მეცნიერება

ვაქცინების განაწილება ქვეყნების მიხედვით - განახლებადი




მსოფლიოში 147.2 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე არის აცრილი ახალი კორონავირუსის სხვადასხვა ვაქცინით.  

ასე გამოიყურება იმ ქვეყნების ათეული, რომლებაც ყველაზე მეტი მოქალაქე აცრეს ახალი კორონავირუსის ვაქცინებით: ამერიკის შეერთებული შტატები [43.21 მილიონი], ჩინეთი [40.52 მილიონი], ისრაელი [5.83 მილიონი], არაბთა გაერთიანებული საემიროები [4.53 მილიონი], ბრაზილია [3.82 მილიონი], ჩილე [1.07 მილიონი], ინდონეზია [1.07 მილიონი] და მექსიკა [724 347 ათასი]. 

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჯერ-ჯერობით კორონავირუსის არც ერთი ვაქცინა არ შემოუტანია საკუთარი მოქალაქეებისთვის. 

პასუხისმგებელი პირები აცხადებენ, რომ საქართველოში მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდებულ ვაქცინებს შემოიტანენ, რაც ამ დროის მდგომარეობით, არის სამი მთელს მსოფლიოში: ოქსფორდის ჯგუფისა და ასტრაზენეკას ვაქცინა და ამერიკული კომპანიების: Moderna-სა და Pfizer/BioNTech-ის ვაქცინები.

საქართველოს მეზობელმა ქვეყნებმა საკუთარი მოქალაქეებისთვის კი უკვე შეიძინეს რუსული და ჩინური ვაქცინები, რომლებსაც ჯერ არც ამერიკული და არც მსხვილი ევროპული მარეგულირებლებისგან არ აქვთ რეკომენდაცია. 

სომხეთში მოსახლეობის მცირე ნაწილი, მათ შორის, მაღალჩინოსნები, რუსული ვაქცინით უკვე აიცრნენ. მოსახლეობის ნაწილი აიცრა თურქეთში [1.96 მილიონი], აზერბაიჯანსა და რუსეთში, ჩინური და რუსული ვაქცინებით, შესაბამისად.  


 

ვაქცინების გლობალური გადანაწილება

2021 წლის 18 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრეისუსმა, განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინების სამართლიანი გადანაწილებისთვის შექმნილი პლატფორმა COVAX შეფერხდა. მდიდარი ქვეყნების მთავრობებმა 56 ორმხრივი შეთანხმება  [18 იანვრის მდგრომარეობით] გააფორმეს ვაქცინის მწარმოებლებთან, ზოგმა ქვეყანამ [მათ შორის, ისრაელმა] უფრო მეტი ვაქცინა იყიდა, ვიდრე სჭირდებოდა. COVAX-ის პლაფტორმას კი არც ერთი შესაბამისი სტანდარტების ვაქცინა არ ჰქონდა, რომ დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის გაეზიარებინა.

“ეს ხელს შეუშლის COVAX-ს და შექმნის ისეთ სცენარს, რომლის თავიდან აცილებისთვის შეიქმნა ეს პლატფორმა: ესაა ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც გადატვირთულია, პასუხები არ არის კოორდინირებული და სოციალური და ეკონომიკური სიდუხჭირე გრძელდება,” - განაცხადა მან.

“პირველი მე მივიღებ [me - first]” მიდგომამ, ღებრეისუსის თქმით, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და დაუცველი ნაწილი კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ დატოვა. 

იმ დროისთვის COVAX-ის შეფერხებას ხელს უწყობდა ის ფაქტიც, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პირველი და წარმატებული ვაქცინა - Pfizer-ისა და BioNTech-ის შექმნილი პროდუქტი ჯერ კიდევ არ იყო ევროპული COVAX პლატფორმის ნაწილი. 

22 იანვარს Pfizer შეუერთდა COVAX პლატფორმას. პირველადი შეთანხმების თანახმად, 2021 წელს Pfizer ამ პლატფორმას 40 მილიონი დოზა ვაქცინით მოამარაგებს [იქიდან გამომდინარე, რომ ამ ვაქცინას ორი დოზა აქვს, ეს ოდენობა მხოლოდ 20 მილიონი ადამიანისთვის იქნება საკმარისი]. კოვაქს პლატფორმის - COVAX Advanced Market Commitment ქვეკომპონენტის თანახმად, Pfizer 92 ყველაზე ღარიბ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყანას ვაქცინას არასაბაზრო ფასებში მოაწოდებს.  

92 ყველაზე ღარიბ და საშუალო შემოსავლების მქონეებად ისეთი ქვეყნები ითვლებიან, რომელთა მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე 4 000 აშშ დოლარზე ნაკლებია. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დათვლებით, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე 1 098.4 აშშ დოლარი იყო


 

ევროკავშირის გადაწყვეტილება 

30 იანვარს ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ ხელს შეუშლიდა კომპანია ასტრაზენეკას ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის დიდი ბრიტანეთისთვის, მიეწოდებინა ვაქცინა მანამ, სანამ კომპანია ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის კონტრაქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა. 

შვედურმა კომპანია ასტრაზენეკამ, რომლის სათავო ოფისი დიდ ბრიტანეთშია, ვაქცინა ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად შექმნა. ამჟამად კომპანია ვაქცინას მრავალი ქვეყნის ქარხანაში აწარმოებს, მათ შორის, დიდ ბრიტანეთშიც. 

ევროსაბჭომ კომპანია დაადანაშაულა შეპირებული დოზების ბრიტანებისთვის მიცემითვის, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ ოქტომრის თვეში, წინასწარ გადაუხადა კომპანიას 400 მილიონი აშშ დოლარი.

ევროკავშირმა ახალი წესი დაუდგინა კომპანიებს, რომელიც ძალაში 30 იანვარს შევიდა და რომლის თანახმადაც, თუ რომელიმე კომპანია ახალი კორონავირუსის ვაქცინებს ევროკავშირის ბლოკის 27 ქვეყნიდან რომელიმეში აწარმოებს - ამაჟამად ასეთები არიან Pfizer და AstraZeneca - წინასწარ უნდა შეატყობინოს ევროკავშირს, თუ ვაქცინას ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში გაიტანს. 

ეს წესი მარტის ბოლომდე იმოქმედებს, მაგრამ არ შეეხება ღარიბ ქვეყნებში ვაქცინების გადანაწილებას.  

ევროსაბჭოს განცხადებით, ისინი უფლებას იტოვებენ, დაბლოკონ ნებიმისიერი ასეთი ინიციატივა, თუკი კომპანიები ევროკავშირთან დადებულ უპირატეს ხელშეკრულებას დაარღვევენ და ვაქცინებს გაიტანენ ევროკავშირის საზღვრებიდან. 

ევროკავშირმა კონტრაქტი ასტრაზენეკასთან დაშტრიხული სახით გამოაქვეყნა. კონტრაქტი მომგებიან სიტუაციაში ამყოფებს კომპანიას იმ შემთხვევაში, თუკი მიწოდება გაუჭირდა, თუმცა, კონტრაქტის ზოგი მუხლი ევროკავშირის სასარგებლოდაც მუშაობს. 

ევროპაში ახალი კორონავირუსის ვაქცინის მწვავე დეფიციტია. გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობების განცხადებით, მათ უკვე ეწურებათ მარაგი, ესპანეთში კი, მათ შორის ქალაქ მადრიდში, ახალი პარტიის მიწოდებამდე ვაქცინირება დროებით შეჩერებულია. 




ისრაელის მაგალითი

ვაქცინირების თვალსაზრისით ისრაელი ერთ-ერთი ყველა საინტერესო მაგალითია. როგორ შეძლო ქვეყანამ, რომლის მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 9 მილიონია, დაერწმუნებინა ამერიკული კომპანია Pfizer, რომ მისთვის მიეყიდა ვაქცინების ეს ოდენობა?

The Financial Times-ის ინფორმაციით, ეს, შესაძლოა, იმ ინტენსიური მოლაპარაკების შედეგი იყო, რომლის ფარგლებშიც Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორ ალბერტ ბურლასა და ისრაელელ პოლიტიკოსებს -  პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ჯანდაცვის მინისტრ იული ედელშტაინს - შორის 17-ჯერ შედგა. 

ისრაელელმა პოლიტიკოსებმა კომპანიის მთავარი ოფიცერი დაარწმუნეს, რომ სამაგალითო პრეცედენტს შექმნიდნენ: პირველი ქვეყანა იქნებოდა ისრაელი, რომელიც საზოგადოებრივ იმუნიტეტს მიაღწევდა სწორედ მათი ვაქცინების საშუალებით. Pfizer დათანხმდა პირველი დოზების დეკემბრის დასაწყისში მოწოდებაზე. 

“კომპანია მომავალში იამაყებს ამ მაგალითით, მიიღებს შემოსავალსაც და ამაზე მთელ მსოფლიოს აცნობებს,” - უთხრა Financial Times-ს ედელშტაინმა. “სხვა შემთხვევაში, არც ერთი მსგავსი მასშტაბების კომპანია ჩვენკენ არც გამოიხედავდა -კომერციული კომპანიები ისეთ ქვეყნებს ეძებენ, რომელთა ზომა ჩვენზე ასჯერ დიდია.” 

ამჟამად ისრაელს სამივე მწარმოებლისგან [AstraZeneca, Moderna და Pfizer/BioNTech] აქვს ვაქცინების უფრო მეტი დოზა, ვიდრე სჭირდება. ამ წარმატებამ კიდევ უფრო გაამყარა ბენიამინ ნეთანიაჰუს პოზიციები ისრაელში: პრემიერ-მინისტრის ხელახალი არჩევნები ქვეყანაში მარტის ბოლოს უნდა გაიმართოს. 

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი იული ედელშტაინი არ ამბობს, თუ რომელ ქვეყანას უწილადებს ვაქცინების იმ ნაწილს, რომლებიც უკვე აღარ იქნება საჭირო ქვეყნისთვის. ისრაელის მედიის ინფორმაციით, პრემიერს ვაქცინები სხვა ქვეყნებმა სთხოვეს, მათ შორის, კვიპროსმა, თუმცა, ნეთანიაჰუმ უარყო ეს ინფორმაცია.

“ვაქცინებით ვაჭრობას არ ვაპირებთ,”- უთხრა მან Financial Times-ს.- “პალესტინელები ცუდ დღეში არიან, მათი ცუდად ყოფნა კი არ შედის ჩვენს ინტერესებში.” 

პალესტინის მთავრობა ჯერ კიდევ ელოდება რუსულ სპუტნიკ V-ს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდებულ სხვა ვაქცინებს, COVAX-ის ფარგლებში. 

Pfizer-ის ვაქცინის დახმარებით, ისრაელი საზოგადოებრივი იმუნიტეტის მიღწევას ისახავს მიზნად. ჯანდაცვის მინისტრი კი ამბობს, რომ სხვა ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრებს მისი შურთ. 

"ჩემი კოლეგები სხვადასხვა ქვეყნიდან მეუბნებიან, რომ მსოფლიოში, ალბათ, ერთადერთი ჯანდაცვის მინისტრი ვარ, ვინც ამჟამად საკუთარ თავს სიცილის და კმაყოფილების უფლებას აძლევს. მე კი ვპასუხობ, რომ უფრო ბერძნული მითოლოგიის გმირს ვგავარ - ჩემი სახის ერთი ნახევარი იცინის, მეორე კი - ტირის," - უთხრა იული ედელშტაინმა Financial Times-ს. 

ისრაელის შემთხვევა გარკვეული მოსაზრებით ქმნის ეთიკურ პრობლემებს იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების უმრავლეობას ჯერ საერთოდ არ მიუღია არც ერთი ვაქცინა, ხოლო ერთ ქვეყანას იმაზე მეტი აქვს, ვიდრე ახლა სასიცოცხლოდ სჭირდება. 

The Times of Israel-ის ინფორმაციით, რომელიც თავის მხრივ, ისრაელში მომუშავე ტელევიზიებს ეყრდნობა, ისრაელმა ერთ ფლაკონ ვაქცინაში 47 აშშ დოლარი გადაიხადა [ერთ ადამიანს Moderna-სა და Pfizer-ის ვაქცინების შემთხვევაში, ორი დოზა სჭირდება]. ამავე წყაროს ინფორმაციით, ქვეყანა ამ ორ მწარმოებელს ჯამში 315 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის. 


 

რა ერგოთ საქართველოს და მის მეზობლებს?


საქართველო

ვაქცინები: ასტრაზენეკა, პფაიზერი, მოლოდინის რეჟიმი

მიღების სავარაუდო დრო: 2021 წლის თებერვალი 

ორმხრივი შეთანხმება მწარმოებელ კომპანიებთან: უცნობია

წინასწარ გადახდილი თანხის ოდენობა: 4.5 მილიონი აშშ დოლარი

მიღების ფორმატი: COVAX პლატფორმა 

პირველად ასაცრელი ჯგუფი: ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები და პერსონალი, >75 ასაკის ადამიანები

ვაქცინების სავარაუდო რაოდენობა: სხვადასხვა მონაცემები [მათ შორის, 100 000 დოზა, 29 250 დოზა, ა.შ.]

 

 

საინფორმაციო წყაროები: 

1TV.ge, ფორმულა, რადიო თავისუფლება, პუბლიკა, Eurasianet 

 გახარია: Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა

 თებერვლის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე ქვეყანაში შემოვა Pfizer-ის 29 250 დოზა ვაქცინა - გაბუნია

 ტიკარაძე: დადასტურებულია მზადყოფნა, საქართველოს მიაწოდონ ვაქცინა სამედიცინო პერსონალისთვის

 ეკატერინე ტიკარაძე - თებერვალში „კოვაქს“ პლატფორმიდან ველოდებით  ვაქცინის გარკვეულ მოცულობას

 გამყრელიძე: კორონავირუსის ვაქცინა, დიდი ალბათობით, მარტში ან აპრილში შემოვა

 Caucasus vaccine effort infected with geopolitics




 

სომხეთი

ვაქცინები: ბრიტანული ასტრაზენეკა - მოლოდინის რეჟიმი - რუსული სპუტნიკ V - მცირე ოდენობით

ასტრაზენეკას მიღების დრო: უცნობია

პირველ ეტაპზე ასაცრელების ოდენობა: მოსახლეობის 10%

მიღების ფორმატი: COVAX პლატფორმა

ორმხრივი შეთანხმება მწარმოებლებთან: უცნობია


 

საინფორმაციო წყარო[ებ]ი: სომხური გამოცემა Hetq

 Armenia to Vaccinate 10% of Population; 1/3 to get AstraZeneca Vaccine

 Armenia Still Negotiating with Covid-19 Vaccine Manufacturers


 

აზერბაიჯანი

ვაქცინა: ჩინური კომპანია Sinovac

მიღების დრო: 2021 წლის იანვარი

რაოდენობა: 4 მილიონი დოზა 

აცრილი მოსახლეობის ოდენობა: 1.96 მილიონი

ასაცრელი ჯგუფები: სამედიცინო მუშაკები, ხანდაზმულები, რისკ-ჯგუფის მქონეები, სხვ. 

მიღების ფორმატი: ორმხრივი შეთანხმება მწარმოებელთან

 

საინფორმაციო წყარო[ებ]ი: JAMNews

 Chinese vaccine in Azerbaijan: the questions to which there are answers

 Azerbaijan decides on Chinese vaccine, roll-out to begin shortly


 

თურქეთი

ვაქცინა: ჩინური ვაქცინა, მწარმოებელი კომპანია Sinovac 

პირველი მიღების დრო: 2020 წლის დეკემბერი 

რაოდენობა: 9.5 მილიონი დოზა 

აცრილი მოსახლეობის ოდენობა: 1.27 მილიონი მოქალაქე

სამიზნე ჯგუფები: სამედიცინო მუშაკები და ხანდაზმულები 

მიღების ფორმატი: ორმხრივი შეთანხმება მწარმოებელთან


 

საინფორმაციო წყარო[ებ]ი: Daily Sabah 

 Doctor who volunteered for COVID-19 vaccine dispels fears as Turkey receives first doses

 6.5M more doses from China add pace to Turkey's vaccination drive


 

რუსეთი 

ვაქცინა: რუსული, Sputnik V

ვაქცინაციის დაწყების ოფიციალური დრო: 2020 წლის დეკემბერი 

პირველ ეტაპზე ასაცრელი მოსახლეობის ოდენობა: 13 მილიონი 

სამიზნე ჯგუფები: მასწავლებლები, სამედიცინო მუშაკები და სოციალური სამსახურის მუშაკები 

აცრილი მოსახლეობის რაოდენობა: 1 მილიონი


 

საინფორმაციო წყარო[ებ]ი: BBC

 Covid: Russia begins vaccinations in Moscow

 Coronavirus: Russia resists lockdown and pins hopes on vaccine

 
 
ამავე თემაზე წაიკითხეთ:
 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>