მეცნიერება

ოქსფორდის ვაქცინა: როგორ შექმნეს ის ასე სწრაფად?




ოქსფორდის ვაქცინა: როგორ შექმნეს ის ასე სწრაფად?

ათწლიანი მუშაობის ნაცვლად, ეს ვაქცინა ათ თვეში შეიქმნა ისე, რომ მისი დიზაინის, ტესტირებისა და წარმოების პროცესში კომპრომისი უსაფრთხოებასა და ხარისხზე არ დაშვებულა.  

ორი მოცემულობა: სიჩქარე და ხარისხი - თითქოს ერთმანეთის საწინააღმდეგო მოვლენები უნდა იყოს. ჩნდება კითხვა: როგორ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ასე სწრაფად შექმნილი ოქსფორდის ვაქცინა [რომელმაც COVID-19 ის შეჩერების კუთხით პირველი ეფექტური შედეგები აჩვენა] უსაფრთხოა?

ამ სტატიაში გაიგებთ ნამდვილ ამბავს, თუ როგორ შეიქმნა ოქსფორდის ვაქცინა ასეთ მოკლე დროში.

ეს ამბავი ემყარება როგორც იღბალს, ასევე  მეცნიერების უშეცდომო, ბრწყინვალე მუშაობას; უკავშირდება ებოლას აფეთქებას და შიმპანზეს სურდოს; აგრეთვე მეცნიერებს, რომელთა საბანკო ანგარიში ჯერ ცარიელი იყო, შემდეგ კი ისინი, ვაქცინის მომზადების პერიოდში, კერძო ჩარტერული თვითმფრინავითაც კი დაფრინავდნენ ერთი ქვეყნიდან მეორეში მაშინ, როცა ევროპა ჩაკეტილი იყო.

 

 ვაქცინაზე მუშაობა წლების წინ დაიწყო

ვაქცინის შექმნაზე საუბრისას, არასწორია იმის დაშვება, რომ მისი შექმნა ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ერთად  დაიწყო.

მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურმა ებოლას ინფექციის გავრცელებამ, 2014-2016 წლებში, კატასტროფულ შედეგამდე მიგვიყვანა. ებოლას აფეთქებაზე რეაგირება  დაგვიანებული იყო და 11 ათასი ადამიანი დაიღუპა.

„მსოფლიოს უკეთესად მოქმედება შეეძლო," - ამბობს ოქსფორდის ვაქცინის შემქმნელი პროფესორი, სარა გილბერტი.

პროფესორი სარა ქეთრინ გილბერტი / ოქსფორდის უნივერსიტეტი

ურთიერთბრალდებების შემდეგ, შემუშავდა გეგმა, თუ როგორ უნდა გამკლავებოდა მსოფლიო სხვა მსგავსი დაავადების გავრცელებას. ამ გეგმაში, ნაცნობი საფრთხეების სიის ბოლოს მოაქციეს „დაავადება X” - ახალი, უცნობი ინფექციის აღმნიშვნელი სახელი, რომელიც მსოფლიოს მოულოდნელად დაატყდებოდა თავს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ჯენერის ინსტიტუტმა, რომელიც  1796 წელს პირველად ჩატარებული  ვაქცინაციის ავტორი მეცნიერის - ედუარდ ჯენერის - სახელს ატარებს და სადაც მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები არიან თავმოყრილნი, უცნობი მტრის დამარცხების სტრატეგია შექმნა.

“ვფიქრობდით, როგორ შეგვეძლო სწრაფად მიგვეღო ვაქცინა,“ - ამბობს პროფესორი გილბერტი. 

 

 ტექნოლოგიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი

მათი გეგმის ცენტრალური ნაწილი იყო ვაქცინის რევოლუციური დიზაინი, ცნობილი, როგორც „შეაერთე და გამოსცადე.“ ის უცნობ ორგანიზმთან დასაპირისპირებლად ორ სასურველ თვისებას შეიცავს - ახალი აგენტის წინააღმდეგ სწრაფი და მოხერხებულია. 

სტანდარტული ვაქცინა, მათ შორის ისიც, რომელიც ბავშვების იმუნიზაციის პროგრამაში შედის, იყენებს ან თავდაპირველი ინფექციის დასუსტებულ ფორმას ან მისი ინფექციის ფრაგმენტების ორგანიზმში შეჰყვანის მეთოდს. მაგრამ ასეთი ვაქცინა განსავითარებლად დიდ დროს საჭიროებს.

ამის ნაცვლად, ოქსფორდის მკვლევრებმა შექმნეს ვაქცინა, სახელად ChAdOx1, რომელიც იშიფრება, როგორც შიმპანზეს ადენოვირუსის ოქსფორდის ნომერი ერთი ვაქცინის კანდიდატი.

ამ ვაქცინის  შესაქმნელად, მეცნიერებმა გამოიყენეს გრიპის ვირუსი, რითაც შიმპანზეები ინფიცირდებიან და ის ყველაფრის საწინააღმდეგო ვაქცინის წამყვან კომპონენტად აქციეს.

COVID-19-მდე, ChAdOx1 330 ადამიანს გაუკეთეს ისეთი დაავადებების  საწინააღმდეგოდ, როგორიცაა ზიკას ვირუსი, პროსტატის კიბო და ტროპიკული ციება.

შიმპანზედან მიღებული ვირუსი გენეტიკურად მოდიფიცირებულია და ადამიანს არ აინფიცირებს. მისი მოდიფიცირება  შესაძლებელია ნებისმიერი გენეტიკური სქემის გადასატანად, იმისთვის რომ იმუნური სისტემა სამიზნეზე თავდასხმისთვის ავარჯიშოს. ამ სამიზნეს ანტიგენს უწოდებენ.

ChAdOx1 დახვეწილი, მიკროსკოპული ფოსტალიონია. ერთადერთი, რაც მეცნიერებმა უნდა გააკეთონ მისი სხვადასხვა ვირუსის საწინააღმდეგოდ, მისი გარე "შეფუთვა" უნდა შეცვალონ, სამიზნე აგენტის შესაბამისად.

„შემდეგ ჩვენ მას ვაცდით მოქმედებას,“- ამბობს პროფესორი გილბერტი.

  

1 იანვარი

მაშინ, როცა მსოფლიოს დიდი ნაწილი ახალი წლის ღამის შემდეგ, ჯერ კიდევ საწოლში ნებივრობდა, პროფესორმა გილბერტმა ყურადღება მიაქცია შემაშფოთებელ ინფორმაციას „ვირუსული პნევმონიის“ შესახებ ვუჰანში, ჩინეთში. ორ კვირაში მეცნიერებმა ამ პნევმონიის გამომწვევი ვირუსის გენეტიკა გაშიფრეს და იეჭვეს, რომ ის ადამიანებს შორისაც გავრცელდებოდა.

„ჩვენი გეგმა დაავადება X-ს ეხებოდა, ველოდით დაავადება  X-ს და ვიფიქრე, რომ ეს სწორედ ის უნდა იყოს, რასაც ველოდით,“- ამბობს გილბერტი.

ამ მომენტისთვის მეცნიერთა გუნდმა არ იცოდა, როგორი მნიშვნელოვანი გახდებოდა მათი საქმე. მათი მიზანი იყო გამოცდა იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეძლებდნენ მოქმედებას. აგრეთვე, სურდათ ChAdOx1-ის ტექნოლოგიის დემონსტრირება.

პროფესორი გილბერტი ყვება: “ვიფიქრე, რომ ეს მხოლოდ თეორიული პროექტი იქნებოდა, - ჩვენ შევქმნიდით ვაქცინას, ვირუსი კი თავად გაქრებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.“

  

იღბლიანი შესვენება

უცნაურია ამის თქმა, - შეიძლება უზნეობადაც ჩათვალოს ვინმემ, მაგრამ იღბლიანები ვიყავით, რომ პანდემიის მიზეზი კორონავირუსი გახდა. ამ ტიპის ვირუსების ოჯახი ცხოველიდან ადამიანზე გასული 20 წლის მანძილზე უკვე ორჯერ გადავიდა - 2002 წელს SARS-ის და 2012 წელს MERS -ის სახით.

ეს იმას ნიშნავდა, რომ მეცნიერებმა იცოდნენ ვირუსის ბიოლოგია, მისი ქცევა და მისი აქილევსის ქუსლი  - „სპაიკ ცილა.“

„დასაწყისისთვის დიდი უპირატესობა გვქონდა,“- ამბობს პროფესორი ენდრიუ პოლარდი ოქსფორდის გუნდიდან.

პროფესორი ენდრიუ პოლარდი / ოქსფორდის ვაქცინის შემქმნელ მეცნიერთა ჯგუფის წევრი

სპაიკ ცილა არის ის მთავარი ნაწილი, რომელსაც ვირუსი ჩვენს უჯრედებში შესაღწევად იყენებს. თუ ვაქცინა შეძლებდა იმუნური სისტემის გაწვრთნას სპაიკ ცილაზე თავდასასხმელად, გუნდმა იცოდა, რომ წარმატება გარანტირებული იქნებოდა.

ოქსფორდის გუნდს ცარიელი ფურცლიდან არ დაუწყია.

მათ უკვე შექმნეს ChAdOx1 ვაქცინა MERS-თვის, რომელსაც შეეძლო იმუნური სისტემის გაწვრთნა ცილის  ამოსაცნობად. 

„ეს რომ ყოფილიყო სრულიად უცნობი ვირუსი, მაშინ სხვა პოზიციაში ვიქნებოდით,“- ამბობს პროფესორი პოლარდი.

იღბლიანი დამთხვევა იყო ისიც, რომ კორონავირუსი მხოლოდ მოკლევადიან ინფექციას იწვევს. ეს ნიშნავს, რომ სხეულს შეუძლია გაუმკლავდეს ვირუსს და ვაქცინის როლი ამ პროცესის ხელშეწყობაა. ეს რომ გრძელვადიანი ქრონიკული დაავადება ყოფილიყო, - როგორიცაა აივ ინფექცია, რომლის დამარცხებაც ორგანიზმს არ შეუძლია, საეჭვოა, რომ ვაქცინას ემუშავა.

ერთადერთი, რაც ჯგუფს სჭირდებოდა, ChAdOx1-ში სპაიკ ცილის გენეტიკური ინსტრუქციის ჩატვირთვა იყო.

 

ფული, ფული ფული

ვაქცინის შექმნა ძვირი სიამოვნებაა.

„დასაწყისში რთული იყო. იყო პერიოდი, როცა ფული საერთოდ არ გვქონდა ,“- ამბობს პროფესორი პოლარდი.

მეცნიერებს დაფინანსება უნივერსიტეტიდან ჰქონდათ, მაგრამ ეს არ ძლევდათ უპირატესობას  მსოფლიოში ვაქცინაზე მომუშავე სხვა ჯგუფებთან მიმართებაში.

ოქსფორდის ჩერჩილის საავადმყოფოს ტერიტორიაზე, გუნდს ვაქცინების მწარმოებელი საკუთარი საწარმო აქვს.

„შეგვეძლო გვეთქვა - შეაჩერეთ ყველაფერი და მხოლოდ ამ ვაქცინაზე გადავერთოთ,“- ამბობს პროფესორი პოლარდი.

ეს საკმარისი იქნებოდა პროცესის დასაწყებად, მაგრამ არა ათასობით დოზის შესაქმნელად, რაც დიდ კლინიკურ ცდებს საჭიროებს.

„აპრილამდე ფულის შოვნა ჩემი მთავარი საქმე იყო. დონორები  უნდა დამერწმუნებინა, რომ ვაქცინა ახლა და ამჟამად დაეფინანსებინათ,“- ამბობს პროფესორი გილბერტი.

მაგრამ, მას შემდეგ, რაც მარტში პანდემია გამოცხადდა და ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით ჩაიკეტნენ, დაფინანსებაც გაჩნდა. ვაქცინის წარმოებამ იტალიის საწარმოში გადაინაცვლა და ფულით ისეთი პრობლემების გადაჭრა გახდა შესაძლებელი, რაც სხვა შემთხვევაში ცდებს შეაჩერებდა, მათ შორისაა ევროპის ჩაკეტვით გამოწვეული ლოგისტიკური კატასტროფა.

„რაღაც მომენტში, ჩარტერული თვითმფრინავი გვჭირდებოდა: ვაქცინა ფიზიკურად იტალიაში იყო და კლინიკური კვლევებისთვის დიდ ბრიტანეტში უნდა ჩამოგვეტანა," - ამბობს პროფესორი გილბერტი.   

 

არცთუ ისე მიმზიდველი, მაგრამ აუცილებელი შემოწმება

ხარისხის კონტროლი არასოდეს არაა ვაქცინის პროექტის ყველაზე მიმზიდველი ნაწილი, მაგრამ მედიკოსები ხალხს ექსპერიმენტულ ვაქცინას მანამ არ შესთავაზებენ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ის საკმაოდ მაღალი სტანდარტით არ დამზადდება და მისი უსაფრთოება გარანტირებული არ იქნება.

წარმოების დასაწყისში, უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ ვაქცინა არაა დაბინძურებული ვირუსებით ან ბაქტერიით. წარსულში ეს გრძელი პროცესი იყო.

მას შემდეგ, რაც ცხოველებზე ჩატარებულმა ცდამ აჩვენა, რომ ის უსაფრთხოა, მედიკოსებმა ადამიანებზე ცდების დაწყება 23 აპრილს შეძლეს.

  

განმეორებითი ცდები

ოქსფორდის ვაქცინამ გაიარა კლინიკური კვლევის ყველა ის ეტაპი, რაც ვაქცინას სჭირდება.

კლინიკური ცდების გზა ასეთია:

პირველი ფაზა - ვაქცინა იცდება მცირე რაოდენობის ადამიანებზე, უსაფრთხოების გამოსაცდელად. 

მეორე ფაზა - უსაფრთხოება კიდევ უფრო მეტ ადამიანზე იცდება და აგრეთვე აკვირდებიან, იძლევა თუ არა ვაქცინა საჭირო რეაქციას.

მესამე ფაზა - ფართომასშტაბიანი ცდა, რა დროსაც მონაწილეობს ათასობით ადამიანი იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ვაქცინა  ადამიანებს ნამდვილად იცავს ვირუსისგან.

ოქსფორდის ვაქცინამ ყველა ეს ფაზა გაიარა, მათ შორის, 30 ათასი მოხალისისგან შემდგარი მესამე ფაზის ცდა და გუნდს ახლა იმდენივე ინფორმაცია აქვს მასზე, რამდენსაც ნებისმიერი სხვა ვაქცინის ხანგრძლივვადიანი ცდების დროს მიიღებდა.

პირველად შემდეგი რამ მოხდა: ფაზებს ერთმანეთისგან წლები არ აშორებს.  

დოქტორი მარკ ტოშნერი, რომელიც ამ მულტიცენტრული კვლევის კემბრიჯის ცენტრის  ცდაში იყო ჩართული, ამბობს, რომ აქამდე არსებული ინფორმაცია, თითქოს ვაქცინის დამზადებას 10 წელი სჭირდება, დამაბნეველი ინფორმაციაა.

მისი თქმით: “ამ დროის უმეტეს ნაწილში არაფერი ხდება.“ ამ პროცესში, იწერება სააგრანტო განაცხადები, მათზე იღებენ უარს, წერენ განმეორებით. შემდეგ იღებენ ნებართვას, რომ ჩაატარონ კლინიკური ცდა, არის მოლაპარაკებები მწარმოებლებთან და ცდილობენ საკმარისი რაოდენობის ადამიანების მონახვას, რომ ამ ცდებში მიიღონ მონაწილოება. ერთი ფაზიდან მეორემდე მიღწევას წლები სწორედ ამ მიზეზების გამო სჭირდება. პროცესი გრძელია, არა იმიტომ, რომ ასე უნდა იყოს და რომ ასე უფრო უსაფრთხოა, არამედ ასეთია მსოფლიო რეალობა,“- ამბობს დოქტორი ტოშნერი.

უსაფრთხოების კომპრომისი არ მომხდარა.

მივიღეთ  უპრეცედენტო მეცნიერული სწრაფვა კლინიკური ცდების დასაწყებად, უამრავი მოხალისე ადამიანის გამოჩენა, რომელთაც ცდაში მონაწილეობის მიღება სურდათ და რა თქმა უნდა დაფინანსება, რომელმაც ბევრი წინაღობა მოხსნა.

ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები მომავალში არ იქნება - კლინიკური კვლევის ფაზები ყველანაირ გარანტიას ვერ იძლევა. როგორც წესი, ვაქცინის გვერდითი ეფექტები ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე თვეში  ჩნდება. შესაძლოა, რომ უცნობი პრობლემები წარმოიშვას, მას შემდეგ, რაც მილიონობით ადამიანის იმუნიზაცია მოხდება, - ასე ხდება სხვა ვაქცინების შემთხვევაშიც.

  

 შემდეგი ეტაპიც სწრაფი იქნება

დაჩქარდა გეგმა მარეგულირებლების მხრიდან დასამტკიცებლად და ვაქცინის წარმოების დასაწყებად.

დიდ ბრიტანეთს უკვე ვაქცინის 4 მილიონი დოზა აქვს, მოსახმარად გამზადებული. ოქსფორდის სამეცნიერო გუნდი ფარმაცეტვული კომპანია AstraZeneca-ს პარტნიორია და ვაქცინის წარმოება შედეგების მიღებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

იმ დროს ეს ლატარიასავით იყო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ცდა ამად ღირდა.

მარეგულირებლებიც უფრო ადრე ჩართეს პროცესში. როგორც წესი, ამისთვის კლინიკური ცდების დასრულებას ელიან ხოლმე.

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო განუწყვეტლად განიხილავდა და აკონტროლებდა ვაქცინის უსაფრთხოების, წარმოების სტანდარტის და ეფექტურობის  ხარისხს. 

ოქსფორდის ვაქცინა, Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინების მსგავსად, განსაკუთრებული საჭიროების პირობებში, რეკორდულ დროში შეიქმნა.

 

 

ეიმზ გალაჰერის სტატია Oxford vaccine: How did they make it so quickly? თარგმნა თაკო ფარადაშვილმა. 

♦ თაკო კომუნიკაციის მენეჯერია ჰოლანდიურ სამედიცინო პროფილის კომპანიაში Bambi Medical. მანამდე, მუშაობდა ჟურნალისტად საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში, ჟურნალ „ლიბერალში“ და media.ge-ში. პერიოდულად თარგმნიდა ამერიკულ გაზეთ The New York Times-ის სტატიებს გაზეთ „24-საათისთვის.“ თაკოს ფლობს ორ სამაგისტრო ხარისხს მედიისა და კომუნიკაციების მენეჯმენტის და მედიისა და ხელოვნების კვლევის პროგრამებში. "ლინკდინის" პროფილი - Tamar Pharadashvili 

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>