♦ ეს მონაცემები ამერიკულ სამედიცინო სამეცნიერო ჟურნალ JAMA Network-ში, 22 პარილს, გამოქვეყნდა - Alterations in Smell or Taste in Mildly Symptomatic Outpatients With SARS-CoV-2 Infection ♦
Ახალი Კორონავირუსი COVID-19 სიმპტომების სხვადასხვა სპექტრით ვლინდება. მის ძირითად სიმპტომებად აღინიშნება სიცხე, დაღლილობის შეგრძნება, მშრალი ხველა, კუნთების ტკივილი და სუნთქვის უკმარისობა. აქამდე ცნობილ, სხვა კორონავირუსებზე დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ვირუსი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ოლფაქტორული [ყნოსვითი] ნეიროეპითელიუმის გზით იჭრება და ყნოსვის ბოლქვში მრავლდება.
SARS-COV-2-ის რეცეპტორის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია რესპირაციულ ტრაქტში ვლინდება; უფრო კონკრეტულად კი ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი 2 მთელს რესპირაციულ განშტოებაშია გავრცელებული.
ყნოსვის ბოლქვი თავის ტვინის ქერქის შუბლის წილის ქვემოთ არის განლაგებული. ყნოსვის რეცეპტორების აქსონები ორგანიზებული ყნოსვის სისტემაა, სადაც ზედა სასუნთქი გზების საშუალებით სუნ[ებ]ის შესახებ შესული ინფორმაცია გადამუშავდება. როდესაც ვირუსი ბოლქვში ვრცელდება, ინფორმაციის ინტერპრეტირების ხარისხი ეცემა და ადამიანი სუნისა და გემოს სიმახვილის დაცემას უჩივის. გამოსახულება © ენციკლოპედია ბრიტანიკა
ანოსმიის, ანუ ყნოსვის დაკარგვის თაობაზე არსებული ცნობების მიუხედავად, ჩვენთვის ცნობილ, მხოლოდ ერთ კვლევაში არის გაანალიზებული COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ყნოსვის და გემოს დაკარგვის შემთხვევები. ამ კვლევის მიხედვით, ყნოსვისა და გემოს დაკარგვა, საერთო ჯამში, პაციენტების 34%-ში გამოვლინდა, თუმცა, არ არსებობს ზუსტი მონაცემები, თუ რა დროს ვლინდება ის ვირუსის სხვა სიმპტომებთან მიმართებაში.
ეს კვლევა აფასებს ყნოსვის და გემოს გრძნობის დაკარგვის სიხშირეს, ინტენსივობას და გამოვლენის დროს COVID-19 ით ინფიცირებულებში.
მეთოდები
კვლევა დამტკიცდა ტრევიზოსა და ბელუნოს პროვინციების ეთიკის კომიტეტის მიერ. სატელეფონო ინტერვიუებისთვის სიტყვიერი თანხმობა მივიღეთ. Საკვლევად, 2020 წლის 19-22 მარტის პერიოდში, ტრევიზოს რეგიონალურ ჰოსპიტალში, ზრდასრული ადამიანების მდგომარეობა თანმიმდევრულად შეფასდა. კვლევაში მონაწილეობის მისაღებად ის პაციენტები შეირჩნენ, რომლებსაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, აღებულ ცხვირის და ყელის ნაცხებში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის, PCR მეთოდით ჩატარებული ანალიზით COVID-19-ის რიბონუკლეინის მჟავის [RNA] არსებობა დაუდასტურდათ. ვირუსის სახლის პირობებში მართვის გამო, ამ პაციენტებს მსუბუქი სიმპტომებიც უნდა ჰქონოდათ.
პაციენტებს ნაცხის აღებიდან 5-6 დღეში დავუკავშირდით - შევაგროვეთ დემოგრაფიული მონაცემები და მწვავე რესპირატორული ტრაქტის ინფექციის კითხვარი შევავსებინეთ [სიმპტომების მაჩვენებლები შემდეგნაირად შეფასდა - არანაირი სიმპტომი უდრიდა 0-ს. მცირედი -1-ს და ძლიერი 2-ს]. სატელეფონო ინტერვიუს დროს ვკითხეთ - ნაცხის აღებამდე 2 კვირით ადრე სუნი ან გემო უეცრად თუ დაკარგეს. ნაცხის აღება ხდებოდა სინონაზალური ტესტი 22-ით [SNOT22].
SNOT22 ტესტი სიმპტომების სიმწვავეს შემდეგნაირად აფასებს - არარსებული - 0, ძალიან მსუბუქი - 1, მსუბუქი ან სულ მცირე - 2, საშუალო - 3, მწვავე - 4 ან უკიდურესად მწვავე - 5. სიმპტომების გავრცელება პაციენტების საერთო რაოდენობის პროცენტულობაზე გადანაწილდა.
კლოპერ-პირსონის მეთოდით, კვლევის ნდობის ინტერვალის 95% გამოვთვალეთ. სიმპტომების გავრცელების კოეფიციენტი შევადარეთ ფიშერის სიზუსტის ტესტით. P-ს მნიშვნელობა <.05 [ორმხრივი] მივიჩნიეთ სტატისტიკურად მნიშვნელოვნად. სტატისტიკური ანალიზი R 3.6 ვერსიის გამოყენებით ჩავატარეთ.
შედეგები
347 პაციენტიდან, ინფორმაციის კვალიფიციურად შეგროვება შესაძლებელი გახდა მხოლოდ 283 შემთხვევაში. აქედან, 202-მა შეავსო სატელეფონო კითხვარი. პაციენტების საშუალო ასაკი 56 წელია [20-89 წლის პაციენტებიდან], სქესი - მდედრობითი [52%]. სუნის და გემოს ცვლილებაზე 130-მა პაციენტმა მიუთითა SNOT-22-ის შკალის საშუალო ქულით 4, ანუ მის მწვავე გამოხატულებაზე. პაციენტების 23.8%-მა მიუთითა SNOT-22 ის შკალის 5 ქულაზე - უკიდურესად მწვავე გამოხატულებაზე.
იმ 130 პაციენტიდან, რომელთაც შეცვლილ სუნსა და გემოზე მიუთითეს, 46%-მა ცხვირის გაჭედვაზეც/დაბლოკვაზეც მიუთითა. სხვა, ხშირად გამოხატული სიმპტომები იყო - დაღლილობის შეგრძნება [68.3%], მშრალი ხველა [60.4%], და სიცხე [55.5%]. ყველა პაციენტის შედეგით, სუნის და გემოს ცვლილება სხვა სიმპტომების გამოვლენამდე დაფიქსირდა 24 პაციენტში [11.9%]. სხვა სიმპტომებთან ერთად 46 [22.8%] შემთხვევაში და სხვა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ 54 პაციენტში [26.7%].
სუნის და გემოს ცვლილება, როგორც ერთადერთი სიმპტომი, დაფიქსირდა 6 [3.0%] პაციენტში. სუნის და გემოს ცვლილება უფრო ხშირად გამოიხატებოდა ქალებში - 105 შემთხვევა, ვიდრე კაცებში - 97 შემთხვევა.
დისკუსიისთვის
სუნის და გემოს ცვლილება ხშირად ფიქსირდებოდა SARS-CoV-2 ით ინფიცირებულ, მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებში და ხშირად იყო პირველი გამოხატული სიმპტომი.
შედეგების ინტერპრეტაცია სიფრთხილით უნდა მოხდეს და უნდა გავითვალისწინოთ კვლევის მცირე ზომა - ინფორმაციას პაციენტები საკუთარ თავზე დაკვირვებით იძლეოდნენ და ვეყრდნობოდით ჯვარედინი შესწავლით დიზაინის კვლევას, კვლევაში მონაწილეთა რაოდენობა იყო შედარებით მცირე და გეოგრაფიული თვალსაზრისით შეზღუდული.
უფრო მწვავე პაციენტებს მონაწილეობა არ მიუღიათ და მონაცემები არ იყო ხელმისაწვდომი დაავადების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ SNOT-22-ის ტესტის კითხვარი ყნოსვითი ფუნქციის ობიექტურობის გამოსავლენი ტესტირებაა, პაციენტებისთვის, შესაძლოა, რთული იყო ყნოსვითი ფუნქციის ზუსტად და ობიექტურად შეფასება; ობიექტური ტესტები მომდევნო კვლევებში უნდა გამოიყენონ.
ეს შედეგები თუ უფრო ფართომასშტაბიანი კვლევით გამყარდა, ადამიანებში სუნის და გემოს ცვლილება პანდემიის დროს ტესტირების ჩატარების და მათი თვითიზოლაციის საჭიროების მანიშნებლად უნდა იქცეს.
ტესტ SNOT-22-ის განმარტება
სინო-ნაზალური ტესტი 22-ს [SNOT-22] დროს გასაზომი სიმპტომები, რომლებიც 5 შკალით ფასდება:
-
ცხვირის ხშირად მოხოცვის საჭიროება
-
გაჭედილი ნესტოები
-
ცემინება
-
სველი ცხვირი
-
ხველა
-
გამონადენი ცხვირიდან
-
სქელი გამონადენი ცხვირიდან
-
ყურის დახშულობის შეგრძნება
-
თავბრუსხვევა
-
ყურის ტკივილი
-
სახის ტკივილი
-
გემოს/სუნის დაკარგვა
-
ჩაძინების გაძნელება
-
ღამით გაღვიძება
-
დაბალი ხარისხის ძილი
-
დაღლილობა დილით გაღვიძების დროს
-
მოთენთილობა
-
დაბალი პროდუქტიულობა
-
კონცენტრირების უნარის გაუარესება
-
გაღიზიანება/მოუსვენრობა
-
სევდიანობა
-
უკმაყოფილების შეგრძნება
მასალა თარგმნა თაკო ფარადაშვილმა. თაკო კომუნიკაციის მენეჯერია ჰოლანდიურ სამედიცინო პროფილის კომპანიაში Bambi Medical. მანამდე, მუშაობდა ჟურნალისტად საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში, ჟურნალ „ლიბერალში“ და media.ge-ში. პერიოდულად თარგმნიდა ამერიკულ გაზეთ The New York Times-ის სტატიებს გაზეთ „24-საათისთვის.“ თაკოს ფლობს ორ სამაგისტრო ხარისხს მედიისა და კომუნიკაციების მენეჯმენტის და მედიისა და ხელოვნების კვლევის პროგრამებში. "ლინკდინის" პროფილი - Tamar Pharadashvili