|
მეცნიერება
სპეციალისტების თქმით, ნიღბით ვირუსის ნაკლებ დოზას იღებთ
თუ ნიღაბს ატარებთ, ვირუსის ნაკლებ დოზას იღებთ, - ამას არაერთი კვლევა ამტკიცებს, რაც, თავის მხრივ, დაავადების სიმწვავეზეც ახდენს გავლენას: თუ ნიღბითაც შეგეყარათ ვირუსი, დაავადება ნაკლებად მწვავე იქნება.
მკვლევრებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ნიღბებს სასუნთქი გზით გადამდები ბაქტერიების შეკავება შუძლიათ და, ამ სახით, სხვისთვის გადადების საშიშროება მცირდება - კორონავირუსის პანდემიის დროს ამ მნიშვნელოვანი აქსესუარის გარშემო საუბარიც ამ კუთხით მიმდინარეობდა.
თუმცა, ახლა, როცა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს, ექსპერტები მიუთითებენ სულ უფრო მეტ ისეთ ფაქტზე, სადაც ცალსახაა, რომ ნიღბები იცავს ინფექციის არა მხოლოდ სხვისთვის გადადებისგან, არამედ თავად მათაც, რომლებსაც ნიღბები უკეთიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიღბის ტარების შემთხვევაში, თუ კორონავირუსი მაინც შეისუნთქეთ, დაავადება ნაკლებად მწვავე ფორმით წარიმართება ან, ზოგ შემთვევაში, ინფექციისგან თავის დაცვა სრულად შესაძლებელია.
სხვადასხვა ნიღბები „ვირუსს სხვადასხვა დონეზე ბლოკავენ, თუმცა ყველა ნიღაბი ბლოკავს ვირუსის შეღწევადობას,“ ამბობს დოქტორი მონიკა განდი, სან ფრანცისკოში კალიფორნიის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების ექიმი. მისი თქმით, თუ რომელიმე ვირუსის ნაწილაკი გადალახავს ნიღბისგან შექმნილ ბარიერს, შედეგად მიმდინარე დაავადება შეიძლება უფრო მსუბუქი ფორმით წარიმართოს.
დოქტორი განდი და მისი კოლეგები ამ გარემოებაზე მიუთითებენ ახალ აკადემიურ ნაშრომში, რომელიც General Internal Medicine-ში, სამეცნიერო ჟურნალში, გამოსაქვეყნებლად მზადდება. პანდემიის დროს ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების და დაკვირვების შედეგად, ნაშრომის ავტორები ამტკიცებენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ნიღაბს ატარებენ, კორონავირუსის ნაკლებ დოზას იღებენ, რაც იმუნურ სისტემას მასთან ბრძოლას უადვილებს.
დოქტორ შონ ფაევი, კოლუმბიის უნივერსიტეტის გადაუდებელი დახმარების ექიმი, რომელიც არ ყოფილა კვლევაში ჩართული, ამბობს, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაავადების მსუბუქი ფორმით წარმართვასა და ნიღბის ტარებას შორის ჯერ არ არის დადასტურებული. თუმცა, ახალი სტატია „იმეორებს იმას, რასაც ვამბობთ ნიღბებზე,“ ამბობს ის. „ნიღბის ტარებით მხოლოდ სხვას არ ვიცავთ, არამედ საკუთარ თავსაც.”
დაავადების განვითარებაში ვირუსის დოზის/კონცენტრაციის მნიშვნელობის შესახებ მოსაზრებები სამედიცინო ლიტერატურაში, სულ მცირე, 1930-იანი წლებიდან ჩნდება, როცა ორმა მკვლევარმა ფორმალურად აღნიშნა, რომ თაგვებს, რომლებიც დიდი რაოდენობით ბაქტერიებს მიიღებენ, სიკვდილის უფრო დიდი ალბათობა აქვთ. ახლახან კი, მეცნიერებმა მსგავსი რამ მოხალისე ადამიანებზეც გამოსცადეს: მათ გრიპის ვირუსის სხვადასხვა დოზა შეასუნთქეს. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტი ვირუსის დოზა აღმოჩნდა ზედა სასუნთქ სისტემაში, დაინფიცირების და სიმპტომების განვითარების უფრო დიდი ალბათობა გაჩნდა.
ასეთი სახის ექსპერიმენტის განხორციელება, ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, მისი სიმწვავიდან და საშიშროებიდან გამომდინარე, ეთიკური არ არის. თუმცა ამ წლის დასაწყისში, ჩინელი მკვლევრების გუნდმა მსგავსი რამ გამოსცადა ზაზუნებზე: კორონავირუსით ინფიცირებული და ჯანმრთელი ცხოველები გვერდიგვერდ დადგმულ გალიებში მოათავსეს, ზოგ გალიას ქირურგიული ნიღბის ბარიერი გაუკეთეს. ბევრი ჯანმრთელი ზაზუნა, რომელიც ნიღბით დაცულ გალიაში იმყოფებოდა, ვირუსით არ დაინფიცირებულა. იმ ცხოველებს კი, რომლებიც ვირუსით მაინც დაინფიცირდნენ, დაავადების სიმპტომები, ნიღბის ბარიერის გარეშე მყოფ ზაზუნებთან შედარებით, უფრო სუსტი სახით ჰქონდათ გამოხატული.
არაპირდაპირი მონაცემების აკუმულირება უკვე ადამიანების მაგალითზეც გახდა შესაძლებელი. მეცნიერების ვარაუდით, კორონავირუსით ინფიცირების შემთვევათა 40%-ს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. თუმცა, როცა ხალხი ატარებს ნიღაბს, ასიმპტომური შემთხვევების რაოდენობა ერთი-ორად იზრდება. მაგალითად, ორეგონში, ზღვის პროდუქტების ქარხანაში, ვირუსის აფეთქების დროს, უსიმპტომო პაციენტების რიცხვმა 90%-ზე მეტი შეადგინა. ნიღბის ტარება ადამიანებს არ აქცევს ინფექციისგან სრულად დაცულს, მაგრამ ასეთი ასიმპტომური შემთხვევები, შესაძლოა, ნიშნავს იმას, რომ ნიღბები დაავადების უფრო მსუბუქ შემთხვევებთან ასოცირდება, რაც პოტენციურად ამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას და სიკვდილობას.
განსაკუთრებით საყურადღებოა, ამბობს დოქტორი განდი, მონაცემები კრუიზული გემებიდან, სადაც ბევრი ხალხი ერთმანეთთან ახლოს იმყოფება. იაპონურ გემ Diamond Princess-ზე, თებერვალში, ბორტზე მყოფთა 80%-ს განუვითარდა სიმპტომები - მაშინ ნიღბებს ჯერ არ იყენებდნენ. სხვა გემზე კი, რომელიც არგენტინიდან მარტში გამოემართა და სადაც ყველა მგზავრს დაურიგდა ქირურგიული ნიღაბი, მას შემდეგ, რაც ბორტზე მგზავრს სიცხე დაუდგინდა, სიმპტომიანი შემთხვევების რაოდენობამ 20%-ზე ნაკლები შეადგინა.
ზოგი დამოუკიდებელი ექსპერტი ამბობს, რომ ახალი აკადემიური ნაშრომი მისასალმებელია, რადგან ახლა გავრცელებულია აზრი, რომ ნიღბის ტარება ალტრუისტული აქტია.
„თითქოს იმ მესიჯს, რომ ნიღბის ტარება სხვას იცავს ინფიცირებისგან, რაღაც აკლდა,” ამბობს ჩარლზ ჰაასი, დრექსელის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერი და რისკის შეფასების ექსპერტი. „მეცნიერულად ეს თავიდანვე აზრსმოკლებული იყო.“
სხვა გარემოებებშიც, დაწყებული საავადმყოფოებიდან და სილამაზის სალონებით დამთავრებული, ნიღბის ტარებამ, შესაძლოა, შეამცირა ინფექციის გავრცელების საერთო დონე და ამით აგვაცილა ინფექციის უფრო მასშტაბური გავრცელება. და ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა იაპონია, ტაივანი და სამხრეთი კორეა, სადაც ინფექციის გავრცელებისთანაცე დაიწყეს ნიღბების ფართოდ ტარება, მალევე შეძლეს კორონავირუსთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის შემთხვევების შემცირება.
ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ნიღბების მოხშირებული ტარება დაემთხვა სიკვდილის შემცირებულ მაჩვენებელს ჩრდილოეთ ამერიკაში ვირუსის პირველი გამოჩენის პერიოდთან შედარებით. ამ ტენდენციაზე, სავარაუდოდ, ტესტირების ზრდამაც მოახდინა გავლენა, ვირუსით ინფიცირებულთა ასაკის დაწევამ და კორონავირუსის მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესებამ. თუმცა, დოქტორი განდის თქმით, ნიღბებს ამაში არანაკლები წვლილი მიუძღვით.
მოსაზრება, რომ ნიღაბმა შეიძლება შეამციროს დაავადების სიმწვავე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ დამტკიციებული არაა, „სავსებით შესაძლებელია“, ამბობს ლინსი მარი, ვირჯინიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ვირუსის გავრცელების ექსპერტი. „ეს ნიღბის ტარების სასარგებლოდ კიდევ ერთი არგუმენტია.“
დოქტორი მარი და სხვა მკვლევრები ჯერ ისევ იკვლევენ, შემავალი და გამომავალი ვირუსების ზუსტად რა ოდენობას ბლოკავენ სხვადასხვა სახის ნიღბები. თუმცა, დღევანდელი გამოცდილების მიხედვით, გაფილტრული ვირუსის რაოდენობა დიდია, შესაძლოა ვირუსების 50% იფილტრება, და ეს რიცხვი იზრდება გამოფრქვეული მსხვილი აეროზოლის წვეთების შემთხვევაში, ამბობს დოქტორი მარი. ზოგ ნიღაბს, მაგალითად N95 რესპირატორს, ვირუსის გაფილტვრის ყველაზე დიდი შესაძლებლობა აქვს, თუმცა, თუნდაც მოშვებულად გაკეთებული ნაჭერი აჩერებს ვირუსის ნაწილაკებს.
ყველაფრის მიუხედავად, ყველა ექსპერტი არ იზიარებს ნიღბის ორმხრივი [როგორც მტარებლის, ასევე გარშემომყოფების] დაცვის მაღალ ალბათობას.
დოქტორი განდის სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს „მაინც თეორიაა და მეტი კვლევა ესაჭიროება,“ ამბობს ნენსი ლონგი, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი. არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ ნიღბები ამცირებს მოსახლეობაში ვირუსის გავრცელებას, თუმცა გაცილებით რთულია დაამტკიცო, თუ როგორ გავლენას ახდენს ნიღაბი სიმპტომებზე, ამბობს დოქტორი ლონგი, ნაწილობრივ იმიტომ, „რომ რთულია ასეთი ტიპის კვლევის წარმართვა.“
დოქტორი განდი ეთანხმება, რომ გარკვეული ფაქტორების გამო კვლევის შესაძლებლობები შეზღუდულია. რადგან პანდემიის დასრულებას პირი არ უჩანს, ნიღბების მოხმარების საჭიროება მხოლოდ იზრდება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა მკვლევრები აგრძელებენ ვირუსის უსიმპტომოდ გავრცელების დოკუმენტირებას. უსიმპტომო ინფიცირებულებს, ვირუსის გავრცელება გარემოში შეუძლიათ: მაშინ, როცა - აცემინებენ, ახველებენ, მღერიან, საუბრობენ ან მაშინაც კი, როცა სუნთქავენ.
ვისაც გამოხატული სიმპტომები აქვს, ყველაზე გადამდებები არიან სიმპტომების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე.
პანდემიის მოსათვინიერებლად, ხალხმა ისე უნდა იმოქმედოს, თითქოს ინფიცირებულია „მაშინაც კი, როცა გადასარევად გრძნობს თავს,“ ამბობს განდი.
მხოლოდ ნიღბები ვერ ჩაანაცვლებს საზოგადოებრივ ჯანდაცვის სხვა ზომებს, როგორებიცაა ფიზიკური დისტანცირება და კარგი ჰიგიენა. მაგრამ, ქალაქების ჩაკეტვისგან განსხვავებით, რაც ერთმანეთთან კონტაქტის შეზღუდვას ემსახურება, სახის ნიღბით დაფარვა გაცილებით მარტივია.
ამ მომაკვდინებელი დაავადებისგან საკუთარი თავის და სხვისი დაცვისთვის მარტივია, “დაფარო სახის ორი ღია წყარო [ცხვირი და პირი], რომლებიდანაც ვირუსი შედის და გამოდის გარემოში,”- ამბობს ექიმი განდი.
♦ სტატია თარგმნა თაკო ფარადაშვილმა [ორიგინალი - Masks May Reduce Viral Dose, Some Experts Say]. თაკო კომუნიკაციის მენეჯერია ჰოლანდიურ სამედიცინო პროფილის კომპანიაში Bambi Medical. მანამდე, მუშაობდა ჟურნალისტად საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში, ჟურნალ „ლიბერალში“ და media.ge-ში. პერიოდულად თარგმნიდა ამერიკულ გაზეთ The New York Times-ის სტატიებს გაზეთ „24-საათისთვის.“ თაკოს ფლობს ორ სამაგისტრო ხარისხს მედიისა და კომუნიკაციების მენეჯმენტის და მედიისა და ხელოვნების კვლევის პროგრამებში. "ლინკდინის" პროფილი - Tamar Pharadashvili
♦ ფოტო: დასტინ ჩემბერსი ნიუ იორკ ტაიმზისთვის © Dustin Chambers for The New York Times
|