არსებობს მოსაზრება, რომ კორონავირუსით გამოწვეული დაავადების, COVID-19-ის, გამწვავების ერთ-ერთი მიზეზი ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტია.
თვით ენტონი ფაუჩიმაც კი, ცნობილმა ამერიკელმა ინფექციონისტმა, განაცხადა, რომ საკვები დანამატის სახით D ვიტამინს იღებდა. ფაუჩიმ აღნიშნა, რომ D ვიტამინი ეხმარება ადამიანის ორგანიზმს, მედგრად დაუხვდეს ახალ კორონავირუსს.
“მეც ვიღებ D ვიტამინს და სხვასაც ვურჩევ,” - განაცხადა ფაუჩიმ.
D ვიტამინს ადამიანი მზის სხივებიდან იღებს, ნაწილს კი ამავე ვიტამინით გამდიდრებული საკვებიდან, მათ შორის, რძის, ხილის წვენებისა და ბურღულეულიდან.
ახლახან ჟურნალ Journal of the National Medical Association-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, D ვიტამინის ნაკლებობა, შესაძლოა, იყოს მიზეზი ამერიკის შეერთებულ სტატებში ფერადკანინანი და ლათინო მოსახლეობაში ამ ვირუსის უფრო მეტად გავრცელების, თეთრკანიან მოქალაქეებთან შედარებით.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯანდაცვისა და კვების შესახებ კვლევიდან, რომელშიც 4962 ადამიანი მონაწილეობდა, აღმოჩნდა, რომ მონაწილეების 39.92%-ს D ვიტამინის დეფიციტი ჰქონდა: უფრო ნაკლები, ვიდრე 20 ნანოგრამი მილილიტრზე. D ვიტამინი უფრო ნაკლები კონცენტრაციით იყო ჭარბი წონის მქონე პოპულაციაში ან I და II ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებში. ჯანმრთელობის ეს სამივე ფაქტორი კი დამატებითი რისკ-ფაქტორებია ახალი კორონავირუსის მართვის დროს.
ფაუჩის რეკომენდაციის მიუხედავად, ზუსტი კავშირი ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტსა და ინფექციური დაავადებების უფრო მწვავედ განვითარების რისკებს შორის მტკიცებულებებითი მონაცემებით არ მტკიცდება: მონაცემები მწირი ან შერეულია ანგარიშის თანახმად, რომლის შემდეგაც D ვიტამინის დანამატის სახით მიღებაზე რეკომენდაციები განახლდა.
“არსებობს მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ D ვიტამინს იმუნური სისტემის რეგულირება შეუძლია და ამით, შესაძლოა, “ციტოკინური შტორმი” [იმუნური სისტემის მწვავე, გადამეტებული რეაქცია უცხო სხეულზე] აარიდოს პაციენტს,”- ამბობს ქეთრინ როსი, მედიცინის დოქტორი. “მეორე მხრივ, იმუნიტეტის რეგულირება ასევე სასაგებლო იქნებოდა ანტისხეულების მართვის თვალსაზრისითაც.”
ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემები
კვლევები D ვიტამინსა და COVID-19-ის ურთიერთმიმართებაზე ბევრი არაა და ხშირად შედეგები მყარად ერთი მიმართულებით არაფერს ამტკიცებს:
-
კვლევაში, რომელიც საფრანგეთში ჩატარდა, 77 ხანდაზმული იღებდა მონაწილეობას. ექიმებმა შეამოწმეს, COVID-19-ის დიაგნოზამდე, იღებდნენ თუ არა ეს პაციენტები D ვიტამინს, დანამატის სახით. შედეგებიდან აღმოჩნდა, რომ მათ, რომლებიც D ვიტამინს იღებდნენ, ნაკლებად მწვავედ განუვითარდათ დაავადება, ვიდრე მათ, რომლებიც არ იღებდნენ. რენდომიზებული კლინიკური კვლევის ფარგლებში, რომელიც ესპანეთში ჩატარდა 76 პაციენტს შორის, აღმოჩნდა, რომ ვისაც D ვიტამინის მაღალი შემადგენლობა ჰქონდა, ნაკლებად მწვავედ განუვითარდა ახალი კორონავირუსის ინფექცია. თუმცა, ეს კვლევა მცირეა და დიდ მასშტაბებზე საუბარი უფრო რთულია
-
მეორე მხრივ, კვლევამ, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში ჩატარდა, D ვიტამინსა და ახალი კორონავირუსის ინფექციის განვითარებას შორის კავშირი ვერ აღმოაჩინა. იმავე დღეს, სხვა სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, D ვიტამინის ნაკლებობა კავშიშია მწვავე ინფექციის განვითარებასთან, თუმცა, ასაკი, სქესი და თანხმლები დაავადებებიც თამაშობენ როლს სიკვდილიანობასა და დაავადების მწვავედ განვითარებას შორის. ცხრა დღის შემდეგ, სხვა იტალიურმა ჯგუფმა ობზერვაციული კვლევა გამოაქვეყნა, სადაც 324 პაციენტის მონაცემები გაანალიზდა და დაასკვნეს, რომ ორგანიზმში D ვიტამინის არსებობა არ უკავშირდებოდა პაციენტებში ინფექციის გამწვავებასა და ჰოსპიტალიზების რისკებს
-
შედარებით ახალმა კვლევამ, რომელიც ჩიკაგოს უნივერსიტეტის მედიკოსებმა ჩაატარეს, მაღალი ალბათობით დაადასტურა D ვიტამინის ნაკლებობასა და SARS-CoV-2 დადებით შედეგებს შორის კავშირი. თუმცა, უფრო ადრე ჩატარებულმა კვლევამ ასეთი კავშირი ვერ აღრიცხა. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მედიკოსების თქმით, კვლევაში მონაწილე ადამიანების სისხლში D ვიტამინის არსებობა დაახლოებით 10 წლის წინ ჩატარდა და COVID-19-ის შემთხვევებამდე დიდი დრო იყო გასული: შესაძლოა, უკვე შეიცვალა მონაცემები პაციენტებში D ვიტამინის კონცენტრაციასთან დაკავშირებით
ინტერესთა კონფლიქტი?
2020 წლის ადრეულ დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების კლინიკური კვლევების ბაზაში - ClinicalTrials.gov არაერთი კვლევა დარეგისტრირდა, რომლებიც D ვიტამინის ნაკლებობასა და COVID-19-ს შორის კავშირს ეძებს. ჯერ ამ კვლევების მონაწილეების მოძიება არ დაწყებულა.
უცნობია, გაცემენ თუ არა კითხვებზე პასუხებს ეს კვლევები.
კვლევების “სპონსორებისა და კვლევაში ჩართული მხარების” განყოფილება აჩვენებს, რომ კვლევების სპონსორებს “აწყობთ” აღმოჩნდეს, რომ D ვიტამინის დეფიციტსა და COVID-19-ს შორის კავშირი დადასტურდეს, რაც ინტერესთა კონფლიქტს აჩვენებს.
იგეგმება სამი კვლევის ჩატარება, რომლებიც D ვიტამინისა და ჰიდროქსიქლოროქინის კომბინაციის ეფექტებს სწავლობს; ხოლო ჰიდროქსიქლოროქინი რომ ეფექტური არ არის ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, უკვე არაერთი კვლევით დამტკიცდა და ამ მონაცემების ნაწილი JAMA-შიც გამოქვეყნდა.
ექიმ როსის თქმით, კლინიკური კვლევების სანდოობა რომ მაღალი იყოს, დამფინანსებლებს შედეგებზე ინტერესი არ უნდა ჰქონდეთ. ამ მხრივ, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის [National Institutes of Health (NIH)] მიერ დაფინანსებული კვლევა მიუკერძოებელია. ClinicalTrials.gov-ზე დარეგისტრირებული კვლევებიდან, რომლებიც D ვიტამინსა და COVID-19-ს ეხება, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დაფინანსებული არ არის.
ჯოან მენსონი, მედიკოსი და Brigham and Women’s Hospital-ის ხელმძღვანელი, ერთ-ერთი მსგავსი კვლევის ხელმძღვანელია. ივლისში, მენსონი თანაავტორი იყო კვლევისა “დროა, ვიმოქმედოთ,” რომელიც D ვიტამინის დახმარებით ახალი კორონავირუსის ელიმინაციაზე ამახვილებდა ყურადღებას. ეს კვლევა, 11 სამეცნიერო წყაროდან ორ საეჭვო სამეცნიერო წყაროს ციტირებდა: ინდონეზიური კვლევა, რომელსაც რეცენზია არ გაუვლია; მეორე საეჭვო წყარო იყო British Medical Journal-ში გამოქვეყნებული სტატია “სასწრაფო დახმარება,” რომელიც ასევე რეცენზიაგაუვლელ წყაროს იმოწმებდა.
Tishcon Corporation, ვიტამინებისა და საკვები დანამატების მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანია და Quest Diagnostics, რომელიც $ 69 ღირებულების D ვიტამინს ყიდის, იმ კვლევების თანასპონსორები არიან, რომლის ხელმძღვანელიც მენსონია. ამ კვლევის დანარჩენი მხარეები არიან პრესტიჟული შვედური დაწესებულება - Karolinska Institute და ჰარვარდის სამედიცინო სკოლა.
პედიატრი ქეროლ ვაგნერი, სამხრეთ კაროლინის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, უძღვება კვლევას, რომლის ორი სპონსორი მისი კონკრეტული შედეგებითაა დაინტერესებული. ZRT Laboratory, რომელიც ასევე ყიდის D ვიტამინს $75-ად, კვლევის დაინტერესებული მხარეა.
Grassroots Health Nutrient Research Institute პროგრამა “D*action,”-ს ახორციელებს, რომელიც გლობალურად მოსახლეობის D ვიტამინით მომარაგებას ისახავს მიზნად; ეს პროგრამა კი D ვიტამინის შემოწმების პროგრამაში მონაწილეებს $ 65 დოლარს ართმევს.
“D ვიტამინის დეფიციტს უნდა ვერიდოთ,” ამბობს ექიმი როსი. “თუ საკვები, რასაც ვიღებთ, არ შეიცავს D ვიტამინს, მაშინ მისი რეკომენდებული დოზის [600-1000 ერთი დღე] მიღება კარგი გამოსავალია.”
♦ სტატიის ავტორია რიტა რუბინი. რუბინი ამერიკელი სამედიცინო ჟურნალისტია. მისი ანალიტიკური სტატია Sorting Out Whether Vitamin D Deficiency Raises COVID-19 Risks სამედიცინო ჟურნალ JAMA-ში 2021 წლის 6 იანვარს გამოქვეყნდა