მეცნიერება

COVID-19 - რა არის ოზონოთერაპია?




დღეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმებმა ახალი კორონავირუსის მართვის საკითხები შეაჯამეს. საქართველოში ახალი კორონავირუსის კლინიკური მართვის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, განაცხადა, რომ ბათუმში კორონავირუსის მკურნალობის დროს აქტიურად იყო გამოყენებული “ოზონოთერაპია.”

ცერცვაძის თქმით, ოზონოთერაპიამ წარმატებით იმუშავა ბათუმში. მისი თქმით, ოზონოთერაპია 4 პაციენტზე გამოიყენეს და “3-ს ვირუსი გაუქრა მე-7-9 დღეს.”

“საოცარია, იმიტომ, რომ ჩვენს პაციენტებს ვირუსი, უკეთეს შემთხვევაშიმ მე-13-14 დღეს უქრებოდათ, ზოგს – 2 თვის შემდეგ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ოზონოთერაპია, როგორც ახალი კორონავირუსის კლინიკური მართვის საშუალება, არ არის მოხსენებული ქართულ პროტოკოლში, რომლის მთავარი ავტორი თენგიზ ცერცვაძეა. 

 

რა არის ოზონოთერაპია COVID-19-ს მკურნალობის კონტექსტში? 

გუშინ, 24 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ განკარგულება გამოსცა და ტეხასის შტატის ქალაქ დალასში მომუშავე კომპანია Purity Health & Wellness-ს სამუდამოდ აუკრძალა ოზონოთერაპიის ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალებად გამოცხადება და გამოყენება.

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიას “ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული ჰქონდა პოსტი, სადაც ოზონოთერაპია მოიხსენებოდა, როგორც “ერთადერთი პრევენცია” ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ და ამტკიცებდა, რომ ამ მკურნალობას ვირუსის “აღმოფხვრა” შეუძლია. 

ცენტრი ასევე ამტკიცებდა, რომ ოზონოთერაპია ეფექტურია სხვა დაავადებების, მათ შორის, სიმსივნის, SARS-ისა და ებოლას წინააღმდეგ.

ეს განცხადებები სამეცნიერო სამედიცინო მტკიცებულებებს არ ემყარება. 

სასამართლო პროცესის დროს, სიტყვით გამოვიდა ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის, F.D.A.-ს წარმომადგენელიც.

“F.D.A. მკაცრად ადევნებს თვალ-ყურს ისეთ ორგანიზაციებს/ინდივიდებს, რომლებიც, შემოსავლის მიღების მიზნით, პანდემიის დროს, საზოგადოებრივ ჯანდაცვას აყენებენ საფრთხის ქვეშ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ შესაჩერებლად,” - თქვა სტეისი ეიმინმა, F.D.A. -ს საბჭოს უფროსმა წარმომადგენელმა. - “მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იუსტიციის დეპარტამენტთან, რომ საჭირო ზომები მივიღოთ მათ წინააღმდეგ, ვინც პანდემიის დროს სამეცნიეროდ დაუმტკიცებელი სამკურნალო საშუალებების რეკლამირებასა და გაყიდვას ცდილობს.”

ფედერალური სასამართლოს წარმომადგენლის თქმით, პენდემიის დროს მიუღებელია შეცდომაში შემყვანი, სამეცნიეროდ დაუმტკიცებელი სამკურნალო საშუალებების პრომოუშენი. 

 

არის თუ არა დამტკიცებული ოზონოთრაპია ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ ან ამ ვირუსის კლინიკური მართვისთვის?

არც ერთი ავტორიტული და სანდო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე “ოზონოთერაპია/ozone therapy” ისეთი სახელით/მეთოდით, როგორც ეს თენგიზ ცენრცვაძემ დღეს ახსენა, არ იძებნება ახალი კორონავირუსის მკურნალობის, პრევენციის ან/და ამ ვირუსით გამოწვეული დაავადე[ებ]ბის კლინიკური მართვის კონტექსტში.

მათ შორის, “ოზონოთერაპია/ozone therapy” არ მოიხსენიება არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კლინიკური მართვის გაიდლაინებში და სამკურნალო საშუალებების ლიტერატურის საძიებელში. 

ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის, F.D.A.ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად არ არსებობს ამერიკის მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული სამკურნალო საშუალება ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ.  

ოზონოთერაპია არც იქ არის ნახსენები, როგორც პოტენციური საშუალება ამ დაავადების წინააღმდეგ. 

“ოზონოთერაპია/ozone therapy”, როგორც ახალი კორონავირუსის პოტენციური სამკურნალო საშუალება, არ იძებნება არც ამერიკის ფედერალური მთავრობის კლინიკური ცდების ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც ამჟამად ცდის ეტაპზე მყოფი სამკურნალო საშუალებების ნუსხის და ყველა მიმდინარე კვლევის ნახვა შეიძლება. 

ოზონოთერაპია/ozone therapy” არც ამერიკის ჯანმრთელობის ინსტიტუტის [National Institute of Health, NIH] ვებ-გვერდზეა გამოცხადებული, როგორც პოტენციური სამკურნალო საშუალება, რომელთა გამოცდაც ამჟამად მიმდინარეობს.  

ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ცდის პროცესში მყოფ სამკურნალო საშუალებებად მოხსენებულია: ქლოროქინი, ჰიდროქსიქლოროქინი, რემდესივირი და პლაზმით მკურნალობა. 

არც ერთი მათგანი ჯერ-ჯერობით ამერიკის მარეგულირებლის მიერ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ საბოლოოდ ეფექტურად ცნობილი და დამტკიცებული არ არის.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>