მეცნიერება

როგორ ებრძვიან ბავშვები ახალ კორონავირუსს?




თუ რატომ ეხება ახალი კორონავირუსი ბავშვებს ნაკლებად მტკივნეულად, ვიდრე მოზრდილებს, პანდემიის ერთგვარი ამოუსხნელი ამოცანა და ძიების საგანი გახდა. ბავშვების უმრავლესობა ავად არ ხდება; თუ რომელიმე ავად გახდა, მალევე ჯანმრთელდება. 

ბავშვებს გაუმართლათ.

ახალი მონაცემების ანალიზის თანახმად, რომელიც Science Translational Medicine-ში გამოქვეყნდა, ბავშვების იმუნური სისტემის ერთი ნაწილი უცნობ პათოგენებს სწრაფად გამოიცნობს და მათ უფრო მალე ანადგურებს, ვიდრე პათოგენი ორგანიზმის დაზიანებას მოასწრებს.    

„მთავარი მიგნება ის არის, რომ დიახ, ბავშვების იმუნიტეტი სხვანაირად პასუხობს ამ ვირუსს და ეს იცავს მათ,“ ამბობს ექიმი ბეტსი ჰეროლდი, ალბერტ აინშტაინის სახელობის სამედიცინო კოლეჯის პედიატრიული ინფექციური დაავადებების ექსპერტი, რომელიც ამ კვლევას ხელმძღვანელობდა.

უფროსებში, იმუნური პასუხი უფრო სუსტია იმ მონაცემების მიხედვით, რაც ექიმმა ბეტსიმ და მისმა კოლეგებმა მოაგროვეს.

როდესაც ორგანიზმში უცხო პათოგენი ხვდება, შინაგანი იმუნური მექანიზმის დახმარებით, ორგანიზმი მას რამდენიმე საათში პასუხობს. იმუნური დამცველები სწრაფად გროვდებიან, ორგანიზმს შველიან და ალტერნატიული ძალების ძიებასა და მოკრებას იწყებენ.

პატარა ასაკიდან გამომდინარე, ბავშვების ორგანიზმში უფრო ხშირად ხვდებიან ისეთი პათოგენები, რომლებსაც მათი იმუნური სისტემა პირველად ხვდება და ვერ ცნობს. ასეთ შემთხვევაში ბავშვების შინაგანი დაცვის სისტემა პათოგენების წინააღმდეგ იმპულსური და ძლიერია.

დროთა განმავლობაში, ადამიანის ცხოვრების მსვლელობის დროს, იმუნური სისტემა ერთმანეთის მიყოლებით „ხვდება“ პათოგენებს და ნაცნობი თაღლითების რეპერტუარს ადგენს. იმ დროისთვის, როცა ადამიანის ორგანიზმი ზრდასრულობას აღწევს, ორგანიზმი უფრო სპეციალიზებული და მომზადებულია და კარგად ნაცადი სისტემის იმედად არის ნაცნობი საფრთხეებისგან დასაცავად.   

თუ ბავშვების იმუნურ სისტემას სასწრაფო დახმარების ექთანს შევადარებთ, ზრდასრული ადამიანის საადაპტაციო იმუნური სისტემა კლინიკაში წლების განმავლობაში მომუშავე გამოცდილ ექიმს ჰგავს.

ზრდასრული ადამიანის საადაპტაციო სისტემის ასე აღწერა გონივრულიაო, ამბობს ექიმი მაიკლ მაინა, ჰარვარდის ჩანის ეპიდემიოლოგიის სკოლის იმუნოლოგი ბოსტონში. მისი თქმით, ზრდასრულ ადამიანს არაერთი ვირუსით გამოწვეული გართულება აქვს გადატანილი: ვირუსთან შეხვედრა მისთვის პირველი არ არის.

მართალია, ახალი კორონავირუსი ყველასთვის ახალია, მაგრამ შინაგანი იმუნური სისტემა, ასაკთან ერთად, სუსტდება და ადამიანს უფრო მოწყვლადს ხდის პათოგენების წინააღმდეგ. სანამ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი დამცავ სისტემას მწყობრში ჩააყენებს და აამუშავებს, ვირუსს უკვე მოსწრებული აქვს ორგანიზმის დაზიანება, ასკვნის ექიმ ჰეროლდის ჯგუფის კვლევა.

მან და მისმა კოლეგებმა 60 ზრდასრული ადამიანისა და 65 ბავშვის და 24 წლამდე ახალგაზრდების ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნური პასუხები შეადარეს ერთმანეთს. ყველა მათგანი 13-17 მარტის განმავლობაში ნიუ იორკის მონტეფიორეს სამედიცინო ცენტრში გადიოდნენ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მკურნალობას.

პაციენტებს შორის იყო 20 ბავშვი, რომლებსაც მულტისისტემური ანთებითი აშლილობის სინდრომი ჰქონდათ, რომელიც მწვავე და ხშირად მომაკვდინებელი დაავადებაა და რომლის პროვოცირება ახალ კორონავირუსს უკავშირდება. 

საერთო ჯამში, ბავშვებს სუსტად შეეხოთ ვირუსი, მოზრდილებთან შედარებით. მათ უმრავლესობას გასტროინტესტინური სიმპტომები ჰქონდა, როგორებიცაა დიარეა ან გემოსა და სუნის დაკარგვა. მხოლოდ ხუთ ბავშვს დასჭირდა მექანიკური სასუნთქი აპარატი, 22 მოზრდილთან შედარებით; მხოლოდ ორი ბავშვი გარდაიცვალა, 17 მოზრდილთან შედარებით.

მკვლევარმა ექიმებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ბავშვებს სისხლში განსაკუთრებულად მაღალი ორი იმუნური მოლეკულა ჰქონდათ: ინტერლეიკინ 17A და ინტერფერონ გამა. ხსენებული იმუნური მოლეკულები განსაკუთრებულად მაღალი კონცენტრაციით ყველაზე ახალგაზრდებს ჰქონდათ და მათი რაოდენობა პაციენტების ასაკთან ერთად იკლებდა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს იცავს ბავშვებს მწვავე რესპირატორული დაავადებისგან, რადგან უფროსებსა და უმცროსებში ეს ნამდვილად მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი იყო,“ ამბობს ექიმი ჰეროლდი.

მისივე თქმით, ზოგ Covid-19 პაციენტში ახალი კორონავირუსი გადამეტებულ და დაურეგულირებელ იმუნურ პასუხს იწვევს, რაც მწვავე რესპირატორული დისტრესისა და სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს.

ყველა ვირუსს აქვს იმუნური სისტემისგან თავის არიდების ხერხები. ახალი კორონავირუსი კი ამ მხრივ  განსაკუთრებით მოხერხებულია. იმუნური მოლეკულა ინტერლეიკინ 17A ბავშვებს ეხმარება ვირუსის წინააღმდეგ შინაგანი იმუნური სისტემა აამუშავონ და მუშაობაში საადაპტაციო სისტემაც ჩართონ.

„ჩვენ გვგონია, რომ ეს ბავშვებს ასევე იცავთ იმუნური სისტემის უკონტროლო ამუშავებისგან, რომელიც ჰიპერ-ანთებას უკავშირდება და რაც საშიშია,“ ამბობს ექიმი ჰეროლდი.

სხვა ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ კვლევა კარგად იყო შესრულებული, თუმცა მაინც ჰქონდა შეზღუდვა - როგორც ახალ კორონავირუსზე მიმდინარე კვლევების უმრავლესობას - პაციენტები ინფექციის გვიანდელ სტადიაზე შეისწავლეს.

შინაგანი იმუნური სისტემა ორგანიზმში პათოგენის აღმოჩენიდან რამდენიმე საათში იწყებს მუშაობს, მაგრამ ხალხი კლინიკაში გვიან მიდის: როგორც წესი, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ კორონავირუსის შეყრიდან, მაშინ, როცა სიმპტომები ჩნდება, აბობს აკიკო ივასაკი, იელის უნივერსიტეტის იმუნოლოგი.

მისი თქმით, ამ დროს ადამიანის შინაგანი იმუნური სისტემის პასუხის შესწავლა უკვე დაგვიანებულია, „როცა ადამიანი გრძნობს ავად გახდომას, იმუნური კვლევისთვის ყველაზე საინტერესო პერიოდი უკვე გასულია.“

თუმცა, მისივე თქმით, ახალი კვლევა მაინც უარყოფს აქამდე გავრცელებულ პოპულარულ მოსაზრებებს იმაზე, თუ რა იცავს ბავშვებს ახალი კორონავირუსისგან.

ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ბავშვები უკეთ იცავენ თავს იმიტომ, რომ სავარაუდოდ, მათ უფრო გვიან შეხვდათ სხვა კორონავირუსები. თუმცა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის ტიპებს შორის ადამიანის იმუნური პასუხები დიდად არ განსხვავდება, ამბობს ექიმი ივასაკი.

მეორე თეორია ამბობს, რომ ბავშვები უფრო ძლიერ ანტისხეულებს წარმოქმნიან, რომელიც უფრო სწრაფად აუვნებელყოფს ვირუსს. თუმცა, ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ ყველაზე ავადმყოფები და ყველაზე ხანდაზმულები ყველაზე ძლიერ ანტისხეულებს გამოიმუშავებდნენ.

ამ შედეგმა, შესაძლოა, დაადასტუროს მედიკოსების წუხილი: ძლიერი ანტისხეულების არსებობა ხშირად სხვა დაავადების მიზეზი ხდება იმის ნაცვლად, რომ ორგანიზმს დაეხმაროს. ამ ფენომენს ანტისხეულებზე-დამოკიდებული გამწვავება ჰქვია. ახალი კორონავირუსის ვაქცინების მწარმოებლები ფრთხილად აკვირდებიან ამ მოვლენას კლინიკური ცდების დროს.

„ეს ის თემაა, რომელსაც ყველა ფრთხილად უვლის გარშემო,“ ამბობს ექიმი ჯეინ ბერნსი, სან დიეგოს პედიატრიული ინფექციური დაავადებების ექსპერტი კალიფორნიაში. „შეიძლება, რომ ზოგი ანტისხეულის მაღალი ტიტრები უფრო საშიში იყოს, ვიდრე სასარგებლო?“

ექიმ ბერნსის თქმით, მეცნიერებმა უფრო მეტად უნდა შეისწავლონ, რა ხდება ბავშვებში პირველადი იმუნური მოვარდნის შემდეგ. წესით, ბავშვების იმუნური სისტემა სწაფად პასუხობს ვირუსს და აუვნებელყოფს მას, მაგრამ, ამავე ლოგიკით, იმუნურმა სისტემამ მალევე უნდა  შეწყვიტოს მუშაობა მას შემდეგ, რაც პირველადი საფრთხე ჩაივლის.

თუ ეს ვირუსიც ისეთივე ენდემური გახდება, როგორც სხვა კორონავირუსები [SARS, MERS], ბავშვებს თანდათან გამოუმუშავდებათ ისეთი ძლიერი იმუნური სისტემა, რომ აღარ ექნებათ ისეთი პრობლემები, როგორიც ახლა აქვთ მოზრდილებს, ამბობს ექიმი მაინა.

„საბოლოოდ, ყველანი საკმარისად გავიზრდებით საიმისოდ, რომ ამ ვირუსის წინააღმდეგ საკმარისად ძლიერები ვიყოთ.“

 

♦ სტატიის How Do Children Fight Off the Coronavirus? ავტორია აპურვა მანდავილი, ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც მეცნიერებასა და გლობალურ ჯანმრთლობას აშუქებს. 2008 წელს მან დააარსა პროექტი Spectrum, ჯილდოს მფლობელი ვებ-გვერდი, რომელიც აუტიზმის მეცნიერებას ეხება და რომელმაც მილიონობით აუდიტორია მოიზიდა. ამ ჯგუფისა და პროექტის ხელმძღვანელი აპურვა 13 წლის განმავლობაში იყო. ორი წლის განმავლობაში რეგულარული კონტრიბუციის შემდეგ, 2020 წლის მაისში აპურვა „ნიუ იორკ ტაიმზის“ მედიცინის მეცნიერებაზე მწერალი ჟურნალისტების გუნდს შეუერთდა. 2019 წელს მან ვიქტორ კონის პრიზი მიიღო მედიცინის მეცნიერების საუკეთესოდ გაშუქებისთვის.

სტატია თარგმნა ცირა გვასალიამ. ცირა გარემოსდაცვით და სამედიცინო საკითხებს საქართველოში 2009 წლიდან აშუქებს, 2018 წლიდან კი საკუთარ პლატფორმაზე კაქტუსი." ბოლო წლებში გაშუქებულ თემებს შორის იყო მასტექტომიის [ძუძუს მოკვეთის] შესახებ ცნობიერება პაციენტ ქალებშიკავშირი ჯანმრთელობის დარღვევებსა და გარემოს დაბინძურებას შორის და  ნარკოტიკების შესახებ ცნობიერება ქართველ ახალგაზრდებში. 2017 წელს სტატიამ მისი თანაავტორობით "C for Community", რომელიც საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას და მის გამო რუსეთიდან საქართველოში პაციენტების მიგრაციას ეხებოდა, გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის [ICIJ] სპეციალური პრიზი დაიმსახურა. სტატიამ "საშიში ექსპერიმენტები მოზარდების თავის ტვინებზე" 2010 წელს "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" პრიზი მიიღო. 

 Photo Credit: Vassil Donev/EPA, via Shutterstock

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>