Data

ახალგაზრდების ცნობიერება ნარკოტიკებზე




კვლევამ, რომელიც “კაქტუს-მედიის”დაკვეთით და "ღია საზოგადოების ფონდის" მხარდაჭერით, “საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაციამ” ჩაატარა, თბილისში, კლუბური ცხოვრებისა და მუსიკალური ფესტივალების კონტექსტში, ნარკოტიკების მომხმარებლების ინფორმირებულობის დონე შეამოწმა.  

 

კვლევის დიზაინი

კვლევა 2019 წელს, მარტისა და ივლისის შუალედში, ჩატარდა.

კვლევისთვის შერჩეულ იქნა თვისებრივი მიდგომა - დისკუსიები ფოკუს-ჯგუფებში და ინდივიდუალური ჩაღრმავებული ინტერვიუები. კვლევის მონაწილეთა შერჩევა მოხდა თოვლის გუნდის მეთოდით [როცა ერთი რესპონდენტი რეკომენდაციას უწევდა სხვებს].

 

კვლევის შეზღუდვა

იმის გამო, რომ კვლევა იყო თვისებრივი, მცირემასშტაბიანი და ჩატარდა მხოლოდ თბილისში, შესაძლებელია, კვლევით მიღებული შედეგები სრულად არ ასახავდეს მთელი თბილისისა და განსაკუთრებით, საქართველოს მასშტაბით, არსებულ სიტუაციას. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკლუბო სცენის ძირითადი ცენტრი არის თბილისი, მიღებული შედეგები წარმომადგენლობითად საქართველოზე ვერ  განზოგადდება. თუმცა, კლუბურ გარემოში ნარკოტიკების მოხმარების გამოცდილების მქონე 30 პირისგან მიღებული ინფორმაცია, შესაძლოა, აღწერდეს თბილისის კლუბური ცხოვრების ზოგად ტრენდებს, ქცევით თავისებურებებსა და ინფორმირებულობის დონეს. 

 

კვლევაში ჩართვის კრიტეტიუმები

კვლევაში ჩაერთო 30 პირი [22 - მამაკაცი, 8 - ქალი], რომელთა საშუალო ასაკი 23.4 წელი იყო [მინ. 18 წელი, მაქს. 29 წელი]. რესპონდენტთა თითქმის ნახევარი [14 პირი] სტუდენტი იყო, დანარჩენს ჰქონდა საშუალო ან არასრული საშუალო განათლება, ნაწილს კი - უკვე მიღებული ჰქონდა ბაკალავრის ან შემდგომი აკადემიური ხარისხი [7 პირი].

რესპონდენტთა დაახლოებით 80% [23 პირი] დასაქმებული იყო. მათმა ყოველთვიურმა პირადმა შემოსავალმა შეადგინა საშუალოდ 1,450 ლარი [მინ. 50 ლარი, მაქს. 3,000]. რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა [28 პირი] არ იმყოფება ქორწინებაში.

 

ნარკოტიკების მოხმარების ადგილი და მოტივაცია 

რესპონდენტების მიერ კლუბში/ფესტივალზე პირველი ვიზიტის მინიმალურ ასაკად 14, ხოლო მაქსიმალურ ასაკად 21 წელი დასახელდა. ყველა მათგანი, მინიმუმ, თვეში ერთხელ მაინც სტუმრობს კლუბს/ფესტივალს. მათი უმრავლესობა დადის ყოველკვირეულად, ხოლო ნაწილი - კვირაში სამჯერაც კი [სამშაბათს, პარასკევს და შაბათს].

რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობის მიერ, კლუბში/ფესტივალზე სიარულის მთავარ მოტივაციად გართობა, ცეკვა და მუსიკის მოსმენა სახელდება. მათი თქმით, ელექტრონული მუსიკა განტვირთვისა და სტრესისაგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა მათთვის.

„ძირითადი მიზეზი კლუბში სიარულის ჩემთვის არის ხალხის გაცნობა, გართობა რაც მთავარია და ხარისხიანი მუსიკის მოსმენა.“

„ელექტრონული მუსიკა მიყვარს ძალიან თავისი ყველანაირი განხრით და ჩემთვის პირადად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ სადმე წავიდე პარასკევს, განვიტვირთო და სტრესს დავაღწიო თავი. კლუბში თავს კარგად ვგრძნობ და ვიცლები ემოციებისგან და ძაან მნიშვნელოვანია."

„უფრო თავისუფლად ვარ კლუბში, იმდენად მიყვარს ელექტრონული მუსიკა. კი ბევრი განსხვავებული ხალხია, მაგრამ საერთო მოტივია იქ ყოფნის და კარგად გრძნობ თავს. შენი მსგავსი ადამიანები არიან და გსიამოვნებს მათთან ურთიერთობა და მათთან ყოფნა."

რესპონდენტების თანახმად, მუსიკასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კლუბის/ფესტივალის გარემოს. ხალხი და სივრცე არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც არჩევანი კონკრეტულ კლუბსა თუ ფესტივალზე კეთდება. მონაწილეთა უმრავლესობა საფესტივალოდ ღია სივრცეს ანიჭებს უპირატესობას, ხოლო კლუბის შემთხვევაში - დახურულს [ძირითადად UNDERGROUND-ს].

 

“რეივერობა”

კითხვაზე,  თვლიან თუ არა თავს ე.წ. რეივერებად და რა არის "რეივერის" მათეული დეფინიცია, რესპონდენტებმა განსხვავებული და მრავალფეროვანი პასუხები გაგვცეს.

ნაწილი თვლის, რომ "რეივერია," ხოლო მეორე ნაწილის აზრით, ისინი მხოლოდ კლუბის ვიზიტორები [ე.წ. ქლაბერები] არიან. ზოგი მონაწილისთვის, სიტყვა „რეივერი“ ასოცირდება ადამიანებთან, რომლებიც კლუბში მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარების მიზნით დადიან, ზოგისთვის მათთან, ვინც თავიანთ ცხოვრებას ელექტრონულ მუსიკას უძღვნიან; ზოგისთვისაც კი რეივი იმ დიდი ერთობის ნაწილია, რომელიც თავისუფლებისაკენ მიისწრაფვის.

„ზოგადად, რეივი რასაც ქვია, ყველანირი შემადგენელი ნაწილია იმის, რასაც აკეთებ გართობის დროს. ეს არის ცეკვა, თუნდაც წყლის სმა, სიტუაციაში გარკვევა ანუ რომ იცი უკვე რა ხდება, კონტაქტები ადამიანებთან და, რა თქმა უნდა, დახმარება სხვების. ანუ რეივი მაგის გარეშე არ არის - უნდა დაეხმარო. რეივი მაინც ეგ არის. რეივერობა შემადგენელი ნაწილია ყველაფრის ერთად და არა ცალკე მარტო „წავედი და ვიცეკვე, რეივერი ვარ“, ეგრე არაა. ყველაფერი ერთად ქმნის რეივს. ვინც ნარკოტიკს იღებს და კლუბში მიდის, არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი "რეივერი" ტიპია და კაი ტიპია.“

„რეივი მგონია, რომ არის მომენტი, როდესაც ადამიანი სრულიად თავისუფალია. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ცეკვით თავისუფლებას ვერ მოიტან, მაგრამ იმ მომენტში ნამდვილად ხარ თავისუფალი.“

„ალბათ, რეივერობის კრიტერიუმი არის ისეთ სივრცეებში სიარული, სადაც ელექტრონული მუსიკაა და სადაც ეძლევა საშუალება, რომ იცეკვოს, მოუსმინოს მუსიკას და ალბათ სავარაუდოდ, ერთ-ერთი კრიტერიუმი არის ნარკოტიკული საშუალებების მიღება."

აგრეთვე, მონაწილეები რეივერის აღწერისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად თვლიან ჩაცმულობის სტილს.

„რეივერია, ალბათ, ისეთი ტიპი, ვინც დადის კლუბში, გემოვნებიანად აცვია, არასტანდარტულად უფრო. ყოველ შემთხვევაში, რაღაც გასული სათვალეებით არ არის. ანუ ის არ უნდა ეკეთოს, რაც ყველას აცვია და უკეთია. „პაპსა“ რაღაცებით არ უნდა იაროს.“

„ეპატაჟური. ბევრს მიაჩნია, რომ მაგითი გამოიხატება რეივერობა, რომ ვინტაჟური და მოძველებული ტანისამოსი გაცვია, 1980-90-იანი წლების.“

 

ინფორმაცია ნარკოტიკების შემადგენლობის შესახებ

რესპონდენტების მიერ ნარკოტიკების პირველად მოხმარების მინიმალურ ასაკად 13 წელი დასახელდა, ხოლო პირველად მოხმარებულ ნარკოტიკად ძირითადად სახელდებოდა MDMA/ექსტაზი, მარიხუანა და LSD.

თითოეული რესპონდენტი თვეში ერთხელ მაინც მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს, ზოგიერთი მათგანი ყოველკვირეულად და კვირაში რამდენჯერმეც კი. 

მათ მიერ ამჟამად მოხმარებად ძირითად ნარკოტიკებად სახელდება: MDMA/ექსტაზი, ამფეტამინი, მარიხუანა/ჰაშიში, LSD, კეტამინი, ენბოუმი/Nbome], „ბიო“-მარიხუანა, ფსიქოტროპული მედიკამენტები [ლირიკა, ბაკლოსანი და სხვა]. რესპონდენტებისთვის ნარკოტიკის მიღების მოტივაცია კლუბური კონტექსტი, ელექტრონული მუსიკა და ადამიანების გარემოცვაა.

„მუსიკის გამო ვიღებ მეც [აქ: ნარკოტიკს], პირველ რიგში, რა თქმა უნდა. მუსიკით ფხიზლადაც შემიძლია, რომ ვისიამოვნო, უბრალოდ იმ დროს მიხანგრძლივებს, საშუალებას მაძლევს იმისთვის, რომ მთელ ი ღამე გავერთო. ნარკოტიკი მეხმარება ამაში. მეც ვცდილობ, რომ მივიღო ისეთ დროს, როდესაც კაი არტისტია, უკეთესი მუსიკა იქნება და რომელიც ვიცი, რომ უფრო მომეწონება.“

„მუსიკა არის კარგი, ჩემი მეგობრები აუცილებლად უნდა იყვნენ, მე რომ იქ მარტო არ დავდგე. პირველად რომ გავსინჯე, ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი იყო ჩემ გვერდით და ჩემი უსაყვარლესი დიჯეი უკრავდა და ჩემი პირველი იდეალური გასინჯვა იყო. მუსიკა, მეგობრები, ყველაფერი მქონდა, რაც მჭირდებოდა...“

რესპონდენტების თანახმად, ნარკოტიკის მოხმარებისას დიდი მნიშვნელობა აქვს რომელი არტისტი უკრავს. საყვარელი არტისტისა და ჟანრის მიხედვით არჩევენ ნარკოტიკის ტიპსაც და მოხმარების დროსაც.

ყველაზე ხშირ შემთხვევაში რესპონდენტები მოიხმარენ შიგნით კლუბში ან რიგში დგომისას, „ივენთის“ დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, რათა საყვარელი არტისტის დადგომისას უკვე „გახსნილი“ ჰქონდეთ. 

კლუბის/ელექტრონული ფესტივალის გარეთ, ჩვეულებრივ გარემოში, რესპონდენტების უმეტესობა არ მოიხმარს ნარკოტიკს. მათ შორის, ვინც კლუბს გარეთაც მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს, ყველაზე ხშირად მოხმარებული ნარკოტიკია მარიხუანა, შემდეგ მოდის LSD და კეტამინი.

 

ზედოზირების შემთხვევები

საკმაოდ მაღალია გამოკითხულ რესპონდენტებში ზედოზირების გამოცდილებაც, რაც უპირატესად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებამ გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში, რესპონდენტებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მათ მიერ მოხმარებული ნარკოტიკი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები იყო და მისი მოხმარება წინასწარ განზრახული არ ჰქონდათ.

რესპონდენტებისვე რჩევით, კარგი იქნება, თუ მათ ნარკოტიკების გადამოწმების, კერძოდ კი სწრაფი „გატესტვის“ სერვისით, სარგებლობის საშუალება ექნებათ.

მათმა უმრავლესობამ არ იცოდა ამ სერვისის უკვე არსებობის შესახებ. რესპონდენტებისთვის უცნობი საკითხის შესახებ ინტერვიუერების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, უკლებლივ ყველამ აღნიშნა, რომ ისურვებდა ჰქონოდა შეძენილი ნარკოტიკის „გატესტვის“ საშულება. 

[ამჟამად, თბილისში ნარკოტიკების სწრაფი გატესტვის სერვისებს აწვდიან ორგანიზაციები: "მანდალა" და "ტესტ-ქითი." მომხმარებელთა ნაწილი დამოუკიდებლად, ონლაინ იწერს ტესტებს.]

 

ნარკოტიკების შერევა-დამატების, მათ შორის ალკოჰოლთან შერევის

პრაქტიკა

კლუბის ვიზიტორებში ე.წ. "კლუბურ" ნარკოტიკებთან ალკოჰოლის დამატება გავრცელებული პრაქტიკაა, რამაც, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.

ყველაზე გავრცელებული კომბინაციაა ექსტაზი/MDMA-ზე იაგერის დამატება. რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ იაგერი თრობის დაწყებას, ე.წ „გახსნას“ უწყობს ხელს და ეუფლებათ შეგრძნება, რომ ამძაფრებს სტიმულატორების ეფექტს. მას ასევე ამატებენ თრობიდან გამოსვლის ე.წ „ატხადნიაკის“ დროს, რომელიც ბაკლოსანის ჩამანაცვლებელი აღმოჩნდა.

„იაგერმა ზოგადად შეცვალა ბაკლოსანი საქართველოში. ხსნის ყველა ნარკოტიკს“.

რესპონდენტებში სხვა ნარკოტიკებთან მარიხუანას (კანაფის) მოხმარება ყველაზე ხშირად აღინიშნა, რისი მიზეზიც ეფექტის გამრავალფეროვნება და გახანგრძლივებაა. ალკოჰოლის მსგავსად, კანაფსაც მოიხმარენ, როგორც „გახსნის“ მიზნით, ასევე თრობიდან გამოსვლის „ატხადნიაკის“ დროს. ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა თრობიდან გამოსვლის პერიოდში დასამშვიდებლად ლირიკის დამატების პრაქტიკა.

„მარიხუანა აძლიერებს ეფექტს. სხვანაირ ეფექტს აძლევს, თავის შინაარს უმატებს ნებისმიერ ნარკოტიკს. აძლიერებს აუცილებელი სიტყვა არაა. ამრავალფეროვნებს“.

„ფსიქოლოგიური მომენტი მაქვს, ექსტაზის დალევის დროს მგონია, რომ თუ მოსაწევი არ მოვწიე, ექსტაზი არ მიხსნის.“

„ლირიკას აუცილებლად ვამატებ ხოლმე ყოველი გულაობის მერე იმიტომ, რომ ატხადნიაკში შველის. ვერ გრძნობ და არ კვდები, არ გტკივა ყველაფერი.“

ქვემოთ მოყვანილია ყველაზე გავრცელებული კომბინაციები და ზოგიერთ მათგანს რეპსონდენტები კონკრეტული დასახელებებითაც მოიხსენიებენ.

  • ექსტაზი/MDMA + კეტამინი
  • ექსტაზი/MDMA + LSD [Brilliant]

  • კოკაინი/მეტამფეტამინი/ამფეტამინი + კეტამინი [სიქერი]

  • ექსტაზი/MDMA + LSD + კეტამინი

  • ექსტაზი/MDMA + ამფეტამინი + კეტამინი

კომბინაციების გამოყენებას, ძირითადად, 2 მიზანი აქვს: გააძლიეროს ან გაამრავალფეროვნოს პირველად მიღებული ნარკოტიკის ეფექტი და გაახანგრძლივოს იგი.

„LSD, მოსაწევი, MDMA და ისევ მოსაწევი. ბოლოს იმიტომ გავაკეთე ეგრე, მაგალითად, LSD რომ მივიღე, მოსაწევმა დააჩქარა გახსნა, ესე ვთქვათ. MDMA დავამატე იმიტომ, რომ თითქმის გამოსული ვიყავი LSD-დან და MDMA-იმ ხოდზე მომიყვანა, მაცეკვა LSD, მოსაწევი, მდმა და ისევ მოსაწევი.“

 

ინფორმირებულობა და რისკის აღქმა

მონაწილეთა უმრავლესობამ იცის, რომ შავ ბაზარზე არსებული ნარკოტიკული საშუალებები არალეგალურია და მათი ფარმაკო-ლაბორატორიული ხარისხის კონტროლი არ ხდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც არ ერიდებიან მიღებას და „რისკავენ“.

„მე შეიძლება ისეთმა ადამიანმა მომცეს, რომელსაც ვენდობი და ვიცი, რომ ისეთ რამეს არ მომცემს, ცუდი იყოს, მაგრამ რეალურად თვითონაც არ იცოდეს იმიტომ, რომ რაღაცას ხომ ურევენ ხშირად. ვრისკავთ რა.“

რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება მაღალი რისკის შემცველ ქცევად დასახელდა, ხოლო საფრთხისშემცველ ნარკოტიკად მიიჩნევენ იმ ნარკოტიკებს, რომლებიც ინექციური გზით მიიღება და ასევე ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ისეთებს, როგორიცაა ე.წ. აბაზანის მარილები, „ბიო“, ენბოუმი (Nbome) და ასევე - LSD.

ინფორმაციის წყაროები

ნარკოტიკების შესახებ ინფორმაციის მიღებისა და მოძიების ძირითად წყაროდ დასახელდა "ინტერნეტი," მეგობრები და ნაცნობები.
 
რესპონდენტების ნაწილი მიზანმიმართულად კონკრეტულ საინფორმაციო წყაროს არ ეძებს და მარტივად მოძიებად ინფორმაციას სჯერდება. 
 
ინფორმაციის მოძიება, უპირატესად, Goolge-ის საძიებო სისტემის საშუალებით ხორციელდება და შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, ისეთ ვებ-გვერდებზე ეცნობიან ინფორმაციას, რომელიც „დაგუგლვის“ შედეგად „პირველი ამოვარდება."
 
შედეგად, იკვეთება ყველაზე ხშირად კითხვადი ინტერნეტ გვერდი Ecstasydata.org, რომელიც MDMA-ზე ან ექსტაზიზე ინფორმაციის მოძიების შედეგია. ასევე, ისეთი ინტერნეტ რესურსები, როგორიცაა: Wikipedia, Youtube არხი „Drug lab“, Raddit, Facebook ჯგუფები [მაგ.: "თეთრი ხმაურის მოძრაობის" Facebook გვერდი], ქართული და უცხოენოვანი ბლოგები და ფორუმები.
 
„მაინტერესებს პირველ რიგში, რას შეიცავს და სიცოცხლისთვის ძაან საშიში ხომ არ არის, მერე რამდენი ხანი გრძელდება, მერე ზედოზირების შემთხვევაში როგორ ვუშველო თავს და როგორ მივხვდე, რომ ზედოზირება მაქვს და მსგავსი შემთხვევები, რომ მზად ვიყო და რამე ისე არ წავიდეს რომ ზედოზირება დამემართოს და მეგობარს რომ ვუთხრა ან რამე.“

„უბრალოდ რა ნარკოტიკია ამას ვეკითხები, მეტს არაფერს.“

„ბევრი არაფერი მიკითხავს, ეგრევე [ვიღებდი].“

„არასოდეს არ ვეძებ იმიტომ, რომ რაღაც ინსტიქტი მაქვს თუ რაღაც, ვცნობ აი ეს კარგია და ეს ცუდია, ვხვდები.“

რესპონდენტთა უმეტესობას არ აქვს ინფორმაცია მისაღები ნარკოტიკის დოზებზე/დოზირების წესზე და ეყრდნობიან ნარკოტიკის მომწოდებელი მეგობრების რჩევებსა და გამოცდილებას. 

დოზირების წესი

დოზირების წესი, უმეტეს შემთხვევაში, პირად გამოცდილებას ეყრდნობა. რესპონდენტთა უმეტესობა ექსტაზის აბის ნახევარს იღებს, ელოდება ეფექტებს და თუკი თავს კარგად იგრძნობს, ამატებს დარჩენილ აბსაც. 

„მაგალითად, „ბერქაიმი“ არის ესეთი ექსტაზი, ჩავწერ ჯერ გუგლში, მოვიძიებ რამდენი მილიგრამი აქვს MDMA-ს შემცველობა, რამდენი აქვს სხვა მინარევები. სიძლიერეს ვიგებ, მერე გადმოვდივარ მაგის მიხედვით, შევდივარ მაგ., youtube-ზე ვუყურებ და აქედან გამომდინარე ვიცი ზუსტი დოზა, რაც უნდა მივიღო. ყოველთვის ზედმეტ დოზას ან ნორმალურ დოზას არ ვიღებ. დასაწყისისთვის პირველი დოზა, რომელიც არც მომკლავს, არც ცუდად გამხდის და არაფერს ისეთს არ შემიცვლის და უბრალოდ ვიქნები ზუსტად იმ ზემოქმედების ქვეშ, რა ზემოქმედების ქვეშაც უნდა ვიყო ანუ მაგ ინსტრუქციით მივდივარ ხოლმე და ჩემს მეგობრებსაც ეგრე ვაკვალიანებ.”

„თავიდან ვენდე ადამიანს, რომელმაც გამასინჯა და ეგრევე შემამზადა. ნახევარი აბი, ჩემს მეგობრებსაც ვკითხე და არ იყო ეგ ბევრი და საშიში, მაგით განვსაზღვრე და ისედაც, მსმენია, მაგალითად MADMA-ზე გრამს იყოფს 5-6 ადამიანი და 8 ნაწილად  ვყოფ, მერვედს ვიღებდი ხოლმე და ვიცოდი, რომ არ არის დიდი დოზა.”

„სხვათაშორის MDMA-ზე წავიკითხე რომ შენს წონას უმატებ რაღაცას, კაროჩე, რაღაცნაირად გამოვთვალე რა და 70 მგ იყო ჩემი დოზა, მაგრამ იდეაში მაგეების არ მჯერა იმიტომ, რომ წონის მიხედვით რომ იმსჯელო, შენს სიმაღლეს აკლებ წონას და ანუ მაგით რომ იმსჯელო, ჩემი მეგობრები ძაან ჩხირები საკმაოდ დიდ დოზებზე ერთობიან”.

MDMA-ს ფხვნილის დოზირების ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა სიგარეტი „პარლამენტის“ ფილტრით ფხვნილის მოცულობის გაზომვა. კერძოდ კი: სიგარეტის ფილტრიან დაბოლოებაში ფილტრის შემდეგ ნარჩენ სივრცეში ხდება ფხვნილის მოთავსება და სწორედ ეს მოცულობა მიიჩნევა ერთი პირის დოზად, რაც, როგორც რესპონდენტები ამბობენ, 70-75 მგ-ს შეადგენს.

რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ დოზების რეგულირება სამეგობრო წრეზეცაა დამოკიდებული. თუკი სამეგობროში ფხიზელი ან ზედოზირების მართვის მეტ-ნაკლებად მცოდნე პირი ჰყავთ, უფრო მაღალი დოზების მიღებასაც არ ერიდებიან.

 

სასწრაფოს გამოძახება და სხვა პირველი სამედიცინო დახმარება

სასწრაფო დახმარების გამოძახება რესპონდენტების მიერ აღიქმება სარისკოდ, რადგან მათ მიერ გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოჰყვება პოლიცია, რაც მათთვის მიზეზია, არ გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საკუთარი ძალებით დაეხმარონ დაზარალებულს. გარდა ამისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება მათ მიერ აღიქმება ანონიმურობის და კონფიდენციალურობის დარღვევის საფრთხედ.

ჰაერზე გაყვანა, წყლის მიწოდება, ყურების დაზელა - დასახელდა პირველადი დახმარების ძირითად პარქტიკად. უმრავლესობამ არ იცის უსაფრთხო პოზა ან დახმარების სხვა სტრატეგია, გარდა რამდენიმე რესპონდენტისა [5 პირი], რომელთაც გარკვეული ტრენინგები ჰქონდათ გავლილი.
 
„ინფორმაცია მივიღე გამოცდილებით, როდესაც დავინახე რომ ერთ-ერთ თბილისის კლუბში, ჩვენ გვერდზე მოცეკვავე გოგონა უბრალოდ დავარდა. ყველანაირი ახსნა- განმარტების გარეშე უბრალოდ დავარდა და მაგის შემდეგ მეგობრებმა დაიწყეს კრიჭის დაჭერა, სასის დაჭერა, წყლის სხმა, ბიბილოებთან, სახეში რტყმა, რომ გამოფხიზლებულიყო და მერე ჰაერზე გაიყვანეს."
 
 
საჭიროებები 
 
რესპონდენტები საუბრობენ კლუბში ზედოზირების მართვის მცოდნე თანამშრომლების არსებობის ან კლუბთან მუდმივად მყოფი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის საჭიროებაზე.
 
მათ მიერ შემოთავაზებული იქნა კლუბში ისეთი აპარატების დადგმის იდეა, სადაც იდება ტესტერები, წყალი და კონდომი. 
 
 
 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>