მიუხედავად ასაკით გამოწვეული დემენციის და კოგნიტური დაქვეითების მნიშვნელობისა, მათი გამომწვევი ისეთი რისკ-ფაქტორების დადგენა, რომელზეც ზემოქმედება შეიძლება, იშვიათად ხერხდება. ერთი მოდელის მიხედვით, ისეთ სამკურნალო ჩარევას, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებას ორი წლით შეანელებდა, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში შემთხვევათა რაოდენობის 2 მილიონით შემცირება შეუძლია.
გარემოს დაბინძურება ერთი ასეთი პოტენციური რისკ-ფაქტორია, რომელიც შესაძლოა კოგნიტურ დაქვეითებაზე გავლენას ახდენდეს და რომელიც — მაგალითად გენეტიკური მიდრეკილებისგან განსხვავებით — კონტროლს ექვემდებარება.
გარემოს დაბინძურების ერთერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ჰაერის შეწონილი ნაწილაკებით დაბინძურებაა. სხვადასხვა გზით ჰაერში მოხვედრილი მყარი ნაწილაკები, ჭვარტლი და მტვერი გარემოში დიდხანს რჩება, იქიდან კი ადამიანის სხეულშიც ხვდება.
კავშირები ჰაერის ფონურ დაბინძურებასა და სიკვდილიანობას, ისევე როგორც ჯანმრთელობის სხვა მაჩვენებლებს შორის, არაერთხელ დადასტურებულა. ასეთი კვლევები, ყველაზე ხშირად, გულსისხლძარღვთა და სასუნთქი გზების პრობლემებს ეხება.
თუმცა, მსგავსი კვლევები, რომელიც ჰაერის დაბინძურებას ასაკით გამოწვეულ კოგნიტიურ დაქვეითებას დაუკავშირებდა, თითქმის არ ჩატარებულა. აქ განხილული კვლევა პირველია, რომელიც ჰაერის შეწონილი ნაწილაკებით დაბინძურებას ქალებში კოგნიტურ დაქვეითებას პირდაპირ უკავშირებს.
მასალები და მეთოდები
მონაცემთა შესაგროვებლად კვლევის მონაწილეთა პირველადი შერჩევა, 70-ს გადაცილებული ასაკის ქალთა შორის, 1995 წლიდან 2001 წლამდე მიმდინარეობდა. კვლევისთვის ამერიკის თერთმეტი შტატიდან ისეთი ქალები შეირჩა, ვისაც ინსულტი გადატანილი არ ჰქონდათ და ვინც თანახმა იყო წლების მანძილზე სხვადასხვა კოგნიტურ ფუნქციებთან დაკავშირებული ტესტები გაეარა. სულ შეირჩა 19, 409 ქალი.
მონაწილე ქალებმა კოგნიტური უნარების შეფასება სამჯერ გაიარეს. პირველად - კვლევაში ჩართვისას, შემდეგ კი 1997-2004 და 2002-2008 წლებში. მონაწილე ქალთა 83%-მა შეფასების სამივე ეტაპი გაიარა.
კოგნიტური უნარების შეფასება სატელეფონო ინტერვიუების მეშვეობით მიმდინარეობდა, სადაც მკვლევარები მონაწილე ქალებს მეხსიერებისა და აზროვნების ფართოდ გავრცელებულ ტესტებს უტარებდნენ. ერთ ასეთი ტესტში მკვლევარი მონაწილე ქალს 10-სიტყვიანი სიის დამახსოვრებას და შემდეგ გამეორებას სთხოვდა.
სხვა ტესტი მონაწილეს მოსმენილი პარაგრაფის შინაარსის გადმოცემას ავალებდა, კიდევ ერთ ტესტში კი მონაწილე ქალებს 1 წუთში ცხოველთა რაც შეიძლება მეტი სახეობის დასახელება უწევდათ. ამ ტესტების მეშვეობით მონაწილე ქალთა კოგნიტური მდგომარეობის მონაცემთა ბაზა შედგა, სადაც მათი უნარების ცვლილება წლების მიხედვით განისაზღვრა.
კოგნიტური მდგომარეობისა და მისი ცვლილების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასთან ერთად, მკვლევარები — ამერიკის გარემოს დაცვის სახელმწიფო სააგენტოს გეოგრაფიულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით — მონაწილე ქალთა საცხოვრებლის გარშემო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებსაც აგროვებდა.
მკვლევარებმა მონაწილე ქალთა საცხოვრებელ გარემოში შეწონილი ნაწილაკების ორი მთავარი კატეგორიის — PM 2.5 და PM 2.5-10 — კონცენტრაცია აღრიცხეს. ეს კატეგორიები ჰაერში გაბნეულ ნაწილაკებს, საშუალო დიამეტრის მიხედვით, ორად ჰყოფს: PM 2.5 ყველაზე მცირე ზომის ნაწილაკებს მოიცავს, რომელთა დიამეტრიც 2.5 მიკრომეტრს არ აღემატება, PM 2.5-10-ში კი ის ნაწილაკები შედის, რომელთა დიამეტრიც 2.5სა და 10 მიკრომეტს შორისაა.
კოგნიტური შეფასებებისა და ჰაერის დაბინძურების მონაცემთა სტატისტიკური ანალიზით მკვლევარებმა მათი ერთმანეთთან დაკავშირება შეძლეს.
შედეგები
აღმოჩნდა, რომ ასაკოვან ქალთა შორის ჰაერის როგორც უმცირესი [PM 2.5], ისე საშუალო [PM 2.5-10] ზომის ნაწილაკებით დაბინძურება კოგნიტურ დაქვეითებას მნიშვნელოვნად აუარესებს.
სტატისტიკური ანალიზის მიხედვით შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაციის 10 მკგ/მ3-იანი ზრდა კოგნიტურ დაქვეითებას, საშუალოდ, 2 წლით ასწრაფებს/აჩქარებს.
ქალებს, ვინც უფრო დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობდნენ - ანუ იქ, სადაც ჰაერში შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო — კოგნიტური დაქვეითების ისეთივე განვითარება აღენიშნებოდათ, როგორიც მათზე 2 წლით უფროს ქალებს.
ეს კავშირი შეწონილი ნაწილაკების ორივე კატეგორიის შემთხვევაში დადასტურდა და მაშინაც შენარჩუნდა, როცა მკვლევარებმა ანალიზში სხვა ცვლადები — სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა და ცხოვრების წესი — შეიტანეს.
კოგნიტური დაქვეითების გაუარესება გამოიკვეთა მაშინ, როცა ქალები დაბინძურებულ გარემოში დიდხანს, მინიმუმ ხუთი წლის მანძილზე, ცხოვრობდნენ.
განხილვა
ამ კვლევაში გამოვლენილი კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და კოგნიტურ დაქვეითებას შორის გასაკვირი არაა. მსგავსი კავშირების არსებობას ადასტურებს არაერთი კვლევა, რომელიც ცხოველებზე ჩატარებულა — მაგალითად თაგვებზე ჩატარებული კვლევა კალიფორნიაში, სადაც გამოვლინდა, რომ ჰაერში შეწონილი ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია მღრღნელების ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს და მასში ანთებითი პროცესების დაწყებას უწყობს ხელს.
რა მექანიზმით ზემოქმედებენ მტვრის ნაწილაკები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე?
აქამდე დაგროვდა რამდენიმე სახის არაპირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მიგვანიშნებს, რომ შეწონილი ნაწილაკები, შესაძლოა, კოგნიტურ დაქვეითებას იწვევდეს.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ შეწონილ ნაწილაკებს ტვინის ქსოვილში მოხვედრა სისხლის მიმოქცევის, ან სასუნთქი გზებით — ყნოსვითი ბოლქვის გავლით — შეუძლია. როგორც ჩანს, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მოხვედრილ მცირე ზომის ნაწილაკებს სისტემის ფუნქციონირებაზე ნეგატიური გავლენა აქვთ. ცხოველთა რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერის დამაბინძურებლებთან შეხება ტვინში ანთებითი პროცესების ჩამოყალიბებას უკავშირდება.
ერთ ასეთ ექსპერიმენტში თაგვების სხვადასხვა ჯგუფებს სუფთა/გაფილტრული, მცირე ზომის ნაწილაკებით დაბინძურებული, ან მცირე და ძალიან მცირე ზომის ნაწილაკების ნაზავით დაბინძურებული ჰაერი მიეწოდებოდათ, რომელიც ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში შეგროვდა. ორი კვირის შემდეგ, იმ თაგვებს, რომლებსაც შეწონილი ნაწილაკებით დაბინძურებული ჰაერი მიეწოდებოდათ, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, უფრო მეტი ანთებითი კერა აღმოაჩნდათ.
კიდევ ერთ ასეთ კვლევაში გამოვლინდა, რომ ძაღლებში, რომლებიც მეხიკოს დაბინძურებულ უბნებში ცხოვრობდნენ, ნაკლებად დაბინძურებული უბნების მაცხოვრებელ ძაღლებთან შედარებით, უფრო მეტი ნერვული ქსოვილის დეგენერაცია, ცერებროვასკულარული პათოლოგია და გლიალური უჯრედების აპოპტოზი [სიკვდილიანობა] აღენიშნებოდათ.
34-დან 83 წლამდე 19 ადამიანის ავტოფსიური კვლევის შედეგად, გარდაცვლილებს, რომლებიც დაბინძურებულ ქალქებში ცხოვრობდნენ, ჰოპოკამპუსსა და შუბლის ქერქში cyclooxygenase-2-ის [ანთებითი მედიატორის] უფრო მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩნდათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ ქსოვილში ამილოიდ-β42-ის კონცენტრაციაც, რომელიც ამილოიდური დისტროფიის უტყუარი ნიშანია, უფრო მომატებული აღმოჩნდა.
სავარაუდოა, რომ გამოვლენილ ეფექტს ჰაერის დაბინძურება გულსისხლძარღვთა სისტემის დაზიანების გავლით ქმნის. სისხლის ჯანმრთელი მიმოქცევა ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, დაბინძურებული ჰაერი კი გულსისხლძარღვთა სისტემის რამდენიმე დაავადებასთანაა დაკავშირებული.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვლევაში მოხვედრილი ქალები განსაკუთრებით დაბინძურებულ რეგიონებში არ ცხოვრობდნენ. კვლევაში მოხვედრილ რეგიონებში დაფიქსირებული შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაცია ამერიკის შეერთებული შტატების საშუალო მაჩვენებლებისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა.
ეს მიგვანიშნებს, რომ ასაკოვან ქალთა კოგნიტურ დაქვეითებაზე დაბინძურებული ჰაერის გავლენა მნიშვნელოვნად დამაზიანებელი მხოლოდ მაშინ არაა, როცაა გარემო განსაკუთრებით დაბინძურებულია. შეწონილი ნაწილაკების დღეს გავრცელებული საშუალო კონცენტრაციასაც კი დემენციისა და კოგნიტური დაქვეითების მნიშვნელოვნად დაჩქარება შეუძლია.
♦ კვლევა Exposure to Particulate Air Pollution and Cognitive Decline in Older Women თარგმნა გიორგი ცინცაძემ. გიორგი არის ჩიკაგოს უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მეცნიერებების მაგისტრი
♦ სტატიის თარგმანი ნაწილია 'კაქტუს-მედიის' პროექტისა "ჰაერის დაბინძურება და ქალთა ავადობები," რომელიც 'ქალთა ფონდი საქართველოში' Women's Fund in Georgia მხარდაჭერით ხორციელდება და რომელიც გარემოს დაბინძურებასა და ქალთა ავადობების გავრცელებას შორის კავშირს სწავლობს.
ჰაერის დაბინძურებასა და ქალთა ჯანმრთელობას შორის არსებულ კავშირებზე გაეცანით ჩვენ მომზადებულ სხვა მასალებს:
► ძუძუს კიბო და მწვანე სივრცეები
► გარემო და ფარისებრი ჯირკვლის კიბო
► ჰაერის დაბინძურება და ქალთა უნაყოფობა
► ძუძუს კიბო და აზოტის დიოქსიდი