მეცნიერება

სამედიცინოდ დაუსაბუთებელი ცხოველთა ევთანაზიები




ლუნა

გასული წლის 14 თებერვალს ცხოველთა უფლებების დამცველმა, თიკო კვალიაშვილმა, 3 წლის ჩალისფერი ხვადი ძაღლი, ტყვიებით დაჭრილი და კანალიზაციის არხში ჩაგდებული, კავთისხევში იპოვა; თბილისში წამოიყვანა, ლუნა დაარქვა და მალევე უშოვა პატრონი, ანა ლორიას სახით.

ანას ძაღლი პირდაპირ საკუთარ სახლში არ გადაუყვანია: ჯერ ფასიან მომვლელთან ჰყავდა, რომ ლუნას ტყვიებით მიყენებული ჭრილობები მოშუშებოდა. რამდენიმე თვეში, როდესაც ძაღლი შედარებით გამოკეთდა, საკუთარ ეზოში გაუშვა. 

ანამ ლუნას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში რეგისტრირება ვერ მოასწრო, მაგრამ ცხოველი რომ გასტერილებული და აცრილი ჰყავდა, ვეტერინარულ კლინიკა “ლაქი ფო/Lucky Paw”-ს ვეტერინარ ირაკლი ნარჩემაშვილის ხელმოწერილი სამედიცინო დოკუმენტი ამტკიცებს. ძაღლს ასევე ჰქონდა საჭდე, რაც ნიშნავს, რომ ცხოველს არაოფიციალურად, მაგრამ მაინც ჰყავდა მზრუნველი.

ლუნას სამედიცინო დიაგნოზის დოკუმენტი

ლუნას თაობაზე, მიმდინარე წლის 17 იანვარს, უცნობმა მოქალაქემ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელი გამოიძახა. ძაღლი სააგენტოში წაიყვანეს და მალევე გაუკეთეს ევთანაზია. 

ლუნას ყოფილი და ახლანდელი პატრონები: თიკო კვალიაშვილი და ანა ლორია, ამბობენ, რომ სააგენტომ ისე დააძინა ცხოველი, რომ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე არ გამოუქვეყნებია ფოტო და პატრონის მოძიება არ უცდია [სააგენტოს კანონმდებლობით ევალება, რომ 10 დღის განმავლობაში ფოტო საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნოს და ევთანაზირებამდე, პატრონის გამოჩენას დაელოდოს].  

ჯანო ჯაფარიძე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ამბობს, რომ სააგენტო შეეცადა ცხოველის პატრონის მოძიებას. დაურეგისტრირებლობის გამო, მათ ბაზაში ცხოველი აღრიცხული არ იყო. სააგენტოში ასევე თქვეს, რომ ცხოველს ნაწოლები ჰქონდა, გვერდებიდან კი სისხლი და ჩირქი სდიოდა.  

“10 დღე უნდა დაგვედო [ფოტო] და გაუბედურებული ძაღლი, სისხლ და ჩირქმდინარე, დაგვეტოვებინა? შესაძლოა, ეს ძაღლი მე-3 დღეს საკუთარი სიკვდილითაც მომკვდარიყო. ძაღლს ენა არ აქვს და ვერ გეტყვის, რომ იტანჯება. აი, ასეთი სიტუაცია შეგვექმნა,”- ამბობს ჯაფარიძე. - “მეორე მხრივ, არსებობდა თუ არა პატრონი საერთოდ? ვიმსჯელეთ და ეს ფაქტი [პატრონის არსებობს] გამოირიცხა, რადგან ცხოველს, ძალიან ცუდად რომ ვთქვათ, დამპალი ჰქონდა ორივე მხარე და ვერ შეიძლებოდა, ჰყოლოდა პატრონი, რომელსაც ძაღლის ბედი რამენაირად აინტერესებდა.”

ჯანო ჯაფარიძე არ აზუსტებს, ვინ იყო ამ გამოძახების ინიციატორი, თუმცა, ამბობს, რომ გამოძახება საბურთალოს რაიონიდან მოხდა.  

გიორგი სადათერაშვილი, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი ვეტერინარი და თავშესაფრის დირექტორის მოადგილე, ამბობს, რომ ლუნას დაძინების აქტში მე-3 პუნქტია შემოხაზული, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველს ძლიერი ტრავმები ჰქონდა. მისი თქმით, ის მხოლოდ წინა კიდურების დახმარებით მოძრაობდა, ნაწოლების გამო უკანა კიდურების გამოყენება უჭირდა და ამიტომ გადაწყდა მისი ევთანაზირება.

ევთანაზიის უფრო მყარი სამედიცინო საფუძველი, ლუნას შემთხვევაში, მაგალითად, რენტგენის სურათი, რომელიც სააგენტოს მთავარი ვეტერინარის ნათქვამს დაადასტურებდა, არ არსებობს. 

ვეტერინარი გიორგი სადათერაშვილი თავშესაფრის საოპერაციოში

გიორგი სადათერაშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სააგენტოში რენტგენის აპარატი არ აქვთ, ყველა ცხოველს ამ სერვისს ვერ სთავაზობენ. 

ყველა ძაღლს რენტგენზე ვერ გავუშვებთ. ყველა ტრავმის შემთხვევაში არ არის აუცილებელი რენტგენის გადაღება. როცა ვიზუალურად ხედავ, რომ ცხოველი იმ დონემდეა დამტვრეული, რომ იმის მკურნალობისა და გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობს, კვლევა რაღა საჭიროა? მედიცინაში, გარდა რენტგენისა, არსებობს ხელით გასინჯვის მეთოდი, გარეგანი დათვალიერება. ექიმმა, შესაძლოა, თვალით დათვალიერების შედეგად დადო დასკვნა, დაუსვა დიაგნოზი, შემდგომი პროცედურები შეარჩიო. არის ხშირი შემთხვევები, რომ ყოველგვარი რენტგენის გარეშე, ექიმმა, შეიძლება, მიიღოს ევთანაზიის გადაწყვეტილება. რენტგენზე ისეთ ცხოველებს ვუშვებთ, რომლებსაც აქვთ შანსი, რომ ოპერაცია გაუკეთდეს ფეხზე, ან თუნდაც, იმაში დავრწმუნდეთ, არის თუ არა საამპუტაციო ცხოველის ფეხი, ან აქვს თუ არა დაზიანებული ხერხემალი,” - ამბობს სააგენტოს მთავარი ვეტერინარი.

მისივე თქმით, სააგენტოში შემოსული ცხოველების მხოლოდ 20-30 პროცენტი იგზავნება ტრავმების მაღალი ტექნოლოგიების საშუალებებით გადასამოწმებლად. 

 

ევთანაზიის რეგულირება საქართველოში

ცხოველთა ევთანაზია მხოლოდ თბილისში რეგულირდება, რეგიონები - რეგულირების მიღმაა დარჩენილი. რეგიონებში ევთანაზია ხდება, მაგრამ განსაზღვრული წესების გარეშე მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით გაუგებარია, როგორ მოხდება ევთანაზიის რეგულირება გურჯაანის ცხოველთა რეგიონულ თავშესაფარში, რომელიც მალე გაიხსნება.

ევთანაზიის აღსრულების დეტალური ეროვნული პროტოკოლი არ არსებობს. თბილისსა და რეგიონებში მოქმედი ყველა ვეტერინარული კლინიკა და ვეტერინარი ევთანაზიისთვის სხვადასხვა მედიკამენტებსა და მედკამენტების კომბინაციებს იყენებს. ევთანაზიის მონიტორინგს არც ერთი სახელმწიფო უწყება არ ახორციელებს ან/და ამ მიმართულებით მდგომარეობის ანგარიშებს არ აქვეყნებს; ზოგი ვეტერინარის ნათქვამიდან ჩანს, რომ უმტკივნეულო ევთანაზიისთვის აუცილებელი პრეპარატები არ აქვთ, განსაკუთრებით რეგიონებში. 

ვეტერინარმა მარიკა ჩხიკვიშვილმა ევროპული გაიდლაინისა და ქართული რეალობის გათვალისწინებით, გაიდლაინის ქართული სამუშაო ვერსია მოამზადა და დაახლოებით ორი წლის წინ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს გაუგზავნა. ხსენებული დოკუმენტი ჯერ-ჯერობით არ დაუმტკიცებიათ. 

ევთანაზიის მინიმალურ წესებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების [ძაღლების, კატების] მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ” 2015 წელს გამოცემული დადგენილების მე-9 მუხლი არეგულირებს

ამავე დადგენილების მიხედვით, ცხოველის ევთანაზია დაუშვებელია: ა) დახრჩობით; ბ) გაგუდვით; გ) მოწამვლით; დ) ელექტრომუხტის გამოყენებით; ე) მექანიკური დაზიანების მიყენებით; ვ) იძულებითი შიმშილით, წყურვილით; ზ) ცეცხლსასროლი, პნევმატური, აირის თუ სხვა ტიპის იარაღის გამოყენებით; თ) სხვა არაჰუმანური მეთოდებით.

 


არასაკმარისი სამედიცინო მტკიცებულებები ევთანაზიისთვის

დაარსებიდან: 2015 წლიდან 2019 წლამდე, თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში 7 783 ცხოველს [მათ შორის, ძაღლებს, კატებს, ლეკვებსა და კნუტებს] გაუკეთეს ევთანაზია. 

ევთანაზიის აქტებში, რომელიც  თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ინახება, ცხოველების ხელოვნურად მოკვდინების სამედიცინო ჩვენებები საკმარისად არ არის დასაბუთებული. ევთანაზიის ყველა აქტი ერთგვერდიანია და შაბლონურად ჰგავს ერთმანეთს [ევთანაზიის აქტების ნაწილი ნახეთ აქ ]. მათ უკან კი მყარი სამედიცინო მტკიცებულება არ დგას. 

სააგენტომ ევთანაზიის აქტები სხვადასხვა დროს მოგვაწოდა. 2018 წელს მოწოდებულ აქტებში ვეტერინარების სახელები ჩანს; 2019 წელს მოწოდებულ დოკუმენტაციაში ვეტერინარების სახელები დაშტრიხულია. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის თქმით, მეორე ნაწილში ინფორმაცია ვეტერინარების პირადი ინფორმაციის დაცვის გამო დაიშტრიხა; გაუგებარია, რატომ არ მოქმედებდა იგივე პრინციპი ერთი წლის წინ. 

 

აქტების რაოდენობა და ტიპები

ყველა აქტის მოთხოვნის მიუხედავად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან სულ 429 აქტი მოგვაწოდეს, რაც მთელი ევთანაზიის რაოდენობის მხოლოდ 5,5 პროცენტს ასახავს. მოუწოდებლობის მიზეზი დოკუმენტაციის დიდი მოცულობა იყო, თუმცა, ინფორმაციის გამოთხოვა 2018 წელს დაიწყო და სააგენტოს ჰქონდა ყველა აქტის მოწოდების დრო. 

ევთანაზიის აქტი, ჩვეულებრივ, 7-დან ერთ-ერთ მიზეზს მიუთითებს. ევთანაზიის 7 მიზეზი სიტყვასიტყვით არის გადმოტანილი თბილისის საკრებულობის დადგენილებიდან და შემდეგია:

ა) აგრესიული ქცევა, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანებთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი); 

ბ) ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის საშიშ დაავადება; 

გ) ძლიერ ტრამვები ან/და დაზიანებებები, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან; 

დ) III – IV სტადიის ონკოლოგიურ დაავადებები; 

ე) დამბლა, პარეზი და სხვა განუკურნებელ დაავადებები; 

ვ) შეუქცევად დაუძლურება, მათ შორის, სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად; 

ზ) ფიზიოლოგიურ ნაკლი (ახალშობილებში).

ჩვენს ხელთ არსებული აქტებიდან, ევთანაზიის მიზეზები შემდეგნაირად არის გადანაწილებული: 

1) შეუქცევადი დაუძლურება, მათ შორის, სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად - 146 აქტი  

2) ძლიერი ტრავმები ან დაზიანებები, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან - 143 აქტი 

3) ადამიანისა ან ცხოველებისთვის საშიში დაავადება - 58 აქტი

4) დამბლა, პარეზი ან სხვა განუკურნებელი დაავადება - 48 აქტი

5) მე-3 ან მე-4 სტადიის ონკოლოგიური დაავადებები - 29 აქტი

6) ფიზიოლოგიური ნაკლი [ახალშობილებში] -  2 აქტი  

429-დან, 3 აქტი ევთანაზიის მიზეზს საერთოდ არ ასახელებს: ჩამოთვლილი 7 შესაძლო მიზეზიდან შემოხაზული არც ერთი მიზეზი არ არის. 

 

სამი დაუსაბუთებელი აქტი

უცნობია, რა მიზეზით მოხდა იმ სამი ცხოველის ევთანაზია [დაუსაბუთებელი აქტები ნახეთ აქ].

ერთ-ერთი აქტი, სადაც ევთანაზიის მიზეზი მითითებული არ არის

 

სამი აქტიდან ორს ვეტერინარი დავით ომარაშვილი აწერს ხელს; ერთს - ვეტერინარი იოსებ ბოჭორიშვილი. ორი აქტი 2017 წლით თარიღდება, ერთი - 2018 წლით.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნატა უზუნაშვილი, ამბობს, რომ ხსენებული 3 აქტი ახალი მენეჯმენტის მოსვლამდე გამოიცა [ ახალ მენეჯმენტში იგულისხმება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ამჟამინდელი დირექტორი, ვახტანგ ლომჯარია და მისი გუნდი].

ახალ მენეჯემენტს პასუხი არ აქვს იმაზე, თუ რატომ არ არის აღნიშნული ამ აქტებში ცხოველთა ევთანაზიის მიზეზები. 

 

სამედიცინოდ დაუსაბუთებელი აქტები

არც ერთი საევთანაზიო აქტის უკან მყარო სამედიცინო მტკიცებულებები არ დგას და უმეტეს შემთხვევაში, დაავადების დიაგნოზი და ევთანაზიის გადაწყვეტილება ვიზუალური დათვალიერებით დადგა. 

კითხვაზე, არსებობს თუ არა აქტების უკან მყარი სამედიცინო დოკუმენტაცია, მაგალითად, ონკოლოგიური დაავადებების დამადასტურებელი უჯრედული კვლევები - ბიოფსია, ხოლო ტრავმების შემთხვევაში რენტგენისა და ექოსკოპიის დოკუმენტაცია, ა.შ., სააგენტოს მთავარი ვეტერინარი, გიორგი სადათერაშვილი ასე პასუხობს: 

არსებობს ცხოველზე ზოგადი ინფორმაცია და თანდართული ევთანაზიის აქტი. ციტოლოგია და სიმსივნური დაავადებების ლაბორატორიული კვლევები არ ტარდება,” - ამბობს გიორგი სადათერაშვილი. - “პირდაპირ გეტყვით, რომ ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში, ბიოფსია არ ტარდება. მსგავს კვლევას ვერც ჩავატარებთ. ნებისმიერი წანაზარდი სხეულზე სიმსივნედ ითვლება. მაგალითად, [თვალით] ვხედავთ, რომ ცხოველს აქვს ძალიან დიდი ზომის სიმსივნური წანაზარდი. ეს, უმეტეს შემთხვევაში, დედალ ძაღლებში არის სარძევე ჯირკვლების სიმსივნე. შემდეგ ვაფასებთ სიტუაციას: თუ არის შესაძლებელი, რომ ცხოველს გაუკეთდეს ოპერაცია. ჩვენ ოპერაციებსაც ვაკეთებთ და არაერთი ასეთი ოპერაცია გაგვიკეთებია. უბრალოდ, ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, რომ სიმსივნით დაავადებულ ცხოველს ვუმკურნალოთ, მით უმეტეს, ქიმიოთერაპია ჩავუტაროთ. იმ აქტების შემთხვევაში, სადაც შემოხაზულია მე-3-4 სტადიის სიმსივნე, ჩაითვალა, რომ ოპერაციის გაკეთებაც არ იყო შესაძლებელი და გადაწყდა ევთანაზია.” 

კითხვა: თქვენი აზრით, კარგი იქნებოდა თუ არა, რომ ცხოველის სავარაუდო სიმსივნურ დაავადებას ლაბორატორიულად იკვლედეთ ევთანაზიის გადაწყვეტილებამდე?

პასუხი: არა, არ მგონია. როცა დაინახავ ბურთისხელა ზომის წარმონაქმნს, რა თქმა უნდა, ეს ცალსახად არის სიმსივნური. კი ბატონო, შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი.  დავუშვათ და რომ მოხდეს კვლევა, საბოლოოდ, გამოვა, რომ ვერ ვუმკურნალებთ.  

კითხვა: ვერ უმკურნალებთ, მაგრამ არც ევთანაზიას გააკეთებთ. მაშინ, როდესაც მეტი ინფორმაციის მოგროვება ვერ ხერხდება, ევთანაზია გამოსავალია?

პასუხი: სწორად გამიგეთ: ჩვენი ორგანიზაცია არ არის საავადმყოფო. თუ დიდი ზომის წარმონაქმნი აქვს ცხოველს, თუ არის შესაძლებელი, რომ გაკეთდეს ოპერაცია, ჩვენ ვაკეთებთ. თუ არ ღირს და ქირურგიულად ეს რთული იქნებოდა, ამ შემთხვევაში არ ღირს.  ხშირად, არ არის რენტაბელური, თუნდაც ცხოველზე გაკეთდეს ასეთი ძვირადღირებული კვლევები, როგორებიც არის ციტოლოგია და ბიოფსია. როდესაც ცხოველს ემჩნევა, რომ არის დაავადებული, პლუს დაუძლურებული აღნიშნული დაავადებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სჯობს ევთანაზია.  

კითხვა: რაც შეეხება ტრავმებს: ამ შემთხვევაში, რენტგენს ან ექოსკოპიას ატარებთ ევთანაზიამდე?

პასუხი: ტრავმას რაც შეეხება: შესაძლოა, ჩავატაროთ რენტგენული გამოკვლევა. ეს უფრო საჭიროა, ვიდრე ექოსკოპია. საჭიროების შემთხვევაში, რენტგენული კვლევაც ხდება. ჩვენი საკუთარი [რენტგენისა და ექოსკოპიის] აპარატი არ გვაქვს, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, ვთანამშრომლობთ წამყვან კერძო კლინიკებთან, ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული და იქ მიგვყავს ცხოველები. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ შემოსული ცხოველების მხოლოდ 20-30 პროცენტი გადაგვყავს რენტგენულ კვლევებზე. 

 - ასე უპასუხა გიორგი სადათერაშვილმა კითხვებს უკვე ჩატარებული ევთანაზიის აქტების მყარი სამედიცინო მტიცებულებებისა და უტყუარი დიაგნოსტიკის საჭიროებასთან დაკავშირებით.  

თბილისის მუნიციპალიტეტის ცხოველთა თავშესაფრის ძაღლების ვოლიერი 

 

უფრო ჰუმანური ევთანაზია

ევთანაზიის სამედიცინო დასაბუთების გარდა, მნიშვნელოვანია მისი ჰუმანურობაც. მართალია, ევთანაზიასთან დაკავშირებით ეროვნული კანონმდებლობა/გაიდლაინი არ არსებობს, თბილისის საკრებულოს წესი კი მხოლოდ დედაქალაქს ფარავს და უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ ევთანაზიის დროს ცხოველი ტკივილს არ უნდა გრძობდეს. 

რამდენად უმტკივნეულოდ ჩატარდა ევთანაზიები თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში დაარსებიდან დღემდე? 

გიორგი სადათერაშვილი ამბობს, რომ სააგენტოში ევთანაზიის წესების შიდა, დაწერილი გაიდლაინი არ აქვთ. თუმცა, ევთანაზიის საშუალებები ახლა უფრო ჰუმანურია, ვიდრე 2015-2017 წლებში - სააგენტოს დაარსების პირველ პერიოდში, როდესაც ცხოველის ევთანაზია მხოლოდ პრეპარატ ქსილაზინითა და მაგნეზიის სულფატით, ე.წ. ინგლისური მარილით, ხდებოდა. 

სადათერაშვილის თქმით, ცხოველთა კეთილდღეობაზე მზრუნველ ინგლისურ ორგანიზაცია მეიჰიუ ინთერნეშნალთან თანამშრომლობისა და ვეტერინარების ტრენინგების შემდეგ, სააგენტომ მაგნიუმის სულფატი ხმარებიდან ამოიღო და ის ახალი პრეპარატით: თიოპენტალით ჩაანაცვლა.

ძაღლის სტერილიზაციის ოპერაცია თავშესაფარში

ამჟამად თავშესაფარში ევთანაზია ორი მედიკამენტით: ქსინალიზითა და თიოპენტალით ხდება.

ქსილაზინი კუნთების მოსადუნებელი საშუალებაა. ვეტერინარები მას მიორელაქსანტსაც ეძახიან. კუნთების გარდა, ის ნაწილობრივ [მაგრამ სუსტად], ნერვულ სისტემაზეც მოქმედებს. მისი შეყვანის შემდეგ, ცხოველი იძინებს [თუმცა, გონებას არ კარგავს].

თიოპენტალი კი, ევთანაზიის მეორე და სიკვდილის გამომწვევი პრეპარატი თავის ტვინს მყისიერად “თიშავს” [სამედიცინო ენაზე, დგება ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესია], ცხოველის გული კი მოგვიანებით - რამდენიმე წამში, ჩერდება. იქიდან გამომდინარე, რომ თავის ტვინი, მათ შორის, მისი ტკივილის აღქმის რეცეპტორები, ბლოკირებულია, ითვლება, რომ  ცხოველი გულის გაჩერების თანმდევ ტკივილებს არ გრძნობს. 

“მაგნიუმის სულფატი თუ პირდაპირ გულს აჩერებდა თავის ტვინის გათიშვამდე, გონება გულის გაჩერების შემდეგ ითიშებოდა, ცხოველი კი ტკივილს გრძნობდა. ახლა პირიქით არის: ჯერ გონება ითიშება და შემდეგ - გული. აქედან გამომდინარე, ეს [თიოპენტალი] უფრო ჰუმანური საშუალებაა,” - ამბობს სადათერაშვილი. 

მნიშვნელოვანია დროის შუალედიც ერთი პრეპარატის შეყვანიდან მეორის შეყვანამდე: მნიშვნელოვანია, რომ ცხოველი დამშვიდებული იყოს ძლიერი და მომაკვდინებელი საშუალების ვენებში შეყვანა მინიმალურად ან საერთოდ არ იგრძნოს.

“ინდივიდუალურიც არის: [პრეპარატი] ყველა ცხოველზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. ყველა შემთხვევაში, ვუცდით, ვუყურებთ ცხოველის მდგომარეობას, რა დონეზე არის ჩაძინებული და მოდუნებული. დრო [კუნთების მოდუნებიდან მომაკვინებელი პრეპარატის შეყვანამდე] არის 15 წუთიდან ნახევარ საათამდე,” - ამბობს გიორგი.

მას შემდეგ, რაც ვეტერინარები დარწმუნდებიან, რომ ცხოველი საკმაოდ არის მიძინებული თუ კუნთებმოშვებული, მის ვენაში თიოპენტალის საჭირო დოზა  შეჰყავთ.  

მომაკვდინებელი დოზა ყველა ზომის ცხოველისთვის სხვადასხვაა. 50 < კილოგრამ ძაღლს, მაგალითად, შესაძლოა, ერთი ფლაკონი თიოპენტალიც არ ეყოს; პატარა ზომის ცხოველებს: ლეკვს, კატას ან კნუტს, შესაძლოა, რამდენიმეს ერთი ფლაკონი ეყოს. თუ ფლაკონი გაიხსნა, ის იმ დღესვე იხარჯება: გიორგი ამბობს, რომ გახსნილ პრეპარატს არ ინახავენ. 

ევთანაზიის პროცესი დაახლოებით 40 წუთი გრძელდება. ოთახში ევთანაზიისთვის გამზადებული ცხოველები რიგ-რიგობით შეჰყავთ, საოპერაციო მაგიდაზე სვამენ, ჯერ ქსილაზინს უკეთებენ, შემდეგ - თიოპენტალს და ელოდებიან სიკვდილს. ცხოველის სიკვდილის საბოლოო დადასტურება თვალის გუგების შემოწმებით ხდება: ვეტერინარები ცხოველის თვალის გუგას ეხებიან. 

“ფაქტობრივად, ეს სიმპტომი უტყუარი მაჩვენებელია: თუ სიცოცხლის თუნდაც მცირე ნიშან-კვალი აქვს, გუგას ახამხამებს. შემდეგ ველოდებით  იმ მომენტს, როცა რეაქცია აღარ ექნება,” - ამბობს გიორგი.    

2015-2016-2017 წლებში ცხოველთა  ევთანაზია სხვა პრეპარატებით: ქსინალიზინითა და მაგნიუმის სულფატით ხდებოდა. ამ ორი პრეპარატიდან ძლიერად ცენტრალურ ნერვულ სისტემას  არც ერთი არ აყუჩებდა. მაგნიუმის სულფატი კი - სიკვდილის გამომწვევი საშუალება - ისე აჩერებდა გულს, რომ ცხოველის გონება ჯერ საკმარისად გათიშული არ იყო, რომ გულის გაჩერების ტკივილი არ ეგრძნო. 

გიორგი სადათერაშვილი ეთანხმება იმ ფაქტს, რომ სააგენტოს დაარსების პირველი ორი წლის განმავლობაში ევთანაზიის დროს ცხოველები ტკივილს გრძნობდნენ. მიზეზი ქართველი ვეტერინარების გამოუცდელობა და შესაბამისი ინფორმაციის არქონა იყო. იმ პერიოდში 2 672 ცხოველის [კატების, ძაღლების, კნუტებისა და ლეკვების] ევთანაზია მოხდა. 

“შემდეგ საკითხი ისე დადგა, რომ ევთანაზიები არ ტარდებოდა ჰუმანურად. განვიხილეთ და მაგნიუმის სულფატი შევცვალეთ თიოპენტალით,” - ამბობს გიორგი.  

“მაგნეზიუმის სულფატი, --- და სხვა ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორების ანესთეზიისთვის გამოყენება დაუშვებელია ხერხემლიანი ცხოველების ევთანაზიისთვის ისეთ ვითარებაში, როდესაც ცხოველს გონება ჯერ კიდევ არ აქვს დაკარგული. ამ საშუალებების გამოყენება ევთანაზიისთვის მხოლოდ ისეთ შემთხვევაში არის დასაშვები, როცა ცხოველი ან სათანადოდ არის ანესთეზირებული ან უგონო მდგომარეობაშია,” - წერია ამერიკის ვეტერინართა სამედიცინო ასოციაციის ვრცელ გაიდლაინში, რომელიც დეტალურად აღწერს ევთანაზიის ისტორიას, მნიშვნელობას, ცხოველთა ევთანაზიით მოკვდინების ყველა ხერხს, ზოგს ჰუმანურს და ზოგს - უფრო რადიკალურს, ევთანაზიის ყველა მედიკამენტს, მათ აქტიურ ნივთიერებებსა და ზემოქმედების მექანიზმებს, თითოეულის დადებით და უარყოფით მხარეს და ადამიანის როლს ამ მტკივნეული პროცესის ეთიკურად და ჰუმანურად წარმართვაში. 

 

როგორ ატარებენ ევთანაზიას კერძო კლინიკები?

ევთანაზიის საშუალებების გაგების მიზნით, სხვადასხვა ვეტერინარულ კლინიკებს დაველაპარაკეთ. ზოგმა გაამჟღავნა მედიკამენტების დასახელება, ზოგმა კი - ტელეფონით ამაზე საუბარი არ ისურვა და ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგების მიზნით, ცხოველის ადგილზე მიყვანა ითხოვა.

შპს აბვეტის ვეტერინარმა, იზოლდა მიმინოშვილმა გვითხრა: “[ჩვენთან] ევთანაზია ხდება. გააჩნია სიტუაციას, რა მდგომარეობაა. ვიღაცის [სამედიცინო] დასკვნაზე არა. ჯობია, რომ ვნახოთ ცხოველი.  სრული ბიო-ქიმიური კვლევა - 150 ლარი ღირს, ექოსკოპია - 30 ლარი, რენტგენი - 40 ლარი. ევთანაზია - წამლის მიხედვით, 30 ლარიდან ზემოთ, 70 ლარამდე. რა პრეპარატებს ვიყენებთ, ვერ გეტყვით. ხდება მიორელაქსანტის შეყვანა, რომელიც მოადუნებს ცხოველს და შემდეგ ხდება შესაბამისი პრეპარატის მიღება. ტელეფონით ინფორმაციას ვერ გავცემ.” 

დიმიტრი იარემენკომ, შპს ვეტერინარული საავადმყოფოს ვეტერინარმა, გვითხრა: 

 - [ევთანაზიას] ვაკეთებთ, რა თქმა უნდა. ტელეფონით ვერ გეტყვით [დეტალებს]. უკეთესია, ვნახოთ ცხოველი.  პრეპარატებზე ტელეფონით ვერ დაგელაპარაკებით იმიტომ, რომ ამაში თქვენ ვერ ერკვევით. ამას ჩვენ ჰუმანურად ვაკეთებთ.

- როცა მოვალთ, გვეტყვით [პრეპარატების დასახელებას]?

- დიახ, რა თქმა უნდა.

- ტელეფონით თქმა რატომ არის პრობლემა?

- მოდით, მოვრჩები თქვენთან საუბარს [თიშავს ტელეფონს]

შპს „ვეტერინარული მომსახურების ცენტრის" ვეტერინარი ლილე მეჟლუმიანი:  

ცხოველის პატრონი დიაგნოზი არის სიმსივნე.

ლილე მეჟლუმიანინუ, სიმსივნე ბევრნაირი არსებობს. რისი? 

ცხოველის პატრონი - პროცედურა რამდენად არის უმტკივნეულო და რა პრეპარატებს იყენებთ, ეგ მაინტერესებდა. 

ლილე მეჟლუმიანი - თიოპენტალს ვიყენებთ, რომელიც მომენტალურად იწვევს ცხოველის სიკვდილს, ტკივილის გარეშე.  

ცხოველის პატრონი  - მხოლოდ თიოპენტალს იყენებთ?

ლილე მეჟლუმიანი - ზოგიერთ შემთხვევაში, მოსადუნებელსაც ვხმარობთ, ხან არა. ეს უკვე ცხოველის მდგომარეობას გააჩნია. დასაძინებლად მხოლოდ ეგ გამოიყენება. დისკომფორტი ცხოველს არ აქვს, რადგან მყისიერად ხდება სასიცოცხლო ფუნქციების გათიშვა.  

გასული წლის დეკემბერს საუბრისას, ზუგდიდელმა ვეტერინარმა, ემზარ ჭაჭუამ გვითხრა, რომ მას ჰუმანური საევთანაზიო საშუალება - თიოპენტალი არ ჰქონდა და ამიტომ დღემდე იყენებდა მაგნიუმის სულფატს, ე.წ. ინგლისურ მარილს, თუმცა, აცნობიერებდა, რომ ეს პროცედურა ცხოველისთვის მტკივნეულია და გამოხატავდა სინანულს.

- ევთანაზიას თუ აკეთებთ თქვენს კლინიკაში?

- მხოლოდ ძალიან, ძალიან, ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში. თუ არადა - არა.

- რა პრეპარატს იყენებთ ანესთეზიისთვის?

- თავიდან ქსილაზინით ვაძინებთ.  შემდეგ უკვე, საუბედუროდ, მხოლოდ მაგნეზიის სულფატს ვიყენებ. სხვა არაფერი არ მაქვს.  

- ნუ, ე.წ. ინგლისურ მარილს?

- კი, ასეა.  

- ანუ ამ  ორ პრეპარატს იყენებთ?

- კიდევ ერთხელ ვამბობ: ეს ხდება წელიწადში ერთხელ, ორჯერ, როცა ცხოველი ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენს. თუ არა, არ ვაძინებ, ხომ აგიხსენით უკვე. თიოპენტალი არ მაქვს, იმიტომ, რომ არ არის გაყიდვაში.  

- დიაგნოსტიკას ცხოველის მდგომარეობაზე თქვენ აკეთებთ თუ სხვა კლინიკის დიაგნოსტიკას ენდობით?

- მხოლოდ მე.  

- თქვენ გაქვთ ექოსკოპია, რენტგენი და ა.შ. - ყველა სადიაგნოსტიკო საშუალება?

- ექოსკოპიაზე ჩხოროწყუში ვუშვებ. 

 

ტკივილის აღქმა ცხოველებში

ტკივილის შეგრძნება, ასე თუ ისე, ცნობიერ განცდასა თუ გამოცდილებას უკავშირდება. მიუხედავად ამ განმსაზღვრელი პრინციპისა, ცნობიერების დეფინიცია და ტკივილის აღქმა, სხვადასხვა სახეობის კონტექსტში, მარტივი არ არის. წარსულში ითვლებოდა, რომ თევზები, ამფიბიები, რეპტილიერები და უხერხემლო ცხოველები, რომლებსაც ტვინი [ნერვული ქსელი] არ აქვთ, არც ტკივილის შეგრძნება შეუძლიათ, ხერხემლიანი სახეობებისა და ფრინველებისგან განსხვავებით. უხერხემლოთა ნაწილს საერთოდ არ აქვს ნერვული სისტემა [მაგალითად, მარჯნის პოლიპები], არც განგლიონები ან აქვთ მინიმალური ნერვული კვანძები [მაგალითად, ზღვის ვარსკვლავი]. 

თუმცა, არსებობს უხერხემლო ცხოველების მთელი ტაქსონომია, რომლებსაც კარგად განვითარებული თავის ტვინი და რთული ქცევები აქვთ, რაც გულისხმობს ანალიზის უნარს და სხვადასხვა გარემო გამაღიზიანებელზე საპასუხო რეაქციას [მაგ. რვაფეხა და მისი მსგავსი სახეობები, ობობები, ფუტკრები, პეპლები და ჭიანჭველები]. უხერხემლოების უმრავლესობას საფრთხეზე რეაქცია აქვს და ბუნებრივ ოპიოიდებსაც გამოიმუშავებს.  ამფიბიებისა და რეპტილიების ტაქსონომიის უმრავლესობის ანატომია და ფიზიოლოგიური მახასიათებლები იმდენად არის შერწყმული გარემოსთან, რომ თუ მათ ბუნებრივ გარემოში ვხედავთ, ხშირად რთულია თქმა, ცოცხლები არიან თუ მკვდრები. 

მიუხედავად იმისა, რომ საშიშ მასტიმულირებლებზე რეაგირებენ, მაინც რთულია თქმა, გრძნობენ თუ არა უხერხემლო სახეობები ტკივილს. ხერხემლიან ცხოველებს კარგად განვითარებული თავის ტვინი და პერიფერიული ნერვული სისტემა აქვთ და არაერთი ვეტერინარისა თუ ცხოველის პატრონის თქმით, ტკივილს დაახლოებით ისე გრძნობენ და განიცდიან, როგორც ადამიანი. 

ევთანაზიის ტექნიკები სწორედ იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ცხოველმა სწრაფად დაკარგოს ცნობიერება და მინიმალურად ან საერთოდ არ იგრძნოს ტკივილი თუ სტრესი. ევთანაზიის მეთოდები კი ცხოველთა ტაქსონომიიის მიხედვით უნდა შეირჩეს, სახეობის ფიზიოლოგიისა და ანატომიის გათვალისწინებით.  

 

სახეობების რეაქცია სტრესზე

საშიშ გამაღიზიანებლის წინააღმდეგ თუ ამა თუ იმ ემოციური მდგომარეობის დროს ზოგი სახეობა სხეულის პოზას იცვლის, ხმებს გამოსცემს [კნავილი, ყეფა, ღრენა, ჭყვიტინი], გაიბრძოლებს, გაქცევას ცდილობს, აგრესიულად იცავს თავს ან მტრის მიმართ შეტევაზე გადადის. როგორც გონზე მყოფ, ასევე უგონო მდგომარეობაში მყოფ ცხოველებში ასევე დამახასიათებელია ნერწყვის გამოყოფა, უნებლიე შარდვა, კუჭში გასვლა, ტაქიკარდია, ოფლდენა; ზურგის ტვინიდან მომავალი რეაქციები: კანკალი, თრთოლა და სხვა კუნთოვანი სპაზმები.

შიში ზოგ სახეობას ადგილზე აქვავებს, ზოგი - თავს იმკვდარუნებს, მათ შორის, მაგალითად, კურდღლები და წიწილები. ადგილზე გაქვავება ან მოძრაობის შეწყვეტა სიკვდილს ან რეალურ უგონო მდგომარეობას არ ნიშნავს: სინამდვილეში, ეს საფრთხის თავიდან აცილების მიზნით თავის მოკატუნება-მომკვდარუნებაა. ზოგი სახეობა “მტრის” მოსაგერიებლად გარკვეულ სუნს ან ნივთიერებასაც კი გამოყოფს.  

თითქმის ყველა სახეობის ცხოველისთვის ახალ და უცნობ გარემოში მოთავსება ავტომატურად ნიშნავს სტრესს. ამიტომაც ნაცნობ გარემოში [სახლში] ევთანაზია ერთ-ერთი გამოსავალია დამატებითი სტრესების თავიდან ასაცილებლად.  ცხოველი, რომელიც მიჩვეულია ადამიანისგან ზრუნვასა და ალერსს, სახლისა და საყვარელი პატრონების გარემოცვა უმსუბუქებს ევთანაზიის თანმდევ სტრესს უმსუბუქებს.  

მგრძნობიარე სახეობებში სასურველია, რომ ცხოველი ევთანაზიის ოთახში მარტო იყოს [იქ არ იყვნენ სხვა ცხოველებიც]. ოთახში მარტივად მიღწევადი პირობები უნდა შეიქმნას: მაგალითად, იატაკი არ იყოს სრიალა, რომ ცხოველს ფეხი არ დაუცურდეს, მაქსიმალურად შემცირდეს ხმაური; შესაძლოა, ცხოველს მხედველობის არეც შევუზღუდოთ და თვალზე რამე ავაფაროთ.  

"ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვის დროს, ტერმინი, რომელიც ოჯახში ბინადარ ცხოველთა ინტერესების გათვალისწინებას ეხებოდა, ეხამუშათ და სამუშაო ვერსიიდან ამოიღეს.

“თავიდან, კანონპროექტის განმარტებით ნაწილში ეწერა ‘შინაური ბინადარი ცხოველის, როგორც, მგრძნობიარე არსების, კეთილდღეობა’. პროექტიდან ამოღებულია ‘მგრძობიარე არსება,’ და სიტყვა ‘კეთილდღეობაზეც’ არის დიდი კითხვის ნიშანი,” - ამბობს თინათინ ჭავჭანიძე, ცხოველთა უფლებების დამცველი, რომელიც კანონის ამ პროექტის ერთ-ერთი ავტორია. - “ქართველ კანონმდებლებს ‘კეთილდღეობა” ცხოველებისთვის გადამეტებული ტერმინი ჰგონიათ, კეთილდღეობა ფუფუნებაში ეშლებათ. არგუმენტი იყო, რომ პარლამენტარები ამ ტერმინილოგიას არ ეთანხმებიან დასაბოლოო განხილვის დროს არ დაეთანხმებოდნენ.”

ცხოველთა კეთილდღეობის აქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1966 წელს მიიღეს. მას შემდეგ, ცვლილება მასში რვაჯერ შევიდა, 2013 წელს საბოლოო სახე მიიღო და ცხოველთა უფლებების ბაზისებს აღწერს და სხვა არაერთი მარეგულირებელი კანონის საფუძველია.

ცხოველის ერთ-ერთი უფლებაა ტკივილისგან დაცვაც - ცხოველს, სწორედ ისევე, როგორც ადამიანს, აქვს უფლებაა, რომ ტკივილის გარეშე იცხოვროს. მაშინ, როდესაც მისთვის ტკივილის ან სტრესის თავიდან აცილება ძნელი ან შეუძლებელია, ევთანაზია - სიკვდილის ხელოვნურად გამოწვევა - გამართლებულია.  

 

პამელა 

თინა ჭავჭანიძემ ზუსტად არ იცის, ევთანაზიის დროს, სიკვდილის მომენტის დადგომამდე, იგრძნო თუ არა ტკივილი მისმა 14 წლის ძაღლმა, პამელამ, რომლის გამოც მისი პატრონი მოგვიანებით ცხოველთა უფლებების დამცველი გახდა. თინას არც ის უკითხავს ვეტერინარისთვის, რა პრეპარატები გამოიყენა ძაღლის ხელოვნურად მოკვდინების პროცესში.  

პამელა. ფოტო თინა ჭავჭანიძის საოჯახი არქივიდან

მას შემდეგ, რაც ძაღლმა პირველად და ერთადერთხელ, 4 წლის ასაკში,  იმშობიარა, ხოლო პატრონმა ლეკვები დიდი ზარ-ზეიმით გააჩუქა, თინას იმედი ჰქონდა, რომ ძაღლს რეპროდუქციული პრობლემები აღარ შეექმნებოდა. მით უმეტეს, რომ საკეისრო დასჭირდა და მთელი საშვილოსნო ამოღებული ჰქონდა. საკეისროც მიორელაქსანტით გაუკეთდა: ტკივილის გაყუჩების  მიზნით, ძლიერი ანესთეზიის საშუალებები ცხოველებისთვის მაშინ არ გამოიყენებოდა. მთელი პროცესის განმავლობაში ცხოველი გაშეშებული იყო და გრძნობდა თუ არა ტკივილს, პატრონისთვის უცნობი დარჩა. მშობიარობის შემდეგ, ძაღლს ცრუ ორსულობები დასჩემდა. ასეთ პერიოდებში კი ძალიან იტანჯებოდა.

“დადიოდა, ტიროდა, წკმუტუნებდა, ლეკვებს ეძებდა; სახლში თუ რამე სათამაშოს იპოვნიდა, საკუთარი ლეკვები ეგონა, უვლიდა და ‘პატრონობდა.’ რაც მთავარი და ყველაზე ცუდი იყო, ძუძუში რძეც უდგებოდა,” - იხსენებს თინა. 

ცრუ ორსულობებისა და თანმდევი ტანჯვის თავიდან აცილების მიზნით, პატრონი მას ვეტერინარის დანიშულ პრეპარატს, ინექციის სახით, ექვს თვეში ერთხელ, უკეთებდა, დროთა განმავლობაში კი ცდილობდა, ექვსთვიანი პერიოდი გაეზარდა და ძლიერი გვერდითი ეფექტების მქონე პრეპარატის ცხოველისთვის მიცემის სიხშირე შეემცირებინა. დაახლოებით 8 წლის იქნებოდა ძაღლი, როდესაც პატრონმა შეამჩნია, რომ ცხოველს ძუძუს თავები გაუმაგრდა. ვეტერინარი ამშვიდებდა და ეუბნებოდა, რომ “გამაგრებები გაიწოვებოდა.”

ძუძუს გამაგრებები არ გაიწოვა. პატრონმა გამაგრებული [და სავარაუდოდ, საშიში] უჯრედების ამოკვეთის საკითხიც დააყენა. ვეტერინარმა ეს ინიციატივა უკუაგდო იმ არგუმენტით, რომ ძაღლი უკვე ასაკში იყო და შესაძლოა, საკეისროს შემდეგ, კიდევ ერთი ოპერაცია ვერც გადაეტანა. 

ოფიციალური, დაწერილი დიაგნოზი, რომელიც, მაგალითად, უჯრედების ციტოლოგიურ კვლევას, ბიოფსიას ან ექოსკოპიას დაეფუძნებოდა, ძაღლს არ ჰქონია. ორიათასიანი წლების დასაწყისი იყო და თბილისში ცხოველების დაავადებების მაღალ დონეზე დიაგნოსტირების საშუალებები და გამოცდილება ქართველ ვეტერინარებს არ ჰქონდათ. 

ასაკის მატებასთან ერთად, ძაღლი უფრო და უფრო დაუძლურდა; ბოლოს ფეხზეც ძლივს დგებოდა და ზოგჯერ სისხლდენაც ჰქონდა საშოდან. დროებითი შვების მიზნით, პატრონს ის თბილისში, ერთ-ერთ ვეტერინართან დაჰყავდა, რომელიც მას დროდადრო გადასხმებს უკეთებდა [და არა ქიმიოთერაპიას]. ბოლოს, ვეტერინარმა გამოაცხადა, რომ ძაღლის წვალებას აზრი არ ჰქონდა და ერთადერთი გზაღა დარჩა: ევთანაზია - სიკვდილის ხელოვნურად გამოწვევა და ცხოველისთვის ტანჯვის აცილება. 

დროთა განმავლობაში, ეს ვერსია პატრონისთვისაც ერთადერთ გამოსავლად იქცა: ძაღლის ცოცხლად დატოვება მისი ტანჯვის გახანგრძლივებას ნიშნავდა, მისი  ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შანსები კი აღარ რჩებოდა. საბოლოოდ, თინამ ძაღლის ევთანაზიის დღეც მოინიშნა და პამელა ვეტერინარულ კლინიკაში თავისი ხელით მიიყვანა.

“მგონია, რომ [ვეტერინარმა] რაღაც დამამშვიდებელი გაუკეთა. სანამ მე იქ ვიყავი და პამელას ვემშვიდობებოდი, რაღაცნაირად, დაიძინა. ვერ ვიკითხე [თუ რა მედიკამენტები გაუკეთდა], ამ კითხვის დასმა გამიჭირდა. მაშინ ასეთ დეტალებში ჩახედული არც ვიყავი.” 

ვეტერინარული კლინიკიდან, სადაც საყვარელი ძაღლი ბოლოჯერ ნახა, თინა პირდაპირ სახლში არ წასულა. მეგობართან ერთად, კუს ტბას რამდენჯერმე შემოუარა, მეგობარს ძაღლისთვის შექმნილი ფეისბუქის  გვერდის გაუქმება და სახლიდან ძაღლის სახელობის ყველა სათამაშოსა თუ საკვების დასაყრელი ჯამის გატანა სთხოვა. გარდაცვლილი ცხოველის გაკვეთის შედეგად აღმოჩნდა, რომ პამელას მეტასტაზები მთელს ორგანიზმში ჰქონდა მოდებული, მათ შორის, ფილტვებში. 

თეთრი, ხუჭუჭა ტერიერი პამელა ამჟამად რამდენიმე ოჯახურ ფოტოზეა შემორჩენილი, სადაც, პატრონებთან შედარებით, თეთრი წერტილივით მოჩანს. ოჯახში ამჟამას მისი ადგილი ოთხი წლის შავ, მომწვანოთვალება, ზანტ და სტუმრების მიმართ ცნობისმოყვარე კატა მუნი[კო]ს უკავია. 

3 თვის იყო მუნი, როდესაც ის პარტიზანმა მებაღეებმა ქუჩაში იპოვეს, ფეხმოტეხილი, თიაქრიანი და კანის დაავადებით, რომელიც ცივ ხმაზე კნაოდა.

ახალნაოპერაციები მუნი. თინა ჭავჭანიძის არქივიდან

პამელას ევთანაზიის შემდეგ, ცხოველის აყვანაზე თინა თავს იკავებდა. საბოლოოდ, მარტო დარჩენილ შავ კნუტზე მაინც აიღო პასუხისმგებლობა. ფეხისა და თიაქრის ოპერაცია გაუკეთა, გაასტერილა და სახლში მიიყვანა. ეგონა, რომ მუნი კოჭლი დარჩებოდა. თუმცა, ოპერაციის შემდეგ, კნუტს ფეხი სრულად მოურჩა: ამჟამად მუნი კარადის თავზე ვერა, მაგრამ ფანჯრის რაფაზე თავისუფლად ხტება.  

თინა ჭავჭანიძე და მუნი. ფოტო © ნათელა გრიგალაშვილი / კაქტუსი

 

თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი

თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი ქალაქის ცენტრისგან მოშორებით, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩაზე, #17-ში მდებარეობს. მთავარი ინფრასტრუქტურული ნაგებობები 2012 წელს აშენდა.  

დაკარგული ჰასკის ჯიშის ძაღლი მუნიციპალიტეტის თავშესაფრის ვოლიერში

შესასავლელის მარჯვნივ დიდი საკარანტინო შენობაა. იმ შენობის ერთ-ერთ პატარა ოთახში ტარდება ცხოველთა ევთანაზია. დაახლოებით 1 კვირის წინ, სურსათის უვნებლობის სააგენტომ თავშესაფარში კარანტინი გამოაცხადა. ცოფით დაავადებული ცხოველის გაკვეთა სწორედ საევთანაზიო ოთახში მოხდა. ამჟამად იქ შესვლა, ევთანაზიის ინფრასტრუქტურის ნახვა და გადაღება შეუძლებელი იყო. 

შესასვლელის მარჯვნივ, ვოლიერში მყოფი ცხოველები სტერილიზება-კასტრაციას ელოდებიან.  საოპერაციო ოთახიც იქვეა: რამდენიმე ძაღლს უკვე აქვს გაკეთებული ქსილაზინი, მოდუნებულია, ზოგი კი - უკვე ოპერაციაგავლილი, გამოფხიზლების პროცესში, მოძრაობას ცდილობს და ყეფს.

ქუჩიდან აყვანილი ძაღლები თავშესაფრის ვოლიერში

მუნიციპალიტეტის ცხოველთა თავშესაფრის საპროცედურო ოთახი

ამჟამად თავშესაფარში ძაღლის 125 და კატის 14 ვოლიერია. 

საკატე და კატების ვოლიერები თავშესაფრის ყველაზე ვიწრო ოთახშია. საკატის საერთო ფართობი დაახლოებით 6-7-კვადრატული მეტრია.  23 იანვრის მდგომარეობით, საკატეში 12 კატა და 3 კნუტი იყო. 

თბილისის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის კატების ვოლიერები

“საკატე გვაქვს ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მაგას საკატე არ ჰქვია: ერთი ვოლიერი იყო. ადრე კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში გვქონდა, ახლა ოდნავ უკეთესია. ყველა კატა ახლაც იქ მიდის. საჭიროა და ვაპირებთ ახალი შენობის დადგმას. 

საკატე, სასურველია, რომ ძაღლებისგან შორს იყოს, იმიტომ, რომ ძაღლის ყეფა რომ ესმის კატას, უფრო ისტრესება,” - ამბობს ჯანო ჯაფარიძე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 

ჯაფარიძე ამბობს, რომ ახალ საკატეს მიმდინარე წელს ააშენებენ.  

ქუჩიდან აყვანილი კატა თავშესაფრის ვოლიერში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ზუსტი დიაგნოზი უცნობია 

 

♦  ფოტოები © ნოდარ ლადარია / კაქტუსი 

♦  სტატიის მიზანია ცხოველებზე ცნობიერების ამაღლება, ქუჩაში მცხოვრები ცხოველების კეთილდღეობა და დაცვა, საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური თავშესაფრების საქმიანობისა და გამჭვირვალობის მონიტორინგი და სამედიცინო თვალსაზრით ევთანაზიის მიზანშეწონილობის დასაბუთების მოთხოვნა. 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>