|
მეცნიერება
ნარკოტიკებთან დაკავშირებული ინფექციური დაავადებები
ადამიანები, რომლებიც ინექციის საშუალებით მოიხმარენ ნარკოტიკებს
მიუხედავად იმისა, რომ ნარკოდამოკიდებულების სამკურნალო ცენტრების მტკიცებულებები და მონაცემები იძლევიან იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ინექციის გზით ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებში, ნორვეგიასა და თურქეთში მცირდება, ამ ჯგუფში მაინც მაღალია სისხლით გადამდები ვირუსებისა და სხვა ინფექციების გავრცელების რისკი.
2018 წლის მდგომარეობით, სავარაუდო ეროვნული მასშტაბით, კვიპროსზე, ნიდერლანდებში და ესპანეთში ყოველ 1,000 მოსახლეზე 1-ზე ნაკლები ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი მოდის, ხოლო ჩეხეთში, ესტონეთსა და ლატვიაში ეს რიცხვი 5-ზე მეტია.
მიუხედავად იმისა, რომ ჰეროინი ინექციის გზით მოხმარებულ ყველაზე გავრცელებულ ნარკოტიკად რჩება ევროპაში, ისეთი სტიმულატორები, როგორებიცაა კოკაინი, ამფეტამინები და სინთეზური კათინონები, ასევე ინექციის გზით გამოიყენება და ზოგიერთ ქვეყანაში მათი მოხმარება უფრო ჭარბობს.
ვირუსული ჰეპატიტების მძიმე ტვირთი
C ჰეპატიტის ვირუსი [HCV] ყველაზე გავრცელებული სისხლით გადამდები ვირუსია იმ ადამიანებში, რომლებიც ნარკოტიკებს ინექციის გზით მოიხმარენ. ამავდროულად, ბევრი ქვეყანა აცხადებს, რომ C ჰეპატიტის ვირუსის ანტისხეულები ფართოდ ვლინდება [ეს ვირუსით დაინფიცირების ნიშანია] ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლების 50 პროცენტში. მაშინ, როდესაც B ჰეპატიტის ვირუსის [HBV] ზედაპირული ანტიგენის გავრცელების მაჩვენებელი [ნიშანი იმისა, რომ პირი ამჟამადა დაინფიცირებულიქ] იმ ადამიანთა შორის, რომლებიც ნარკოტიკებს ინექციის საშუალებით მოიხმარენ, უმეტეს ქვეყნებში 5 პროცენტზე ნაკლებია, ეს ვირუსი მაინც ინექციით მომხმარებლებს შორის უფრო მეტად გავრცელებულია, ვიდრე ჩვეულებრივ მოსახლეობაში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ვირუსის ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა ხელმისაწვდომია ხსენებულ ქვეყნებში.
ინდივიდები, რომლებიც ქრონიკულად დაინფიცირებულად რჩებიან, ციროზისა და კიბოს რისკის ქვეშ არიან. ინექციისთვის გამოყენებული, მათ სისხლთან შემხებლობაში არსებული ნივთების გაზიარებით, შესაძლოა, ვირუსი სხვებსაც გადასდონ.
აივ ინფექციის შემთხვევების ზოგადი რაოდენობა შემცირებულია, თუმცა დაავადების გავრცელების ახალი შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია სტიმულანტების ინექციის გზით გამოყენებასთან, კვლავაც ფიქსირდება
მაშინ, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკებს ინექციის გზით იღებენ, იმუნოდეფიციტის ვირუსით ახლად დაინფიცირებულ შემთხვევათა მცირე რიცხვს მიეკუთვნებიან ევროკავშირში, ნორვეგიასა და თურქეთში [ახალი შემთხვევების 5 პროცენტზე ნაკლებს 2017 წელს], ინექციის გზით ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული იმუნოდეფიციტის ვირუსის დიაგნოსტიკა გვიან ხდება და იმუნოდეფიციტის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები კვლავაც ფიქსირდება ევროპაში [გერმანია, ლიეტუვა და გაერთიანებული სამეფო].
ახლადდაფიქსირებული იმუნოდეფიციტის მასობრივად გავრცელების შემთხვევები ბავარიაში, რომელიც ამ ანგარიშშიცაა მოყვანილი, ემატება იმუნოდეფიციტის გამომწვევი ვირუსის გავრცელების შემთხვევათა სხვა სიას, რომელიც დაინფიცირებას სტიმულანტების ინექციის საშუალებით გამოყენების გაზრდილ შემთხვევებს უკავშირებს: დუბლინი 2014-15 [სინთეტიკური კათინონები, ალფა-PVP], ლუქსემბურგი 2014-17 [კოკაინი] და გლაზგო 2015 [კოკაინი].
ჩარევის ძირითადი მექანიზმები: პრევენცია, ტესტირება და მკურნალობა
აივ ინფექციისა და შიდსის ეპიდემიასთან ბრძოლა, მისი საბოლოო აღმოფხვრა და ვირუსულ ჰეპატიტებთან ბრძოლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იქნება ზიანის შემცირების სერვისების გაზრდა იმ ადამიანებისთვის, ვინც ნარკოტიკულ საშუალებებს ინექციის გზით მოიხმარენ; აგრეთვე დიაგნოსტიკაზე და ეფექტურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა [ანტირეტროვირუსული თერაპია და პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მკურნალობა].
მიუხედავად იმისა, რომ კარგად არის დასაბუთებული პრევენციული ზომების ხარჯების ეფექტურობა - მაგალითად ისეთების, როგორებიცაა ნემსისა და შპრიცის პროგრამები და ოპიოიდების ჩამნაცვლებლებით მკურნალობა, პრევენციული ზომების ეროვნულ დონეზე მოცვა ბევრ ევროპულ ქვეყანაში, EMCDDA-ს დაკვირვებით, კვლავაც არადამაკმოყოფილებელია.
მაშინ, როდესაც აივ ინფექციის მატარებელი ადამიანები მეტად არიან განებივრებულნი ყურაღებით, იგივეს ვერ ვიტყვით C ჰეპატიტის მატარებელ ადამიანებზე: მეტი ბარიერი არსებობს ამ ვირუსის ტესტირებასა და პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მკურნალობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.
♦ მასალა მოამზადა ნანა ნასყიდაშვილმა. მასალა მომზადებულია ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის [The European Monitoring Centre for Drugs and Drug Addiction, EMCDDA] ანგარიშის მიხედვით. ხსენებული ცენტრი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მდებარეობს და ევროკავშირის მასშტაბით ამ სფეროში მიმდინარე მოვლენებს იკვლევს.
♦ თარგმანი მომზადებულია პროექტის - “ნარკოტიკების ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში, რომელიც “ღია საზოგადოების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს დონორის პოზიციას.
|