მეცნიერება

COVID-19 - სანამ ვაქცინები გამოცდას გადიან




ახალი კორონავირუსის ვაქცინის წარმოების პროცესი სწრაფად მიიწევს წინ. მარტის შუა რიცხვებში, კლინიკური კვლევის პირველ ფაზაში, რამდენიმე ათეულ ჯანმრთელ მოხალისეს, ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში ახალი ვაქცინა შეუყვანეს ორგანიზმში. ამ კვლევას ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აფინანსებს.

სხვა ვაქცინების გამოცდებიც მალე დაიწყება. 
 
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ფაზის კვლევა ადამიანებში უკვე დაიწყო, პასუხი მთავარ კითხვაზე, თუ როგორ ებრძვის ადამიანის იმუნური სისტემა ამ ვირუსს, ცნობილი არ არის. შესაბამისად, რთულია გათვლა, რა მექანიზმი უნდა აამუშავოს ახალმა ვაქცინამ ამ ვირუსის წინააღმდეგ.
 
უფრო მეტ ინფორმაციას დაავადებული ადამიანებისგან და ცხოველებში ვაქცინის გამოცდისგან მივიღებთ, თუმცა, მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ დრო ცოტაა: ამ ვირუსის წიმააღმდეგ ადამიანის იმუნიტეტის მუშაობის მექანიზმის ბოლომდე შესწავლამდე დრო არ უნდა დაიკარგოს და ვაქცინის წარმოება სწრაფად უნდა დაიწყოს. 

მეცნიერების მეორე ნაწილი იმაზე წუხს, რომ ნაჩქარევად გამოშვებული ვაქცინის კანდიდატები, შესაძლოა, საბოლოოდ არაეფექტური აღმოჩდეს. მათი მოსაზრებით, შესაძლოა, უარესიც მოხდეს: ვაქცინებმა მინიმალური, უსაფრთხოების [safety] ბარიერი - კლინიკური კვლევის პირველი ფაზა - ვერც გაიარონ. თუ ეს ასე მოხდა, მეცნიერები იძულებულნი იქნებიან, ისევ პირველსაწყისს დაუბრუნდნენ და ეფექტური ვაქცინის გამოშვების პერიოდი კიდევ  უფრო გაიწელოს. 

 

გამოიმუშავებს თუ არა ადამიანი იმუნიტეტს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ? 

ვაქცინა იცავს ადამიანს და ეხმარება მას წინასწარ, ამა თუ იმ ვირუსის შეყრამდე, გამოიმუშავოს იმუნიტეტი ინფექციის წინააღმდეგ. აქამდე გავრეცელებული სხვა კორონავირუსების კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანი, რომელსაც ვირუსი  SARS-CoV-2 შეეყრება, წესით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისევ არ უნდა შეეყაროს ინფექცია,  რადგან, ლოგიკურად, იმუნიტეტმა ანტისხეულები უნდა გამოიმუშავოს. 

ეს ერთი შეხედვით ლოგიკური კანონზომიერება, ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, მონაცემებით გამყარებული არ არისო, ამბობს მაიკლ დაიამონდი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ვირუსული იმუნოლოგი. “ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით ამ ვირუსის მიმართ გამომუშავებული იმუნიტეტის ხანგრძლივობისა და ეფექტურობის შესახებ.”

14 მარტს ონლაინ გამოქვეყნდა კვლევის წინარე ნაშრომი, რომლის ფარგლებშიც ჩინელი მეცნიერების ჯუგფი ორ მაკაკას [Macaca mulatta] დააკვირდა. მათ, მსუბუქი სიმპტომებით, SARS-CoV-2 ინფექცია ჰქონდათ გადატანილი.  მეცნიერებმა, პირველი ინფიცირებიდან 4 კვირის შემდეგ, ცხოველებს ხელახლა შეუქმნეს დაინფიცირების პირობები. მაიმუნებს ინფექცია ხელახალა არ შეჰყრიათ, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა.

მეცნიერები დააკვირდებიან, იგივე რეაქცია ექნებათ თუ არა ადამიანებს ვირუსის წყაროსთან არაერთი შეხების დროს, თქვა ექიმმა დაიამონდმა.  

 

თუ ადამიანი იმუნიტეტს იძენს, რამდენი ხანი გრძელდება ის?

ეს მეორე დიდი კითხვის ნიშანია. სხვა კორონავირუსების შემთხვევაში, ადამიანს მოკლევადიანი იმუნიტეტი უვითარდება. ისინიც კი, რომლებსაც საკმაო ძლიერი იმუნიტეტი აქვთ, შესაძლოა, ისევ გახდნენ ავად კორონავირუსებით, ამბობს სტენლი პერლმანი, აიოვას უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც კორონავირუსებს სწავლობს.  

მონაცემები უფრო მყარია ორ წინა კორონავირუსთან - SARS [severe acute respiratory syndrome ]-სა და MERS [Middle East respiratory syndrome]-თან დაკავშირებით. პერლმანი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანები MERS-სგან განიკურნებიან, ორგანიზმში ამ ვირუსის მიმართ გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს. 

პერლმანის კვლევის გუნდმა მოაგროვა მონაცემები - რომელიც ჯერ კიდევ არაა გამოქვეყნებული - რომელიც აჩვენებს, რომ SARS-ის ანტისხეულები ორგანიზმში ინფიცირებიდან 15 წლის განმავლობაში რჩება. თუმცა, უცნობია, იმუნიტეტის საპასუხო რეაქცია არის თუ არა საკმარისად ძლიერი, რომ მეორედ ინფიცირებისგან დაიცვას ადამიანის ორგანიზმი.

“არ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რამდენ ხანს ნარჩუნდება იმუნიტეტი, თუმცა, არც SARS-სა და MERS-ზე გვაქვს საკმარისი მონაცემები.”

 

როგორ უნდა იხელმძღვანელონ ვაქცინების მწარმოებლებმა?

ერთ-ერთი ვაქცინის გამოცდა, რომელსაც მასაჩუსეტსის შტატში მოღვაწე კომპანია Moderna აწარმოებს, გასულ კვირას დაიწყო. მეცნიერები დააკვირდებიან ამ ვაქცინის მუშაობის მექანიზმს და ორგანიზმის იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციას მის წინააღმდეგ.  

კომპანია Moderna-ს ვაქცინა ახალი კორონავირუსის რიბონუკლეინის მჟავის [RNA] მოლეკულისგან შედგება. როგორც SARS-CoV-2-ის სხვა ვაქცინები, რომლებიც ამჟამად წარმოებაშია, ეს ვაქცინაც იმისკენ იქნება მიმართული, რომ ორგანიზმის იმუნიტეტს ანტისხეულები გამოამუშავებინოს და შემდეგ დაბლოკოს ვირუსის წითელი, გვირგვინოვანი ცილა, რომლითაც ის აღწევს ადამიანის ორგანიზმის უჯრედებში და შემდეგ სწრაფად ვრცელდება.  

“პირველ ჯერზე ეს მისია ექნება ვაქცინას, მაგრამ მომავალში, შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ მხოლოდ ვირუსის წითელ ცილოვან გვირგვინზე თავდასხმა არ იყოს საკმარისი,” - ამბობს დაიამონდი. SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ წარმატებულ ვაქცინას, შესაძლოა, სხვა შესაძლებლობებიც მოეთხოვოს: ამ ვირუსის სხვა ცილების დაბლოკვაც, ორგანიზმში ანტისხეულების გამომუშავების წახალისება და იმუნიტეტის T უჯრედების გააქტიურება, რომლებიც ცნობენ და ხოცავენ ინფექციებს.  

 

როგორ უნდა გავიგოთ, მუშაობს თუ არა ვაქცინა?

ჩვეულებრივ, ვაქცინების უსაფრთხოება და ეფექტურობა ადამიანებზე ცხოველების  შემდეგ იცდება, მაგრამ Moderna-სა და მეორე, სხვა ფარმაცევტული კომპანიის - Inovio Pharmaceuticals-ის ვაქცინები, ადამიანებსა და ცხოველებში ერთდროულად იცდება და ორივე მათგანი ამჟამად ცდის პირველ ფაზაშია. კომპანია  Inovio თავისი ვაქცინის გამოცდას ადამიანებში აპრილში აპირებს. 

“არაფორსმაჟორულ სიტუაციაში, ეს ყველაფერი სხვა თანმიმდევრობით ხდება, ახლა კი ყველაფერი პარალალურად და სწრაფად მიმდინარეობს,” - ამბობს ბერნი გრეჰემი, ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ვაქცინის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე. Moderna-ს ვაქცინის წარმოებას სწორედ ეს ინსტიტუტი აფინანსებს. 
 
2 მარტს, მეცნიერებმა Inovio-ს ვაქცინა პირველად შეუყვანეს ვირთხებსა და გოჭებს. აღმოჩნდა, რომ ცხოველების ორგანიზმმა გამოიმუშავეს ანტისხეულები და იმუნიტეტის T უჯრედებიც ამუშავდნენ ამ ვირუსის წინააღმდეგ. 
 
კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი და წინარე-კლინიკური კვლევების ხელმძღვანელი, კეიტ ბროდერიკი ამბობს, რომ მისმა გუნდმა იგივე ვაქცინა მაიმუნსაც შეუყვანა და მალე გამოიკვლევენ, როგორ დაიცავს მას ახალი ვაქცინა. იგივე გამოწვევების წინაშეა კომპანია Moderna, ამბობს გრეჰემი.  

გრეჰემი ამბობს, რომ სანამ ადამიანებში ხანგრძლივვადიანი და ძვირადღირებული კლინიკური კვლევები დაიწყება, ცხოველებში იგივე ფაზა აუცილებლად უნდა იყოს გავლილი. დაიამონდის აზრით, საუკეთესო შედეგების მისაღწევად, ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ცხოველებშიც უნდა გამოიცადოს და ადამიანებშიც, სადაც გამოჩნდება, რომელი ვაქცინა მუშაობს საუკეთესოდ. “ახლა, შესაძლოა,  დრო ფუფუნებაა, მაგრამ ასეთი თანმიმდევრობით მოქცევა, საბოლოო ჯამში, უკეთეს შედეგებს გამოიწვევს,” ამბობს დაიამონდი. 

 

იქნება თუ არა ვაქცინა უსაფრთხო?

ჩვეულებრივად, ვალიდური, ბაზარზე დაშვებული ვაქცინა ჯანმრთელ ადამიანს უკეთდება. 

ასეთ დროს ვაქცინის უსაფრთოება სხვანაირად იზომება, ვიდრე მაშინ, როცა ის ავადმყოფ ადამიანში შეგვყავს. SARS-CoV-2-ის ვაქცინის გამოგონების კონეტექსტში კი მკვლევარების მთავარი საფიქრალი, უსაფრთოების თვალსაზრისით, არის ის, რომ არ განვითარდეს ე.წ. disease enhancement, რომლის დროსაც ის ხალხი, ვინც ვაქცინა მიიღო, უფრო მძიმედ ავადდებიან დაინფიცირების შემთხვევაში, ვიდრე ისინი, ვინც არ ვაქცინირებულა.

2004 წელს, SARS-ის ვაქცინის კლინიკური გამოცდის დროს, ვაქცინირებულ კურდღლებს ღვიძლის ანთება განუვითარდათ, რამაც მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.  

პიტერ ჰოტეზი, ჰიუსტონში ბეილორის სამედიცინო კოლეჯის ვაქცინების სპეციალისტი, ფიქრობს, რომ ე.წ. “დაავადების გამწვავების” სინდრომის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, რომ ვაქცინამ ადამიანამდე, ცხოველებში გაიაროს უსაფრთხოების ფაზა და შემდეგ გადავიდეს ადამიანებში.

მას ესმის, თუ რატომ არის ახლა აუცილებელი SARS-CoV-2-ს წინააღმდეგ ვაქცინის წარმოება, თუმცა, იქვე ამატებს, რომ დაჩქარებულმა ვაქცინამ, შესაძლოა, ეს “დაავადების გამწვავების” სინდრომი გამოიწვიოს, “ამაზე დროის დაკარგვა არავის გვინდა და არც ამ მიზნისთვის ვქმნით ვაქცინას.”  

კომპანია Moderna-ს ვაქცინის წარმოების კონტექსტში, გრეჰემმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი უფრო ფართომასშტაბიან კლინიკურ კვლევებზე მას მერე გადავა, რაც დამტკიცდება, რომ ეს ვაქცინა უსაფრთხოა როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში.

მისი თქმით, ე.წ. “დაავადების გამწვავების” სინდრომი ნაკლებად მოსალოდნელია. “თუ ვაქცინის წარმოებას არ დავაჩქარებთ - რომ მომავალი ზამთრის პერიოდში უკვე გვქონდეს  - მოცდის რისკი საკმაოდ მაღალია.” 

 
► სტატიია ავტორია ევენ ქელევეი. სტატია სათაურით Conoravirus vaccines: five key questions as trials begin ბრიტანულ ყოველკვირეულ სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა 2020 წლის 18 მარტს.

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>