2020 წლის 11 დეკემბერს ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ [F.D.A.] ახალი კორონავირუს წინააღმდეგ საგანგებოდ დაუშვა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა. ვაქცინა ორი დოზისგან შედგება და ის ადამიანის ორგანიზშმი 21 დღის გამოშვებით შეჰყავთ.
ამ დაშვების შემდეგ იმუნიზაციის საკონსულტაციო საბჭომ შუალედური რეკომენდაცია გამოსცა, რაც ვაქცინის უსაფრთოდ მიღების წესებს აღწერს.
ანაფილაქსიური რეაქცია ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში იმუნური პასუხია, რომელიც იშვიათად, მაგრამ მაინც დგება ვაქცინაციის შემდეგ, ინექციიდან რამდენიმე წუთის ან საათის შემდეგ. Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ ანაფილაქსიური რეაქციის შემთხვევები აღირიცხა.
ხსენებული შემთხვევები ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების სისტემურ [Vaccine Adverse Event Reporting System (VAERS)] რეესტრში აღირიცხა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაბამის მონაცემებს უყრის თავს. შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრების [US Centers for Disease Control and Prevention (CDC)] ექიმებმა ეს შემთხვევები შეაფასეს და მათი ვაქცინასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირები სპეციალური კრიტერიუმის [Brighton Collaboration case definition criteria] მიხედვით გაფილტრეს და დაითვალეს.
ანაფილაქსიური ან/და არაანაფილაქსიური ალერგიული რეაციები, რომლებიც ვაქცინის მიღებიდან ერთი დღის შემდეგ განვითარდა, ამ სტატისტიკაში არ ჩათვალეს, ვინაიდან რთულია ასეთი შემთხვევების პირდაპირ ვაქცინაციასთან დაკავშირება. იქიდან გამომდინარე, რომ Moderna-ს ვაქცინა მხოლოდ დეკემბრის ბოლოდან იყო ხელმისაწვდომი, ამ სტატიაში მხოლოდ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინების შედეგებია განხილული.
შემთხვევათა სტატისტიკა
2020 წლის 14-23 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 893 360 ადამიანს გაუკეთეს Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის პირველი დოზა [1 177 527 ქალი, 648 327 მამაკაცი, ხოლო 67 506 ადამიანის სქესი გაურკვეველი იყო]; აქედან CDC-მ 21 შემთხვევა ამოიღო, რომლებიც შემთხვევათა დეფინიციის კრიტერიუმებით, ემთხვეოდა ვაქცინით გამოწვეულ ანაფილაქსიური შოკის გამოწვევის მიზეზ-შედეგობრივ კრიტერიუმს. სტატისტიკა ასე გადანაწილდა: 11.1 ადამიანი ერთ მილიონზე.
21 ვაქცინირებულიდან, რომლებმაც ანაფილაქსიური შოკი მიიღეს, 4 პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს [მათ შორის, სამი ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში], 17-ს სასწრაფო სამეციცინო დახმარება გაუწიეს; ხოლო 20 - მალევე უკეთ გახდა და სახლებში გაუშვეს.
Pfizer-BioNTech-ით ვაქცინირების დროს ანაფილაქსიური ან არაანაფილაქსიური ალერგიული რეაციების შედეგად არავინ გარდაცვლილა.
ალერგიული რეაციების დადგომის პერიოდი
ხსენებული პაციენტების მაგალითზე, ვაქცინის მიღებასა და სიმპტომების დადგომას შორის მედიანური დრო იყო 13 წუთი [2-150 წუთი]; 15 პაციენტს სიმპტომები 15 წუთში გამოუვლინდა, 18-ს - 30 წუთის შემდეგ.
ყველაზე გავრცელებული სიმპტომები იყო ციება, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება და ყელის პარალიზების შეგრძნება.
პაციენტების 81%-ს ჰქონდა ალერგიის ან ალერგიული რეაქციების დოკუმენტირებული და დასაბუთებული წინა შემთხვევები, მათ შორის სხვა მედიკამენტებზე, საკვებზე და მწერების ნაკბენზე; 33%-ს ჰქონდა ანაფილაქსიური ალერგიული რეაქციის ისტორია წარსულში, მათ შორის ინფლუენზასა [კონკრეტულად H1N1 შტამის] და ცოფის ვაქცინებზე.
ამ პერიოდში, არაანაფილაქსიური ალერგიული რეაციის 83 შემთხვევა აღრიცხა Pfizer-BioNTech COVID-19-ის ვაქცინაზე. აღნიშნულ შემთხვევებში, სიმპტომები იყო ქავილი, გამონაყარი, სიმშრალის შეგრძნება ყელში და სხვა მსუბუქი რესპორატორული რეაქციები.
რეკომენდაციები
რადგან COVID-19 ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების გარდაცვალების რისკებს ზრდის და მისი სამკურნალო საშუალებებიც მწირია, ამ დაავადების დასამარცხებლად და პანდემიის მართვისთვის მნიშვნელოვანია ვაქცინაცია.
ამერიკულ CDC-ს გამოქვეყნებული აქვს COVID-1-ის mRNA ვაქცინების მიღების შემდეგ ანაფილაქსიური ალერგიული რეაციების მართვის წესები.
უფრო კონკრეტულად, ვაქცინაციის ყველა ცენტრში უნდა იყოს 1) საჭირო საშუალებები ანაფილაქსიური რეაქციის მართვისთვის, მათ შორის, საკმარისი რაოდენობით ეპინეფრინი, ჩასხმული სტერილურ შპრიცში ან/და აუტოინექციის საშუალებები; 2) უნდა გამოიკითხონ ყველა შესაძლო რისკის ისტორიის მქონე პაციენტები; 3) პაციენტს უნდა დააკვირდნენ ვაქცინაციიდან 15-30 წუთის განმავლობაში იმის გათვალისწინებით, ჰქონდათ თუ არა მას წარსულში ალერგიული რეაქციის ისტორია; 4) ექიმებს ან ექთნებს, რომლებიც ვაქცინაციას ატარებენ, უნდა შეეძლოთ რისკის მქონე ადამიანების ადრეულ პერიოდში ამოცნობა და 5) თუ პაციენტს ანაფილაქსური რეაქცია აღენიშნა, მაშინვე უნდა შეუყვანონ ეპინეფრინი, რათა გარდაცვალება აირიდონ თავიდან.
♦ მასალის წყაროა სტატია Allergic Reactions Including Anaphylaxis After Receipt of the First Dose of Pfizer-BioNTech COVID-19 Vaccine, რომელიც ამერიკულ სამედიცინო ჟურნალ JAMA-ში 2021 წლის 21 იანვარს გამოქვეყნდა