სისტემური რევიუ და მეტა-ანალიზი 

"> JAMA-ს მეტა ანალიზი | კავშირი მარიხუანის მოხმარებასა და სიმსივნის განვითარებას შორის





მეცნიერება

კავშირი მარიხუანის მოხმარებასა და სიმსივნის განვითარებას შორის




ანალიზის ავტორები: მეჰრნაზ გაზემისფე, ბრუკ ბეროუ, სამუელ ლეონარდი და სხვები 


მთავარი საკითხები

კითხვა: არსებობს თუ არა ასოციაცია [კავშირი] მარიხუანის ერთი წლის განმავლობაში ყოველდღიურ მოხმარებასა და [სხვადასხვა ტიპის] სიმსივნის განვითარებას შორის?

აღმოჩენები/პასუხები: ეს სისტემური რევიუ და მეტა-ანალიზი, რომლის ფარგლებში 25 ინგლისურენოვანი კვლევა შეირჩა, იკვლევდა კავშირს მარიხუანის გამოყენებასა და ფიტლვების, თავ-კისრის, ურინო-გენიტალურ და სხვა სახის სიმსივნეების გაჩენასთან დაკავშირებულ რისკებს შორის. მეტა-ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მარიხუანის ხშირი მოხმარება დაკავშირებული იყო სათესლე ჯირკვლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნასთან, თუმცა, ამ კავშირის დამადასტურებელი ფაქტები შესაბამის კვლევებში არცთუ ისე ძლიერი იყო; სიმსივნის სხვა სახეობების წარმოქმნასა და მარიხუანის ხშირ მოხმარებას შორის კავშირები საკმარისად ძლიერი არ იყო საფუძვლიანი დასკვნის გამოსატანად.  

მარიხუანის ხშირმა მოხმარებამ, შესაძლოა, სათესლის ჯირკვლების სიმსივნის რისკი გაზარდოს. რაც შეეხება სხვა სიმსივნეებს: მარიხუანის მოწევასა და სიმსივნეების განვითარებას შორის კავშირი ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია.  

აბსტრაქტი

საკითხის მნიშვნელობა: ამერიკის შეერთებულ შტატებში მარიხუანის მოხმარება ჩვეულებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე შტატში მისი რეკრეაციული მოხმარება ლეგალურია. თამბაქოს პროდუქტების მოწევასა და მთელ რიგ [განსაკუთრებით ფილტვების] სიმსივნეებს შორის კავშირი  ნათელია. თუმცა, მარიხუანის მოხმარებასა და სიმსივნეების გაჩენას შორის კავშირი აქამდე ბუნდოვანებით არის მოცული.  

მიზანი

მარიხუანის მოხმარებასა და სიმსივნის განვითარებას შორის კავშირის ძიება. 

გაანალიზებული აკადემიური სამედიცინო წყაროები

PubMed, Embase, PsycINFO, MEDLINE, და Cochrane Library - ეს სამედიცინო წყაროები 2018 წლის 11 ივნისს შემოწმდა, ხოლო 2019 წლის 30 აპრილს ინფორმაცია განახლდა. გაანალიზდა ყველა კვლევა, რომელიც ხსენებულ სამედიცინო წყაროებში 1973 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 30 აპრილს შორის გამოქვეყნდა; ანალიზი ასევე მოიცავდა ამ სტატიებში რეფერირებული წყაროების ანალიზს. 

კვლევების არჩევის კრიტერიუმები

აირჩა ინგლისურენოვანი კვლევები, რომლებიც მოზრდილებში მარიხუანის მოხმარებასა და სიმსივნის განვითარებას შორის კავშირის დადგენას ცდილობდა. ძიების მეთოდი მოიცავდა ამ ორი თემის ერთმანეთთან დამაკავშირებელ კვლევებს: მარიხუანა, ან მარიხუანა, ან ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ან კანაბინოიდი ან კანაფი; და სიმსივნე, ან უჯრედების გადაგვარება, ან კარცინომა, ან სიმსივნური კერები ან ნეოპლაზია. 

მონაცემების ამოღება და სინთეზი 

ორმა რევიუერმა დამოუკიდებლად განიხილა სტატიების სახელები, აბსტრაქტები, მთლიანი ტექსტები; სამმა რევიუერმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეაფასა კვლევების მახასიათებლები და საერთო კონსესუსით, შეაფასა მონაცემების დამაჯერებლობა და მტკიცებულების დონეები. 

მთავარი შედეგები და გაზომვის კრიტეტიუმები 

სიმსივნის გაჩენის სიხშირე მარიხუანის ისეთ მომხმარებლებში, რომლებიც დღეში, სულ მცირე, ერთხელ მოიხმარდნენ მას, მათი ჯანმრთელობის მონაცემები კი შედარდა ისეთი ადამიანებისას, რომლებიც საერთოდ არ მოიხმარდნენ მარიხუანას. მეტა-ანალიზმა განიხილა, ხსენებულ სამედიცინო წყაროებში, ბოლო 46 წლის განმავლობაში არსებობდა/გამოქვეყნდა თუ არა ორი, ერთიდაიგივე დიზაინის მქონე, კვლევა, რომელიც მიკერძოების მაღალი რისკის გარეშე, კანაფის პროდუქტების მოხმარებას 4 სახის სიმსივნეს დაუკავშირებდა: ფილტვების, თავისა და კისრის, პირის, ასევე სათესლე ჯირკვლების სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას, და სადაც ხსენებული კავშირების დამადასტურებელი სტატისტიკური სიძლიერე გამყარებული იქნებოდა 95 % ცდომილების დონით. 

შედეგები

ოცდახუთი [25] კვლევა [19 ქეის-კონტროლის, 5 კოჰორტული და 1 ჯვარედინ-სელექციური კვლევები]  შეირჩა, რომლებიც ზემოთ ხსენებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ; აქედან რამდენიმე კვლევა [= 2] მიკერძოების მცირე რისკებს შეიცავდა.  ქეის-კონტროლის კვლევებში მარიხუანის ცხოვრებაში ოდესმე მოხმარება [ever-use] არ დაუკავშირდა თავის ან კისრის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომას ან პირის ღრუს სიმსივნის წარმოქმნას. 3 ქეის-კონტროლის დიზაინის მქონე კვლევის ანალიზის შედეგად, 10 წლის განმავლობაში ყოველდღე მარიხუანის მოხმარება დაუკავშირდა სათესლის ჯირკვლის სიმსივნის წარმოქმნას.  მარიხუანის ზოგადად [მაგრამ არა ყოველდღე] მოხმარება სიმსივნ[ებ]ის წარმოქმნას პირდაპირ არ დაუკავშირდა, მაგრამ ასეთ შემთხვევებში, კანაფის პროდუქტებთან შეხების დონეები გაურკვეველი იყო.  ფილტვის სიმსივნესთან დაკავშირებით შედეგები სხვადასხვა კვლევის მიხედვით სხვადასხვა იყო, მონაცემები გაბნეული იყო იშვიათ მომხმარებლებს და კანაფის პროდუქტებთან იშვიათი შეხების [რაც მოიცავს არაპირდაპირ შეხებასაც] მქონე ადამიანებს შორის. 

კვლევების მახასიათებლები და გეოგრაფია

კვლევების უმრავლესობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარადა [n = 16, 1993-2015 წლებს შორის], შემდეგ ევროპაში [n = 3]; ახალ ზელანდიაში [n = 2] და დანარჩენ კონტინენტებსა და ქვეყნებში. კვლევებში მარიხუანის მოწევის სიხშირის არჩევის კრიტერიუმი სხვადასხვა იყო [მაგ. ყოველდღიური მოხმარების სიხშირე vs მოხმარების წლები შეჯამებულად]. ორ სტატიაში არ იყო მითითებული, თუ როგორ მოიხმარდნენ კვლევის მონაწილეები მარიხუანას [როგორც საკვებში დანამატს თუ როგორც მოსაწევს].  

მტკიცებულებების სიმყარე 

სუსტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ მარიხუანის ქრონიკული მოხმარება სათესლის ჯირკვლის სიმსივნის განვითარებას უკავშირდება. 

ამ მეტა-ანალიზისთვის შეგროვებულ 25 კვლევაში მარიხუანის მოხმარებასა და სხვა სახის სიმსივნის განვითარებას შორის კავშირის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა. 

დასკვნები 

სუსტი მტკიცებულებით, მარიხუანის მოხმარება და სათესლის ჯირკვლის სიმსივნის განვითარება ერთმანეთს უკავშირდება; მტკიცებულებების კავშირი მარიხუანის მოწევასა და ფილტვის სიმსივნის წარმოქმნას შორის დაბალი ხარისხის და არასრულია. კავშირი სხვა ტიპის სიმსივნეების წარმოქმნასა და კანაფის პროდუქტების მოხმარებას შორის ასევე სუსტია. 

თუმცა, ამ კავშირების სისუსტე ყურადღების მოდუნების საფუძველს არ იძლევა: მარიხუანის მოხმარების მზარდი სტატისტიკა და მომხმარებლისთვის მისი მიწოდების ახალ-ახალი და არცთუ ისე უსაფრთხო და ხშირად უკანონო გზები [დედამიწის ყველა კონტინენტზე] განგაშის მიზეზს იძლევა. 

ანალიზის ავტორების რეკომენდაციები

მეტი კვლევაა და ზუსტი დიზაინის შერჩევაა საჭირო მარიხუანის მოწევასა და ფილტვების, პირის ღრუსა და სხვა ტიპის სიმსივნეებს შორის მეტად უშუალო და მტკიცე კავშირის დასადგენად. უფრო ძლიერი კავშირების დასადგენად, საჭიროა ისეთი პირების მოძებნა, რომლებიც მხოლოდ მარიხუანას მოიხმარენ, რადგან, ხშირად, კვლევის მონაწილე პირები ორივეს [მარიხუანა + თამბაქო] მომხმარებლები იყვნენ, რაც კონკრეტული კვლევის მტკიცებულებების ძალას ასუსტებდა, როგორც არასასურველი ცვლადი. 

სანამ ახალი კვლევები ჩატარდება, ექიმებმა თავიანთ პაციენტებს კარგად უნდა აუხსნან კანაფის პროდუქტების ჯანმრთელობაზე გავლენა, აამაღლონ მათში ცნობიერება. აქამდე მხოლოდ ის ვიცით, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით მოსაზრებებს აკლია სიცხადე და აკადემიური მტკიცებულებები, მის პოტენციურ სიკეთესთან დაკავშირებული მოსაზრებები კი კლინიკურად ბოლომდე დამტკიცებული არ არის.  

 

კვლევების მეტა-ანალიზი სრულად იხილეთ აქ - Association Betweeen Marijuana Use and Risk of Cancerრომელიც ჟურნალ JAMA-ში გასული წლის 27 ნოემბერს გამოქვეყნდა და ამ საკითხის ყველაზე მასშტაბური ანალიზია. 

JAMA The Journal of the American Medical Association სამედიცინო ჟურნალია, რომელსაც ამერიკის სამედიცინო ასოციაცია ყოველკვირა გამოსცემს. ამ ჟურნალში ქვეყნდება მსოფლიო სამედიცინო სფეროში მიმდინარე ახალი კვლევები, რევიუები და ედიტორიალები. ჟურნალი 1883 წელს დაარსდა. 2011 წლიდან დღემდე, ჟურნალის რედაქტორია ჰოვარდ ბაუხნერი, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი [ბავშვთა ავადობების მკვლევარი]. 

 სტატიების მეტა-ანალიზი თარგმნა ცირა გვასალიამ. ჟურნალისტიკაში მისი ამჟამინდელი კვლევის სფეროებია გარემოს დაბინძურების გავლენა ჯანმრთელობაზე, ონკოლოგიური დაავადებები, ახალი სამკურნალო საშუალებები, ნარკოტიკების გავლენა ჯანმრთელობაზე, ცნობიერების ამაღლება, ცხოველთა უფლებები და ევთანაზიის ჰუმანურობა საქართველოში.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>