მეცნიერება

კანაფის მებაღე




პირველად მარიხუანა სკოლის ასაკში მოვწიე. ალბათ, მე-9 კლასში, დაახლოებით. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ მისით თრობის დროს შემეძლო, ჩემი თავისთვის გვერდით შემეხედა და დამეცინა კიდეც ჩემი შეხედულებებისთვის. 

ჩემმა ბავშვობამ 90-იანი წლებში გაიარა: არა შუქი, არა გაზი. სიბნელე. ძალიან ცუდი დრო იყო. ქალაქში “ტანკები” დადიოდნენ.  მაშინდელი ღირებულებებიც განსხვავებული იყო, ფსევდო-პატრიოტიზმიც იგულისმება, მათ შორის. ამ ყველაფრის მიმართ პროტესტი მქონდა და ვერავის ველაპარაკებოდი. 

მარიხუანამ ალტერნატიული  სააზროვნო სივრცე  გამიჩინა: უფრო თავისუფალი და გამბედავი ვიყავი ფიქრებში. სითამამე არ მტოვებდა მაშინაც კი, როცა აღარ ვეწეოდი. გუნება-განწყობის გამოკეთება და მსგავსი ეფექტები ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო ჩემთვის. 

მას მერე ვეწევი. თუმცა, ეს ყოველდღე მოწევას არ ნიშნავს. ახლა, მაგალითად, თვეზე მეტია, არ მომიწევია.  ამის გამო თავს ცუდად არ ვგრძნობ. დისკომფორტს არ მიქმნის. დამოკიდებული არ ვარ. დამოკიდებული რომ ვიყო, დავიწყებდი სირბილს, რეკვას, “ჩალიჩს,” შოვნას. 


კანაფის მოყვანის პირველი მცდელობები

პირველ კურსზე ვიყავი, კანაფი პირველად მე თვითონ რომ მოვიყვანე.  

მაშინ ინტერნეტი არ იყო ასე გავრცელებული. თსუ-ს პირველი კორპუსის ინტერნეტ-ბიბლიოთეკაში ვიჯექი და ვეძებდი ინფორმაციას კანაფზე. მოყვანის გამოცდილება მაშინ არავის ჰქონდა; ყველა ძველი, მამა-პაპური მეთოდებით ზრდიდა. მე კი ვგრძნობდი, რომ ამ მცენარის გაზრდას ცოდნა სჭირდება.  

მანდ პირველად წავიკითხე, რომ ხელოვნურ განათებაზე შეიძლება გაიზარდოს კანაფი. მაშინ გრძელი, ფლუორესენტული ნათურები გამოიყენებოდა. ისეთი დიდი არჩევანი, როგორიც დღეს გვაქვს, არ არსებობდა: LED-ის ნათურებზე საუბარიც არ იყო. შევისწავლე, ნათურები ვიშოვე და მეგობარს სარდაფში სივრცის დათმობა ვთხოვე. ძალიან სასაცილოდ გვქონდა მოწყობილი. ეგ პირველი მცდელობა იყო. ცუდი ნათურები გვქონა, მაგრამ მცენარე მაინც გაიზარდა. 

სარდაფის შემთხვევის მერე, სახლში, შიგნით, გავაგრძელე მოყვანა: სადაც ვცხოვრობდი, იქ ვთესავდი.  ძირითადად, სულ მარტო ვცხოვრობდი ან ისეთ ადამიანთან, ვისთვისაც კანაფით ჩემი გატაცება პრობლემას არ ქმნიდა.  

მას შემდეგ კანაფის მებაღეობით ვარ გატაცებული. ამ სფეროთი “მოვიწამლე,” ასე ვთქვათ. 


ახალი სივრცე კანაფისთვის

ახლა კანაფის მწვანე კარავი ჩემს საწოლ ოთახში მიდგას, მეტრნახევარი სიგანის და ორი მეტრი სიმაღლის.  კარავის ნაჭერი გარედან ბრეზენტივითაა, შიგნით კი ამრეკლავი აქვს, რომ ჩართული ხელოვნური განათების სინათლე აირეკლოს და ფოტოსინთეზი მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს.  კარვის შიგნით ანთებულია HPS - სოდიუმის 600-ვატიანი ნათურა, მცენარის ზრდის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა რეჟიმით.

კანაფის მოსავალი კარავში. მებაღის თქმით, თესლის შეფუთვაზე მითითებული იყო, რომ THC-ს კონცენტრაცია დაახლოებით 15-20%-ია, თუმცა, მისივე თქმით, თესლის ეტიკეტზე ინფორმაცია, ხშირად, ზუსტი არ არის. ტეტრაჰიდროკანაბინოლის კონცენტრაცია კანაფის მიღებულ მოსავალში ქიმიურად არ გადამოწმებულა.  2020 წლის მაისი

კანაფის თესლს რომ ჩააგდებ, მესამე დღეს უკვე თავს ამოყოფს. მცენარეს ზრდის სამი ძირითადი პერიოდი აქვს: ჩითილობის, ვეგეტაციის და ყვავილობის. ჩითილობის პერიოდიდან მთელი ვეგეტაციის პერიოდი მცენარეს ცისფერი განათება სჭირდება: განათების დომინანტური სპექტრი ცისფერი უნდა იყოს. ყვავილობის პერიოდში კი წითელი განათებაა საჭირო. არის განათებები, რომლებსაც ორივე სპექტრი აქვთ. 

ზრდის პროცესში, განათების დროის რეჟიმები იცვლება: ვეგეტაციის დროს 18 საათი ჩართულია განათება, 6 საათი - გამორთული. ასე გრძელდება ორი თვე.  შემდეგ დგება ყვავილობა. ამ დროს ნათურა 12 საათი ჩართულია და 12 - გამორთული. ყვავილობის ხანგრძლივობა ჯიშზეა დამოკიდებული. ინდიკებს ყვავილობის მოკლე პერიოდი აქვთ: ორი თვე. 

ამ პერიოდში, კარავში სიცხე გროვდება: ზაფხულში ტემპერატურა 28-29 გრადუსამდე ადის. საჭიროა გამწოვი. ამ დროს ხშირი მორწყვაც გიწევს: წყალში ვურევ სასუქს და ისე ვრწყავ.

თუ ჯიში ავტოა, სამ თვეში უკვე მოსაჭრელად მზად არის, სხვა ჯიშებს ოთხი თვე სჭირდებათ. რომ მოჭრი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეგრევე მზადაა. მოჭრის შემდეგ კანაფს სჭირდება გაშრობა, რომელსაც 2-3 კვირა მაინც მიაქვს. დათესვიდან ოთხ თვეში უკვე გაქვს მაგარი “ფაქტი” [მარიხუანა]. 



კანაფის მოყვანის ხარჯი

თავიდან 2 000 ლარამდე რომ ჩადო [ინვესტიცია], საჭირო სისტემას ააწყობ.   

შემდეგ ძირითადი ხარჯი არის თესლის ყიდვა და ელექტროენერგიის ყოველთვიური ხარჯი. მე 600-ვატიანი განათება მაქვს ჩართული, 18 საათი. ამას ემატება გამწოვის ხარჯები და საერთო ჯამში, თვეში 150 ლარამდე ღირებულების ელექტროენერგია იხარჯება.

სტატიის გმირის კანაფი ღია ცის ქვეშ. ფოტო გადაღებულია 2020 წლის ივნისში


კანაფის თესლი

ქართველი “გროუერი” [მებაღე] თესლს სიდბანკისგან [seedbank] ყიდულობს. საქართველოში ახლა მარიხუანის რა თესლიც იყიდება, ყველა იმპორტირებულია: ევროპული და უკრაინული. ჩემი გამოცდილებით, უკრაინული თესლი არ არის ისეთი კარგი, როგორც ევროპული.  

თესლები, რაც ახლა საქართველოში შემოდის, ყველა ჰიბრიდული ჯიშისაა: დღეს საქართველოში ყველა ჰიბრიდს თესავს. ჰიბრიდები კანაფის სამ სახეობას მოიცავს: Cannabis sativa, Cannabis indica და Cannabis ruderalis

ე.წ. “ავტო” ვერსიებში სამივეა სახეობაა არეული. არის ვერსიები, რომელშიც ruderalis  აღარ ურევია: არის მხოლოდ indica, ვთქვათ, 60% და sativa - 40%. ავტოვერსიებში 10-დან 40%-მდე ruderalis არ მგონია, რომ იყოს. 

იმპორტირებული ჰიბრიდის  თესლი მეორე დათესვაზე აღარ გაძლევს იგივე მოცულობის, წონის, ხარისხის პროდუქტს. ყოველ დათესვაზე ახალი თესლი გჭირდება. 

“რეგულარი” ისეთი ჯიშია, რომლის თესლიც ისევ დათესვის საშუალებას იძლევა, მაგრამ არ გაქვს არაფრის გარანტია. თუ ჯიში სტაბილური არ არის, გარანტიაც არ არის, რომ მეორედ დათესვაზე ივარგებს.  

 

რა კონცენტრაციითაა THC თესლში ან მოსავალში?

არც მომსვლია აზრად არასოდეს, რომ საქართველოში სადმე შეიძლება  მაგის გადამოწმება. ბევრი ჯიში მაქვს დათესილი, “ოჯეი კუში,” “აკა,” მაგალითად. Seedbank-ის თესლს THC-ს კონცენტრაცია, რაც უწერია, ეგ არ არის ხოლმე მთლად ზუსტი. მარკეტინგული ხრიკია, მაგას არ უნდა ენდო.  

ვირუსვებდი, რა თქმა უნდა, მცოდნოდა, ჩემს მოსაწევში რა კონცენტრაციითაა THC.

სასამართლოში, როცა ადამიანს ასამართლებენ, საერთოდ არ მოწმდება, არის თუ არა ამოღებულ კანაფში THC-ს კონცენტრაცია ან რამდენია. შეიძლება, ძალიან დაბალი იყოს და ადამიანი უსამართლოდ დაისაჯოს.  


კანაფის ჯიშები საქართველოში

საქართველოში გავრცელებული კანაფის ჯიშების აღრიცხვა არ ხდება: არ მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით ვინმეს რამე სამუშაო ჩაეტარებინოს. იქიდან გამომდინარე, რომ მისი მოყვანა აკრძალულია, შეუძლებელია იკვლიო ის, რაც უკანონოა. არადა, ებრაელმა მეცნიერმა რაფაელ მექოლამმა სწორედ მაგ ნიშნით აარჩია კანაფი საკვლევად - აკრძალულია, შეუსწავლელია და საინტერესო იქნებაო. 

წელს მინდა, რომ რაღაც ჩემი ჯიში შევქმნა. ალბათ, სამი წელი დამჭირდება. შესაძლოა, კიდევ მეტი. ახლა ჩემს სივრცეში მომყავს, შიგნით. სადღაც ერთ თქვეში გარეთ გავიტან. ისე, თუ შიგნით თესავ, პროცესი ძვირი გიჯდება. განათებები საქართველოშიც იყიდება, მაგრამ ძალიან მწირი არჩევანია.  

არის ხალხი, ჰიდროპონიკაში რომ თესავენ და მოჰყავთ. ნიადაგს მეც ნაკლებად ვიყენებ. ქოქოსის ნამჯა ამ სფეროში ახალი მიმართულება: ფტორივით არის. ჩვეულებრივ ნიადაგს მხოლოდ 10 პროცენტს ვამატებ. შემდეგ ვურევ პერლიტს. შეგიძლია, სხვა დანამატებიც დავამატო. ერთ მცენარეზე 15-ლიტრიანი ქოთანი მაინც უნდა იანგარიშო. ნიადაგს მუდმივად სჭირდება სასუქის დამატება. დანამატად “კანას,” “ გუანოკალონს” და “ბლუმ ფლორას” ვიყენებ - ბოლო დროს ესენი მაქვს.  

საბაჟომ ახლა ძალიან მაგარი სასუქი საზღვარზე გამიჩერა. ერთ-ერთ ეტიკეტზე კანაფის ფოთოლი ეხატა და აღარ გამოუშვეს.  

ჰიდროპონიკაში გაზრდილი მარიხუანა

ჰიდროპონიკა მებაღეობის ისეთი მეთოდია, რომლის დროსაც მცენარეს ნიადაგის გარეშე ზრდიან. მცენარის საკვებად გამოიყენება მინერალური საშუალებები, რომლებიც წყალშია გახსნილი და ასე მიეწოდება მზარდ მცენარეს. ფესვები ჩასმულია სითხეში, სადაც გახსნილია მცენარის საკვები მინერალები, დროგამოშვებით კი მცენარეს ასევე მიეწოდება პერლიტი, ქვიშა ან სხვა ნივთიერებები. მკვებავი საშუალებები, რომლებიც ფესვებს ჰიდროპონიკური სისტემით მიეწოდება, შემდეგი წყაროებიდან მოდის: თევზის ექსკრემენტები, იხვის ნაკელი, ქიმიური სასუქები ან/და სხვა ხელოვნური საშუალებები. ჰიდროპონიკურად ზრდიან არა მხოლოდ კანაფს, არამედ სხვა მცენარეებსაც, მათ შორის, პომიდორს, წიწაკას, კიტრს, სალათის ფოთლებს და ა.შ.  ჰიდროპონიკას არაერთი უპირატესობა აქვს, მათ შორის სოფლის მეურნეობაში ნიადაგის სარწყავად წყლის გამოყენების დაზოგვა.

 

♦ სტატიის გმირია 42 წლის მამაკაცი, რომლის სახელი, უსაფრთხოების გამო, ანონიმურია. 15 წელზე მეტია, რაც მას კანაფი საკუთარი მოხმარებისთვის მოჰყავს. წარსულში, მარიხუანის ფლობისა და მოხმარების გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ ის სამჯერ გაასამართლა და სხვადასხვა პერიოდში, 4 წელი ციხეში გატარება, 2 წელი პირობითი სასჯელი და 10 000 ლარის გადახდა დააკისრა.  2012 წლის საყოველთაო ამნისტიის დროს ის ციხიდან გაათავისუფლეს.

სასამართლოს განაჩენი, 2010 წელი, დაშტრიხული სახით

სასამართლო განაჩები, 2011 წელი, დაშტრიხული სახით

სასამართლო განაჩენი, 2012 წელი, დაშტრიხული სახით

♦ მარიხუანის მოხმარების დროს ჯანმრთელობის რისკებთან დაკავშირებული პრობლემა ისაა, რომ მომხმარებლებს არ ეძლევათ საშუალება, საკუთარ მოსახმარ პროდუქტში ტეტრაჰიდროკანაბინოლის/THC-ს შემადგენლობა გადაამოწმონ. THC მარიხუანის ფსიქოაქტიური შემადგენელია, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და ადამიანის ქცევებს ცვლის. 

♦ კანაფის პროდუქტში THC-ს შემადგენლობის კონცენტრაციის შემოწმება საქართველოში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიურ დეპარტამენტში შეიძლება და 200 ლარი ღირს, თუმცა, რამდენიმე მომხმარებელმა გვითხრა, რომ ნდობის ნაკლებობის გამო, სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ინსტიტუციებში მარიხუანის შემოწმებას ვერ გარისკავდნენ.  სამხარაულის ქიმიურ-ნარკოლოგიური დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ ჯოხაძემ, ერთ-ერთ მომხმარებელს ცხელ ხაზზე უთხრა, რომ ის მხოლოდ ნივთიერების ქიმიურ შემოქმებაზე აგებს პასუხს და არა იურიდიულ საკითხებზე ან შესაძლო იურიდიულ პრობლემაზე, რაც, ჯოხაძის აზრით, შესაძლოა მარიხუანის შემოწმების დროის წარმოიშვას და ეს ცალკე უნდა გადამოწმდეს ბიუროს იურიდიულ დეპარტამენტში.    

♦ 2017 წლიდან, საქართველოში 70 გრამამადე მარიხუანის საკუთარი მოხმარების მიზნით ფლობა დანაშაული არ არის. 

♦ ადამიანური ისტორიები მარიხუანის მოხმარებაზე წაიკითხეთ: 

 ⇒ მარიხუანა. კრიზისი. გამოსავალი

  ⇒ გულყრები, უცნობი დიაგნოზი და მარიხუანა

♦ ამერიკის 11 შტატსა და კოლუმბიის ოლქში მოზრდილი ადამიანისთვის მარიხუანის ფლობა და რეკრეაციული მოხმარება ლეგალურია, ხოლო 33 შტატსა და კოლუმბიის ოლქში პაციენტებს მარიხუანის ან მისგან გამოწურული საშუალებებით გარკვეული დაავადებების მკურნალობა შეუძლიათ სპეციალურ დისპანსერებში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ;  მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანის მოხმარება ზოგ შტატში დაშვებულია, ფედერალურად ეს მცენარე ისევ აკრძალული ნივთიერებების I სიაშია; ევროპის კონტექსტში კანაფი გაეროს 1961 წლის ნარკოტიკების ერთიანი კონვენციის სიაშია.

♦ სამეცნიეროდ დადასტურებული ინფორმაცია ⇒ კანაფი - მცენარის პროფაილი; წყარო: ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრი, EMCDDA

♦ თარგმანი კანაფის ერთ-ერთ შემადგენლის - კანაბიდიოლის[CBD] სამედიცინო პოტენციალზე ნახეთ ხუთ ნაწილად:

  1. კანაბიდიოლის ძალა [პირველი ნაწილი]

  2. კანაბიდიოლის ძალა [მეორე ნაწილი]

  3. კანაბიდიოლის ძალა [მესამე ნაწილი]

  4. კანაბიდიოლის ძალა [მეოთხე ნაწილი]

  5. კანაბიდიოლის ძალა [მეხუთე ნაწილი]

  ილუსტრაცია მთავარ გვერდზე © თინა ჩერტოვა / კაქტუს მედია

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>