ედუარდ ლივინგსტონი არის ამერიკული სამედიცინო ჟურნალ JAMA-ს თანარედაქტორი სტატისტიკისა და კვლევების მეთოდიკის დარგში.
დეივიდ იურლინკი არის კანადის Sunnybrook Health Sciences Centre-ის კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.
ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, მაშინ, როცა ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ ცალკე მედიკამენტი არ არსებობს, დაავადების დასამარცხებლად ექიმები ძველ საშუალებებს: ქლოროქინს, ჰიდროქსიქლოროქინს, აზითრომიცინს და სხვა საშუალებებს მიმართავენ, არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ პროფილაქტიკური მიზნებისთვისაც.
JAMA, ედუარდ ლივინგსტონი: დიდი დაბნეულობაა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით. შფოთი დაკავშირებულია ამ ვირუსის გავრცელების სისწრაფესა და სიკვდილობის მაღალ მაჩვენებელთან. სწორედ ამ მიზეზებით, ექიმები ძალიან ბევრ მედიკამენტს იყენებენ ვირუსის დასამარცხებლად და პაციენტების დასახმარებლად. ძალიან რთულია გაიგო, რა მუშაობს და რა - არა. თქვენ განსაკუთრებული ცოდნა გაქვთ ფარმაკოლოგიაში. იქნებ მიმოიხილოთ ეს საკითხი ჯერ ზოგადად და შემდეგ ქლოროქინი და ჰიდროქსიქლოროქინი, ერთად და ცალ-ცალკე?
დეივიდ იურლინკი: ცოდნა აქამდეც არსებობდა ქლოროქინსა და ჰიდროქსიქლოროქინზე, რადგან ესენი ძველი სამკურნალო საშუალებებია. ახალი კორონავირუსის კონტექსტში კი, ერთ-ერთი კლინიკური კვლევა, რომელსაც ვიცნობ და რომელიც ამ მედიკამენტებსა და ახალ კორონავირუსს აერთიანებს, ჩინეთიდან მოდის. ის მხოლოდ პრეს-რელიზის სახით გამოქვეყნდა და არა მთლიანი ანგარიშის სახით. ამ კვლევაში 100 ან ოდნავ მეტი პაციენტი იღებდა მონაწილეობას და ყველას სხვადასხვა კლინიკური შედეგი ჰქონდა.
თითქოს ამ პაციენტებს მდგომარეობა გამოუსწორდათ ჰიდროქსიქლოროქინის მიღების შემდეგ, თუმცა, ნათელი არაა, ეს ქეისების სერია იყო თუ უფრო სერიოზული კლინიკური კვლევა. უნდა დაველოდოთ, რა იქნება, როცა მთლიანი ანგარიში გამოვა.
მეორე კვლევა, რაც ვიცი, საფრანგეთიდან მოდის. ესეც ძალიან პატარა ზომის ნაშრომია, უფრო ქეისების განხილვაა, ვიდრე კვლევა. მის ფარგლებში, მე-6 დღეს პაციენტებს ვირუსი გაუქრათ. ეს კვლევაც გამოქვეყნდა, მაგრამ როგორც ვიცი, peer review არ გაუვლია.
როდესაც სხვა გამოსავალი არაა, გასაგებია, რომ არის ცდუნება არსებული წამლები მივაშველოთ პაციენტებს. მეც, პერსონალურად, მექნებოდა სურვილი, რომ ისინი გამომეყენებინა იქამდე, სანამ უკეთესი მონაცემები გვექნება. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემაც ამ მედიკამენტების ტოქსიურობასა და უსაფრთოებას ეხება და ეს საკითხი გასათვალისწინებელია.
JAMA, ედუარდ ლივინგსტონი: მინდა, რომ უფრო მეტი გვესაუბროთ მედიკამენტების ტოქსიურობაზე იმიტომ, რომ როდესაც პაციენტი გამოუვალ მდგომაროებაშია, ალბათ, გამართლებულია მისცე მედიკამენტი, რომელიც, მეორე მხრივ, გარკვეული რისკების მატარებელია. თუმცა, საუბარია ამ მედიკამენტების არა მხოლოდ გადაუდებლად, არამედ პროფილაქტიკურად მიღებაზეც. ჯანმრთელი ადამიანების ნაწილს სჯერა, რომ თუ ჰიდროქსიქლოროქინსა და აზითრომიცინს მიიღებენ, მათ არ შეეყრებათ ახალი კორონავირუსი. შეგიძლიათ, უფრო მეტად გვესაუბროთ ამ მედიკამენტების ტოქსიურობაზე?
დეივიდ იურლინკი: [პოტენციურად ტოქსიური] არაერთი მედიკამენტია, ამიტომ, პირობითად, შესაძლოა, ყველანი ერთ წარმოსახვით ყუთში მოვათავსოთ.
ერთ-ერთი რისკი გულის მუშაობის რითმის არევაა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში [Long QT Syndrome] გრძელდება, რამაც სიცოცხლისთვის საშიში არითმია შეიძლება გამოიწვიოს. ლიტერატურაში რომ ჩაიხედოთ, ჩანს, რომ ქლოროქონსა და ჰიდიროქსიქლოქორინს ამის გამოწვევა შეუძლიათ. თუმცა, ეს ძალიან იშვიათად ხდება.
იგივე ითქმის ეზითრომიცინზეც, თუმცა, ესეც ძალიან იშვიათია და ვიტყოდი, რომ მოსაზრებები მის ტოქსიურობასთან დაკავშირებით აშკარად გადაჭარბებულია, სამედიცინო წრეებშიც კი.
ცოტა რამ ვიცით იმაზე, თუ რა პოტენციური სინერგიული რისკები ახლავს ხსენებული მედიკამენტების [ჰიდროქსიქლოროქინი და აზითრომიცინი] კომბინაციაში მიღებას.
სანამ პაციენტს ამ ორ მედიკამენტს ერთად მივცემთ, სჯობს, მას გლობულინის ტესტი ჩავუტაროთ. ასევე უნდა მივიღოთ სხვა ზომებიც და მინიმუმამდე შევამციროთ რისკები, რომელიც პოტენციურად გულის მუშაობის დარღვევას აგვაცილებს თავიდან. ასეთ ვითარებაში, სხვა პოტენციურად საშიში მედიკამენტებია ტრიპტანი, მეთადონი და მსგავსი მედიკამენტები, რომლებიც გულის უკმარისობას ან ჰიპოგლიცემიას იწვევენ.
JAMA, ედუარდ ლივინგსტონი: სხვა რა საფრთხეები ახლავს ამ მედიკამენტებს?
დეივიდ იურლინკი: საფრთხეების უმრავლეობა ისევ მალარიის საწინააღმდეგო საშუალებებშია, ვიდრე სხვებში. ჰიპოგლიცემია ერთ-ერთი საფრთხეა. ის, ასევე, შესაძლოა, მოხდეს ქლოროქინისა და ჰიდროქსიქლოროქინის ერთად დანიშვნის შემთხვევაში. მგონია, რომ ესეც ძალიან იშვიათად, თუმცა, ხდება, სულ მცირე, ორი მექანიზმით.
ერთ-ერთი მექანიზმია ინსულინ-სენსიტიურობის გაზრდა. ინსულინის რეცეპტორების გააქტიურებასთან ერთად, იზრდება ორგანიზმის მიერ გლუკოზის ათვისების დონეც. შესაძლოა, პირიქითაც მოხდეს და ინსულინის გამოყოფის ინტენსივობა გაიზარდოს.
კუჭუკანა ჯირკვლის - პანკრეასის მიერ გლუკოზის გამომუშავების დასარეგულირებლად, პაციენტს მივცემდი პრეპარატ ოქტრეოტიდს და სწორედ ასე დავარეგულირებდი გლუკოზის გამომუშავებას, რაც თავის როლს თამაშობს ჰიპოგლიცემიის პროცესში. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვისაც დიაბეტი აქვს და შესაბამის მედიკამენტებზეა დამოკიდებული.
შესაბამისად, ვიდრე ხსენებულ მედიკამენტებს დანიშნავთ, უნდა იცოდეთ ჰიპოგლიცემიის რისკების შესახებ. მე დავაკვირდებოდი სხვა სიმპტომებსაც: თუ შევატყობდი პაციენტს, რომ სიმპტომური ჰიპოგლიცემია აქვს, რომელიც ამ წამლების აქტიური აგენტებითაა გამოწვეული, სხვა მედიკამენტებსაც მივცემდი, ცუდი ზემოქმედებების გასანეიტრალებლად და დროებით “გამოვრთავდი” კუჭუკანა ჯირკვლის მიერ ინსულინის გამოყოფის პროცესს.
JAMA, ედუარდ ლივინგსტონი: ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რომელიც, შესაძლოა, წამლებმა გამოიწვიონ, არის ამ მედიკამენტების - ქლოროქინისა და ჰიდროქსიქლოროქინის ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
დეივიდ იურლინკი: ამ კონტექსტში, გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს ფსიქოზი, ორიენტაციის დაკარგვა, შეგრძნებების დაჩლუნგება. შესაძლოა, პაციენტი გახდეს მოუსვენარი, პარანოიული, გაღიზიანებული, გაუჩნდეს ცხადად გამოკვეთილი ფსიქოზი. ეს სიმპტომებიც ანტიმალარიულ წამლებს უკავშირდება [თუ სხვა მიზეზები გამოირიცხა]. თუ ასეთი სიმპტომები აღმოაჩნდა პაციენტს, ხსენებული მედიკამენტების გამოყენება უნდა შეწყდეს და ეს სიმპტომებიც მალე ჩაივლის.
ზემოთ ვისაუბრეთ წამლების ურთიერთქმედებაზეც. საშიშია თვით წამლების სინერგიული [გაერთიანებული] ზემოქმედება. იგულისხმება ჰიდროქსიქლოროქინი და აზითრომიცინი. ეს წამლები სხვა წამლების მეტაბოლიზმზეც ზემოქმედებენ, ურთიერთქმედებენ რა ფერმენტზე, სახელად C2D6. ეს ის ფერმენტია, რომელიც კოდეინს მორფინად აქცევს.
თუ პაციენტი იღებს, მაგალითად, კოდეინს და ამავე დროს, ქლოქორინს ან ჰიდროქსიქლოროქინს, მათ, შესაძლოა, კიდევ უფრო გაააქტიურონ ამ წამლის [კოდეინის] ზემოქმედება. იგივე ეხება, მაგალითად, მეტოპროლოლს. თუ პაციენტი მეტოპროლოლზეა და მას ვამატებთ ქლოროქინს ან ჰიდროქსიქლოროქინს, საჭიროა სიფრთხილე. მე პირადად, შესაძლოა, მეტოპროლოლის დოზა შემემცირებინა.
ჰემოლიზი ერთ-ერთი საფრთხილო მდგომარეობაა: არიან პაციენტები, რომლებსაც აქვთ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი [G6PD Deficiency].
ამ ფერმენტის დეფიციტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და განსაკუთრებით აფრო-ამერიკულ პოპულაციაში შედარებით მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს. მართალია, აქაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ ამ სახის დეფიციტის შემთხვევაში ქლოროქინისა და ჰიდროქსიქლოროქინის მიღებისას დიდ გართულებებს არ უნდა ველოდოთ.
რაც შეეხება ორსულობას. არ გამიგია, რომ ქლოროქინი ან ჰიდროქსიქლოროქინი ან აზითრომიცინი ორსულობის დროს ცუდი იყოს. თუ ერთ დღესაც დამტკიცდება, რომ ეს მედიკამენტები ეფექტურია ამ დაავადების სამკურნალოდ, არ მგონია, რომ ესენი ორსულებს არ უნდა მივცეთ, უსაფრთოების თვალსაზრისით.
ბოლო საკითხი არის ამ მედიკამენტებით ზედოზირების საკითხი. აქ უკვე, როგორც ტოქსიკოლოგი გელაპარაკებით: ზედოზირების შემთხვევაში, ქლოროქინისა და ჰიდროქსიქლოროქინის გვერდითი მოვლენების მართვა ძალიან ძნელი იქნება. დაახლოებით 2 გრამის მიღება მოზრდილში საკმაოდ მაღალი დოზაა. რაც უფრო მაღალია დოზა, ცხადია, ინტოქსიკაციის საფრთხეც იზრდება. ზედოზირების ნიშნებია კრუნჩხვები, შოკი, არითმია, ჰიპოქოლემია, რომელიც მოწამვლაზე პირდაპირ მიანიშნებს.
თუ ვინმეს თვითდაზიანების ისტორია ან მიდრეკილება აქვს, მათ სახლში ნამდვილად არ გავატანდი დიდი რაოდენობით არც ქლოროქინს ან ჰიდროქსიქლოროქინს.
პროფილაქტიკურად ამ ორი მედიკამენტის გამოყენება ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ჯერ-ჯერობით რეკომენდებული ნამდვილად არ არის.
JAMA, ედუარდ ლივინგსტონი: თქვენ ამბობთ, რომ ამ წამლების მიღება პროფილაქტიკურად ნამდვილად არ არის რეკომენდებული. თუმცა, თუ ადამიანი კლინიკაშია და ცუდ დღეშია, მათი გამოყენება, ალბათ, არ არის მოკლებული გონივრულობას. რაც შეეხება სხვა მხრივ ჯანმრთელი ადამიანების მკურნალობას, რომლებსაც შეეყარათ ახალი კორონავირუსი. რას ფიქრობთ ამ მედიკამენტების გამოყენებაზე ისეთ პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ სიმპტომები, თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ არიან COVID-19 დადებითები?
დეივიდ იურლინკი: ახლა რასაც ვიტყვი, ორი კვირის ან ორი თვის შემდეგ, შესაძლოა, სულ სხვა რეალობამ შეცვალოს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რას აჩვენებს მონაცემები. მაგალითად, ვიღაცას აქვს მინიმალური სიმპტომები, მაგრამ არის COVID-19 დადებითი. მე ამ მედიკამენტებს არ გამოვიყენებდი მანამ, სანამ სიმტპომები არ გამწვავდებოდა. სიმპტომების გამწვავებასთან ერთად, მოვუმატებდი დოზასაც.
სხეულის ტემპერატურა 38.1 ცელსიუსი, იგივე 100.1 ფარენჰაიტი ნორმალურია. ადამიანთა უმრავლესობას სხეულის ტემპერატურის ეს მონაცემები ჩვეულებრივ გადააქვს. თუმცა, თუ პაციენტს სიმპტომები უუარესდება, ან სხვა თანმხლები დაავადებებიც აქვს, მედიკამენტებს კომბინაციასაც გამოვიყენებდი. არა იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, რომ დაეხმარება, არამედ იმიტომ, რომ ვუშვებ, რომ შესაძლოა, დაეხმაროს.
უკეთესი თერაპიის არქონის პირობებში, გარისკვა ღირს. ამას სხვა დადებითი მხარეებიც აქვს: ეს ჩვენ მეტ მონაცემსა და ინფორმაციას გვაძლევს.
JAMA, ედუარდ ლივინგსტონი: გაქვთ თუ არა მოსაზრება ან ამ ან სხვა მედიკამენტებზე?
დეივიდ იურლინკი: ერთ რამეზე ვღელავ. პრეზიდენტი [იგულისხმება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი] ისე წარმოაჩენს ამ ყველაფერს, თითქოს წინასწარ იცოდეს, რომ ეს მედიკამენტები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ აუცილებლად სასარგებლო იქნება.
აფთიაქებში ამ სასიცოცხლო მედიკამენტების დეფიციტი დადგა, განსაკუთრებით ეს ეხება ჰიდროქსიქლოროქინს. არის ხალხი, ვისაც აქვს მგლურას დაავადება და რევმატიული ართრიტი, რომლებსაც მუდმივად სჭირდებათ ჰიდროქსიქლოროქინი და რომლებიც ძალიან ცუდად იქნებიან, თუ ეს წამლები არ ექნათ.
თუ ამ წამლებს აფთიაქებიდან მასობრივად გაიტანენ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის დაიგროვებენ სახლებში, ეს საზოგადოებრივად საგანგაშო იქნება მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და ეს მედიკამენტები სჭირდება.
ესენი ძველი წამლებია. მათი წარმოება რთული არ უნდა იყოს. იმედია, ისინი სააფთიაქო დახლებში არ შემცირდება.
ეს პოდკასტი JAMA-ს ვებ-გვერდზე 2020 წლის 24 მარტს გამოქვეყნდა. JAMA არის ამერიკული სამედიცინო ჟურნალი, რომელიც უწყვეტად გამოდის 1883 წლიდან. ჟურნალს ქაღალდის სახით 320 000 გამომწერი იღებს, წელიწადაში კი ჟურნალის ვებ-გვერდს 20 მილიონი ადამიანი სტუმრობს. ამჟამად ჟურნალის მთავარი რედაქტორია ჰოვარდ ბაუხნერი, ექიმი, განათლებით პედიატრი.
ინტერვიუში ნახსენები ზოგი ტერმინის განმარტება
ჰიდროქსიქლოროქინი, ბრენდდასახელებით პლაქვენილი - მალარიის საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც ასევე გამოიყენება მგლურას, რევმატიული ართრიტისა და სხვა მსგავსი დაავადებების სამკურნალოდ. ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების სიაში შედის - World Health Organization Model List of Essential Medicines, 21st List, 2019. ჰიდროქსიქლოროქინი ღვიძლში გადამუშავდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ის 1955 წელს დაუშვეს. მთელს მსოფლიოში ის რეცეპტით გაიცემა.
ქლოროქინი - ასევე მალარიის საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც მგლურას, რევმატიული ართრიტისა და ამებიაზის საწინააღმდეგოდაც გამოიყენება. მისი ყველაზე მწვავე გვერდითი ეფექტებია მხედველობისა და კუნთების დაზიანება, ცხელება, სისხლის უჯრედების კონცენტრაციის შემცირება. ქლოროქინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების სიაში” შედის და ღვიძლში გადამუშავდება.
აზითრომიცინი ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც გამოიყენება პნევმონიის, შუა ყურის ინფექციის, დიარეის, კუჭ-ნაწლავის ინფექციების სამკურნალოდ, ასევე სქესობრივად გადამდები დაავადებების, მათ შორის, ქლამიდიის და გონორეის საწინააღმდეგოდ. სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში, ის გამოიყენება მალარიის სამკურნალოდაც. მისი გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქცია, გულის აჩქარება, დიარეა. აზითრომიცინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების სიაში” შედის; ამავე ორგანიზაცია მას ასახელებს, როგორც “ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ანტიბაქტერიულ მედიკამენტს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში.
ჰიპოგლიცემია - მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში შაქრის [გლუკოზის] შემცველობა ნორმაზე დაბალია
Long QT Syndrome / არითმია - მდგომარეობა, რომლის დროსაც გულის მუშაობის ჩვეულებრივი რიტმი ირევა, რამაც, გამწვავების შემთხვევაში, შესაძლოა, უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს
გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი / G6PD Deficiency - გენეტიკური აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით არ გამომუშავდება გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზი. როცა სისხლის წითელი უჯრედები [ერითროციტები] საკმარის გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზს არ გამოიმუშავებენ, სისხლის წითელი უჯრედები შუაში იხლიჩება. ამ პროცესს ჰემოლიზი ჰქვია.
როდესაც სისხლის ბევრი წითელი უჯრედი იხლიჩება, პაციენტს ჰემოლიზური ანემია უვითარდება. ამ დაავადების სიმპტომებია მოთენთილობა, დაღლილობა და სხვა მსგავსი სიმპტომები. ჰემოლიზური ანემიის დროს, სისხლის წითელი უჯრედები ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს ვერ ანაწილებენ, რის გამოც ორგანიზმი ისე ვერ ფუნქციონირებს, როგორც საჭიროა.
მგლურა [Lupus] - ქრონიკული ავტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა ჯანმრთელ ქსოვილებსა და ორგანოებს ესხმის და ანადგურებს. ანთება აზიანებს სახსრებს, კანს, თირკმლებს, სისხლის უჯრედებს, ტვინს, გულსა და ფილტვებს. მგლურას დიაგნოსტირება რთულია, ვინაიდან ის პეპლისფრთისმაგვარი გამონაყარი კანზე, რაც მას ახასიათებს, სხვა დაავადებებსაც ახლავს. მგლურას ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად სწორედ ჰიდროქსიქლოროქინი გამოიყენება. მგლურა არ იკურნება. შესაძლებელია მისი მხოლოდ სიმპტომური მართვა, მედიკამენტების საშუალებით.
ამავე თემაზე:
► ანტონი ფაუჩი: COVID-19 - რა ეტაპზეა მეცნიერება, ვაქცინები და სამკურნალო საშუალებები?
► რამდენად ეფექტურია 'რემდესივირი?'
► სანამ ვაქცინები გამოცდას გადიან