ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [WHO] სტრატეგიულმა საკონსულტაციო ჯგუფმა დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც დაასახელა ადამიანთა პრიორიტეტული ჯგუფები, რომელთაც პირველ რიგში, სხვებზე ადრე, უნდა მიიღონ ახალი კორონავირუსის ვაქცინა.
დოკუმენტის მიზანია, სახელმწიფოებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს დაეხმაროს, სწორად განსაზღვრონ ვაქცინის მოსახლეობისთვის მიცემის დროს გასათვალისწინებელი პრიორიტეტები.
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინის წარმოების პროცესი განსაკუთრებულად დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელიმე მათგანის ან რამდენიმე ვაქცინის კანდიდატის ერთად დამტკიცების მიუხედავად, ვაქცინების მარაგი საწყის ეტაპზე ყველასთვის არ იქნება საკმარისი. ამიტომ მნიშვნელოვანია იმ ჯგუფის გამოყოფა, რომელსაც პირველად უნდა მიეცეს ეს პროდუქტი, რომელსაც მსოფლიო ელოდება და რომელმაც უნდა განაახლოს შეფერხებული სოციალური და ეკონომიკური ცხოვრება.
პრიორიტეტული ჯგუფები
ორგანიზაციის განცხადებით, სასურველია, რომ შემდეგ პრიორიტეტულ ჯგუფებს მიენიჭოთ უპირატესობა:
-
ხანდაზმულები, ასაკის მიხედვით
-
ხანდაზმულები, რომლებსაც, ასაკთან ერთად, თანმხლები დაავადებებიც აქვთ [მათ შორის ისინი, რომლებიც ინსტიტუციებში ცხოვრობენ]
-
ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც აქვთ ერთი ან მრავალი თანმხლები დაავადება ან ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობები [ორსულობა/ლაქტაცია, ა.შ.]
-
ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, რომლებსაც მაღალი ან/და ძალიან მაღალი რისკის ქვეშ არიან
-
ისეთი მუშაკები, რომლებიც დისტანციურად ვერ იმუშავებენ
-
ციხეებში, სამხედრო დანაყოფებში ან/და მსგავს ჯგუფში მომსახურე ადამიანები
-
მასწავლებლები, პოლიციელები, მუნიციპალურ სერვისებში, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სფეროში მომუშავე ხალხი
-
ურბანულ გარემოში მაცხოვრებლები
-
ოჯახები, სადაც არაერთი თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს
-
სკოლის ასაკის ბავშვები
-
მთავრობის ლიდერები და მათი დამხმარე ტექნიკური ჯგუფი, რომელთა გარეშე სახელმწიფო ვერ იფუნქციონირებს
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვაქცინა კეთდება კაცობრიობის საერთო სიკეთის: ჯანმრთელობის დაცვისა და შენარჩუნებისთვის, გადამდები დაავადებების პრევენციისთვის, სოციალური და ეკონომიკური შეფერხებების მომავალში თავიდან აცილებისთვის და სასიცოცხლო სერვისების შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის.
ახალი კორონავირუსის ვაქცინების მსოფლიო გადანაწილების დროს, WHO-ს მოსაზრებით, გლობალური თანასწორობისა და საერთო სიკეთის მისაღწევად, ერთნაირი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს როგორც მდიდარ, ასევე განვითარებად და ღარიბ ქვეყნებს.
მნიშვნელოვანია თანასწორობა როგორც გლობალურ, ასევე ეროვნულ დონეზეც: ვაქცინაზე ხელი უნდა მიუწვდებოდეს ყველას, მათ შორის, მოსახლეობის ღატაკ ფენას, უსახლკაროებს, მიგრანტ მუშებს, დევნილებს, თავშესაფრის მაძიებლებს, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
♦ ნახეთ დოკუმენტი → WHO SAGE values framework for the allocation and prioritization of COVID-19 vaccination
♦ ფოტო ქავერზე: მარკუს უინკლერი © photo credit: Markus Winkler via Unsplash