს იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც უშუალოდ მათ საცხოვრებელს ესაზღვრება და რომელიც მათ ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს [მიმდინარე წლის 1 მაისიდან მოსახლეობის ჩართვის მოვალეობა გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა, რომელიც გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა].
ქარის ენერგიის პროექტების ადმინისტრაციული საქმეების წარმოების ანალიზიდან აღმოჩნდა, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ის მოთხოვნა, რომელიც ადგილობრივების ჩართვას გულისხმობს, ფორმალური იყო: პროექტის განხილვას სოფლის, დაბის თუ ქალაქის მოსახლეობის მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა. მოსახლეობა წინასწარ არ იცნობდა პროექტის დეტალებს და შეხვედრის დროს კრიტიკული კითხვები არ დაუსვამს.
ბარიერები ინფორმირების დროს
ადგილობრივებს ხშირად არც იმის პრაქტიკული საშუალება აქვთ, რომ პროექტის დოკუმენტაციას საჯარო განხილვამდე გაეცნონ. კოდექსიდან გამომდინარე, სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს პროექტის დოკუმენტაციას. მაგრამ თუკი მოსახლეობამ ამის შესახებ არ იცის, არ ამოწმებს სამინისტროს ვებ-გვერდს, ან ხელი არ მიუწვდება ინტერნეტთან, დოკუმენტებს ვერ გაეცნობა.
პროექტის საჯარო განხილვაზე შეტყობინება სამინისტროს ვებ-გვერდზე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების [ბაღი, სკოლა, გამგეობა, ა.შ.] დაფებზე ან ფანჯრებზე ქვეყნდება, განხილვამდე არაუგვიანეს 20 დღით ადრე. მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებმა მოსახლეობამ რომ ამის შესახებ გაიგოს, ან ადმინისტრაციის შენობაში უნდა მივიდეს ფიზიკურად, ან სამინისტროს ვებ-გვერდის ახალი ამბების განყოფილება ამოწმოს რეგულარულად.
საჩხერის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ქარის ენერგიის პროექტზე საჯარო განხილვის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტს ხეზე აკრავს. ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
აქამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქარის ენერგიის ექვს [6] პროექტზე აქვს გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნები.
მოცემული ანალიზის დასკვნები მხოლოდ იმ მონაცემებს ეყრდნობა, რომლებიც “კაქტუსმა” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით მიიღო, რომელიც თითოეული პროექტის ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალებია და ათობით დოკუმენტსა და ვიზუალურ მასალას მოიცავს.
კასპის ქარის ელექტროსადგურის პროექტი
ადგილმდებარეობა: კასპის მუნიციპალიტეტი
ახლომდებარე სოფლები: ზემო რენე, ქვემო რენე, იგოეთი, მრგვალი ჭალა და გამდლისწყარო
მოსახლეობის რაოდენობა ხუთივე სოფელში: 1 312 მოქალაქე
განხილვას ესწრებოდა: რვა [8] მოქალაქე
სიმძლავრე: 54 მეგავატი
ქარის ტურბინების რაოდენობა: = <16
დამხმარე ინფრასტრუქტურა: 110 კილოვატი მიწისზედა, 35 საკაბელო,- მიწისქვეშა და 110 კილოვატი ქვესადგური
უახლოესი საცხოვრებელი ადგილი: 1,2 კილომეტრის დაშორებით
ოქმი #1
კასპის ქარის ენერგიის პროექტთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პირველი შეხვედრა მოსახლეობასთან 2020 წლის 20 ივლისს, 12:00 საათზე გამართა. შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს საბავშვო ბაღში გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სააქციო საზოგადოება „კავკასიის ქარის კომპანიის“, „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - საბუკოს“, კასპის მუნიციპალიტეტის, საკონსულტაციო კომპანია შპს „დაბლიუიჯი ენვი კონსლატინგის“, სს „კავკასიის ქარის კომპანიის“, შპს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის“, ზოოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
პირველ შეხვედრას 23 ადამიანი ესწრებოდა. მათგან ადგილობრივი მაცხოვრებელი მხოლოდ ხუთი [5] იყო, სოფლებიდან - ზემო და ქვემო რენედან.
ადგილობრივი მოსახლეობიდან მხოლოდ ერთმა გამოთქვა საკუთარი აზრი პროექტის საჯარო განხილვის დროს. კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი დაინტერესდა სამშენებლო სამუშაოების ჩატარების პირობებსა და ორგანიზებაზე.
შეხვედრა მოსახლეობასთან, კასპის ქარის ენერგიის პროექტზე, 2020 წლის 20 ივლისი. ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
♦ პირველი შეხვედრის ოქმი შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ოქმი #2
იგივე პროექტზე მეორე შეხვედრა მოსახლეობასთან იმავე დღეს, ოდნავ მოგვიანებით, 15:00 საათზე, გაიმართა. ამჯერად სამინისტრომ პროექტი კასპის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების მაცხოვრებლებს გააცნო, სოფელ აღაიანის ადმინისტრაციულ შენობაში.
მეორე შეხვედრას 17 ადამიანი ესწრებოდა. მათი უმეტესობა სამინისტროსა და კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები იყვნენ, პირველი შეხვედრიდან.
ადგილობრივი მოსახლეობა ამჯერად კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან - აღაიანიდან და საქადაგიანოდან იყვნენ, სულ სამი მოქალაქე.
განხილვის დროს დისკუსია არ გამართულა.
მხოლოდ ერთი კითხვა დასვა აღაიანის მაცხოვრებელმა: მოქალაქე დაინტერესდა ელექტროგადამცემი ხაზის დერეფნით. კომპანიის წარმომადგენლებმა მას ელექტროგადამცემი ხაზის მარშრუტი და სქემა აღუწერეს.
დანარჩენ ორ დამსწრე მოქალაქეს კითხვები არ დაუსვამთ.
♦ მეორე შეხვედრის ოქმი შეგიძლიათ ნახოთ აქ.
მოსახლეობის რაოდენობა საპროექტო არეალში
ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, პროექტი ხუთ სოფელთან - ზემო რენესთან, ქვემო რენესთან, იგოეთთან, მრგვალ ჭალასთან და გამდლისწყაროსთან გაივლის.
მონაცემების თანახმად, რომელიც კასპიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა “კაქტუსს” გაუზიარა, ხუთივე სოფელში ჯამში 1 312 მოქალაქე ცხოვრობს.
მათგან მხოლოდ რვა [8] მოქალაქე ესწრებოდა შეხვედრას. მათ შორის ყველა სოფლის წარმომადგენელი არ იყო.
სამინისტროს გადაწყვეტილება პროექტზე
„საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - საბუკოს“ არაერთი შენიშვნის მიუხედავად, რომელიც ორგანიზაციამ სამინისტროში სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა წერილისა და შენიშვნის სახით წარადგინა და სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ კომპანიას საკმარისად არ ჰქონდა შესწავლილი პროექტის გავლენა ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებაზე, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ამ პროექტზე დადებითი ეკოლოგიური დასკვნა 2021 წლის 10 თებერვალს გასცა.
დასკვნის პირობებში წერია, რომ კომპანია ქარის ელექტროსადგურის ექსპლუატაციის პერიოდში, 5 წლის განმავლობაში უნდა დააკვირდეს ადგილობრივად მობინადრე ფრინველებს, მათ შორის, ფასკუნჯს, ყოველ წელს სამინისტროში წარადგინოს ანგარიშები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის ტურბინების გაჩერების საჭიროებისა და შეჩერების გრაფიკთან, ასევე მონიტორინგის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
პროექტი მშენებლობის დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში უნდა დამთავრდეს.
ინვესტორები
სააქციო საზოგადოება “კავკასიის ქარის კომპანია” 2016 წელს დაარსდა. ამჟამად მისი გენერალური დირექტორია ზურაბ გორდეზიანი. 2000-იან წლებში ზურაბ გორდეზიანი საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინიტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი იყო.
კომპანიის თანადამფუძნებელი, ირაკლი გილაური, 2015 წლიდან 2018 წლამდე სააქციო საზოგადოება “საქართველოს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც იყო. დაარსების დროს გენერალური დირექტორი გიორგი ბეჟუაშვილი იყო. მანამდე - 2013-2015 წლებში - ბეჟუაშვილი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი იყო.
“კავკასიის ქარის კომპანიის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამჟამად ავთანდილ ნამიჩეიშვილია. 2012 წლის 3 აგვისტოს ავთანდილ ნამიჩეიშვილმა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 60 000 ლარი შესწირა.
საბჭოს წევრები არიან ჯაბა მამულაშვილი, გიორგი ვახტანგიშვილი და ზურაბ გორდეზიანი.
ჯაბა მამულაშვილი “ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერის” [Georgian Water and Power, GWP] სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა. ამავე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია ავთანდილ ნამიჩეიშვილი. GWP-ის მფლობელი კომპანიის 100% წილი კი 2016 წელს საინვესტიციო კომპანია “BGEO ჯგუფმა” შეიძინა.
2018 წელს "BGEO ჯგუფი" ორი ძირითადი მომართულებით გაიყო: საბანკო სფერო „საქართველოს ბანკის ჯგუფი“ - Bank of Georgia Group და საინვესტიციო ბიზნესად [„საქართველოს კაპიტალი“ - Georgia Capital].
„საქართველოს კაპიტალი“ - Georgia Capital-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განახლებად და მათ შორის, ქარის ენერგიაში ინვესტირება მათი ერთ-ერთი საინვესტიციო პრიორიტეტია. იგივე ინფორმაციაა მოცემული ამავე კომპანიის ლონდონის საფონდო ბირჟის ვებ-გვერდზეც.
ქარის ენერგიის პროექტი საჩხერეში
ადგილმდებარეობა: საჩხერის მუნიციპალიტეტი
ინვესტორი: შპს უსასრულო ენერგია
სოფლები პროექტის არეალში: ნიგვზარა, ჭალოვანი, ხვანი, კორბოული
მოსახლეობის რაოდენობა ოთხივე სოფელში: 4 851 მოქალაქე
განხილვებს ესწრებოდა: 27 მოქალაქე
სიმძლავრე: 85 მეგავატი
ტურბინების რაოდენობა: 23 ტურბინა
უახლოესი საცხოვრებელი ადგილი: 480 მეტრი სოფელ ნიგვზარადან
პროექტის საჯარო განხილვა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას 2020 წლის 11 თებერვალს, 2-ჯერ შეხვდნენ: 12:00 საათზე და 14:00 საათზე.
ორივე შეხვედრის ოქმი ერთ დოკუმენტად არის გაერთიანებული. ორივე შეხვედრას სხვადასხვა სოფლების - კორბოულისა და ჭალოვანის - წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
-
სოფელ კორბოულში საჯარო განხილვას 14 ადგილობრივი მაცხოვრებელი ესწრებოდა. მათ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოუთქვამთ.
-
სოფელ ჭალოვანში შეხვედრას 13 ადგილობრივი ესწრებოდა. შეხვედრის განმავლობაში ადგილობრივები, ძირითადად, პროექტის სოციო-ეკონომიკური და დასაქმების საკითხებით დაინტერესდნენ.
ინვესტორი კომპანია შპს ,,უსასრულო ენერგია’’-ს წარმომადგენელმა მოსახლეობას განუმარტა, რომ პროექტით გამოწვეული სარგებელი და ფინანსური ბენეფიტები “ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტის გავლით ხვდება მოსახლეობასთან.”
დასაქმებასთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენელმა მოსახლეობას აუხსნა, რომ უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივ მოსახლეობას, ხოლო ძირითადად დასაქმებული იქნებიან სამშენებლო და საინჟინრო სპეციალობის ადამიანები.
სხვადასხვა თარიღები დოკუმენტაციაზე
მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმს [და პროექტის სხვა დოკუმენტებს] 2020 წელი აქვს აღნიშნული თარიღად, ხოლო ოქმის დანართებს, რომლებზეც მონაწილეების მონაცემები წერია, - 2019 წელი [1, 2].
ქარის ენერგიის პროექტის განხილვა საჩხერის მუნიციპალიტეტში, 2020 წლის 11 თებერვალი. ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სამინისტროს გადაწყვეტილება პროექტზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროექტზე დადებითი ეკოლოგიური დასკვნა მოსახლეობასთან შეხვედრიდან ერთი თვეზე ოდნავ მეტ დროში, 2020 წლის 27 მარტს გასცა.
სამინისტროს ექსპერტების მოსაზრებით, საპროექტო ლოკაციები არ ხვდება დაცული ტერიტორიების, ეკოლოგიურად მაღალი სენსიტიური უბნების სიახლოვეს, არ ემთხვევა ფრინველების გადაფრენის ძირითად მიგრაციულ მარშრუტებს და უმეტესწილად დაცილებულია საცხოვრებელი ზონებიდან.
ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის მაქსიმალური ვადა დაწყებიდან 18 თვეა, სამუშაო დღეთა რაოდენობა - 300 დღე წელიწადში.
ინვესტორები
შეზღუდული პასუხსისმგებლობის საზოგადოება “უსასრულო ენერგია” 2015 წელს დაარსდა. ამჟამად კომპანიის 25% შპს “კონსულტიმს” ეკუთვნის, ხოლო 75 % - ავსტრიაში დაფუძნებულ კომპანია “ივიკომ ჰოლდინგ ჯი-ემ-ბი-ეიჩს.”
კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრები არიან ავსტრიის მოქალაქე კრესიმირ კონდიკი და თორნიკე ბახტურიძე.
შპს “კონსულტიმში” 50%-50%-იან წილებს ილია და თორნიკე ბახტურიძეები ფლობენ.
კასპის ქარის ენერგიის პროექტი
ადგილმდებარეობა: კასპის მუნიციპალიტეტი
ინვესტორი: შპს ,,ამპერაქს ენერჯი ჯორჯია“
სოფლები პროექტის არეალში: ნიაბი, ზემო ჩოჩეთი, ახალციხე
მოსახლეობის რაოდენობა სამივე სოფელში: 1 105
განხილვებს ესწრებოდა: 14 მოქალაქე
სიმძლავრე: 11,93 მეგავატი
ტურბინების რაოდენობა: 4
დამხმარე ინფრასტრუქტურა: 35 კილოვატი ძაბვის ქვესადგური და ელექტროგადამცემი ხაზები
უახლოესი საცხოვრებელი ადგილი: 1 340 მეტრი სოფელ ნიაბიდან და 1 880 მეტრი სოფელ ჩოჩეთიდან.
პროექტის საჯარო განხილვა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას 2019 წლის 4 ოქტომბერს, სოფელ ქვემო გომის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში შეხვდნენ.
შეხვედრას 14 ადგილობრივი მაცხოვრებელი ესწრებოდა.
მათ სულ ორჯერ დასვეს კითხვა: ერთი კითხვა გზების გაყვანის საკითხს ეხებოდა, ხოლო მეორე - ადგილობრივების დასაქმებას.
სამინისტროს გადაწყვეტილება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ამ პროექტზე დადებით ეკოლოგიურ დასკვნას 2020 წლის 10 მარტს მოაწერა ხელი.
სამინისტროს ექსპერტთა ერთობლივი დასკვნით, საპროექტო ტერიტორიაზე საველე კვლევების შედეგად საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მცენარეები არ გამოვლენილა. არ იგეგმება ხე-მცენარეების ჭრა და არსებული ჰაბიტატი არც ფაუნის სახეობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
„საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - საბუკოს“ მოსაზრებით, ეს მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. “საბუკოს” მოსაზრებით, პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის ფარგლებში, სათანადოდ არ არის შესწავლილი პროექტის გავლენა ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებაზე, მათ შორის, ფასკუნჯზე.
ინვესტორი
პროექტის ინვესტორია შპს ამპერაქს ენერჯი ჯორჯია, რომლის დირექტორია თურქეთის მოქალაქე მუსტაფა აქტაში, ხოლო კომპანიის 100% წილების მფლობელი ომერ ქაან ბიროლ ვაროლი.
ნიგოზას ქარის პროექტი
ადგილმდებარეობა: კასპისა და გორის მუნიციპალიტეტები
ინვესტორი: შპს „ჩალიკ ჯორჯია ვინდი”
სოფლები პროექტის არეალში: სოფლები ნიგოზა და ჩოლაბაური
მოსახლეობის რაოდენობა ორივე სოფელში: 271
განხილვებს ესწრებოდა: 7 ადგილობრივი
სიმძლავრე: 50 მეგავატი
ტურბინების რაოდენობა: 16
დამხმარე ინფრასტრუქტურა: 110 კვ ძაბვის ქვესადგური
პროექტის განხილვა
მოსახლეობასთან ეს პროექტი სამინისტრომ და კომპანიამ 2021 წლის 3 სექტემბერს განიხილა.
პროექტის განხილვა კასპის მუნიციპალიტეტში. ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სოფელ რენეს წარმომადგენელმა, რომლის სახელიც დაშტრიხულია სამინისტროდან მოწოდებული მონაცემების ფარგლებში, დაინტერესდა, დასაქმდებოდა თუ არა ადგილობრივი მოსახლეობა მიმდინარე პროექტში. მისი თქმით, უმუშევრობის გამო ხალხი სოფლიდან გადიოდა და მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივების იტერესების გათვალისწინება.
ერთ-ერთი ადგილობრივი იმითაც დაინტერესდა, შეაწუხებდა თუ არა ქარის ტურბინების ხმაური ადგილობრივი მოსახლეობას და ახლომდებარე სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიის გამოყენების დროს იქნებოდა თუ არა პრობლემები.
შეხვედრის დროს “საბუკოს” წარმომადგენელმა წამოაყენა საკითხი ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებაზე გავლენაზე, მათ შორის, ბექობის არწივზე, რომელიც პროექტის ტერიტორიაზე გვხვდება. პროექტი ასევე ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზეა. “საბუკოს” წარმომადგენლის აზრით, იყო პრობლემა პროექტის ალტერნატივების პრიორიტეტების არჩევის დროსაც, სადაც არსებული ალტერნატივებიდან პროექტი აირჩიეს არა გარემოსდაცვითი ინტერესების, არამედ ენერგიის წარმოების მხრივ.
სამინისტროს გადაწყვეტილება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროექტზე დადებითი ეკოლოგიური დასკვნა გასული წლის 8 დეკემბერს გასცა.
საინფორმაციო ბუკლეტი პროექტის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტში.
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინვესტორი
პროექტის განმახორციელებელია სააქციო საზოგადოება „ჩალიკ ჯორჯია ვინდი.” საზოგადოების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა თურქეთის მოქალაქე ოსმან საიმ დინჩი.
სააქციო საზოგადოება „ჩალიკ ჯორჯია ვინდის” დირექტორთა საბჭოს წევრია ნუგზარ ხაინდრავა, რომელიც “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდშიც” მუშაობს, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს [საქართველოსა და რუსეთის].
♦ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვნილი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, “კაქტუსი” ეტაპობრივად გაგაცნობთ ქარის ენერგიის ექვსივე პროექტში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის დონეს.