უკვე საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ფილმმა “Reefer Madness” ამერიკის შეერთებული შტატები მარიხუანას მოხმარების რისკებზე პირველად დააფიქრა სერიოზულად. მას მერე დიდი ხანი გავიდა, პოლიტიკოსებმა და მედიკოსებმა კი ისევ აიმაღლეს ხმა თრობის ამ საშუალების სავარაუდო მავნეობაზე.
სპეციალისტები ამჟამად ორი სახის კანაფს გამოყოფენ: ე.წ. "ახალ კანაფს", რომელიც ლეგალურია, ძალზე ძლიერმოქმედია და სხვადასხვა სახით - ტაბლეტების, ტკბილეულში დანამატისა და შესასუნთქი სახით არსებობს და კანაფის "ძველ ვერსიას" - შედარებით მსუბუქი მოქმედების სარეველა მცენარეს, რომელსაც 'ჯოინთის' სახით, მომხმარებლები ერთმანეთს უნაწილებენ.
ბოლო სამი ათწლეულია, რაც დიზაინი იხვეწება და კანაფი უკვე ისეთი სახით იყიდება, რომელშიც ტეტრაჰიდროკანაბინოლის (T.H.C. - Tetrahydrocannabinol) კონცენტრაცია უფრო და უფრო მაღალია (ტეტრაჰიდროკანაბინოლი კანაფის სწორედ ის ბიოლოგიური ინგრედიენტია, რომელიც გუნება-განწყობას ამაღლებს). ამერიკის ზოგ შტატში კანაფის ისეთი რაფინირებული შესასუნთქი კარტრიჯიც კი იყიდება, რომელიც ლამის მხოლოდ ცარიელ აქტიურ აგენტს (T.H.C., ტეტრაჰიდროკანაბინოლი) შეიცავს და სხვა არანაირ მინარევს.
სპეციალისტები ძირითადად იმას იკვლევენ, არსებობს თუ არა კავშირი ახალგაზრდებში მარიხუანას დიდი დოზით მოხმარებასა და ფსიქოზს შორის. ექიმებმა ამ კავშირის შესახებ პირველი ეჭვები დაახლოებით 70 წლის წინ გამოთქვეს; მას შემდეგ მტკიცებულებები უფრო და უფრო გროვდება და მყარდება. წიგნში “უთხარი შენს შვილებს”, რომელიც მალე უნდა გამოქვეყნდეს, ავტორი ალექს ბერენსონი, ნიუ-იორკ ტაიმზის ყოფილი ჟურნალისტი, ამბობს, რომ მარიხუანას ლეგალიზება ახალგაზრდებს შიზოფრენიისა და სხვა ფსიქიკური სინდრომების საფრთხის წინაშე დააყენებს.
ამ აზრს კრიტიკოსებიც ჰყავს, მათ შორის, პატივსაცემი მეცნიერები და მკვლევრები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს მოსაზრება გადაჭარბებულია და მეცნიერებას არც მთლად ასეთი კატეგორიული მტკიცებულებები აქვს ამ მოსაზრების გასამყარებლად.
შესაძლებელია თუ არა, რომ კანაფის გამოყენებამ გამოიწვიოს ფსიქოზი?
დიახ, შესაძლებელია. თუმცა, იგივეს იწვევს კაფეინის, ნიკოტინის, ალკოჰოლის, სტიმულატორებისა და ჰალუცინოგენების ზედმეტად გამოყენება. ფსიქოზი სიმპტომია: დროებითი დეზორიენტაცია, რომელიც ჰალუცინაციას ჰგავს, როცა უცნაური ფიგურები გელანდება და უცნაური ხმები ჩაგესმის, რაც პარანოიასა და შიშს იწვევს.
ხალხის უმრავლესობას, რომლებსაც ასეთი ფსიქოტური მოვლენები აქვთ მოხმარების დროს, ყოველთვის არ უვითარდებათ მდგრადი შიზოფრენია, რომელიც ფსიზოქის ეპიზოდებს მოიცავს, წლების განმავლობაში გრძელდება და კოგნიტურ პრობლემებსა და სოციალურ იზოლაციას იწვევს.
იწვევს თუ არა კანაფის ხშირი გამოყენება შიზოფრენიასა და სხვა სინდრომებს?
ეს დიდი კითხვაა, რაზეც ერთმნიშნელოვანი პასუხი არ არსებობს. აქამდე არსებული სამეცნიერო მტკიცებულებები არაა საკმარისად მყარი, რომ ამაზე ცალსახა პასუხი გავცეთ. ტოპ-მეცნიერებიც კი, რომლებიც მარიხუანას იკვლევენ, ორად არიან გაყოფილნი და ერთი და იგივე მონაცემებისგან სხვადასხვა შინაარსის დასკვნები გამოაქვთ.
"მარიხუანას კვლევაში 25 წელია ჩართული ვარ და თვით აკადემიის წარმომადგენლებშიც კი აზრი გაყოფილია,” - ამბობს მარგარეტ ჰეინი, ნეირობიოლოგიის პროფესორი კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში. - “მარიხუანას კვლევის ‘უსიერ ტყეში’ მკვეთრი ბილიკი სიმართლისკენ ჯერ-ჯერობით გაკვალული არ არის.”
დებატები, ძირითადად, შიზოფრენიისა და მარიხუანას მოხმარების კორელაციისა და კაუზალობის (მიზეზ-შედეგობრივ კავშირს) დამტკიცებას ეხება. ხალხი, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ, ხშირად მოიხმარენ კანაფს; ეს საკმაოდ სერიოზული კორელაციაა, რომელსაც ზურგს არაერთი კვლევა უმაგრებს. მაგრამ გაურკვეველია, რომელი ჩამოყალიბდა პირველად: კანაფის მიღების ჩვევა თუ ფსიქოზი.
ფსიქოზი ბავშვებსაც ემართებათ და მოგვიანებით შიზოფრენიაც უვითარდებათ, რასაც პერიოდულად უცნაური შიშები და ფანტაზიები ახლავს თან, რომელიც ჩვეულებრივი ფსიქიკის მქონე ბავშვისთვის უცხოა. ეს ყველაფერი მანამდე ხდება, სანამ ბავშვი კანაფის მოხმარებას დაიწყებს. გარდა ამისა, ვინც მარიხუანას მოიხმარს, ის სხვა რამეებსაც იყენებს ხოლმე ხშირად: მაგალითად, ალკოჰოლს ან სიგარეტს. ეს ყველაფერი კი მეცნიერებს ხელს უშლის უფრო ზუსტი კავშირის დადგენაში.
ავიღოთ სიგარეტი (რომლის აქტიური აგენტია ნიკოტინი), რომელიც გონების ცვლილებაზე ყველაზე ნაკლებად მოქმედ ნივთიერებად ითვლება. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა დოქტორ კენეტ ს. ქენდლერის ხელმძღვანელობით, ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ორ მილიონ შვედზე დაკვირვების მონაცემები გააანალიზეს.
მონაცემები დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა: მონაწილეებს მეცნიერები ადრეული ზრდასრულობიდან - როცა შიზოფრენია ვითარდება - შუახნის ასაკამდე აკვირდებოდნენ და აგროვებდნენ მათზე მონაცემებს. ადრე ითვლებოდა, რომ მოწევა ფსიქიკური აშლილობის განვითარების ერთ-ერთი პრედიქტორი იყო. აშლილობების განვითარების ალბათობას ექიმები დოზასაც უკავშირებდნენ: რაც უფრო მეტს ეწეოდა ადამიანი, მით მეტი იყო დაავადების განვითარების რისკი.
ნიკოტინისა და კანაფის სიძლიერე ერთმანეთთან ვერ მივა ფსიქოტური დაავადებების პროვოცირების თვალსაზრისით, თუნდაც იმიტომ, რომ მათი ყოველდღიური ზემოქმედება სხვადასხვანაირია: ერთი მსუბუქი მასტიმულირებელია, მეორე - ბევრად ძლიერი.
დღეს ზოგი მეცნიერი ნიკოტინს სწავლობს და განიხილავს, როგორც შიზოფრენიის სიმპტომებისგან ნაწილობრივი განკურნების საშუალებასაც: ნიკოტინი ასუსტებს და აჩლუნგებს გონებისა და მეხსიერების აშლილობის სიმპტომებს, ერთგვარ ‘რელაქსანტადაც’ განიხილება.
ბიოლოგიურად არის თუ არა შესაძლებელი, რომ კანაფმა ფსიქოტური აშლილობები გამოიწვიოს?
დიახ, შესაძლებელია. ფსიქოტური მდგომარეობის ნევროლოგიური მიზეზების ასახსნელად ტვინის შემსწავლელ მეცნიერებს მწირი ინფორმაცია და მონაცემები აქვთ. იციან ის, რომ აშლილობის ფორმირებაში ასობით ერთნაირი ტიპის გენია ჩართული. შიზოფრენია არ არის მარტივი ტიპის აშლილობა; მისი ქოლგის ქვეშ არაერთი აუხსნელი პრობლემა ერთიანდება, რომელიც ფსიქოზსა და სხვა ცნობილ სიმპტომებს მოიცავს, რაც ადამიანს პერიოდულად სულ უბრუნდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ამ ბუნდოვანების მიუხედავად, მონაცემები ბიოლოგიური მექანიზმის უტყუარ არსებობაზე მაინც მიუთითებს. ფსიქოტური აშლილობები ადრეულ მოზარდობაში ვითარდება, როცა ტვინი ბიოლოგიურად იზრდება და იცვლება. თინეიჯერობის ასაკში ტვინი არასაჭირო ან ზედმეტ ნერვულ გადამცემებს - სინაფსებს - ამცირებს და ოპტიმალურ რაოდენობამდე დაჰყავს. ამ პროცესს სინაპტიკური ოპტიმიზაცია ეწოდება.
ნერვული გადამცემების - სინაფსების შემცირება, მათი ‘მონტაჟი’ ტვინის მიერ მის წინა, პრეფრონტალურ კორტექსში, ანუ ტვინის შუბლის წილში ხდება. ტვინის ეს ნაწილი ფიქრსა და დაგეგმვაზეა პასუხისმგებელი, ხოლო ფსიქოტური მოვლენების დროს ეს ნაწილიც ძლიერი ზემოქმედების ქვეშ ექცევა და იცვლება.
ტვინის ეს რეგიონი განსაკუთრებულად მდიდარია ე.წ. CB1 რეცეპტორებით, რომლებიც ასევე არიან ჩართულნი გვიანდელი ბავშვობიდან ადრეულ მოზარდობამდე ტვინის სინაპტიკური ოპტიმიზაციის პროცესში და ასევე აქტიურდებიან კანაფის მიღების დროს.
ტვინის ჩამოყალიბების დროს დამატებითი ფაქტორებით გამოწვეულმა ცვლილებებმა (როგორიცაა კანაფის გამოყენება), შესაძლოა, გაზარდოს შიზოფრენიის რისკი, ჰარვარდისა და Broad Institute-ის კვლევებს თუ დავეყრდნობით. 2016 წლის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებში ერთი და იგივე ტიპის გენის მუტაცია ხდება, რომელიც ტვინის სინაპტიკურ ოპტიმიზაციას აჩქარებს.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი რიგითი ადამიანისთვის?
შესაძლოა, სპეციალისტები დავობენ იმაზე, იწვევს თუ არა კანაფის მოხმარება ფსიქოტურ აშლილობებს, მაგრამ ყველა თანხმდება რისკების შემცირების გზებზე.
ფსიქოტური აშლილობები თაობებს შორის გადადის. შესაბამისად ადამიანები, ვისაც ამის ოჯახური ისტორია და გენეტიკური მიდრეკილება/მოწყვლადობა აქვს, შიზოფრენიის განვითარების რისკის ჯგუფში არიან. კვლევები ამტკიცებენ, რომ ფსიქოტური აშლილობის გენეტიკური მიდრეკილების მქონე ხალხზე მარიხუანას მოხმარებას სხვანაირი გავლენა აქვს, ვიდრე იმათში, ვისაც ფსიქოზის ოჯახური ისტორია არ აქვთ.
აქამდე არსებული სამეცნიერო მონაცემები აჩვენებს, რომ ოჯახური ისტორია ფსიქოტური აშლილობის განვითარების რისკს ბევრად უფრო ზრდის, ვიდრე კანაფის მოხმარება. 2014 წელს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა ჯგუფის - ეშლი ს. ქროულისა და დოქტორ ლინ ე. დილაიზის ხელმძღვანელობით ჩატარებულ კვლევაში ჩართეს ისეთი პირები, რომლებიც კანაფს მოიხმარდნენ; მათგან ზოგს ჰქონდა შიზოფრენიის ოჯახური ისტორია, ზოგს - არა. მეცნიერებმა გაითვალისწინეს და კვლევაში ისეთი ხალხი ჩართეს, რომლებიც კანაფის გარდა, სხვა სტიმულატორებს არ იყენებდნენ - აქამდე კომბინირებული მოხმარება შედეგების ანალიზს ხელს უშლიდა.
შედეგი ასეთი იყო: შიზოფრენიის განვითარების რისკი ოჯახური ისტორიის მქონე პირებს შორის უფრო მაღალი იყო, მიუხედავად იმისა, იყენებდნენ თუ არა ისინი კანაფს.
"ჩემი კვლევა ცხადად აჩვენებს, რომ მხოლოდ კანაფის გამოყენება ერთმნიშვნელოვნად არ იწვევს შიზოფრენიას,” - თქვა დოქტორმა დილაიზმა. - “ამისთვის გენეტიკური მიდრეკილება აუცილებელია. ამ და სხვა კვლევებმა აჩვენეს, რომ ახალგაზრდას, რომელიც გენეტიკურადაც მიდრეკილია ფსიქოტური აშლილობებისკენ და კანაფსაც მოიხმარს გვიანდელი ბავშვობიდან 25 წლის ასაკამდე პერიოდში - როდესაც ტვინის მომწიფება და საბოლოო ფორმირება ხდება, შიზოფრენიის განვითარების უფრო მეტი რისკი აქვს.”
იმის გამო, რომ მარიხუანა ამდენი ხანია, რაც არალეგალური იყო, კვლევები მისი მოხმარების შედეგებზე დიდად არ ტარდებოდა, თუმცა სიტუაცია იცვლება. ამერიკის ჯანმრთელობის ინსტიტუტმა ახლახან 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი დაიწყო, სადაც 9-10 წლის ბავშვებს ზრდასრულობამდე დააკვირდებიან, რათა ეს კავშირი ან დადგინდეს, ან გამოირიცხოს.
უახლოეს მომავალში ექსპერტების მოსაზრებები, ალბათ, განსხვავებული იქნება.
"ჩვეულებრივ, ამ შინაარსის კვლევები ზოგჯერ ექსტრემალურია - "ცა ჩამოიქცა" სიმძაფრის და შინაარსის, “ - ამბობს დოქტორი ჯეი გაიდი, კალიფორნიაში სან დიეგოს უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი. - “მეცნიერები საფრთხეებს ხშირად აბუქებენ, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდას უდგინდება ამა თუ იმ სახის ‘პარანოია.’”
რომ შევაჯამოთ: ე.წ. ‘ახალი თაობის’, რაფინირებული, ძლიერი მოქმედების მქონე კანაფის რეგულარულად მოხმარება ახალგაზრდას, თუ ის ისედაც გენეტიკურად მიდრეკილია ფსიქოტური აშლილობებისკენ, შიზოფრენიის განვითარების უფრო მეტი რისკის წინაშე აყენებს. ამ მოსაზრებას კი ნამდვილად ყველა მეცნიერი იზიარებს.
სტატია პირვალად გამოქვეყნდა The New York Times-ში, 2019 წლის 17 იანვარს.
სტატიის ავტორი: ბენედიქტ ქერი
თარგმანი: ცირა გვასალია
Photo Credit © Carlos Osorio/Reuters