ავტორი: გადაუდებელი მედიცინის ექიმი, რიჩარდ ლევიტანი. მისი მოსაზრება 20 აპრილს ამერიკულ გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნდა.
♦ ბელევუს ჰოსპიტალში ჩემი 10-დღიანი მუშაობის გამოცდილება, სადაც ახალი კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს ვშველოდი ♦
გადაუდებელ მედიცინაში 30 წელია ვმუშაობ. 1994 წელს, ინტუბაციის [სასუნთქი მილები] ჩადგმის ვიზუალური სწავლების სისტემა გამოვიგონე. ამის გამო, თავად ამ პროცედურის კვლევა მომიწია და შემდგომ უკვე, ბოლო 20 წლის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, ექიმებს სასუნთქი გზის მართვის კურსს ვუკითხავდი.
მარტის ბოლოს, COVID-19-ით დაავადებული პაციენტების უზარმაზარი ნაკადი მიაწყდა ნიუ-იორკის საავადმყოფოებს, მე კი 10 დღე მოხალისედ ვიმუშავე ბელევუს ჰოსპიტალში, სადაც სამედიცინო პერსონალს ადრეც ვასწავლიდი მილის ჩადგმას.
ამ 10 დღის განმავლობაში მივხვდი, რომ, ვირუსით გამოწვეულ, სასიკვდილოდ საშიშ პნევმონიას საკმარისად ადრე ვერ ვავლენთ, რომ საქმე იქამდე არ მივიდეს, რომ პაციენტს ხელოვნური მიშველება დასჭირდეს სუნთქვაში.
ჩემი სახლიდან, ნიუ ჰემფშირიდან ნიუ იორკისკენ მიმავალ გრძელ გზაზე, ჩემს მეგობარს, გადაუდებელი დახმარების ექიმს, ნიკ კაპუტოს, დავურეკე, რომელიც მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფებოდა. მინდოდა მცოდნოდა, რასთან მაქვს საქმე, რა არის საჭირო უსაფრთხოებისთვის და მაინტერესებდა მისი გამოცდილების გაგება ამ დაავადების დროს სასუნთქი გზების მართვასთან დაკავშირებით. „რიკ, მსგავს რამესთან შეხება აქამდე არ მქონია,“ - მითხრა მან.
მართალი იყო.
კორონავირუსით გამოწვეულმა პნევმოვნიამ განსაცვიფრებელი დარტყმა მიაყენა ქალაქის საავადმყოფოებს. როგორც წესი, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში სხვადასხვა პაციენტები არიან ხოლმე. არიან როგორც სერიოზული ავადმყოფები - გულის შეტევით, ინსულტით და ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებებით, ისე სიცოცხლისთვის ნაკლებად საშიში მდგომარეობით - მცირედი ჭრილობებით, ინტოქსიკაციით, ორთოპედიული დაზიანებებით და შაკიკით გამოწვეული თავის ტკივილით.
ბელევუში, კორონავირუსის დროს მუშაობისას კი, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მყოფ თითქმის ყველა პაციენტს, COVID-ით გამოწვეული პნევმონია ჰქონდა. ჩემი მორიგეობის პირველივე საათში, სასუნთქი მილის ჩადგმა მომიწია ორი პაციენტისთვის.
იმ პაციენტებსაც კი აღენიშნებოდათ პნევმონია, რომელთაც სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ჩივილები არ ჰქონდათ. მაგალითად, კორონავირუსით გამოწვეული პნევმონია აღმოაჩნდა მხარში დაჭრილ პაციენტსაც, რომელსაც მხოლოდ იმიტომ გადავუღეთ რენტგენი, რომ გვეგონა მისი ფილტვიც დაზიანებული იყო ტრავმის შედეგად. პნევმონია შემთხვევით აღმოვუჩინეთ იმ პაციენტებს, რომელთაც კომპიუტერული ტომოგრაფია სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად მიღებული ტრავმის გამო გავუკეთეთ. პნევმონია ჰქონდათ იმ ხანშიშესულ პაციენტებსაც, რომლებიც უცნობი მიზეზით გარდაიცვალნენ და აგრეთვე მთელ რიგ დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებს.
ყველაზე მეტად, აი, რამ გაგვაოცა: ამ პაციენტებს სუნთქვის უკმარისობა არ აღენიშნებოდათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი გულმკერდის რენტგენი დიფუზურ [ფილტვებზე ფართოდ მოდებულ] პნევმონიას აჩვენებდა, სისხლში ჟანგბადის მაჩვენებელი კი ნორმაზე დაბალი იყო.
რა ახსნა შეიძლებოდა ჰქონოდა ამას?
მხოლოდ ახლა ვიწყებთ გაცნობიერებას, რომ COVID-19-ით გამოწვეული პნევმონია თავიდან ჟანგბადის უკმარისობის ისეთი ფორმით იწყება, რომელსაც „ჩუმ ჰიპოქსიას“ ვუწოდებთ. ჩუმი კი იმიტომ არის, რომ მისი ამოცნობა და დიაგნოსტირება რთულია.
პულსის ოქსიმეტრს ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობის ადრეული შეტყობინება შეუძლია; ორგანიზმში ჟანგბადის დონის ვარდნა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ერთ-ერთი გამოვლინებაა. ფოტოს ავტორი: ჯორჯოს მაუტაფისი / როიტერი / Giorgos Moutafis/Reuters
პნევმონია ფილტვების ინფექციით გამოწვეული მდგომარეობაა, რომლის დროსაც ალვეოლური ტომარა სითხით ან ჩირქით ივსება. ასეთ დროს, როგორც წესი, პაციენტებს გულმკერდის არეში დისკომფორტის შეგრძნება, სუნთქვის დროს ტკივილი და სხვა სუნთქვითი პრობლემები აღენიშნებათ.
მაგრამ COVID-ით გამოწვეული პნევმონიის საწყის ეტაპზე, პაციენტებს არ აქვთ სუნთქვის უკმარისობა, მიუხედავად იმისა, რომ მათ სისხლში ჟანგბადის შემცველობის დონე დაბალია. იმ დროისთვის კი, როცა სუნთქვის უკმარისობა ეწყებათ, უკვე ჟანგბადის საგანგაშოდ დაბალი დონე აქვთ, პნევმონიას კი საშუალო და მძიმე ფორმა აქვს მიღებული [ამას რენტგენიც ადასტურებს]. ადამიანების უმეტესობაში, სისხლში ჟანგბადის შემცველობა ზღვის დონეზე 94-100%-ია. COVID-ით გამოწვეული პნევმონიის მქონე პაციენტებში კი, ჟანგბადის დონე 50% -ც მინახავს.
ჩემდა გასაოცრად, პაციენტების უმეტესობა, ვისთანაც შეხება მქონდა, ამბობდა, რომ ავად ერთი კვირა იყო. მათი სიმპტომები გამოიხატებოდა სიცხით, ხველით, გაღიზიანებული კუჭით და დაღლილობის შეგრძნებით. სუნთქვის უკმარისობა კი, მხოლოდ ჰოსპიტალში მოსვლის დღეს დაეწყოთ.
ცხადი იყო, რომ პნევმონია მათში მანამდე, უკვე გარკვეული დღეების განმავლობაში, შეუმჩნევლად მიმდინარეობდა. მაშინ კი, როცა ისე ცუდად ხდებოდნენ, რომ საავადმყოფოში მოსვლა სჭირდებოდათ, მათი მდგომარეობა, ხშირად, უკვე კრიტიკული იყო.
ზოგადად, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, სასუნთქ მილებს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს სხვადასხვა მიზეზის გამო ვუდგამთ. ჩემი 30-წლიანი გამოცდილებით, პაციენტების უმეტესობა, ვისაც ინტუბაცია ესაჭიროება - შოკშია, აქვს არეული ცნობიერება ან ხროტინით სუნთქავს. პაციენტები, რომელთაც ინტუბაცია სჭირდებათ, ჟანგბადის მწვავე უკმარესობის გამო, ხშირად, უგონოდ არიან ან გაჭირვებით სუნთქავენ. COVID-ით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები კი სულ სხვა სურათია.
COVID-ით გამოწვეული პნევმონიის მქონე პაციენტებს, რომლებსაც შევხვედრივარ, სისხლში ჟანგბადის კრიტიკულად დაბალი, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დონე ჰქონდათ, თუმცა მონიტორზე მიერთების მომენტში, ეს პაციენტები ტელეფონითაც კი სარგებლობდნენ: მათი კოგნიტური მდგომარეობა კონტროლირებული იყო, საერთო ფუნქციური მდგომარეობა - ნორმალური.
COVID პაციენტებს კი შედარებით ნაკლებად შესამჩნევი აშლილობის სიმპტომები აღენიშნებოდათ იმ ფაქტორის გავითვალისწინებთაც, რომ გახშირებულად სუნთქავდნენ, სისხლში სახიფათოდ დაბალი ჟანგბადის დონე ჰქონდათ და გულ-მკერდის რენტგენის სურათზე, მწვავე პნევმონია ფიქსირდებოდა.
მხოლოდ ახლა ვიწყებთ იმის გააზრებას, თუ რატომ არის ეს ასე.
კორონავირუსი აზიანებს ფილტვის იმ უჯრედებს, რომლებიც სურფაქტანტს გამოყოფენ. ეს ნივთიერება ფილტვებში ალვეოლურ ტომრებს სუნთქვის დროს შეწებების საშუალებას არ აძლევს და კრიტიკულად აუცილებელია ფილტვის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
როცა COVID-19-ით გამოწვეული ანთება იწყება, ის ალვეოლურ ტომრებს აზიანებს და ჟანგბადის დონე ეცემა. თუმცა, ფილტვები თავიდან “მორჩილად” არიან, ჯერ არ მაგრდებიან და სითხით არ მძიმდებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტებს ნახშირორჟანგისგან გათავისუფლება ჯერ კიდევ შეუძლიათ და მისი დაგროვების გარეშე, ავადმყოფებს სუნთქვის უკმარისობა არ ეწყებათ.
სისხლში ჟანგბადის დაბალი შემცველობის პაციენტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აირის დეფიციტს გახშირებული და ღრმა სუნთქვით იკომპენსირებენ - ოღონდ ამას თავად ვერ გრძნობენ. ჟანგბადის ჩუმი უკმარისობა და მასზე პაციენტის ფიზიოლოგიური პასუხი აძლიერებს ანთებას და კიდევ უფრო მეტი ალვეოლური ტომრის დაზიანებას იწვევს. პნევმონია უარესდება იქამდე, სანამ ჟანგბადის დონე საგანგაშოდ არ დაეცემა.
რაც უფრო ძლიერად სუნთქავენ პაციენტები, მით უფრო მეტად იზიანებენ ფილტვებს. COVID ით გამოწვეული პნევმონიის მქონე Პაციენტების 20%-ს, ეწყება ფილტვის დაზიანების მეორე და უფრო მომაკვდინებელი ფაზა: სითხე გროვდება და ფილტვები მაგრდება, ნახშირორჟანგის დონე იმატებს და პაციენტებში ვითარდება მწვავე სუნთქვითი უკმარისობა.
იმ დროისთვის, როცა სუნთქვითი პრობლემები შესამჩნევი ხდება, პაციენტს სახიფათოდ დაბალი ჟანგბადის დონე აქვს ორგანიზმში, მიდის კლინიკაში და საბოლოოდ სასუნთქი აპარატი სჭირდება.
ჟანგბადის ჩუმი, შეუმჩნეველი უკმარისობა, რომელიც სწრაფად სუნთქვით უკმარისობაში გადაიზრდება ხოლმე, ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ იღუპებიან COVID-19-ით დაავადებული პაციენტები სწრაფად ისე, რომ მანამდე სუნთქვის უკმარისობა არ აღენიშნებოდათ: დაავადება ძალიან სწრაფად ატყდება თავს ადამიანს. [როგორც ჩანს, COVID-19-ით დაავადებული პაციენტების უმეტესობას შედარებით მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ და ერთ ან ორ კვირაში მკურნალობის გარეშე ჯანმრთელდებიან].
მთავარი ფაქტორი, რის გამოც ეს პანდემია ჩვენს ჯანდაცვის სისტემას ტვირთავს, არის ფილტვის დაზიანების სახიფათოდ მაღალი დონე პაციენტებში, იმ მომენტში, როცა ისინი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოდიან. COVID-19 სულ უფრო მეტად კლავს ფილტვების გზით. და რადგან ამდენ პაციენტს საავადმყოფოში მისვლის საჭიროება არ უჩნდება იქამდე, სანამ პნევმონია საშიშ ზღვარს არ მიაღწევს, უკვე საავადმყოფოში მისვლისას, ბევრ მათგანს ესაჭიროება სუნთქვის აპარატი, რაც ამ აპარატების უკმარისობას იწვევს. სუნთქვის აპარატზე მიერთების შემდეგ კი, ბევრი მათგანი კვდება.
სასუნთქი აპარატის გამოყენების საჭიროების თავიდან აცილება, პაციენტისა და ჯანდაცვის სისტემისთვის დიდად მომგებიანი იქნებოდა. სასუნთქ აპარატზე მიერთებულ პაციენტებს განსაცვიფრებელი რაოდენობის რესურსი სჭირდებათ: მათ უამრავ დამამშვიდებელ/საძილე საშუალებას აძლევენ, რომ სასუნთქ აპარატს წინააღმდეგობა არ გაუწიონ ან შემთხვევით არ ამოიძრონ აპარატის მილი; წამლების მისაღებად და სხვადასხვა ტუმბვითი პროცედურებისთვის მათ ინტრავენური და არტერიული მილები სჭირდებათ; კათეტერები ჩადგმული აქვთ არა მხოლოდ ტრაქეაში, არამედ კუჭსა და შარდის ბუშტშიც; ადამიანთა გუნდი კი, ფილტვის ფუნქციის გასაუმჯობესებლად, თითოეულ პაციენტს დღეში ორჯერ, მუცელსა და ზურგზე აბრუნებს, მონაცვლეობით.
არსებობს საშუალება, რითაც შეგვიძლია COVID-19- ით გამოწვეული პნევმონიის მქონე პაციენტების უფრო მალე ამოცნობა და მათი უფრო ეფექტურად მკურნალობა. ამისთვის, საჭირო იქნება არა კორონავირუსის ტესტის პასუხის ლოდინი ჰოსპიტალსა თუ ექიმთან ვიზიტისას, არამედ, ჟანგბადის ჩუმი უკმარისობის გამოვლენა სამედიცინო ხელსაწყოთი. ამ ხელსაწყოს შეძენა რეცეპტის გარეშე შესაძლებელია აფთიაქებში და მისი სახელია - პულსის ოქსიმეტრი.
პულსის ოქსიმეტრის გამოყენება თერმომეტრივით მარტივია. ეს პატარა ხელსაწყოები ღილაკის ერთი დაჭერით ირთვება და თითის წვერზე თავსდება. რამდენიმე წამში, მასზე ორი რიცხვი ისახება, რაც სისხლში ჟანგბადის შემცველობის დონესა და პულსს აღნიშნავს. პულსის ოქსიმეტრი უკიდურესად სანდოა სისხლში ჟანგბადის შემცველობის დონის დასადგებად და აჩქარებული გულისცემის გამოსავლენად.
პულსის ოქსიმეტრების დამსახურებაა, მაგალითად, ჩვენი საავადმყოფოს ორი გადაუდებელი დახმარების ექიმის სიცოცხლის გადარჩენა. ამ ხელსაწყოს საშუალებით, ისინი საკმარისად ადრე მიხვდნენ, რომ მკურნალობა სჭირდებოდათ. როცა შეამჩნიეს, რომ სისხლში მათი ჟანგბადის დონე ეცემოდა, ორივე მათგანი მივიდა საავამდყოფოში და საბოლოოდ, გამოჯანმრთელდა [მიუხედავად იმისა, რომ ერთმა საავადმყოფოს შედარებით გვიან მიმართა და უფრო მეტი მკურნალობა დასჭირდა]. ჟანგბადის უკმარისობის გამოვლენამ, ადრეულმა მკურნალობამ და ინტენსიურმა მონიტორინგმა, როგორც ჩანს, იმუშავა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის შემთხვევაშიც.
პულსის ოქსიმეტრით სკრინინგი ფართო მასშტაბებს თუ მიიღებს [ხალხი თავად გაიზომავს სახლში თუ ექიმთან მივა გასასინჯად], შესაძლოა, ეს იქცეს ამ დაავადებასთან კავშირში მყოფი სასუნთქი გზების პრობლემების ადრეული გამოვლენის სისტემად.
იმ ადამიანებს, რომლებიც ხელსაწყოს სახლში გამოიყენებენ, შესაძლოა, ექიმთან კონსულტაცია დასჭირდეთ. ეს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გადაუდებული დახმარების განყოფილებაში საჭიროების გარეშე მოსული ადამიანების რაოდენობა, იმის გამო, რომ მათ ხელსაწყოზე გამოსახული მონაცემების არასწორად გაიგეს. შესაძლებელია, გამოჩნდნენ პაციენტებიც, რომელთაც, ფილტვებთან დაკავშირებული ქრონიკული პრობლემების გამო, ნორმის ზღვარზე ან ზღვარს ოდნავ ქვემოთ მყოფი ჟანგბადის დონე ჰქონდეთ სისხლში - რასაც COVID-თან კავშირი არ აქვს.
ყველა პაციენტს, ვისაც კორონავირუსზე ტესტის პასუხი დადებითი ექნება, ორი კვირის განმავლობაში, მონიტორინგისთვის უნდა ჰქონდეს პულსის ოქსიმეტრი. როგორც წესი, ამ პერიოდში ვითარდება COVID-ით გამოწვეული პნევმონია. ყველა, ვინც ახველებს, აქვს დაღლილობის შეგრძნება და სიცხე - უნდა სარგებლობდეს პულსის ოქსიმეტრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვირუსზე ტესტი არ ჩაუბარებია ან იმ შემთხვევაში, თუ აღებული ნაცხის ტესტის პასუხი უარყოფითია - რადგან ამ ტესტების სიზუსტე მხოლოდ 70%ია. ამერიკელების უდიდესმა ნაწილმა არ იცის, რომ ვირუსით ინფიცირებულია.
მასალა თარგმნა თაკო ფარადაშვილმა. თაკო კომუნიკაციის მენეჯერია ჰოლანდიურ სამედიცინო პროფილის კომპანიაში Bambi Medical. მანამდე, მუშაობდა ჟურნალისტად საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში, ჟურნალ „ლიბერალში“ და media.ge-ში. პერიოდულად თარგმნიდა ამერიკულ გაზეთ The New York Times-ის სტატიებს გაზეთ „24-საათისთვის.“ თაკოს ფლობს ორ სამაგისტრო ხარისხს მედიისა და კომუნიკაციების მენეჯმენტის და მედიისა და ხელოვნების კვლევის პროგრამებში. "ლინკდინის" პროფილი - Tamar Pharadashvili