საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 31 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის გამოვლენის მიზნით საქართველოში შემოტანილი იყო 3 232 ტესტერი.
აქედან, ცენტრის ინფორმაციით, 31 მარტამდე მონაცემებით, გახარჯულია 2 150 ტესტერი.
ცენტრის განცხადებით, ამ მონაცემში არ შედის ის ტესტერები, რომლებიც, შესაძლოა, კერძო სექტორმა შემოიტანა საქართველოში.
ახალი კორონავირუსის ტესტირების კონტექსტში, საჯარო ინფორმაციით ფორმით, ცენტრს სხვა კითხვებთან ერთად, ვკითხეთ ტესტერების მგრძნობიარობის / დეტექციის ლიმიტის შესახებ და მოვითხოვეთ ტესტერების ანოტაციები, სადაც დეტალურად იქნებოდა დატანილი ხსენებული ინფორმაცია.
ამაზე ცენტრმა გვიპასუხა, რომ მათ არ მოუწვდებათ ხელი ყველა ტესტერის ანოცატიაზე, რაც ქვეყანაში შემოვიდა. თუმცა, ცენტრს არც იმ ტესტერების ანოტაციები მოუწოდებია საჯარო ინფორმაციის სახით, რაც მათთან მოხვდა.
ერთ-ერთი საკითხი იყო ტესტერის ფასები. ცენტრის ოფიციალურ პასუხში ნათქვამია, რომ ყველა ტესტერის ფასი სხვადასხვაა; მათი თქმით, შეუძლებელია ფასის დათვლა ერთი ადამიანის მიხედვითაც, ვინაიდან თითოეულ პაციენტს, შესაძლოა, არაერთხელ ჩაუტარდეს ტესტირება და არაერთი ტესტერით და თითოეულის მიზანი იყოს სხვადასხვა.
ცენტრის განცხადებით, საქართველომ ეს ტესტერები დონაციის სახით [უფასოდ] მიიღო.
ტესტერების წარმომავლობა
1) გერმანიის ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტიდან [დაახლოებით 1 600 პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის, პჯრ, იგივე PCR [Polymerase chain reaction] ტესტერები და კვლევისათვის სამყოფი რეაგენტების ნაწილი [პრაიმერები და ფლუორესცენტული ზონდები)];
2) ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, WHO, World Health Organization [E gene 1 344 ტესტის [გამოიყენება დუბლიკატში] და RdPR gene – 288 ტესტი].
ცენტრმა ამ ტესტერების ჩატარებისთვის საჭირო მომსახურებისთვის 31 მარტის მდგომარეობით, 1,051,640.00 ლარი დახარჯა.
ტესტერების მომსახურებისთვის საჭირო მასალების მწარმოებლები
ტესტირების მომსახურებისთვის საჭირო ნაკრებები: პრაიმერები, ბოთლები, სინჯარები, ნაცხის ასაღები აპლიკატორები, სათვალეები, ზონდები, საქართველოს მთავრობამ შეისყიდა. სწორედ ამაში დაიხარჯა ზემოთ ნახსენები თანხა.
ნაკრებების მწარმოებლებია შემდეგი კომპანიები: Genesig [გერმანია], Applied Biosystems [ა.შ.შ], Eurofin [ლუქსემბურგი], Carl Roth [გერმანია], QIAGEN [ჰოლანდია], IDT [ა.შ.შ.], Invitrogen [ა.შ.შ.], Thermofisher [ა.შ.შ.], Fast-track diagnostics (FTD) [მალტა], BioRad [ა.შ.შ.], DekaLabs [ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო] და Vaultex [გერმანია]. ამ მწარმოებელი კომპანიებისგან საჭირო მასალები მთავრობამ მიიღო შემდეგი ქართული მიმწოდებლებისგან: “ოქსჯენი,” “ეიბიემ,” “პრიმამედი,” “ირისე,” “ემ-დი-ეს,” “შპს ალფალაბი” და “შპს made to make.”
შესყიდული ტესტერების სადეტექციო ნაკრებები სრულად ნახეთ აქ.
ერთი ერთეული ტესტის ჩატარების ღირებულება
ცენტრის ინფორმაციით, ერთი პაციენტის ერთი კვლევის ღირებულება არის 218.87 ლარი.
ბიუჯეტში შედის შემდეგი კომპონენტები: ა) ნიმუშის აღების ღირებულება [სულ 7.50 ლარი]; ბ) ექსტრაქციის ღირებულება [სულ 33.20 ლარი]; გ) Sars-Cov2 ტესტირების ღირებულება [სულ 134.40 ლარი], დ) ზედნადები ხარჯები [43.77 ლარი]
ბიუჯეტის ექსელი ზოგიერი ტესტირების ღირებულებაზე ნახეთ აქ.
ტესტერების ტექნიკური ინსტრუქციები
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გაგვიზიარა ის გაიდლაინები და ტექნიკური ინსტრუქციები, რითაც ისინი სარგებლობენ ახალი კორონავირუსის ტესიტების დროს. ესენია:
-
Diagnostic detection of 2019-nCoV by real-time RT-PCR, რეალურ დროში PCR დიაგნოსტიკის ტექნიკური ცნობარი, ავტორები არიან მეცნიერები ბერლინიდან, როტერდამიდან, ლონდონიდან და ჩინეთიდან
-
LightMix® Modular SARS-CoV-2 (COVID19) RdRP - ტესტერის ტექნიკური ცნობარი
-
LightMix® Modular SARS-CoV (COVID19) E-gene - ტესტერის ტექნიკური ცნობარი
-
Quantification of 2019-nCoV genomes genesig Advanced kit handbook - ტესტერის ტექნიკური ცნობარი
-
Detection of 2019 novel coronavirus (2019-nCoV) in suspected human cases by RT-PCR, ჰონ კონგის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი
სამომავლო გეგმები
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საშუალოდ, მომდევნო თვეში 40 000 ტესტერისა და კვლევისათვის საჭირო რეაგენტებისა და სახარჯი მასალების შემოტანა იგეგმება.
წერილში ცენტრს მითითებული არ ჰქონდა, რა სახით შემოვა ეს ტესტები: ჰუმანიტარული დახმარებით თუ შესყიდვის გზით და რომელი კომპანიის წარმოების იქნება ისინი.
“კაქტუსის” კითხვები
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პასუხები
ამავე თემაზე:
► რამდენად ტოქსიურია ქლოროქინი / ჰიდროქსიქლოროქინი / აზითრომიცინი?
► ანტონი ფაუჩი: COVID-19 - რა ეტაპზეა მეცნიერება, ვაქცინები და სამკურნალო საშუალებები?
► რამდენად ეფექტურია 'რემდესივირი?'
► სანამ ვაქცინები გამოცდას გადიან