მეცნიერება

ჰაერის კონდიცირების როლი ახალი კორონავირუსის გავრცელებაში




შენობების შიგნით ჰაერის გაგრილება, შესაძლოა, ახალი კორონავირუსის ოთახში გავრცელების რისკს ზრდიდეს. ეს განსაკუთრებით რისკიანია იმ შემთხვევაში, თუ ოთახის კარი დაკეტილია და ჰაერი არ ნიავდება. 

კონდიციონერს პატარა ვენტილატორების სისტემა აქვს ჩამონტაჟებული, რომელიც ჰაერს მუდმივად ატრიალებს და აშრობს. ასეთ დროს ჰაერის გარკვეულ მონაკვეთში ვირუსის ნაწილაკების მოგროვების, ჰაერში დაყოვნების და გავრცელების რისკი არსებობს. გარდა ამისა, კონდიციონერი ჰაერს სინესტეს აცლის, რაც ზოგი ვირუსისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის; ამ მოვლენების ერთიანობა კი ჰაერში ვირუსის გავრცელების რისკებს ზრდის. 

 

მეტი მტკიცებულება იმაზე, რომ ახალი კორონავირუსი ჰაერწვეთოვანია

მეტი სამეცნიერო მტკიცებულებები გროვდება იმაზე, რომ ახალ კორონავირუსს, შესაძლოა, უფრო მსუბუქი მასა ჰქონდეს, ვიდრე აქამდე ეგონათ და რომ ის, შესაძლოა, ჰაერშიც ცირკულირებდეს და არა მხოლოდ მყარ ზედაპირებზე. 

სტატიით, რომელიც 6 ივლისს ჟურნალ Clinical Infectios Diseases-ში გამოქვეყნდა, 239-მა მეცნიერმა ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, მიმართა, რომ საჭიროა მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია, რომ ახალი კორონავირუსი ჰაერწვეთოვანია. 

"გვინდა, უფრო ნათლად ვისაუბროთ ამაზე და მსოფლიოსაც მუდმივად ვუმეოროთ," - ამბობს შელი მილერი, კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორი. მილერი ერთ-ერთი იყო მეცნიერთაგან, რომლებმაც მიმართვა გამოაქვეყნეს. - "ეს ვირუსი ჰაერწვეთოვანიც არის და ის შეიძლება ჰაერიდან ჩაისუნთქოთ."

მილერის თქმით, შენობაში დაინფიცირების რისკების შესამცირებლად საჭიროა შენობების კარებისა და ფანჯრების ხშირად გაღება და ჰაერის განიავება. 

 

ჰაერის კონდიცირების როლი

აქამდე მცირე რაოდენობისა და მასშტაბების კვლევები არსებობს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ახალი კორონავირუსი, შესაძლოა, ჰაერწვეთოვანი იყო და ადამიანს ჰაერიდან გადაედოს.  

ივლისში ჩინელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც ერთ რესტორანში ახალი კორონავირუსის შესაძლო გადაცემას ეხებოდა. ამ კვლევის მიხედვით, 10 ადამიანი, რომლებმაც რესტორანში ერთად ივახშმეს, ავად გახდა. ისინი ერთმანეთისგან დაახლოებით 1 მეტრის მოშორებით ისხდნენ; შესაბამისად, მეცნიერები თვლიან, რომ მათ ვირუსი გადაედოთ არა წვეთებით, არამედ ჰაერის მძლავრი ნაკადის მოძრაობით, რომელსაც ჰაერის კონდიცირება ქმნიდა და რომელიც, სავარაუდოდ, ერთი სიმპტომების არმქონე ადამიანიდან მოდიოდა, რომელმაც სამი ოჯახი დააინფიცირა ახალი კორონავირუსით. 

მსგავსი კვლევა ნებრასკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრმაც ჩაატარა. მედიკოსებმა პაციენტებიდან დაახლოებით 2 მეტრის მოშორებით შეგროვებული ჰაერის სინჯებში ახალი კორონავირუსის გენეტიკური მასალა იპოვეს

ვან დენ უაიმელენბერგი ამბობს, რომ ისინი ვერ ამტკიცებენ, რომ ვირუსის იმ ნარჩენებს, რაც მათ ჰაერში, პაციენტებისგან მოშორებით, აღმოაჩინეს, ვინმეს დაინფიცირება შეუძლია. ვირუსის სიცოცხლისუნარიანობის გასაგებად, შესაძლოა, ისინი ხელოვნურად, სინჯარაში გაემრავლებინათ და ენახათ, აქვთ თუ არა მათ ადამიანის ორგანიზმში შეღწევის და იქ გამრავლების უნარი. ასეთი კვლევები ძვირადღირებულია და ისინი საჭიროებენ ისეთ ლაბორატორიებს, რომლებსაც ბიოუსაფრთხოების მესამე დონის დაცვა აქვთ. 

თუმცა, ის ამბობს, რომ ვირუსის გენეტიკური მასალა ლაგდება კლინიკის ჰაერის გამწმენდ საშუალებებზე, მათზეც კი, რომლებსაც კარგი ფილტრები აქვთ. უაიმელენბერგი ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა ჰაერის კონდიცირება უნდა განიხილონ, როგორც ვირუსის გავრცელებისა და გადაცემის ერთ-ერთი რისკი.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>