მეცნიერება

MDMA ან ექსტაზი - ნივთიერების პროფაილი




მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი [იგივე MDMA ან ექსტაზი]

MDMA სინთეზური ნივთიერებაა, რომელიც უფრო ექსტაზის სახელწოდებით არის ცნობილი. ეს სახელი მოგვიანებით საკმაოდ განზოგადდა და სხვა ნივთიერებების ფართო სპექტრის აღსანიშნავადაც იყენებენ. თავდაპირველად, MDMA 1912 წელს კომპანია Merck-მა აწარმოა, თუმცა, ამავე სახელით მისი მარკეტინგი ფართო ბაზარზე არასოდეს მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ MDMA წარსულში ფსიქოთერაპიის კონსულტაციისას დამხმარე საშუალებად გამოიყენებოდა, დღეს თერაპიული კუთხით მისი გამოყენება ძალზე შეზღუდულია. 

უკანონოდ წარმოებული MDMA დღეს, როგორც წესი, აბების სახით არის წარმოდგენილი. მათი ნაწილი ევროპაშიც იწარმოება. 

MDMA ცენტრალურ ნერვულ სისტემას [Central Nervous System, CNS] ასტიმულირებს და სუსტი ჰალუცინოგენური თვისებებიც აქვს; უფრო ზუსტად, ის ადამიანის სენსორულ აღქმას ამახვილებს და აძლიერებს. 

MDMA საერთაშორისო კონტროლის ქვეშაა.

ქიმია

მოლეკულური ფორმულა: C11H15NO2

მოლეკულური მასა: 193.2

MDMA არის მეთილენდიოქსი-მეთილამფეტამინის აბრევიატურა. ფორმალური სახელწოდება არის N-methyl-1-(3,4-methylenedioxyphenyl)propan-2-amine, მაგრამ MDMA ზოგადად ცნობილია 3,4-მეთილენდიოქსიმეთამფეტამინი ან მეთილენდიოქსი-მეთილამფეტამინის სახელწოდებით. სხვა ქიმიური სახელწოდებებია N,α-dimethyl-3,4-methylenedioxyphenethylamine ან, უფრო იშვიათად N-methyl-1-(1,3-benzodioxol-5-yl)-2-propanamine.

MDMA ფენეთილამინების ჯაჭვის უფრო დიდი ჯგუფის წევრია. MDMA, სხვა ფენეთილამინების და მისი მონათესავე მეთამფეტამინის მსგავსად, ორი ფორმით არსებობს [R და S].

ფიზიკური ფორმა
 
MDMA
ყველაზე ფართოდ გავრცელებული მარილი არის ჰიდროქლორიდი, რომელიც თეთრი ან მორუხო ფხვნილის, ან წყალში ხსნადი კრისტალის სახით გვხვდება. ასევე გვხვდება ნატრიუმის ფოსფატი. არალეგალური MDMA პროდუქტები, ძირითადად, თეთრი ფერის აბების სახით არსებობს, რომლებსაც სახასიათო ლოგო აქვთ. MDMA-ს ბაზა არის უფერო, წყალში უხსნელი ცხიმი.  

ფარმაკოლოგია

ტერმინები - ემპათოგენი [ემპათიის გრძნობის გამღვიძებელი] და ენტაქტოგენი [სოციალური ურთიერთობების წამახალისებელი] MDMA-ს მიერ გამოწვეული ძლიერი ეფექტების აღსაწერად გამოიყენება. ინექციის გზით მოხმარებული MDMA-ს თითქმის მთლიანი მოცულობა შარდში უცვლელი სახით გადადის. 

MDMA-ს ძირითადი მეტაბოლიტებია:  3,4-მეთილენდიოქსიამფეტამინი (MDA) და O-დემეთილირებული ნაერთები. 75 მგ დოზის მოხმარების შემთხვევაში, სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია - დაახლოებით 0.13 მგ/ლ დაახლოებით ორ საათში მიიღწევა. პლაზმაში ნარკოტიკული საშუალების კონცენტრაციის დონის განახევრების დრო 6-7 საათია.  

ცხოველებში MDMA ნეიროტოქსიკურობას იწვევს, რაც დასტურდება აქსონის [აქსონი - ნეირონის წაგრძელებული ბოჭკო, რომლის გასწვრივაც ნერვული იმპულსები ვრცელდება] სტრუქტურის ანატომიური ცვლილებებით და თავის ტვინში სეროტონინის კონცენტრაციის მუდმივი შემცირებით. 

ადამიანების [მომხმარებლების] შემთხვევაში, MDMA-ს გავლენაზე ბევრი რამ ჯერაც გაურკვეველია. სულ მცირე, ცნობილია ის, რომ ადამიანებში MDMA-ს გამოყენება კოგნიტური მდგომარეობის გაუარესებასთან ასოცირდება. MDMA-ს ფარმაკოდინამიკური და ტოქსიკური ეფექტები ერთმანეთისგან განსხვავდება, იმის მიხედვით, თუ რომელი სახის ქიმიური ნაერთია გამოყენებული.

თითქმის ყველა არალეგალური წარმოების MDMA სხვადასხვანაირი  მინარევის სახით არსებობს. აღრიცხულია 300 მგ დოზის მოხმარების შედეგად დამდგარი ფატალური შემთხვევები, მაგრამ ნივთიერების ტოქსიკურობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ინდივიდუალურ ათვისების უნარსა და სხვა გარემოებებზე, რა ვითარებაშიც მიიღო ადამიანმა MDMA. 

სინთეზი და პრეკურსორები

არსებობს ოთხი ძირითადი პრეკურსორი, რომლებიც MDMA-სა და მისი მსგავსი ნარკოტიკების წარმოებისას გამოიყენება. ესენია: საფროლი, იზოსაფროლი, პიპერონალი და 3,4-მეთილენედიოქსიფენილ - 2 - პროპანონი. საფროლი არის მთავარი საწყისი მასალა, რადგან დანარჩენი სამი საშუალება, შეიძლება, მისგან სინთეზირდეს. 1941 წელს, Merck-ის ორიგინალი პატენტის შექმნის დროს, საფროლი წყალბადის ბრომიდთან შეიყვანეს რეაქციაში, რათა ბრომოსაფროლი მიეღოთ, რომელიც შემდგომ, მეთილამინის გამოყენებით, MDMA-ად აქციეს. 

გამოყენების წესი

აბის სახით არსებული MDMA-ს თითქმის ყოველთვის ყლაპავენ.  ფხვნილის სახით არსებული MDMA-ს მოხმარება შესაძლებელია ცხვირით და პირით შესუნთქვის გზით ან ინექციის საშუალებით. თუმცა, რეკრეაციულ მომხმარებელთა შორის ექსტაზის ინექციის გზით გამოყენების შემთხვევები ძალიან იშვიათია. 

სხვა სახელწოდებები
 
როგორც ზემოთ მოყვანილი რამდენიმე სახელწოდება აჩვენებს, MDMA არის ამფეტამინისგან წარმოებული და მიეკუთვნება ფენეთილამინების ოჯახს. [MDMA-ს] მსგავსი ეფექტების მქონე მთელი რიგი ერთმანეთის მსგავსი ნაერთი გამოჩნდა, მათ შორის MDA, MDEA და MBDB, მაგრამ ისინი არასოდეს გამხდარა ისეთი პოპულარული, როგორც MDMA. 

ეს და MDMA-ს მონათესავე კიდევ ბევრი სხვა ნივთიერება ერთი საერთო სახელწოდების ქვეშ მოექცა და მათ ტერმინ “ექსტაზით” მოიხსენიებენ. MDMA-ს ქუჩურ სახელწოდებებს შორისაა Adam და XTC-ი, მაგრამ ხშირად, მას იმავე სახელით მოიხსენიებენ, როგორი ლოგოც არის მასზე დატანებული. მაგალითად, Mitsubishis/მიცუბიში, Love Doves/მოსიყვარულე მტრედები და ბევრი სხვა. 

ანალიზი/ტესტირება

მრავალი თავისი ჰომოლოგის მსგავსად, MDMA რეაქციაში შედის Marquis field test-თან და წარმოქმნის მუქ ლურჯ/შავ შეფერილობას. ას-სპექტომეტრია აჩვენებს შეზღუდულ სტრუქტურას ძირითად იონთან m/z = 58 და სხვა იონებთან m/z = 135 და 77. 

გაზ-ქრომოტოგრაფის გამოყენებით [MDMA-ს] სისხლის პლაზმაში და შარდში დაფიქსირების მაჩვენებელი შეზღუდულია 1.6. მკ/ლ და 47 მკ/ლ-ზე [მიკროგრამი ლიტრზე]. 

აბებში სუფთა MDMA-ს შემცველობის დონე
 
აბი ჩვეულებრივ, საშუალოდ, 60–70 მილიგრამ MDMA-ს შეიცავს,  ნატრიუმის ჰიდროქლორიდს ან უფრო იშვიათად, ნატრიუმის ფოსფატის სახით. ფხვნილები აბებისგან შესაძლოა განსხვავდებოდეს [მათში სუფთა MDMA-ს შემცველობის რაოდენობით, რაც შეიძლება 30-40% იყოს] ან შესაძლოა, თითქმის მთლიანად სუფთა MDMA-ს წარმოადგენდეს. თავისუფალი ბაზა წარმოადგენს ჰიდროქლორიდის მარილის 84% -ს.

აქტიური ნივთიერების გარდა, აბები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც მას მოცულობას ჰმატებს, მაგალითად, ლაქტოზას და მცირე მოცულობებით [აბის] შემკვრელ ნივთიერებებს. 

2011 წლის მონაცემებით, ევროპის მასშტაბით ერთი აბი MDMA შეიცავდა 43 მილიგრამ სუფთა ნივთიერებას  [მაგ. დანიაში] და 113 მილიგრამს [მაგ. თურქეთში]. 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ევროპაში არალეგალური ნარკოტიკული აბების შემადგენლობა იცვლება. შემოწმებული აბების უმეტესობა MDMA-ს ან ექსტაზის მსგავს სხვა ნივთიერებებს [MDEA, MDA] შეიცავდნენ, როგორც ერთადერთ ფსიქოაქტიურ სუბსტანციას. 

იყო სინჯები, რომელთა შემადგენლობაშიც  MDMA-ს მსგავსი სუბსტანციები ნაკლებად აღმოჩნდა. ეს მიგნება/ტენდენცია მკაფიოდ 2009 წელს გამოჩნდა, როდესაც მხოლოდ სამმა ქვეყანამ განაცხადა, რომ MDMA-ს მსგავსი სუბსტანციები წარმოადგენს შემოწმებული ტაბლეტის შემადგენლობის დიდ ნაწილს. 

ახლახან გამოჩნდა მტკიცებულება MDMA-ს აბებში ისევ დაბრუნების შესახებ. 2011 წელს, ქვეყნების გარკვეულმა რაოდენობამ განაცხადა, რომ გაიზარდა იმ აბების [სახეობის] რაოდენობა, რომლებიც MDMA-ს მსგავს ნივთიერებებს შეიცავდნენ, როგორც აქტიურ ნივთიერებებს. 

კონტროლის სტატუსი

MDMA, შემდეგი სახელწოდებით [+/–)-N,α-dimethyl-3,4-(methylene-dioxy] phenethylamine, შესულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ 1971 წლის კონვენციაში.

გავრცელების არეალი

15-დან 34 წლამდე ახალგაზრდებში სიცოცხლის განმავლობაში “ექსტაზის” [ტერმინი, რომელიც ფართოდ გამოიყენება MDMA-ზე საუბრისას]  მოხმარების დონე მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ქვეყნების მიხედვით, მაგალითად, 0.1 %-დან 12.2 %-მდე, გასაშუალოებული ევროპული მაჩვენებლით 5.7 %. 

გასულ წელს “ექსტაზის” მოხმარება ამ ასაკობრივი კატეგორიის ჯგუფებში იყო 0.1 %-დან 3.1 %-მდე. გასული წლის განმავლობაში “ექსტაზი” დაახლოებით 1.8 მილიონმა [1.3%] ახალგაზრდა ევროპელმა მოიხმარა.

ევროკავშირის წევრ 24 ქვეყანასა და ნორვეგიაში 2011 წელს ჩატარებული ESPAD [European School Survey Project on Alcohol and other Drugs] კვლევის ფარგლებში გაირკვა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში “ექსტაზის” მოხმარება 15-დან 16 წლამდე სკოლის მოსწავლეებში 1%-დან 4%-მდე იყო.

მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში იყო ეს მაჩვენებელი მყარი 4% [ეს მონაცემი აჩვენა ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ESPAD-ის კვლევამ]. 

“ექსტაზის” მოხმარება ისტორიულად დაკავშირებული იყო ელექტრონულ მუსიკასთან და იმ ადგილებთან, სადაც მას უკრავენ. ის ფართოდ არის გავრცელებული მოზარდებში, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდა მამაკაცებში.  

MDMA-ს გარდა, “ექსტაზის” სახელით, შესაძლოა, იყიდებოდეს სხვა სინთეზური მასტიმულირებელი საშუალებები.

ქუჩის ფასები

ექსტაზი დღეს გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე 1990-იან წლებში. 2011 წელს ექსტაზის აბების საშუალო საცალო ფასი მერყეობდა 4 ევროსა [ნიდერლანდებში] და 17 ევროს [იტალია] შორის. ექსტაზის საშუალო საცალო ფასი, რომელიც ინფლაციას მოერგო, ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში  33%-ით დაეცა. 

MDMA-ს სამედიცინო  გამოყენება

MDMA ისტორიულად, მცირე პერიოდის განმავლობაში, ფსიქიატრიული კონსულტაციების დროსაც გამოიყენებოდა. თერაპიული დანიშნულებით მისი მოხმარება დღეს იშვიათობას წარმოადგენს. 

 
 ინფორმაციია წყარო: ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრი, Europeran Monitoring Centre for Drugs and Drug Addiction, EMCDDA Methylenedioxymethamphetamine [MDMA or 'Ecstasy'] drug Profile

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>