Data

ჰუმანიტარული კრიზისი უკრაინაში - განახლებადი




7 აპრილი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხები უკრაინაში: უკრაინაში განსაკუთრებით მაღალია ადამიანის იმუნოდეფიციტის გამომწვევი ვირუსით [H.I.V.] და C ჰეპატიტით ინფიცირების რაოდენობა; დაბალია წითელას, პოლიომიელიტის და COVID-19 ვაქცინებით იმუნიზაციის მაჩვენებელიც.

ხალხმრავლობა და სანიტარიის დაბალი დონე, რომელიც ომსა და ლტოლვილების მომრავლებას უკავშირდება, ხელსაყელ გარემოს ქმნის ქოლერის, კუჭ-ნაწლავური ინფექციებისა და რესპირატორული ინფექციების - COVID-19-ის, პნევმონიისა და ტუბერკულოზის კიდევ უფრო მეტად გავრცელების თვალსაზრისით.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, რომლებიც უკრაინელებს ამ კრიზისის დაძლევაში ეხმარებიან, შიშობენ, რომ რეგიონში ათწლეულების განმავლობაში არსებული ინფექციური დაავადებების აფეთქების მიზეზი გახდეს, რომლის კონტროლი შეუძლებელი იქნება. 

“თუ ადამიანები მედიკამენტებს არ მიიღებენ, არის მაღალი რისკი, რომ ისინი დაავადებებისგან გარდაიცვლებიან, თუკი დაბომბვას გადაურჩენენ,” - ამბობს დმიტრო შერემბეი, რომელიც H.I.V.-ს სამკურნალო მედიკამენტებით ამარაგებს ჩერნიჰივის მაცხოვრებლებს.

უკრაინა და მისი მონათესავე რეგიონები მსოფლიოს ეპიცენტრია მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელების თვალსაზრისით, - დაავადების ამ ფორმის წინაშე კი ყველაზე ძლიერი სამკურნალო საშუალებებიც კი უძლურია. 

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ბოლო წლებში კარგად ახერხებდა კონტროლს. ომის მდგომარეობაში კი ჯანდაცვის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ დიაგნოსტირების შეფერხება და მკურნალობის დარღვევა შესაძლოა დაავადებებისა და ინფექციებისთვის განვითარებისა და ახალი აფეთქებების წინაპირობა გახდეს. 

 “გასულ წელს ტუბერკულოზის სხვადასხვა მუტაციებზე ვსაუბრობდით,” - ამბობს იანა ტარლეევა, ტუბერკულოზის პროგრამის ხელმძღვანელი უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში. “ახლა იმას ვარკვევთ, სად ხდება დაბომბვა, რეიდები და სად დგანან სამხედრო დანადგარები.”

 

11 მარტი 

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური: უკრაინის თავდაცვისა და სადაზვერვო სამინისტროს მტკიცებით, პარასკევს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო “ტერორისტული თავდასხმისთვის მოსამზადებელი სამუშაოების" დაწყება ბრძანა.

ამ მტკიცების დადასტურება შეუძლებელი გახდა, ვინაიდან უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გამოსცეს გაფრთხილება ბირთული სადგურების გარშემო არსებული საშიშროების შესახებ, თუმცა, გარე ექსპერტებმა ეს განგაში არ დაადასტურეს.

ჰუმანიტარული დახმარება: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის [UN] განცხადებით, უკრაინის ქალაქებში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ფერხდება, რადგან რუსი ძალოვნები მიწას ნაღმავენ.

UN-ის თქმით, მარიუპოლის სამშობიარო სახლი 26 სხვა სამედიცინო დაწესებულებას შორისაა, რომლებსაც რუსი ძალოვნები თავს დაესხნენ. ეს ეწინააღმდეგება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიტყვებს, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ მარიუპოლის სამშობიაროს ექსტრემისტი სამხედროები დაეხსენენ თავს და არა რუსი ჯარისკაცები.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სპიკერის, ტარიკ იასარევიჩის თქმით, მარიუპოლის სამედიცინო დაწესებულებაზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ჯანდაცვის ორი მუშაკი და 34 დაშავდა.

დილით ადრე გამოქვეყნებულ მიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 40 000-ზე მეტი მეტი მოქალაქე გაიყვანეს სუმიდან, იზუმიდან, ირპინიდან და უკრაინის სხვა დაზარალებული ქალაქებიდან და კიევში, პოლტავაში, ლვოვში, დნეპროსა და სხვა ქალაქებში გადაანაწილეს, სადაც ისინი უფრო უსაფრთხოდ არიან.

სროლა არ წყდება ვოლნოვაჰასა და მარიუპოლში. მიუხედავად საშიშროებისა, ზელენსკის თქმით, იქ მაინც გააგზავნეს ჰუმანიტარული ტვირთი მანქანებით. მიწოდების დროს უსაფრთხოების პრობლემა ისევ იქმნება. 

"ამ სატვირთოების მძღოლები გმირები არიან, რადგან მზად იყვნენ ამ მნიშვნელოვანი მისიის შესასრულებლად," - აღნიშნა მან.

ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა იცოდნენ, რომ ეს სასიცოცხლო კორიდორი იყო, რითაც გადაჰქონდათ საკვები, წყალი და სამკურნალო საშუალებები, მაინც გაუხსნეს ცეცხლი ჰუმანიტარულ ტვირთს და კიდევ ერთი ადმნისტრაციული შენობა დაბობმეს.

 

10 მარტი 

მასობრივი დაკრძალვა მარიუპოლში: ამერიკული გამოცემა "ნიუ იორკ თაიმზის" ცნობით, "ერთკვირიანი ალყის შემდეგ, სისხლით მორწყულ მარიუპოლში," საერთო საფლავში, 70 მარიუპოლელი დაკრძალეს.

საერთო საფლავი 22 მეტრის მოგრძო თხრილია, ხოლო გარდაცვლილების ნაწილი შავ პარკებში იყო მოთავსებული. მასობრივი დაკრძალვის ამსახველი მასალა "ასოშიეითიდ პრესის" ჟურნალისტმა გადაიღო.

სხვებს შორის დაკრძალავენ 6 წლის გოგონას - ტანიასაც, რომელიც უწყლობით გარდაიცვალა.

ქალაქის მერი ვადიმ ბოიჩენკო, რომელიც თავს დამარცხებულად არ თვლის და ბრძოლას აგრძელებს, ამბობს, რომ დაღუპულების ზუსტი რაოდენობის თქმა შეუძლებელია, რადგან დაბომბვა არასოდეს წყდება.

დიპლომატების შეხვედრა თურქეთში: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს დღეს, დიპლომატიურ შეხვედრაზე, რომელიც თურქეთში გაიმართა და რომელსაც რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები და თურქული მხარეები ესწრებოდნენ.

დიპლომატები მალე ბელორუსშიც შეხვდებიან.

სერგეი ლავროვმა თურქ ჟურნალისტებს უთხრა, რომ “რუსეთი სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ პირებს. რუსეთი არც უკრაინას დასხმია თავს.” ლავროვი იმეორებდა რუსულ ნარატივს, რომ რუსულმა სამხედრო ძალებმა “სპეციალური სამხედრო ოპერაცია შეასრულეს” უკრაინაში, მისივე უსაფრთხოების მიზნით. 

უკრაინისა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, აღნიშნა, რომ სერგეი ლავროვთან ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული კორიდორის შექმნის აუცილებლობას მარიუპოლში. კულებამ აღნიშნა, რომ ლავროვმა ამ კითხვაზე უპასუხა, რომ მას არ ჰქონდა ჰუმანიტარული კორიდორის შექმნაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, მაგრამ ამ სიტყვას მოსკოვში წაიღებდა. 

კრემლში აღნიშნეს, რომ შეისწავლიდნენ სამშობიარო სახლის დაბომბვის დეტალებსაც. “აუცილებლად ვკითხავთ ჩვენს სამხედროებს. ჩვენ თვითონაც არ ვიცით, რა მოხდა იქ,” - განაცხადა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

დღეს რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თურქეთის ქალაქ ანტალიაში შედგა, რომელსაც თურქეთის საგარემო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, უმასპინძლა. 

 

9 მარტი 

იერიში სამშობიარო სახლზე მარიუპოლში: სავარაუდოდ რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლში სამშობიარო სახლსა და ბავშვთა ჰოსპიტალზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა და 3 გარდაიცვალა. გამოქვეყნებულ ვიდეო მასალასა და ფოტოებში ჩანს, როგორ გამორბიან შენობიდან ორსული ქალები და სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები.

 ჩერნობილის ელექტროსადგური: უკრაინამ გამოაცხადა, რომ არსებობს ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგურიდან რადიაციის გაჟონვის რისკები, რადგან რუსმა სამხედროებმა, რომლებიც ამჟამად ელექტროსადგურს აკონტროლებენ, ელექტროენერგია გათიშეს.

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის თქმით, ელექტროენერგიის წყაროს გათიშვა უსაფრთოების მთავარი პრინციპის დარღვევაა, თუმცა, ამ დროისთვის უსაფრთოების გადაუდებელი საგანგაშო მდგომარეობის საფუძველი არ არსებობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დატვიტა, რომ ელექტროსადგურს დიზელის გენერატორები აქვს, რომლებიც 48 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს დენით მომარაგებას, რის შემდეგაც გამაგრილებელი სისტემა გაჩერდება და „რადიაციის გაჟონვის გარდაუვალი საფრთხე გაჩნდება“.

ელექტრომომარაგების შეწყვეტა საფრთხეს უქმნის 20 ტონამდე რადიოაქტიურ ნარჩენს, რაც განუწყვეტლივ უნდა გაგრილდეს, რომ რადიაციამ არ გაჟონოს და ევროპა საფრთხის წინაშე არ დადგეს.

 

♦ სხვა მოვლენები: ა.შ.შ.-ს პრეზედენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი აკრძალა. ვიცე პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, პოლონეთში გამგზავრებას აპირებს. ა.შ.შ.-მ არ მიიღო პოლონეთის შეთავაზება საკუთარი თვითმფრინავების უკრაინისთვის გერმანიის გავლით გადაცემასთან დაკავშირებით. ამერიკული კვების ბრენდები: მაკდონალდსი და კოკა-კოლა რუსეთში საქმიანობას აჩერებენ.

 

ჩერნობილის ელექტროსადგური: ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა გარკვეული “ირიბი მინიშნება” გამოხატა, რომ სააგენტო უკვე აღარ იღებს უსაფრთხოების შესახებ მონაცემებს კიევის ჩრდილოეთით მდებარე ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურზე. სააგენტოს დირექტორს დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ აღნიშნა, რომ თვითონაც არკვევდა, თვით კიევს “რა სტატუსი აქვს” მონიტორინგის სიტემაზე წვდომაზე. გასული კვირიდან ჩერნობილის ატომურ სადგურს რუსი ძალოვნები აკონტროლებენ. 

 

8 მარტი 

♦ ევაკუაცია ირპინიდან: რამდენიმე საათით, ადგილობრივად ცეცხლის დროებითი შეწყვეტის ფონზე, 2 000-ზე მეტი მოქალაქე გაიყვანეს უკრაინის ქალაქ ირპინიდან. ადგილობრივებმა პატარა დასახლებაში დღეები დაჰყვეს წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე, ვინაიდან მათ გარშემო განუწყვეტელი სროლები იყო და რუსულმა სამხედრო ძალებმა კომუნალური ინფრაქსტუქტურაც გაანადგურეს. 

♦ ატომური ენერგიის ცენტრების უსაფრთხოება უკრაინაში: ატომური ენერგიის საერთშორისო სააგენტომ, რომელიც ატომური ენერგიის სფეროს ადევნებს თვალყურს, ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული ატომური სადგურები რუსული ძალების წინაშე საფრთხის ქვეშ არიან. 

“მეტი ქმედითი ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ უკრაინაში ბურთვული ინციდენტები თავიდან ავირიდოთ. თუკი ასეთი რამ მოხდა, მისი შედეგები მწარე და აუნაზღაურებელი იქნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გარემოსთვის. მოცდის დრო არ არის,” - აღნიშნა რაფაელ გროსიმ, ატომური ენერგიის საერთშორისო სააგენტოს დირექტორმა.  

ჰუმანიტარული კორიდორი: გაეროს უსაფრთოების საბჭოზე, დიპლომატებმა და გაეროს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ საჭიროა ალყაში მყოფი მოქალაქეების გამოყვანა და მათთვის სასწრაფო დახმარების გაწევის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. 

ოფიციალური პირების თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობა წყლისა და საკვების გარეშე არის დარჩენილი, ჰოსპიტლებს სასიცოცხლო მედიკამენტების მარაგი ეწურებათ, გაქცეულ ბავშვებსა და ქალებს ესვრიან და ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებლებს უჭირთ დახმარების გაწევა. 

გაეროს ოფიციალური პირების თქმით, მხოლოდ 11 დღის განმავლობაში, 1.7-მა მილიონმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა, მათ შორის არიან ბავშვები. აქამდე უკრაინაში 406 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1 207 დაშავდა. დაიღუპა 27 ბავშვი და 42 - დაშავდა. 

დაახლოებით 100 000 ბავშვი, მათი ნახევარი სპეციალური საჭიროებებით, ცხოვრობს უკრაინის საბავშვო ინსტიტუციებში. მათი უმეტესობა ახლა რისკის ქვეშაა.

♦ ბავშვები ომის დროს: გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-ის დირექტორის, ქეთრინ რასელის თქმით, “ძალიან ბევრი ბავშვი მძიმედ ტრავმირებულია.” უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 27 ბავშვი დაიღუპა და 42 დაშავდა. 

 

7 მარტი 

♦ ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა რუსეთის მთავრობა, რომელმაც უკრაინისთვის მიუღებელი ფორმით შესთავაზა ომში მყოფ ქვეყანას ჰუმანიტარული კორიდორის შექმნა და დაზარალებულების ევაკუაცია. დღევანდელ ინტერვიუში მაკრონმა აღნიშნა, რომ “რუსების მხრიდან დამცინავი დამოკიდებულებაა, როცა ისინი რუსეთში სთავაზობენ ადამიანებს წაყვანას.”

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ოფისის თქმით, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ 406 სამოქალაქო მსხვერპლია, მათ შორის, 27 ბავშვი. 801 ადამიანი დაშავდა. გაეროს მონიტორების თქმით, რეალური მონაცემები უფრო მაღალია, მათ შორის ვოლნოვახაში, რომელიც აღებულ ქალაქ მარიუპოლთან ახლოს მდებარე დაბაა, სადაც ასობით დაზარალებულია. 

---

♦ უკრაინის მთავრობამ უარი განაცხადა კრემლის შეთავაზებაზე ათასობით უკრაინელის რუსეთში ევაკუაციასთან დაკავშირებით. უკრაინის მხარის თქმით, ეს არის ცინიკური ნაბიჯი რუსეთის მთავრობის მხრიდან, ქვეყნის 11-დღიანი დაბომბვების შემდეგ. 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის, ოლექსი დანილოვის, თქმით, რუსეთი ცდილობს გასაჭირში მყოფი “ხალხი სატელევიზიო შოუსთვის” გამოიყენოს.

---

♦ რუსეთის სამხედროები დღეს შეწყვეტენ ცეცხლს და გახსნიან ჰუმანიტარულ კორიდორებს უკრაინის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის კიევში.

კორიდორები საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პირადი მოთხოვნით გაიხსნება უკრაინის სხვა ქალაქებშიც: მათ შორის ხარკოვში, მარიუპოლსა და სუმიში.

რუსული საინფორმაციო სააგენტო RIA-ს ახალი ამბების ინფორმაციით, კორიდორის მიმართულება იქნება კიევიდან ბელორუსისკენ, ხოლო ხარკოველებს ერთადერთი კორიდორი ექნებათ, რომელიც რუსეთისკენ წავა. მარიუპოლისა და სუმის კორიდორები უკრაინის სხვა ქალაქებისა და ისევ რუსეთის მიმართულებით წავა.

მათთვის, რომლებსაც კიევის დატოვება მოუნდებათ, ასევე ექნებათ რუსეთში ფრენის საშუალებაც. რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ ისინი დრონებით დააკვირდებიან ევაკუაციის პროცესს და “ნებისმიერი გადახვევა წესებიდან უკრაინელების მხრიდან ახლა უადგილო იქნება.”

 

4 მარტი 

♦ დღეს უკრაინაში სატვირთო მანქანით წაიღეს ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გუშინ გაუგზავნა კიევს, პოლონეთის გავლით. ტვირთი მოიცავს 1 000 პაციენტისთვის საჭირო ქირურგიულ საშუალებებსა და პირველი დახმარებისთვის საჭირო სხვა სამედიცინო მოწყობილობებს, საკმარისს 150 000 მოქალაქისთვის.

 უკრაინაში ჯერ კიდევ არ შექმნილა ჰუმანიტარული კორიდორი. გუშინ შედგა შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის, რომ შეიქმნას ჰუმანიტარული კორიდორი, რაც დაშავებული მოქალაქეების გაყვანისა და სამედიცინო დახმარების მიწოდების საშუალებას შექმნის. 

≈ ≈ ≈ 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გუშინდელი სხდომა უკრაინის ომსა და იქ არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს მიეძღვნა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ორგანიზაცია მზადაა დაეხმაროს უკრაინელ ხალხს და ადგილობრივ ჯანდაცვის სისტემას.

პირველი დახმარების საშუალებებით დატვირთული გემი დღეს შევა პოლონეთში, სადაც ათასობის პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო მოწყობილობებსა და პირველი დახმარების საშუალებებს მიიტანენ. 

ღებრეისუსის თქმით, W.H.O.-მ კონფლიქტამდე კიევის 23 კლინიკა სასწრაფო დახმარების საშუალებებით მოამარაგა. კიევის კლინიკებს ისინი ამჟამად ფიზიკურად ვერ ეხმარებიან. 

“სასწაფოდ უნდა შეიქმნას ჰუმანიტარული კორიდორი, რომ ჰუმანიტარულმა მუშაკებმა შეუზღუდავად მიიღონ წვდომა იმ ხალხთან, რომლებსაც დახმარება სჭირდება,”  - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ორგანიზაციას აქვს არაერთი დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ჰოსპიტლებზე სამხედრო თავდასხმები მიმდინარეობს. ამათგან ერთი დადასტურებულია, რომლის თანახმადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 10 - დაშავდა, მათ შორის, 6 ჯანდაცვის სფეროს მუშაკი. 

გებრეისუსის თქმით, ჯანდაცვის სისტემზე დარტყმა ეწინააღმედეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. 

 

COVID-19 პანდემია უკრაინაში

ომამდე, ღებრეისუსის თქმით, უკრაინაში COVID-19 ინფექციის დიდი  აფეთქება იყო. ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელიც ამის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.

დაბალია ტესტირების რაოდენობაც, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ახალი შემთხვევები ჯეროვნად ვერ ვლინდება.

Our World in Data-ს მონაცემებით, უკრაინაში მოსახლეობის მხოლოდ 35% არის ვაქცინირებული ორივე დოზა COVID-19  ვაქცინით.

 

ჟანგბადი

უკრაინაში ჟანგბადის მწვავე დეფიციტიცაა: უკრაინის 3 ძირითადი ჟანგბადის ქარხანა დაკეტილია. ჯანმოს ხელმძღანელის თქმით, ორგანიზაცია ცდილობს, უსაფრთხოდ მიაწოდოს უკრაინას ჟანგბადი მეზობელი ქვეყნებიდან და მიიტანოს ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა. 

"სატვირთოებს უჭირთ ჟანგბადის ტრანსპორტირება ქარხნებიდან ჰოსპიტლებამდე, მათ შორის, კიევამდე. კლინიკების უმეტესობას ჟანგბადის მარაგი, შესაძლოა, 24 საათში ამოეწუროს. ზოგს უკვე ამოეწურა. 

ჟანგბადის მწარმოებელ ქარხნებს ცეოლითის ნაკლებობაც აქვთ. ცეოლითი აუცილებელი ქიმიური პროდუქტია სამედიცინო ჟანგბადის საწარმოებლად და ის, უმეტესად, იმპორტირდება," - წერია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მცირე ანგარიშში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>