მეცნიერება

COVID-19 - კვლევის ცრუ-უარყოფითი შედეგები




კვლევის წინარე ანგარიში, რომელსაც 21 ავტორი ჰყავს ჩინეთიდან და რომელიც სამეცნიერო სამედიცინო ონლაინ პლატფორმა medRxiv-ში 2020 წლის 17 თებერვალს გამოქვეყნდა, იკვლევდა იმას, თუ სასუნთქი გზების რომელი კონკრეტული ლოკაციიდან აღებული ბიოლოგიური ნიმუშია ყველაზე ზუსტი ახალი კორონავირუსის აღმოსაჩენად, მისი შემდგომი ეფექტური მართვისთვის. 

კვლევით აღმოჩნდა, რომ სასუნთქი გზების სამ ლოკაციაში: ბრონქოალვეოლურ ლავაჟში, ნახველსა და ცხვირის ნაცხში აღმოჩნდა ვირუსი ყველაზე დიდი კონცენტრაციით. 

აბსტრაქტი

ბექგრაუნდი: ახალი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონია სწრაფად ვრცელდება და სასუნთქი გზების სხვადასხვა ლოკაციიდან აღებული სინჯების სიზუსტის მაჩვენებელი მნიშვნელოვანია ამ დაავადების კონტროლისთვის. 

მეთოდები: ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის [Centers for Disease Control and Prevention,CDC] მიერ COVID-19 დადასტურებულ პირებს ჩინეთის პროვინცია გუანგდონგიდან აუღეს სინჯები სასუნთქი გზებიდან, მათ შორის, ა) ცხვირის ნაცხი [nasal swabs], ბ) ყელის ნაცხი [throat swabs], გ) ნახველი [sputum] და დ) ბრონქოალვეოლური ლავაჟის სითხე [bronchoalveolar lavage fluid]. ყველა პაციენტს ჰქონდა ამ ინფექციით გამოწვეული პნევმონია. სინჯები აღებულ იქნა ჩინეთის მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის [China Food and Drug Administration, CFDA] მიერ დამტკიცებული ტესტერებით. შედეგები გაანალიზდა სინჯებისა და პაციენტების კლინიკური ინფორმაციის შეგროვებისა და შეჯერების შედეგად. 

აღმოჩენები: ბრონქოალვეოლური ლავაჟის/სითხის გარდა, ნახველში აღმოჩნდა ვირუსის ყველაზე მაღალი კონცეტრაცია [74.4%~88.9%], შემდეგი იყო იყო ცხვირის ნაცხი [53.6%~73.3%] ისეთ პაციენტებში, რომლებსაც დაავადების რთული და შედარებით მსუბუქი ფორმები ჰქონდათ დაავადების განვითარებიდან პირველი 14 დღის განმავლობაში. 

პაციენტებში, რომელთა დაავადების განვითარებიდან 15 დღე ან მეტი იყო გასული, ნახველი და ცხვირის ნაცხი ვირუსს ყველაზე მაღალი კონცენტრაციით შეიცავდა, 42.9%~61.1% პროცენტულობით. 

8 ან/და ნაკლები დღის განმავლობაში დაავადების ისტორიის მქონე პაციენტებში ვირუსის კონცენტრაცია დაბალი იყო, განსაკუთრებით მათში, ვისაც დაავადება მსუბუქი ფორმით ჰქონდა. 

ვირუსული RNA

ვირუსული რიბონუკლეინის მჟავა [RNA] ყველა მწვავე ფორმის მქონე პაციენტის ქვედა სასუნთქი გზის [ფილტვები] ნაცხში აღმოჩნდა, თუმცა ვირუსის RNA-ს პოვნა ქვედა სასუნთქ გზებში ვერ მოხერხდა შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარე ინფექციის მქონე პაციენტებში. 

აღსანიშნავია, რომ ტომოგრაფიის გზით, ვირუსული RNA იპოვეს მე-2, მე-7 და მე-13 პაციენტებში - მათ ტიპური პნევმონია ჰქონდათ განვითარებული. პირველ სამ და დანარჩენ პაციენტებში ვირუსული RNA ვერ იპოვეს ზედა სასუნთქ გზებში.

ინტერპრეტაცია: ახალი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის ლაბორატორიული დიაგნოსტირებისთვის ნახველი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიზუსტის ბიოლოგიური ნიმუში აღმოჩნდა. ნახველის შემდეგ, ვირუსის RNA ყველაზე დიდი კონცეტრაციით აღმოჩნდა ცხვირის ნაცხში. 

ტომოგრაფია მნიშვნელოვანი დამხმარე მექანიზმია იმ ინფექციის დიაგნოსტიკისთვის. 

კვლევის დონორები იყვნენ ჩინური ორგანიზაციები და პროექტები: National Science and Technology Major Project, Sanming Project of Medicine in Shenzhen და China Postdoctoral Science Foundation.  

 

გამოხმაურება კვლევაზე The New York Times-ში

ამ კვლევას, გამოქვეყნებიდან მალევე, გამოეხმაურა ამერიკული გაზეთი The New York Times.  გამოცემის “მოსაზრების” განყოფილებაში გამოქვეყნდა ექიმ  არლან კრუმჰოლზის მოსაზრება. 

ექიმის თქმით, ამ კვლევაში აღწერილი ცრუ-უარყოფითი პასუხების მსგავსი სხვა შემთხვევებიც არსებობს, თუმცა, მათი სრულყოფილად აღწერა არსად ხდება.  

“სამწუხაროდ, ძალიან ცოტა მონაცემები გვაქვს ცრუ-უარყოფით პასუხებზე და მათ რაოდენობაზე კლინიკური ცდების დროს. ჩინეთიდან მომავალი ეს კვლევა აჩვენებს, რომ ცრუ-უარყოფითი პასუხების რაოდენობა დაახლოებით 30 პროცენტია. ზოგი ჩემი კოლეგა - ლაბორატორიული მედიცინის ექსპერტები, გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ცრუ-უარყოფითი შედეგების მაჩვენებელი შესაძლოა, უფრო მაღალიც იყოს,” - ნათქვამია სტატიაში, რომელიც 1 პარილს გამოქვეყნდა. 

“ბევრი მიზეზია, რის შედეგადაც ტესტერი ცრუ-უარყოფით პასუხს აჩვენებს. შესაძლოა, სინჯი არაა ადეკვატური. ჩვეულებრივი ტექნიკიდან გამომდინარე, ზედა სასუნთქი გზებიდან სინჯის აღების პროცესი მოითხოვს ცხვირის სასუნთქი გზების ბოლომდე მიღწევას აპლიკატორით - და შემდეგ აპლიკატორის რამდენჯერმე დატრიალებას. ეს არ არის მარტივი პროცედურა, არც სინჯის ამღებისთვის და არც პაციენტისთვისაა მისი მოთმენაა კომფორტული. ცრუ-უარყოფითი შედეგების სხვა მიზეზთა შორის შეიძლება იყოს ლაბორატორიული ტექნიკა, რითაც ტესტი კეთდება და სხვა დამხმარე ნივთიერებები, რომლებიც პასუხის გამოსავლენად გამოიყენება,” - ამბობს ექიმ  ჰარლან კრუმჰოლზი. 

 

medRxiv-ის შესახებ

არის უფასო ონლაინ პლატფორმა, რომელიც სამედიცინო, კლინიკურ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევების წინარე-ნაშრომებს [preprints] აქვეყნებს. კვლევის სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნების წინარე ეტაპი ის პერიოდია, როცა სტატიას კვლევასთან დაუკავშირებელი მეცნიერების რედაქტირება ან კომენტირების ეტაპი არ გაუვლია. იქიდან გამომდინარე, რომ მასალას ეს ეტაპი გავლილი არ აქვს, ის ჯერ არ უნდა იქნეს მიჩნეული, როგორც ახალი კვლევა, რომელიც გამყარებულია მონაცემებით. 

medRxiv 2019 წლის ივლისში დააარსეს ლაბორატორია Cold Spring Harbor Laboratory [CSHL]-მ, რომელიც არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც სამედიცინო კვლევასა და განათლებას ემსახურება; იელის უნივერსიტეტმა და BMJ-მ, ბრიტანულმა სამედიცინო ჟურნალმა, რომელიც 1840 წლიდან გამოდის და რომელიც ჯანმრთელობაზე ინფორმაციის გავრცელებას ემსახურება.

medRxiv არის პლატფორმა, რომელიც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, გააზიარონ საკუთარი ნაშრომი და სხვებისგან მიიღონ კომენტარები, სანამ კვლევა უკვე რედაქტირებული სახით რომელიმე სამედიცნო ჟურნალში გამოქვეყნდება. პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს სამედიცინო მონაცემების ღიაობას, სამეცნიერო აღმოჩენების გამჭვირვალობას, მეცნიერებს შორის თანამშრომლობას და დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობას მიმდინარე სამეცნიერო პროცესებში. medRxiv არის დამოუკიდებელი პლატფორმა და ის რომელიმე გამცემელს ან სამედიცინო ჟურნალს პირდაპირ არ უკავშირდება. 

 

ამავე თემაზე: 

COVID-19 - საქართველოში შემოტანილი ტესტერები

► რამდენად ტოქსიურია ქლოროქინი / ჰიდროქსიქლოროქინი / აზითრომიცინი?

► ანტონი ფაუჩი: COVID-19 - რა ეტაპზეა მეცნიერება, ვაქცინები და სამკურნალო საშუალებები?

► რამდენად ეფექტურია 'რემდესივირი?'

► სანამ ვაქცინები გამოცდას გადიან 

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>