მეცნიერება

SARS-CoV-2-ით მეორედ ინფიცირება - გენეტიკური მტკიცებულება




ჟურნალ "ლანცეტში" გამოქვეყნებული კვლევის მოკლე მიმოხილვა

მეცნიერებას ჯერ კიდევ არ აქვს პასუხი კითხვაზე, რამდენად იცავს ადამიანს იმუნიტეტი ახალი კორონავირუსის -  SARS-CoV-2-სგან. ახალი კორონავირუსით რეინფიცირების, ანუ ხელახლა ინფიცირების, რისკების შესახებ ბოლომდე ცხადი სამეცნიერო შეთანხმება არ არსებობს. 

12 ოქტომბერს ჟურნალ "ლანცეტში" გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღწერილია შემთხვევა, როცა ერთი და იგივე ადამიანი ახალი კორონავირუსის ორი სხვადასხვა გენეტიკური ფორმით დაინფიცირდა. 

25 წლის მამაკაცმა, რომელიც ნევადის შტატის მცხოვრებია, შტატის ჯანმრთელობის დაცვის პირებს ახალი კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა წარუდგინა. მას სიმპტომები ჰქონდა. პირველი შემთხვევა 2020 წლის აპრილში აღირიცხა, საჯარო ტესტირების შედეგებით და მეორე - ამავე წლის ივნისის დასაწყისის შემთხვევაა, რომლის დროსაც ის პირველადი ჯანდაცვის კლინიკაში მკურნალობდა.  

მედიკოსებმა ახალი კორონავირუსის გენომის ნიმუშები ნაზოფარენგიალური [ზედა სასუნთქი გზები] ნაცხების ანალიზებიდან აიღეს. სპეციალურად გადამოწმდა და დადასტურდა ის ფაქტიც, რომ ვირუსის ორი სხვადასხვა სახეობა ერთსა და იმავე ადამიანს, დროის მოკლე მონაკვეთში, შეეყარა. 

 

კვლევის შედეგები

25 წლის მამაკაცს ორჯერ შეხვდა ახალი კორონავირუსის გენეტიკურად მნიშვნელოვნად სახეცვლილი ფორმები: ერთი 2020 წლის 18 აპრილს დაუდასტურდა, ხოლო მეორე - 2020 წლის 5 ივნისს. ამ ორ შემთხვევას ერთმანეთისგან წინა შემთხვევის უარყოფითი ტესტის პასუხი ჰყოფდა [რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ტიპის ვირუსისგან პაციენტი განიკურნა, მეორით დაინფიცირებამდე]. 

ახალი კორონავირუსის ორი ქვეტიპი გენეტიკურად მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მეორე ინფექციის წყარომ - ვირუსის მეორე გენოტიპმა, პირველთან შედარებით, ბევრად მწვავე დაავადება გამოიწვია.  

 

მონაცემების ინტერპრეტაცია

ამ კვლევის ფარგლებში აღმოჩენილი ახალი კორონავირუსის ორი გენოტიპი მნიშვნელოვად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.  შედეგები აჩვენებს, რომ ეს პირი ორჯერ დაინფიცირდა ორი გენეტიკურად განსხვავებული ვირუსით. 

შესაბამისად, კვლევის ავტორების თქმით, ერთხელ ამ ვირუსის მოხდა არ ნიშნავს, რომ ადამიანის იმუნიტეტი სხვა შემთხვევებში იმუშავებს. შესაბამისად, ადამიანები ფრთხილად უნდა იყონ იმისდა მიუხედავად, მოიხადეს თუ არა მათ ეს ვირუსი წინა შემთხვევებში.

იგივე შეიძლება ითქვას ვაქცინის განვითარებასა და მისი წარმოების პრინციპებზეც.

 

შესწავლილი შემთხვევის ისტორია

25 წლის პაციენტს, ნევადის შტატიდან, ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნების ჰქონდა [ყელის ტკივილი, ხველება, თავის ტკივილი, გულისრევა და ფაღარათი], რომელიც 2020 წლის 25 მარტს დაიწყო. პაციენტს სხვა მნიშვნელოვანი თანმხლები დაავადებების ისტორია არ ჰქონია და არც სხვა ცხადი იმუნური პრობლემები. ის თავს კარგად გრძნობდა 28 მაისამდე. 31 მაისიდან კლინიკაში მკურნალობა დასჭირდა, რადგან ჰქონდა ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა და ფაღარათი, რომლის დროსაც მკერდის რადიოგრაფია გადაუღეს და სახლში გაუშვეს. 

5 დღის შემდეგ, [2020 წლის 5 ივნისს], პაციენტი ისევ მოხვდა პირველადი ჯანდაცვის სისტემაში, რომლის დროსაც მას სუნთქვის უკმარისობა და ჰიპოქსია - ჟანგბადის ნაკლებობა - აღენიშნებოდა. მას ხელოვნური ჟანგბადი დასჭირდა, რეანიმაციულ განყოფილებაში გადამისამართდა და იქ გააგრძელა მკურნალობა. 

 

ნაცხის დამუშავების პროცედურები

ნაცხის ნიმუშები, რომელიც ამ ადამიანისგან ზედა სასუნთქი გზებიდან იქნა აღებული, როგორც საჯარო ტესტირების, შემდეგ კი იმ კლინიკის ნიმუშების ბაზიდან, სადაც პაციენტი მკურნალობდა, ნევადის შტატის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ლაბორატორიაში გააგზავნეს. 

ვირუსული გენომური თანმიმდევრობის გასაშიფრად, ვირუსის რიბონუკლეინის მჟავის მთელი, ერთი ერთეული აიღეს ნიმუშად. 

 

დისკუსია 
 
ეს შემთხვევა აღწერს სამხრეთ ამერიკაში ახალი კორონავირუსით მეორედ დაინფიცირების პირველ შემთხვევას.
 
სხვა ასეთი შემთხვევებიც აღიწერა, მათ შორის, ეკვადორში, რომლის დროსაც პაციენტს მეორედ ინფიცირების დროს ბევრად მწვავე სიმპომები ჰქონდა, ვიდრე პირველი ინფიცირების დროს.
 
მეორედ ინფიცირების სხვა შემთხვევებს ბელგიაში, ნიდერლანდებსა და ჰონგ კონგში არ ჰქონდათ უფრო მწვავე სიმპტომები, პირველთან შედარებით. 
 
თუ რატომ იყო მეორე ინფექცია უფრო მწვავე ზემოთ განხილულ შემთხვევაში, ზუსტად უცნობია. შესაძლოა, პაციენტმა მეორედ ვირუსის უფრო დიდი დოზა მიიღო და ამან გამოწვია უფრო მწვავე სიმპტომები.  

მეორე შესაძლო მიზეზია ის, რომ ვირუსის მეორე ვერსია უფრო ძლიერი [ვირულენტური] იყო, ან უფრო ძლიერად იმუშავა ამ კონკრეტული პაციენტის კონტექსტში. 

მესამე მიზეზი, შესაძლოა, ყოფილიყო ანტისხეულებზე დამოკიდებული გამწვავების [antibody-dependent enhancement] სინდრომი, რომლის დროსაც იმუნური უჯრედები ინფიცირდებიან ვირუსით, რადგან ვირუსი სპეციფიური ანტისხეულის რეცეპტორებს ებმის.  

პაციენტი, რომლის მონაცემები კვლევისთვის გამოიყენეს, საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და სახლში გაწერეს.
 
 
ეფექტური დიზაინის ვაქცინის წარმოების გამოწვევები
 
ეს შედეგები ასევე მნიშვნელოვან მინიშნებებს იძლევა ახალი კორონავირუსის ვაქცინების წარმოების მიმართულებითაც. 
 
როცა მეორედ ინფიცირების შემთხვევა აღირიცხება, ეს ნიშნავს, რომ იმუნური სისტემა 100%-ით ვერ იცავს ადამიანს, ერთი წარმომავლობის, მაგრამ განსხვავებული ელფერის, ვირუსის სახეცვლილი ფორმისგან.
 
ეს მოვლენა უკვე კარგად ცნობილია ინფლუენზას ვაქცინების წარმოების კონტექსტში, რომლის ეფექტური ვაქცინების დიზაინიც დიდი გამოწვევაა ყოველ წელს.
 
 
 
 
დეტალები ნახეთ ორიგინალშიGenomic evidence for reinfection with SARS-CoV-2: a case study, The Lancet
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>