მეცნიერება

ახალი მედიკამენტი HIV-ს წინააღმდეგ




 წყარო ⇒  F.D.A. Approves New HIV Treatment for Patients With Limited Treatment Options

2 ივლისს ამერიკის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ აივ/HIV ინფექციის წინააღმდეგ ახალი პრეპარატი Rukobia [fostemsavir] დაამტკიცა. 

ეს მედიკამენტი ისეთი პაციენტებისთვისაა, რომლებსაც აივ ინფექციის მკურნალობის დროს სხვა საშუალებების მიმართ მდგრადობა განუვითარდათ, ვერ იტანენ მათ ან სხვა პრობლემები აქვთ მკურნალობის აქამდე არსებულ საშუალებებთან.

რუკობია ორალურად/ტაბლეტების სახით მიიღება დღეში ორჯერ.

კლინიკურ კვლევაში, სადაც რუკობიას ეფექტურობა შემოწმდა, 371 პაციენტი იღებდა მონაწილეობას. მიუხედავად სხვა ანტივირუსული საშუალებებით მკურნალობისა, ამ პაციენტებს სისხლში მაინც მაღალი ჰქონდათ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის რაოდენობა. 

კლინიკური კოჰორტიდან 272 პაციენტი ტრადიციულ მკურნალობას გადიოდა, ხოლო 99 მათგანი რუკობიას იღებდა. პაციენტების უმრავლესობას [71 პროცენტი] 15 წლის განმავლობაში მკურნალობის ისტორია ჰქონდათ და ამ კლინიკურ კვლევაში მონაწილეობის მიღებამდე, მკურნალობის 5 ან მეტი სხვადასხვა სახის რეჟიმი ჰქონდათ გავლილი.   

მონაწილეების ერთი ნაწილი იღებდა რუკობიას, ხოლო მეორე ნაწილი - პლაცებოს დღეში ორჯერ + დამატებით მკურნალობის ტრადიციულ რეჟიმს.

მკურნალობიდან მერვე დღეს, რუკობიას ჯგუფს სისხლში ბევრად შეუმცირდა ვირუსების რაოდენობა პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. 

მერვე დღის შემდეგ, კლინიკურ ცდაში მონაწილე ყველა პაციენტს მისცეს რუკობია და ტრადიციული ანტირეტროვირუსული მედიკამენტები კომბინაციაში. რუკობიასა და სხვა ანტივირუსული მედიკამენტების კომბინაციით მკურნალობიდან 24-ე კვირის შემდეგ მონაწილეების 53 პროცენტს ვირუსის რაოდენობა შეუმცირდა: მათ სისხლში ვირუსების დონე უკვე ვერ ისინჯებოდა.  

96-ე კვირის შემდეგ, პაციენტების 60 პროცენტს ისევ და ისევ უმცირდებოდა ვირუსების რაოდენობა სისხლში.

 

გვერდითი მოვლენები

რუკობიას მთავარი გვერდითი მოვლენა იყო გულისრევა.  სხვა გვერდით მოვლენებს შორის იყო ღვიძლის ფერმენტების კონცენტრაციის მომატება მათში, ვისაც ასევე ჰქონდა B და C ჰეპატიტების ვირუსები, და იმუნური სისტემის ცვლილებები [იმუნიტეტის რეკონსტიტუციის სინდრომი]. 

 

მედიკამენტის მუშაობის მექანიზმი 

Fostemsavir, ბრენდდასახელებით Rukobia, HIV-ის მედიკამენტების ე.წ. გლიკოპროტეინ GP120 ბლოკატორების ჯგუფს მიეკუთვნება. ეს მედიკამენტები ადამიანის იმუნოდეფიციტის გამომწვევი ვირუსის/HIV ზედაპირზე არსებულ  GP120 ცილას ებმიან, ბლოკავენ ვირუსს, რის შემდეგაც ის ადამიანის იმუნურ უჯრედებში ვერ აღწევს და ვერ აინფიცირებს მას.

 

გლიკოცილა/Glycoprotein 120

HIV გარედან გლიკოცილა 120-ით არის დაფარული. GP120 ორგანიზმის იმუნიტეტის წინააღმდეგ ამ ვირუსის მუშაობის მთავარი მექანიზმია.  მეცნიერები უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებას აგროვებენ იმაზეც, რომ სწორედ ეს ცილა აძლიერებს ვირუსს, განაპირობებს მის მდგრადობას და სიცოცხლისუნარიანობას და ადამიანის იმუნიტეტის T უჯრედებზე თავდასხმაზე უკურეაქციის შესუსტებას.   

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>