მეცნიერება

Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინამ, წინასწარი მონაცემებით, 90% ეფექტურობა აჩვენა




ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა დღეს გამოაცხადა, რომ მათი ახალი კორონავირუსის ვაქცინის კანდიდატის კლინიკური კვლევის წინასწარმა მონაცემებმა დამაიმედებელი შედეგები აჩვენა.

კომპანიის განცხადებით, ამ მონაცემების თანახმად, ვაქცინის ეს კანდიდატი ეფექტურია ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის.

Pfizer-მა, რომელიც ამ ვაქცინას გერმანულ კომპანია BioNTech-თან ერთად აწარმოებს, ჯერ-ჯერობით მხოლოდ მშრალი მონაცემები გამოაქვეყნა. ეფექტურობის დამამტკიცებელი წინასწარი მონაცემები კვლევის გარე ექსპერტების პანელის პირველი ფორმალური შეფასებაა. 

კომპანიის თქმით, კლინიკური კვლევის მესამე ფაზის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოჩნდა, რომ ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტურობა აჩვენა ახალი კორონავირუსის პრევენციის საქმეში ისეთ მოხალისეებში, რომლებსაც ადრე არ ჰქონდათ გადატანილი ახალი კორონავირუსი. თუ შედეგები ასე შენარჩუნდება, ამ ვაქცინის დაცვის დონე მაღალი იქნება და ბავშვებში მაღალეფექტური წითელას ვაქცინის ეფექტურობის დონეს გაუტოლდება. ვაქცინას, კომპანიის განცხადებით, სერიოზული გვერდითი ეფექტები არ ჰქონია და უსაფრთოხების საკითხი არ დგას.

ვაქცინის დამტკიცების მიზნით, კომპანია Pfizer ამერიკის საკვები პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაციას [F.D.A.] ამ თვის ბოლოს მიმართავს, მას შემდეგ, რაც ორი თვის უსაფრთხოების მონაცემებს მოაგროვებს და მარეგულირებელს წარუდგენს. კომპანიის აღმასრულებლის თქმით, ამ წლის ბოლოს კომპანიას უკვე ექნება წარმოებული 15-20 მილიონი ადამიანის ვაქცინირებისთვის საკმარისი დოზა. 

თუ Pfizer-ის ვაქცინის ეფექტურობა მართლა 90%-ია, ის ბევრად აჭარებებს F.D.A.-ს დამტიცების კრიტერიუმებს: ა.შ.შ.-ს მარეგულირებლის მოთხოვნით, ახალი კორონავირუსის ვაქცინის ეფექტურობა, სულ მცირე, 50 პროცენტი უნდა იყოს, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით კი არც ერთი ვაქცინა არ არის 100 პროცენტით ეფექტური.

კომპანიამ ინფორმაცია ვაქცინის 90%-ით ეფექტურობის შესახებ პრეს-რელიზის სახით გამოაქვეყნა, მაგრამ მონაცემები ჯერ-ჯერობით არც ერთ რეცენზირებად ჟურნალში არ გამოქვეყნებულა. ინფორმაცია ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ საკმარისად მომცველი არ არის და კვლევის მსვლელობის დროს ეფექტურობის გამოცხადებული 90%, შესაძლოა, შეიცვალოს. 

დამოუკიდებელი ექსპერტები უფრო სკეპტიკურად უყურებენ ადრეულ მონაცემებზე დაყრდნობით ეფექტურობაზე მსჯელობასა და დასკვნების გამოტანას მანამ, სანამ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სრულყოფილი მონაცემები არ მოგროვდება.

ჯერ-ჯერობით ისიც უცნობია, რამდენი ხანი დაიცავს ვაქცინა ადამიანს ინფიცირებისგან.

Pfizer პირველი კომპანიაა, რომელმაც დამაიმედებელი შედეგები გამოაცხადა კვლევის ბოლო, მესამე ფაზის ეტაპზე, რითაც ის ახალი კორონავირუსის ვაქცინების გლობალურ რბოლაში დაწინაურდა, - აჩქარებულ პროცესში, რომელიც 2020 წლის იანვარში დაიწყო და აქამდე უპრეცედენტო სიჩქარით მიიწევს წინ.

ამჟამად ახალი კორონავირუსის 11 ვაქცინის კანდიდატია მესამე ფაზაში. 

Pfizer-ის წარმატება, შესაძლოა, კარგი ნიშანი იყოს მეორე ამერიკული კომპანია Modernaს-თვის, რომელიც იგივე ტექნოლოგიას იყენებს ვაქცინის წარმოებისთვის [ორივე გენეტიკური ვაქცინაა]. Moderna-მ განაცხადა, რომ წინასწარი შედეგები ამ თვის ბოლოს ექნება.  

 

♦ ასევე გაეცანით "კაქტუს-მედიის" ახალი კორონავირუსის ვაქცინების ცნობარს 

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>