მეცნიერება

რამდენი ხანი რჩება ახალი კორონავირუსის იმუნოგლობულინი G პაციენტის სისხლში?




♦ კვლევა Clinical and immunological assessment of asymptomatic SARS-CoV-2 infections ჩინელი მეცნიერების ავტორობით გუშინ გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Medicine-ში 

ჩინელმა მეცნიერებმა 37 სიმპტომების არმქონე პაციენტი შეისწავლეს, რომლებსაც SARS-CoV-2 ინფექცია ლაბორატორიულად დაუდასტურდათ. პაციენტებს სიმპტომები არ ჰქონდათ 14 დღის განმავლობაში და არც მაშინ, როდესაც სახელმწიფო სტანდარდების დაცვით, კლინიკაში გადაიყვანეს. 

ასიმპტომურ პაციენტებში ვირუსი აქტიური მედიანურად 19 დღის განმავლობაში იყო.  სიმპტომების არმქონე პაციენტებში ვირუსი ბევრად დიდი ხნის განმავლობაში იყო აქტიური, ვიდრე სიმპტომების მქონე პაციენტებში. 

ყველაზე მწვავე ფაზაში ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი იმუნოგლობულინი G/IgG-ს რაოდენობა ასიმპტომურ პაციენტებში მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე სიმპტომების მქონე პაციენტებში. 

იმუნოგლობულინი M ორგანიზმში ვირუსის აღების ადრეულ ეტაპზე არ ჩნდება; იმუნოგლობულინი G - შედარებით გვიან. 

ყველა უსიმპტომო პაციენტში იმუნოგლობულინ G-ს რაოდენობა უფრო სწრაფად დაეცა, ვიდრე სიმპტომების მქონე პაციენტებში. ამასთან ერთად, უსიმპტომო პაციენტებს ანთების წამახალისებელი და საწინააღმდეგო 18 სხვადასხვა სახის ციტოკინის რაოდენობა  უფრო დაბალი ჰქონდათ, ვიდრე სიმპტომების მქონეებს.

მკურნალობის დასრულების შემდეგ, ექიმებმა 37 ასიმპტომური და 37 სიმპტომების მქონე პაციენტის დაკვირვება გააგრძელეს და კლინიკიდან გაწერიდან მერვე კვირას ანტისხეულების კონცენტრაცია გაუზომეს. იმუნოგლობულინ G-ს კონცენტრაცია სიმპტომების მქონე პაციენტებში ბევრად მაღალი იყო, ვიდრე სიმპტომების არმქონე პაციენტებში.

საინტერესოა, რომ იმუნოგლობულინ G-ს რაოდენობამ ასიმპტომური [93.3%] და სიმპტომების მქონე პაციენტებში [96.8%] გამოჯანმრთელების ადრეული ეტაპიდანვე დაიწყო კლება.

ავტორების განცხადებით, ეს მონაცემები ადასტურებს, რომ შემოწმებული პაციენტებიდან, სიმპტომების არმქონეებს უფრო სუსტი იმუნიტეტი ჰქონდათ, ვიდრე სიმპტომების მქონეებს. 

შესაბამისად, მეცნიერების აზრით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელები ფრთხილად უნდა მოეკიდონ "იმუნურ პასპორტსა" და სხვა მსგავ იდეებს, რომელიც ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავების ხანგრძლივობასთან პირდაპირ კავშირშია.  

 

ტერმინების განმარტება

ციტოკინი ცილაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის იმუნური და არაიმუნური უჯრედებისგან შედგება და გავლენას ახდენს იმუნიტეტზე.  ზოგ ციტოკინს იმუნიტეტის გაძლიერება შეუძლია, ზოგი კი - პირიქით, ანელებს მას. ციტოკინებს ლაბორატორიებშიც ამზადებენ და სიმსივნეებთან, ინფექციებთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლისთვის იყენებენ. ხელოვნური ციტოკინების მაგალითებია: ინტერფერონი, ფილგრასტიმი, სარგამოსტიმი და ასე შემდეგ. 

Cytokine storm / ციტოკინური შტორმი, იგივე ჰიპერციტოკინემია - მწვავე იმუნური რეაქცია, რომლის დროსაც ორგანიზმი დიდი რაოდენობით და სწრაფად გამოყოფს ციტოკინებს სისხლში. ციტოკინები ორგანიზმის იმუნური პასუხის დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, თუმცა, ერთბაშად მათი გამოყოფა დამაზიანებელია. ციტოკინები ინფექციის დროს, ავტოიმუნური მდგომარეობის და სხვა დაავადებების შემთხვევაში გამოიყოფა. ეს მოვლენა, შესაძლოა, გარკვეული ტიპის იმუნოთერაპიის დროსაც მოხდეს. სიმპტომებია: ცხელება, წითელი გამონაყარი, ძლიერი დაღლილობის შეგრძნება და გულისრევა. ზოგჯერ, ციტოკინების მოზღვავებამ, შესაძლოა, სასიცოცხლოდ საშიში მოვლენები გამოიწვიოს და ზოგი ორგანოს უკმარისობა გამოიწვიოს. 

 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>