გეოგრაფიული ადგილ-მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო იყო და რჩება ნარკოტიკების არალეგალური გადაზიდვების დერეფნად.
პასუხისმგებელი უწყებები საქართველოში საკმარის ინფორმაციას არ გასცემენ იმაზე, თუ როგორ არის აღჭურვილი საქართველოს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრები, ნარკოტიკების საზღვარზე აღმოჩენის კუთხით. ამ მიმართულებით საჯარო და ღია წყაროებდან მიღებული მონაცემები არასრულია.
ეროვნული სტრატეგია
ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის ნაწილია. მთლიან სტრატეგიაში ნარკოტრანზიციის წინააღმდეგ ბრძოლის კომპონენტის ბიუჯეტი 39 000 ლარია, რომლის ნაწილი დონორული დაფინანსებაა და ნაწილი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსები. მისი განხორციელების ვადები იყო 2017-2018 წლები.
ამ კომპონენტის მიზანი იყო როგორც მოსახლეობის, ასევე ბიზნეს-სექტორის ცნობიერების ამაღლება, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, პოლიციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ინსტიტუციური გაძლიერება და საზღვრების ნაწილის ტექნიკური აღჭურვა.
სტრატეგიის შესრულების ანგარიში
ამ სტრატეგიის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიას გადაეცა გაზური ქრომატოგრაფი/მასს სპექტრომეტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიას გადაეცა გაზური ქრომატოგრაფის სისტემა.
ანგარიშის მიხედვით, ცნობიერების ამაღლების კუთხით, ჩატარდა არაერთი შეხვედრა და ტრენინგი.
აქამდე ვერ შეიქმნა მონაცემთა გაერთიანებული ბაზა, სადაც თავს მოიყრიდა ყველა უწყებაში, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურასა და ფინანსთან სამინისტროში ამ საკითზე არსებული მონაცემები და რასაც ყველა უწყება, საჭიროების შეთხვევაში, გამოიყენებდა.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის ანგარიში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2018 წელი
საქართველო, როგორც ნარკოტიკების დიდი სატრანზიტო მარშრუტის ნაწილი
2013-2016 წლებში ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის 5 ფაქტი გამოვლინდა, რა დროსაც საქართველო გამოიყენეს, როგორც სატრანზიტო დერეფანი. ოთხ შემთხვევაში, ნარკომოვაჭრეებს ჰეროინი გადაჰქონდათ, ხოლო ერთ დარჩენილ შემთხვევაში: კოკაინი და მარიხუანა.
⇒ 2013 წელი: მარშრუტი - ირანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა. გადაჰქონდათ 114 კგ ჰეროინი
⇒ 2014 წელი: მარშრუტი - ირანი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა. გადაჰქონდათ 2700 ლიტრი ჰეროინი
⇒ 2015 წელი: მარშრუტი - ირანი, სომხეთი, საქართველო, ბულგარეთი; გადაჰქონდათ 43,500 გრამი ჰეროინი
⇒ 2015 წელი: მარშრუტი - ბრაზილია, სამხრეთი აფრიკა, საქართველო, თურქეთი. გადაჰქონდათ 32 კგ კოკაინი და 44 კგ მარიხუანა
⇒ 2016 წელი: მარშრუტი - ირანი, აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა, ჰოლანდია.
საქართველოს სასაზღვრო გამტარი პუნქტები
საქართველოში შემოსვლა და გასვლა 18 სასაზღვრო გამტარი პუნქტის მეშვეობით არის შესაძლებელი. მათგან 12 სახმელეთო საზღვარია, სამი - საჰაერო, ორი - საზღვაო და ერთი - სარკინიგზო.
საზღვრებზე აღმოჩენილი ნარკოტიკები
ჟურნალ “ლიბერალმა” 2019 წლის 10 მაისს გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც 2014-2018 წლებში საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში სამართალდამცავებმა ნარკოტიკები 979-ჯერ ამოიღეს.
ამოღების სიხშირით სჭარბობდა თურქეთთან დამაკავშირებელი სახმელეთო საზღვრები.
ყველაზე ხშირად [233-ჯერ] ნარკოტიკები სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “ვალეში” [საზღვარი თურქეთთან] ამოიღეს; სიხშირის მიხედვით მეორე ადგილზეა სასაზღვრო გამშვები პუნქტი “სარფი” [საზღვარი თურქეთთან] - 209 შემთხვევა; მესამე ადგილზეა სასაზღვრო გამშვები პუნქტი “სადახლო” [126 შემთხვევა], საზღვარი სომხეთთან, ხოლო მეოთხე ადგილზე - “კარწახი” [111 შემთხვევა], საზღვარი თურქეთთან.
როგორ არის აღჭურვილი საქართველოს საზღვრები ნარკოტიკების აღმოჩენის კუთხით?
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, საქართველოს სამი აეროპორტის გამშვებ პუნქტებში არ არის განთავსებული ისეთი მოწყობილობები, რომლებიც ნარკოტიკებს აღმოაჩენენ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, სასაზღვრო აღჭურვაზე ინფორმაცია კონფიდენციალურია; მისმა გაცემამ, შესაძლოა, გამოიწვიოს “კანონმდებლობის და საერთაშორისო კონვენციებით აღებული ვალდებულებების აღსრულების შეფერხება.”
კონკრეტული ლოკაციის დასახელების გარეშე სასაზღვრო აღჭურვილობის შესახებ ინტერვიუზე უარი განაცხადეს ორივე უწყებაში.
საქართველო საერთაშორისო ანგარიშებში
აშშ-ს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და სამართლის აღსრულების ბიუროს მიერ ნარკოტიკებისა და ქიმიური ნივთიერებების კონტროლის შესახებ გამოცემულ სტრატეგიულ ანგარიშში [2018 წელი] საუბარია საქართველოზე გამავალი ნარკოტრეფიკის გზებზე. კერძოდ, ავღანეთიდან წამოსული ოპიუმი თურქმენეთის გავლით თურქეთში ხვდება, შემდეგ კი - აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, დასავლეთ ევროპაში. დოკუმენტში მითითებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბალკანეთის სატრანზიტო დერეფანი კვლავაც აქტიურად გამოიყენება ნარკოტიკების არალეგალური გადაზიდვებისთვის, ნარკომოვაჭრეები შედარებით ჩრდილოეთით არსებულ მარშრუტსაც იყენებენ, რომელიც, ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანზე, საქართველოზე, რუსეთსა და უკრაინაზე გადის.
ნარკოტრეფიკთან დაკავშირებულ საქმეებში ფოთის პორტიც ფიგურირებს. მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშში მოხსენიებულია 2018 წელს ფოთის პორტში ავღანეთში ჰეროინის წარმოებისთვის განკუთვნილი 15 ტონა პრეკურსორის [ძმარმჟავა ანჰიდრიდი, ქიმიური ფორმულა (CH₃CO)₂O] ამოღების ფაქტი. ქიმიური ნივთიერება ჩინეთში იყო წარმოებული. “ეს კონფისკაცია ერთ-ერთი უდიდესი იყო [ქვეყნის] ისტორიაში,” აღნიშნულია დოკუმენტში.
International Narcotics Control Strategy Report, United States Department of State, 2019
ოფიციალური მონაცემებით, 2015-2018 წლებში საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების დამზადებასთან, წარმოებასთან, გასაღებასთან და საზღვარზე გადატანასთან დაკავშირებული დანაშაულების 3,020 სავარაუდო ფაქტი გამოვლინდა, რისთვისაც 332 პირი იქნა მსჯავრდებული.
მესაზღვრე ძაღლები
საქართველოში ა.შ.შ.-ს საელჩოსა დ ა.შ.შ.-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს [Bureau of International Narcotics and Law Enforcement Affairs, INL] მიერ “კაქტუს-მედიისთვის” მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ა.შ.შ.-ს მთავრობამ ქართულ მხარეს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები გადასცა, რომლებსაც ნარკოტიკების აღმოჩენა შეუძლიათ. ა.შ.შ.-მ ასევე გადაამზადა ძაღლებთან მომუშავე პერსონალიც.
ამჟამად საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ნარკოტიკული ნივთიერებების აღმოჩენის მიზნით ფუნქციონირებს კინოლოგთა სამსახური [K-9]: ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში მესაზღვრეებს ნარკოტიკების აღმოჩენაში ძაღლები ეხმარებიან.
გაწვრთნილი ძაღლი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში © ამერიკის ხმა, VOA
თბილისის აეროპორტში სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს შემადგენლობაშია I განყოფილება [K-9], რომელსაც ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი. მის დაქვემდებარებაშია ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, სამი უფროსი ინსპექტორი, ოთხი ინსპექტორი და ათი სამსახურებრივი ძაღლი.
ქუთაისის აეროპორტში მესაზღვრეებს ნარკოტიკების აღმოჩენაში [K-9] სამსახურის სამი კინოლოგის ფუნქცია-მოვალეობის შემსრულებელი და სამი სამსახურებრივი ძაღლი ეხმარება.
ბათუმის აეროპორტში სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს შემადგენლობაშია (K-9) სამსახურის ოთხი კინოლოგი და სამი სამსახურებრივი ძაღლი.
შსს-ს ინფორმაციით, კინოლოგიური სამსახურის [K-9] წარმომადგენლები აეროპორტის ტერიტორიაზე ახორციელებენ მგზავრებისა და მათი ბარგის შემოწმებას ნარკოტიკული საშუალებების გამოვლენის მიზნით. აღნიშნულ სამსახურებრივ ძაღლებს გავლილი აქვთ სპეციალური წვრთნა ამერიკის შეერთებულ შტატებში. კინოლოგიურ სამსახურში [K-9] დაცულ საცავში ინახება ექვსი სახეობის, მათ შორის შემდეგი ნივთიერებების: MDMA/Ecstasy, ფენტანილი, მეფედრონი, კეტამინი, ამფეტამინი, GHB, LSD ან მათი კომბინაცია, - შემცველი სპეციალური ნიმუშები, რომელთა მეშვეობითაც სამსახურებრივ ძაღლებს წვრთნიან.
აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს [INL] ინფორაციით, ძაღლებიც და მათთან მომუშავე პირებიც ექვემდებარებიან პერიოდულ ხელახალ სერტიფიცირებას.
K-9 პროექტის ჩამოყალიბების გარდა, ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს ამერიკის შეერთებული შტატები წლების განმავლობაში სხვადასხვა სახით ეხმარებოდა. მათ შორის ხდებოდა ქართველი სამართალდამცავების გადამზადება და მათთვის სხვადასხვა სასწავლო კურსების ჩატარება.
საელჩოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს საელჩოში ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს მხარდაჭერით, ნარკოტიკების კონტროლის ადმინისტრაციის [Drug Enforcement Agency, DEA] თბილისის ოფისმა ქართველ პოლიციის ოფიცრებსა და მესაზღვრეებს რამდენიმე ტრენინგი 2016 წელს ჩაუტარა. ტრენინგებს შორის იყო აგრეთვე 2019 წლის ნოემბერში ჩატარებული კურსი სინთეზური ნარკოტიკების მხრივ განვითარებული ტენდენციების შესახებ [Emerging Trends in Synthetic Drugs Course], 2018 წლის ივლისში საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული კურსი [Border Interdiction Course], 2018 წლის იანვარში კურსი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეებზე მომუშავე მოწინავე გამომძიებლებისთვის [Advanced Narcotics Investigators Course], 2016 წლის ნოემბერში კი კონსპირაციის და კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კურსი [Conspiracy and Complex Investigation Course].
საქართველოს მთავრობისა და EMCDDA-ს თანამშრომლობა
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ორგანიზებულ დანაშაულთან, ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლაა. სამოქმედო გეგმის მიხედვით, ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევა სხვადასხვა ინდიკატორით ფასდება.
ერთ-ერთი მიმართულება ნარკოტიკების სფეროში შესაბამის საერთაშორისო ორგანოებთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას ეხება, მათ შორის არის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების ევროპული მონიტორინგის ცენტრთან [EMCDDA] თანამშრომლობა.
2015 წლის 4 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპულ ცენტრს [EMCDDA] შორის მემორანდუმი გაფორმდა.
ამ მემორანდუმის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 იანვარს, - მემორანდუმის გაფორმებიდან 5 წლის შემდეგ, ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი შეიქმნა. ცენტრის მიზანია ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების, მათ შორის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების ან/და უკანონო გავრცელების თაობაზე ინფორმაციის შეგროვება და შეფასება, აგრეთვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვა, ასევე ნარკოვითარების საკითხზე ყოველწლიური და სპეციალური ანგარიშების მომზადება და უწყებათაშორისი საბჭოსათვის წარდგენა.