მეცნიერება

COVID-19 - “გილეადის” კვლევა რემდესივირზე დასრულდა




დღეს ამერიკულმა კომპანია “გილეადმა” მედიკამენტ რემდესივირის ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტურობაზე მიმდინარე რამდენიმე კვლევიდან ერთ-ერთის მესამე ფაზის ძირითადი შედეგები და სტატისტიკა გამოაქვეყნა. 

რემდესივირმა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საკმაოდ მნიშვნელოვანი ეფექტურობა გამოავლინა. 

კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 5-დღიან კვლევაში მონაწილე 200 პაციენტიდან 129 [65%] კლინიკურად გამოჯანმრთელდა, ხოლო 10-დღიან კვლევაში მონაწილე 197 პაციენტიდან  - 106 [54%]. 

ორ ჯგუფად დაყოფილ ამ კვლევაში სულ 397 COVID-19 დადებითი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ერთი ჯგუფი რემდესივირს 5 დღის განმავლობაში იღებდა, ხოლო მეორე - 10 დღის განმავლობაში. ამ მეთოდის მიზანი იყო იმის გაგება, 5 დღე არის თუ არა ოპტიმალური ამ მედიკამენტის მისაცემად და დადებითი შედეგის მისაღებად.

სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად, პაციენტები პირველ დღეს 200 მილიგრამ რემდესივირს იღებდნენ, შემდეგ დღეებში - 100 მილიგრამს, ინტრავენურად.

5-დღიანი ჯგუფის პაციენტები მე-10 დღეს გამოჯანმრთელდნენ, ხოლო 10-დღიანი სამკურნალო ჯგუფის პაციენტები - მე-11 დღეს.

მედიკამენტს მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები არ ჰქონია. პაციენტების 10%-ზე ოდნავ მეტს აღენიშნებოდა გულისრევა და სუნთქვის უკმარისობა. პაციენტების ნახევარზე მეტი, ვინც ამ კვლევაში იღებდა მონაწილეობას, კლინიკიდან სახლში გაწერეს.  37 პაციენტი გარდაიცვალა. 

კვლევის ზოგადი სტატისტიკა, "გილეადი"

“ეს კვლევა გარკვეული შემავსებელია იმ პლაცებო-კონტროლირებადი კვლევისა, რომელსაც ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტი [National Institute for Allergy and Infectious Diseases] ატარებს და რომელიც მიზნად ისახავდა რემდესივირით მკურნალობისთვის საჭირო და ოპტიმალური დღეების რაოდენობის გამოთვლას. ამ კვლევამ გვიჩვენა, რომ ხუთდღიანი მკურნალობის რეჟიმი ეფექტურია ზოგი პაციენტისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტ პაციენტს მივცეთ რემდესივირი, მისი ახლანდელი მარაგებიდან გამომდინარე. ეს [დღეებისა და საჭირო წამლების რაოდენობა] განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის დროს, რომ ჰოსპიტლებსა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს დავეხმაროთ, პაციენტებისთვის ეფექტური სამკურნალო საშუალება ჰქონდეთ,” - ამბობს მერდად პერსი, “გილეადის” უფროსი სამედიცინო ოფიცერი. მისი სიტყვებიც კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

რემდესივირი ჯერ-ჯერობით არ არის ბაზარზე დაშვებული არც ერთ კონტინენტზე. რემდესივირი ებოლას სამკურნალოდ 2015 წელს შეიქმნა, თუმცა, ეფექტური არ აღმოჩნდა. ამერიკის წამლისა და საკვების პროდუქტების ადმინისტრაციას რემდესივირი დაშვებული არც შტატებში აქვს. ამ წამლის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ძიება აქამე მხოლოდ კვლევების ფარგლებში მიმდინარეობს.

ახლახან ეს კვლევა გაგრძელდა და დამატებით 5,600 პაციენტს მიიღებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც მექანიკურ ვენტილაციაზე არიან.

კვლევა 180 ცენტრში მიმდინარეობს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებში, ჩინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰონგ კონგში, იტალიაში, იაპონიაში, კორეაში, ნიდერლანდებში, სინგაპურში, ესპანეთში, შვედეთში, შვეიცარიაში, ტაივანსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში.

შესაბამისი კომენტარებისა და რედაქტირების შემდეგ, “გილეადი” ამ კვლევის შედეგებს რომელიმე peer-review სამედიცინო ჟურნალში გამოაქვეყნებს. 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>