როგორც ცნობილია, ახალი კორონავირუსის ინფექციის ადრეული შემთხვევები ჩინეთში, უჰანში, დაიწყო. პაციენტების უმრავლესობის კლინიკური გამოვლინებები იყო ცხელება, ხველება, სუნთქვის გაძნელება. პაციენტების 15-30%-ს მწვავე რესპირაციული დისტრესის სინდრომი [acute respiratory distress syndrome (ARDS)] უვითარდებოდა. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ [WHO] დროებით გაიდლაინში ARDS- ის სამკურნალოდ ზოგადი რეკომენდაცია გასცა.
Ამ რეკომენდაციის მიხედვით, სისხლში ჟანგბადის მცირე კონცენტრაციით არსებობის [ჰიპოქსემია] შემთხვევაში, შესაძლოა ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის მეთოდის გამოყენება. თუმცა, მანიპულაციის სირთულიდან გამომდინარე, ის სპეციალიზებულ ცენტრებში უნდა ჩატარდეს, ვინაიდან ყველა ექიმს არ აქვს მისი წარმატებით შესრულების გამოცდილება [დეტალურად ნახეთ ამერიკულ სამეცნიერო სამედიცინო ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნებული მოსაზრება- Preparing for the Most Critically Ill Patients With COVID-19 - The Potential Role of Extracorporeal Membrane Oxygenation].
ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაცია, ECMO
ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაცია [extracorporeal membrane oxygenation, ECMO] არის მეთოდი, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთ ვენას მილს უერთებენ. ამ გზით, ადამიანის ორგანიზმში არსებული სისხლის მარაგის ნაწილს ხელოვნურ აპარატში ტუმბავენ, სადაც მას ნახშირორჟანგს აცლიან, ჟანგბადით ამდიდრებენ და უკვე ჟანგბადით გამდიდრებულს, უკან აბრუნებენ ორგანიზმში, სხვა ვენის ან მთავარი არტერიის გზით.
ნახშირორჟანგი უფრო წრაფად იხსნება სისხლში, ვიდრე ჟანგბადი; შესაბამისად, ის უფრო სწრაფად ვრცელდება სისხლში, ვიდრე ჟანგბადი. სისხლში აირების ხელოვნური ცვლის სისწრაფე: ნახშირორჟანგისგან დაცლა და ჟანგბადით გამდიდრება - იმ მომენტში პაციენტის სისხლის ზოგად შემადგენლობაზეცაა დამოკიდებული. როგორც კი გაზების გაცვლის პროცესი წარმატებით დასრულდება, სისხლს ხელოვნურად ათბობენ და აბრუნებენ პაციენტის ორგანიზმში.
ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის პროცესი, უმეტეს შემთხვევაში, 5 დღის განმავლობაში გრძელდება, თუმცა, რიგ შემთხვევებში, ის 25-30 დღეც შეიძლება გაგრძელდეს.
ფილტვებისა და გულის დროებითი “დასვენება”
ორგანიზმის ჟანგბადით გამდიდრებასთან ერთად, ამ მანიპულაციას ერთი დამატებითი ფუნქციაც აქვს: ორგანიზმში სასიცოცხლო აირის - ჟანგბადის ცირკულაციის ხარისხის ხელოვნური გაუმჯობესების დროს, ფილტვები და გული “ისვენებენ,” რომ ძალები აღიდგინონ, მაშინ, როცა მათ ფუნქციას, ნაწილობრივ, ხელოვნური აპარატი ასრულებს, რომელიც ორგანიზმის გარეთაა [სწორედ აქედან მოდის მანიპულაციის სახელი - ექსტრა-კორპორალური - სხეულს გარეთ არსებული].
ECMO ინტენსიური, სარისკო, მაგრამ სიცოცხლის შემანარჩუნებელი სამედიცინო ჩარევაა, რომელსაც მნიშვნელოვანი გართულებების საშიშროება ახლავს თან. Ეს გართულებებია სისხლდენა და ნოზოკომიური ინფექციის განვითარება.
Ბოლო მონაცემებით, სუნთქვის მწვავე უკმარისობის დროს, ECMO სიკვდილობას ამცირებს. Ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ECMO წარმატებულია ისეთ კლინიკებში, რომლებსაც ფართო შესაძლებლობები, გამოცდილება და სიმძლავრეები აქვთ.
Ამ დროისთვის ECMO-ს როლი COVID-19-ის მართვაში გაურკვეველია. ECMO ჩინეთში, COVID-19-ით დაავადებული ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში გამოიყენეს, თუმცა, დეტალური მონაცემები მისი კონკრეტულად ახალი კორონავირუსის მართვისთვის ეფექტურობის შესახებ არ არსებობს. ECMO-მ, შეიძლება, გარკვეული როლი ითამაშოს COVID-19-ით დაავადებული იმ პაციენტების მდგომარეობის მართვაში, რომლებსაც რეფრაქტორული ჰიპოქსემია აქვთ.
გაურკვევლობაში თავის წილს თამაშობს ის ფაქტიც, რომ ვირუსის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი - მათ შორის არც მისი ბუნებრივი გზით განვითარება, მოგვიანებით განვითარებული გართულებების სიხშირე, ვირუსული მდგრადობა ან ის, თუ როგორ განვითარდება ის პაციენტების სხვადასხვა ჯგუფებში.
Ეს გაურკვევლობა შედარებადია 2009 წელს გამოვლენილ Influenza A ტიპის ვირუსის [H1N1] შემთხვევასთან, როცა თავიდან ნათელი არ იყო, თუ რა როლი შეიძლებოდა მინიჭებოდა ECMO-ს ამ ტიპის ვირუსის მართვაში. Თუმცა, COVID-19 თან მიმართებაში გაურკვევლობის ხარისხი გაცილებით მაღალია.
Ამ ვითარების აღმოსაფხვრელად, აუცილებელია არსებული მონაცემების სწრაფი მობილიზება: კლინიკურმა კვლევის ჯგუფებმაც ხელი უნდა შეუწყონ მონაცემების სისტემურ შეგროვებას. Მაგალითად, ექსტრაკორპორალური გზით სიცოცხლის შენარჩუნების ორგანიზაცია [Extracorporeal Life Support Organization, ELSO] სწორედ ამას აკეთებს: ის ემზადება COVID-19 ის შესახებ ახალი ინფორმაციის შესაგროვებლად. მზადდება სადამკვირვებლო კვლევები.
ECMO მხოლოდ ფილტვებისა და გულის გაძლიერებისთვის არის ეფექტური. Მას მხოლოდ ჟანგბადის სისტემური მიწოდების გაუმჯობესება და სასუნთქი აპარატით გამოწვეული ფილტვის დაზიანების შემსუბუქება შეუძლია.
COVID-19-ით დაავადებული, კრიტიკულად ცუდად მყოფი პაციენტების დიდ ნაწილს, გულის არითმია და შოკი უვითარდება, თუმცა გაურკვეველია, რამდენ მათგანს აქვს ან მომავალში განუვითარდება შეუქცევადი მულტიორგანული უკმარისობა, რა დროსაც ECMO-ს გამოყენება შეიძლება კიდევ უფრო შეიზღუდოს და არც იყოს რეკომენდებული.
იქიდან გამომდინარე, რომ ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაც არის, მისმა გამოყენების სიხშირემ, შესაძლოა, მოიმატოს ინფექციის გამწვავების დროს. თუ რომელიმე რეგიონში შემთხვევები დრამატულად მოიმატებს, იმის მიუხედავად, ექნება თუ არა ქვეყანას შესაბამისი მოვლის შესაძლებლობები, ECMO-ს ადრეულმა გამოყენებამ, შესაძლოა, სისტემას გარკვეული შვება მოჰგვაროს და მომავალში მთლიან სისტემას ის ნაკლები რაოდენობით დასჭირდეს.
ECMO-თი მკურნალობა საჭიროა მხოლოდ ძალიან კრიტიკულად ცუდ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნებისთვის და ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც შებასამისი მდიდარი რესურსები აქვთ. ეს არ არის თერაპიის ისეთი სახე, რომელიც ბრძოლის წინა ხაზებზე სჭირდება სისტემას.
შედარებით მცირე რესურსების მქონე ქვეყნებში, ჟანგბადის ტრადიციულად მიწოდება და პულსის ოქსიმეტრიც საკმარისია, რომლებიც ჰოსპიტალურ სექტორებში, ზოგადად, უფრო ხელმისაწვდომია.
ECMO საქართველოში
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში სულ 3 ECMO აპარატია - ეს ინფორმაცია “რადიო თავისუფლების” ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
მისი თქმით, ეს საქართველოსთვის საკმარისია: “კრიტიკული მედიცინის სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ ირკვევა, რომ ახალი თაობის ხელოვნური სუნთქვის აპარატებს შეუძლიათ იმავე ფუნქციების დაფარვა, რაც ეკმოს აპარატს.”
ECMO განსხვავდება ტრადიციული სუნთქვის აპარატებით ორგანიზმის ჟანგბადით გამდიდრებისგან: ECMO-ს პროცედურის დროს, ორგანიზმს ჟანგბადი არტერიის გავლით, სისხლის საშუალებით მიეწოდება, ხოლო ტრადიციული ხელოვნური სუნთქვის აპარატების დროს - ცხვირისა და პირის საშუალებით, ფილტვების გავლით.
ამ ორი პროცედურის მიზანი ერთია, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ტექნიკური, ასევე სირთულისა და რისკების განვითარების მიხედვითაც.
ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდების გზების არჩევის [არტერია vs ფილტვები] დროს, ECMO-ს ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ დისფუნქციური ფილტვები და გული დროებით დაასვენოს, მაშინ, როცა ტრადიციული სასუნთქი აპარატი სწორედ ფილტვებს იყენებს ჟანგბადის ორგანიზმისთვის მისაწოდებლად. არის შემთხვევები, როდესაც დასუსტებული ფილტვები დატვირთვას ვერ უძლებს და მისი მწვავე უკმარისობა ან შეუქცევადი დაზიანება დგება.
ნაშრომის მიხედვით, რომელიც ამერიკის ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრის [National Center for Biotechnology Information, NCBI] ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, ECMO უფრო ეფექტურია, ვიდრე ტრადიციული სასუნთქი აპარატები ისეთ პაციენტებში, რომლებსაც სასუნთქი გზების პრობლემები და ორგანიზმში ჟანგბადის დეფიციტი აქვთ. კვლევის “შედეგის / Results” ნაწილში, გაფრთხილების სახით, წერია, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს სარისკო ჩარევა გამოცდილმა გუნდმა ჩაატაროს, რაც პროცედურის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია.
ტერმინთა განმარტება
ნოზოკომიური ინფექცია - სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ინფექცია, რომელიც შეძენილია ან აღმოცენებულია სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, ჰოსპიტალიზაციიდან 48 საათის შემდეგ და რომელიც არ აღენიშნებოდა პაციენტს სამედიცნო სერვისზე მიმართვის მომენტში, სიმპტომურად გამოხატული ფორმით ან დაავადება არ იყო ინკუბაციურ პერიოდში.
სასუნთქი გზების შეუქცევადი შეზღუდვა [Refractory hypoxemic respiratory failure] - სასუნთქი გზების უკმარისობაა, რომლის დროსაც, მთავარი სასუნთქი ორგანოს - ფილტვების დისფუნქციის გამო, ორგანიზმში სისხლის საშუალებით ჟანგბადის მთავარ გამავრცელებელს - არტერიას საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდება და ორგანიზმში სასიცოცხლო აირის დეფიციტი დგება. ეს დიაგნოზი დგება არტერიულ სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციის შემოწმებით და გულ-მკერდის რენტგენით. ასეთ დიაგნოზის დროს აუცილებელია მექანიკური ვენტილატია და ორგანიზმის ჟანგბადით ხელოვნურად გამდიდრება.
მასალის მომზადებაში მონაწილება მიიღო თაკო ფარადაშვილმა. თაკო კომუნიკაციის მენეჯერია ჰოლანდიურ სამედიცინო პროფილის კომპანიაში Bambi Medical. მანამდე, მუშაობდა ჟურნალისტად საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში, ჟურნალ „ლიბერალში“ და media.ge-ში. პერიოდულად თარგმნიდა ამერიკულ გაზეთ The New York Times-ის სტატიებს გაზეთ „24-საათისთვის.“ თაკოს ფლობს ორ სამაგისტრო ხარისხს მედიისა და კომუნიკაციების მენეჯმენტის და მედიისა და ხელოვნების კვლევის პროგრამებში. "ლინკდინის" პროფილი - Tamar Pharadashvili
ამავე თემაზე:
► რემდესივირის მცირე წარმატება COVID-19 პაციენტებში
► რამდენად ეფექტურია 'რემდესივირი?'
► კვლევა ჩინეთიდან: ჰიდროქსიქლოროქინი არ მუშაობს
► COVID-19: კვლევის ცრუ-უარყოფითი შედეგები
► COVID-19 - საქართველოში შემოტანილი ტესტერები
► რამდენად ტოქსიურია ქლოროქინი / ჰიდროქსიქლოროქინი / აზითრომიცინი?
► ანტონი ფაუჩი: COVID-19 - რა ეტაპზეა მეცნიერება, ვაქცინები და სამკურნალო საშუალებები?
► სანამ ვაქცინები გამოცდას გადიან