მეცნიერება

როდის იწყება და რამდენი ხანი გრძელდება Rigor mortis ანუ კუნთების გაშეშება?




მას შემდეგ, რაც ადამიანის გული ცემას შეწყვეტს, სხეულში მაშინვე იწყება გაციების პროცესი. ამ ფაზას Algor mortis-ს ეძახიან.  ამ პროცესის ფარგლებში ყოველ საათში, ადამიანის სხეულის ტემპერატურია დაახლოებით 1 გრადუსი ცელსიუსით ეცემა მანამ, სანამ ის იმ გარემოს ტემპერატურას არ გაუთანაბრდება, სადაც ის იმყოფება. სისხლი კი, რომელსაც სიცოცხლეში სხეულში გული ანაწილებდა, უკვე ერთ ადგილას იწყებს შეგროვებას და დაგუბებას. კუნთები შეშდება, დგება ე.წ. Rigor mortis, რომელიც გარდაცვალებიდან დაახლოებით 2-6 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და პიკს 12 საათის შემდეგ აღწევს. 

სიკვდილის შემდეგ, ორგანიზმში არსებული ბაქტერიები და ფერმენტები მასპინძელი ორგანიზმის დაშლას იწყებენ. კუჭქვეშა ჯირკვალი, იგივე პანკრეასი, სავსეა ასეთი ბაქტერიებით, რომლებსაც ისინი სიცოცლის დროს თვითონ ინელებს. ეს ბაქტერიები და ფერმენტები სხვადასხვა ორგანოში აღწევენ. 

სხეულის ფერი იცვლება: ჯერ მწვანდება, შემდეგ მეწამული ხდება, ბოლოს კი შავდება.  ფერის ცვლილების გარდა, გვამს სუნიც ასდის, რომელიც ორგანიზმში სწორედ ამ ბაქტერიების მუშაობის შედეგად წარმოქმნილ გაზებს უკავშირდება. გარდა სუნის წარმოქმნისა, გაზები სხეულს ასიებენ: თვალები თითქოს ბუდიდან ცვივა, ენა ზომაში იმატებს და გარეთ გამოიშვირება. ისტორიაში აღწერილია იშვიათი შემთხვევები, როდესაც დაგროვილი გაზების შედეგად წარმოქმნილმა წნევამ გარდაცვლილი ორსული ქალის ორგანიზმიდან ნაყოფი გამოდევნა. ამ მოვლენას სამარეში/კუბოში გარდაცვალებას/coffin death ეძახიან. 

 

ორგანიზმის დაშლის ეტაპები

ტენესის უნივერსიტეტის ადამიანის გვამის ექსპერტიზის ანთროპოლოგიის კურსის ასოცირებული პროფესორის, დოქტორ არპად ვასის, ინფორმაციით, ადამიანის ორგანიზმის დეკომპოზიციის პროცესი გარდაცვალებიდან ოთხ წუთში იწყება და ოთხ ძირითად ეტაპს გადის: აუტოლიზი, სხეულის დასიება, აქტიური ლპობა და სკელეტონიზაცია, იგივე ჩონჩხად ქცევა. 

 

პირველი ეტაპი: აუტოლიზი

ეს პროცესი გულისცემის შეჩერებიდან იწყება.  მას შემდეგ, რაც ადამიანის ორგანიზმში სისხლის ცირკულაცია და სუნთქვა წყდება, ორგანიზმი ვერ იღებს ჟანგბადს, ვერ გადაამუშავებს და ვერ გამოყოფს ცხოველქმედების ნარჩენებს. ორგანიზმში ნახშირორჟანგის მოჭარბება მჟავე გარემოს ქმნის, რის გამოც ორგანოები დაშლას იწყებენ. მემბრანები ფერმენტებს გამოყოფენ, რომლებიც თავის მხრივ, უჯრედების დაზიანების იწყებენ. ამ დროს იწყება ე.წ. Rigor mortis - კუნთების გაშეშება. 

 

მეორე ეტაპი: სხეულის გასიება

გამოჟონილი ფერმენტები პირველ ეტაპზე გაზების წარმოქნას იწვევენ. გოგირდის შემცველი ნივთიერებები, რასაც ბაქტერიები გამოყოფენ, კანის ფერის ცვლილებას იწვევს. გაზების დაგროვების გამო, ადამიანის სხეულის მასა შეიძლება ორჯერ გაიზარდოს. მიკროორგანიზმები და ბაქტერიები განსაკუთრებით ცუდ სუნს გამოყოფენ, რასაც თან ახლავს ხრწნა. ასეთი სუნი გარემოში იმის ნიშანია, რომ სადღაც გარდაცვლილის გვამია და მისი მოცილებიდან შესაძლოა, კიდევ რაღაც პერიოდი დარჩეს გარემოში. 

 

მესამე ეტაპი: აქტიური ლპობა

ორგანიზმის ღია არხებიდან [პირი, ცხვირი, სწორი ნაწლავის დაბოლოება] სითხეების დენა ლპობის აქტიური პროცესის დაწყებას ნიშნავს. ორგანოები, კუნთები და კანი გაწყლიანებას იწყებენ. როცა ორგანიზმის რბილი ქსოვილები დაიშლება, თმა, ძვლები, ხრტილოვანი ქსოვილი და მსგავსი ნაწილები რჩება. გვამი ძირითად მასასა და მოცულობას სწორედ წყლისგან დაცლის დროს კარგავს.

 

მეოთხე ეტაპი: სკელეტონიზაცია

ზუსტი დრო იმასთან დაკავშირებით, თუ როდის აღწევს ცალკეული სხეული ჩონჩხად ქცევის ეტაპს, არ არსებობს. ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ორგანული [კოლაგენები] და არაორგანული შემადგენლების კარგვის სიჩქარეზე.    

 

როცა გარდაცვლილი სხეული წყალშია

სხეულის დაშლის პროცესი წყალში უფრო ნელა მიმდინარეობს, ვინაიდან წყალში შედარებით ყოველთვის უფრო გრილა [თუ ახლოს არაა გეიზერები და სხვა მსგავსი ბუნებრივად ცხელი წყლები], ვიდრე იგივე მშრალ გარემოში. ხრწნა უფრო ნელა მიმდინარეობს მლაშე წყალში, ვიდრე მტკნარ წყალში.

წყლიდან ამოყვანიდან მალევე, ორგანიზმის ლპობის პროცესი დაჩქარებულად გრძელდება.  სწორედ ამავე მიზეზით, ექსპერტები ამბობენ, რომ გვამის შემოწმება წყლიდან ამოტანიდან შეძლებისდაგვარად მალე უნდა დაიწყოს, მისი გადადება რეკომენდებული არ არის.

სხეულის სიკვდილის შემდგომ ცვლილებებზე მოქმედებს არა მხოლოდ წყლის ტემპერატურა, არამედ წყლის დინების სიჩქარე და სხვადასხვა წინაღობები, რაც გვამს წყალში ყოფნის დროს შეიძლება შეხვდეს [კლდე, დიდი ქვები, ხეები და ა.შ.]. 

გვამი წყალში, ძირითადად, გადაბრუნებულია: ზურგით ზედაპირისკენ არის, ხოლო პირი წყლისკენ აქვს მიბრუნებული. ამას “ტივტივის პოზიციასაც” ეძახიან. წყლის ზედაპირზე სხეული ტივტივს სწორედ მასში დაგროვებული გაზები იწვევს. 

                                   

                                გვამის წყალში  ტივტივის სტანდარტული პოზიცია

                                 

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გარეგანი ცვლილება, რაც წყალში ყოფნის დროს ჩნდება, არის დანაოჭებული კანი ხელებსა და ტერფებზე, რომელსაც “მრეცხავის ხელს” ეძახიან. 

                   

ე.წ. “მრეცხავი ქალის ხელი/washerwoman's hands”, რომელიც გვამის წყალში ყოფნის დროს ჩნდება

მეორე ცნობილი ცვლილება არის კანის თმის ძირებზე პატარა ამობურცულები ადგილების გაჩენა, როცა თმა ვერტიკალურად დგება -  ამ მოვლენას პატარა კუნთები იწვევენ, სახელად erector pilli. ასეთ დროს ორგანიზმი სითბოს გამომუშავებას ცდილობს, რადგან მასში ტემპერატურა დაცემულია. ქართულად ამ მოვლენას ასე მოიხსენიებენ - “მბურძგლავს,” რომელიც ჩნდება არა მხოლოდ სიცივის დროს, არამედ სხვადასხვა ნერვული გაღიზიანების შედეგად. 

მრეცხავი ქალის ნაოჭები კანზე გვამის წყალში დაყოვნებიდან ათ საათში ჩნდება და გრძელდება დაახლოებით ათ დღემდე, რის შემდეგაც კანი აქერცვლას იწყებს [Simpson and Knight 1985].  ამავე მეცნიერების [სიმპსონი და ნაითი] თქმით, ეს ის პერიოდია, როცა თმებიც იწყებს ცვენას.  ერთი თვის პერიოდში, ფრჩხილებიც იწყებს მორყევას. ეს მეცნიერები ასევე ასახელებენ მაღალ ტემპერატურას, როგორც ამ მოვლენების დამაჩქარებელ მნიშვნელოვან პირობას: მათი თქმით, ზაფხულის პერიოდში ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენების ზემოთ ნახსენები დრო შეიძლება ორჯერ შემცირდეს.

როდრიგესის [Rodriguez 1997] თქმით, წყალში მოხვედრისთანავე, სხეული ჩაძირვას იწყებს, ვინაიდან ფილტვები აირებისგან იცლება. მას შემდეგ, რაც სხეული ფსკერს მიაღწევს, მისი დაშლის პროცესი იწყება. სხეულის დეკომპოზიციის დროს ნაწლავებში გაზები და ბაქტებიები გროვდება, რის გამოც სხეული ისევ მაღლა იწყებს აწევას. ეს პროცესიც წყლის ტემპერატურაზეცაა დამოკიდებული: თუ წყალი თბილია, პროცესებიც უფრო სწრაფად მიმდინარეობს.  მოვლენების განვითარება წყლის მარილიანობაზეცაა დამოკიდებული: მარილიანი წყალი სხეულის დეკომპოზიციას ანელებს, ხოლო ბაქტერიები აჩქარებს მას. ბოლოს, სხეული წყლის ზედაპისკენ მიდის და ტივტივა მდგომარეობაში რჩება, რა დროსაც მტაცებელი ან/და საკვების მაძიებელი ცხოველ[ებ]ი შეიძლება მიიზიდოს.  სპეციალისტების თქმით, გვამის გარდაცვალების მიზეზის გამოძიების პროცესში, სხეულზე არსებული ტრავმებისა და ჭრილობების წარმოშობის ინტერპრეტაციის დროს, ეს ფაქტიც გასათვალისწინებელია.

 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების დროისა და ტრავმების ინტერპრეტაცია 

გამოძიების ვერსიით, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გარდაიცვალა; ხოლო წამების მსხვერპლთა ცენტრ “ემპათიის” ექსპერტის, გალინა კარმოშინას, თქმით, გვამი პოვნიდან [22 ივნისი] მაქსიმუმ, 48 საათის, ანუ ორი დღის, პერიოდშია გარდაცვლილი, ანუ არა 19 ივნისს, არამედ 20 ივნისს.

19 ივლისს, “მთავარი არხის” გადაცემაში “მთავარი აქცენტები ნიკა გვარამიასთან ერთად”, მარიამ ჯიშკარიანმა და გალინა კარმოშინამ აღნიშნეს, რომ გვამი წყალში ორჯერ მოხვდა. პირველად მოხვედრის შემდეგ ის სავარაუდოდ, ამოიყვანეს და მყარ საგანზე დააწვინეს, ჯერ ზურგზე და შემდეგ - მუცელზე, რაც მას გულ-მკერდის არეში და ზურგზე ეტყობოდა; ამის შემდეგ გვამი, გარკვეული პერიოდი, მშრალ ადგილას იყო; გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ მოხვდა წყალში და იქ იყო იქამდე, ვიდრე მაშველებმა არ იპოვეს, არაუმეტეს 48 საათის განმავლობაში. 

გვამის წყალში დაყოვნების დროის ინტერპრეტაციას მარიამ ჯიშკარიანი და გალინა კარმოშინა ხელებზე აღმოჩენილი ე.წ. “მრეცხავი ქალის ხელის” სიმპტომითაც ხსნიან: მათი აზრით, სხეული რომ უფრო დიდხანს ყოფილიყო წყალში, ვიდრე 48 საათი, კანის აქერცვლა და ხრწნის პროცესი უფრო შორსწასული იქნებოდა. 

ექსპერტები გიორგი შაქარაშვილის სხეულის ექსპერტიზის სხვა შეუსაბამობებსაც ასახელებენ. 

არის კითხვები თავის ქალა-ფუძის შესაძლო დაზიანების შესახებაც. ექსპერტიზის დოკუმენტში ამაზე ურთიერთგამომრიცხავი მონაცემებია: ერთი მხრივ, წერია, რომ გარდაცვლილის ქალის ფუძე მთელი იყო, თუმცა, იქვე ისიც წერია, რომ თავ-ზურგ-ტვინის სითხე შემღვრეული იყო. გვამს არ ჩატარებია კომპიუტერული ტომოგრაფია, რომ ეს შესაძლო ნევროლოგიური ტრავმა ან დაედასტურებინა, ან გამოერიცხა. 

ამონარიდი გიორგი შაქარაშვილის გვამის ექსპერტიზის დასკვნიდან

 

ექსპერტების აზრით, კიდევ ერთი შეუსაბამობა ისაა, რომ დოკუმენტში ერთგან წერია, რომ “გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში,” ხოლო ოდნავ ქვემოთ წერია, რომ “გვამური გაშეშება მოხსნილია.” მათი აზრით, გვამური გაშეშება უკვე მოხსნილი იქნებოდა და წინა ჩანაწერი უზუსტობაა. 

ის, რომ გვამი გარკვეული პერიოდი მშრალ ადგილას იყო და არა მთელი პერიოდი წყალში, გალინა კარმოშინას აფიქრებინებს დოკუმენტის კიდევ ერთი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, გარდაცვლილს ქვედა ტუჩის გარკვეული მიდამო გამომშრალი ჰქონდა. ასევე ის, რომ გვამს უკანა ტანზე ფეკალური დაბინძურება აღენიშნებოდა. 

 

სამხარაულის პასუხი დამოუკიდებელ ექსპერტებს

დღეს ლევან სამხარაულის სახელობის სახელმწიფო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მათ ექსპერტების დაწერილ დოკუმენტში გამოთქმული სხვადასხვა მოსაზრება ერთმანეთს არ გამორიცხავს. 

განცხადების თანახმად, შეფასება ორ პერიოდს ეხება:  2020 წლის 22 ივნისის 15:05 საათს და იმავე დღის 19:15 საათს. მათი თქმით, პირველ პერიოდში ჯერ კიდევ იყო "გვამური გაშეშება," ამ დროს ცხედარი ჯერ კიდევ აღმოჩენის ადგილას იყო. ხოლო შემდეგ, უკვე 19:15 საათზე, როცა გვამის ექსპერტიზა დაიწყო ბიუროს სასექციოში, უკვე იყო მოხსნილი გვამური გაშეშება, ანუ განცხადებიდან გამომდინარე, 4 საათში მოიხსნა. 

თუმცა, ეს ეწინააღმდეგება სხვა გარემოებებს, რასაც ექსპერტიზის დოკუმენტი თავად ამტკიცებს: რომ შაქარაშვილი პოვნიდან 48 საათზე მეტი ხნის წინ გარდაიცვალა. თუ ეს ასე მოხდა, სხვა სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით და ცხელი ტემპერატურის გათვალისწინებით, გაშეშება უფრო ადრე უნდა მოხსნილიყო. 

 

როდის იწყება და რამდენი ხანი გრძელდება კუნთების გაშეშება, იგივე Rigor mortis?

აკადემიური სტატია, რომელიც Journal of Forensic Sciences & Criminal Investigation-ში 2018 წლის 5 ივლისს გამოქვეყნდა, აღწერს გარდაცვალებიდან სხეულის გაშეშების დადგომის დროსა და მის ხანგრძლივობას.

ყველა ცოცხალ ორგანიზმში წარმოიქმნება ადენოსინის ტრიფოსფატი [Adenosine Triphosphate (ATP)], რომელიც კუნთებს მოშვებაში ეხმარება და მათ ელასტიურობასა და პლასტიურობაზე აგებს პასუხს. როცა ადამიანი კვდება, ორგანიზმი, ჟანგბადის ნაკლებობის გამო, უკვე აღარ გამოიმუშავებს ATP-ს, რის გამოც კუნთები შეკუმშულ მდგომარეობაში რჩება.

ისეთ გარემოში, სადაც ტემპერატურა ნორმალურია, Rigor mortis, ანუ კუნთების გაშეშება გარდაცვალებიდან 1-2 საათის შემდეგ იწყება და სხეულის ტემპერატურის დაცემის, ანუ Algor mortis-ის შემდეგ დგება. პირველად პატარა და ავტომატური კუნთები შეშდება, მათ შორის, თვალის ქუთუთოების, შინაგანი ორგანოების გარშემო მდებარე და გულის კუნთები. Rigor mortis გრძელდება ყბასა და კისერზე.  პროცესი კისრის ქვემო კუნთებში გრძელდება და მთელ სხეულს მოიცავს.  Rigor mortis პიკს, ანუ სხეულის ყველა კუნთის გაშეშებას, გარდაცვალებიდან 12 საათში აღწევს.  ცხედარი გაშეშების პიკში დაახლოებით 12 საათი რჩება, შემდეგ ის თანდათან გასვლას იწყებს და საბოლოოდ, დაახლოებით 36 საათის შემდეგ იხსნება. 

Researchgate-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, Rigor mortis დაახლოებით 16 საათის შემდეგ გადის.

 

ტემპერატურის გავლენა Rigor mortis-ზე 

რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს გარდაცვალების შემდეგ სხეულის გაშეშების პერიოდულობაზე. თბილი ტემპერატურა მას აჩქარებს, ხოლო ცივი - ანელებს. მაგალითად, გარდაცვალების დროს ცხელების ქონა პროცესს აჩქარებს.

გარდაცვალების დროს აქტიური ვარჯიშის პროცესი, ან ადრენალინის გამოყოფა უფრო აჩქარებს პროცესს, ვინაიდან ასეთი დროს ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობაა, რაც ადენოსინის ტრიფოსფატის გამომუშავებას უშლის ხელს.

ისეთი  სტიმულატორების გამოყენება, როგორებიცაა კოკაინი ან ამფეტამინის ჯგუფის მედიკამენტები, ასევე აჩქარებს Rigor mortis-ის უფრო სწრაფად დადგომას.

 

♦ ამავე თემაზე იხილეთ - გვამი, როგორც ბიოლოგიური ნივთმტკიცება

♦  ილუსტრაცია / illustration ©  ბრიტანეთის მუზეუმი, British Museum. კურტიზანი ქალის გვამი, 1870 წელი

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>